აგრარული განათლებააგროსიახლეებიაგროტექნოლოგიები

საქართველოს ბაზარზე არსებული სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, მათი ეფექტიანობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება

საქართველოს ხელისუფლების აგრარულმა პოლიტიკამ მიწის მესაკუთრე ფერმერები და გლეხები საგრძნობლად გააქტიურა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია და ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. შესაბამისად გააქტიურდა ბიზნესი, რომელმაც სოფლის მეურნეობა უნდა დააკმაყოფილოს სასუქებით და მცენარეთა დაცვის საშუალებებით. აქ უპირველეს პრობლემად დგება საკითხი ქართულ ბაზარზე არსებული საშუალებების ეფექტურობაზე და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე.მიგვაჩნია, რომ მომხმარებელი ყოველთვის უნდა იყოს ფრთხილი თავისი ჯანმრთელობის დასაცავად და ქვეყნის გარემოს მომავალი თაობებისათვის, რაც შეიძლება ჯანმრთელ მდგომარეობაში გადაცემისათვის.
სადღეისოდ ქართულ ბაზარზე გამოიკვეთა რამდენიმე ცნობილი კომპანია: შვეიცარული – „სინჟენტა“,  ამერიკული „დიუპონი“ და „დაუ-აგრო“, გერმანული  – „ბასფი“ და „ბაიერი“, ასევე ზოგიერთი სხვა ევროპული კომპანიები (იტალია, ესპანეთი და სხვა). ეს კომპანიები აკმაყოფილებენ ბაზრის დაახლოებით  ნახევარს. მათი პროდუქციის ხარისხი მაღალია და მოხმარების რეგლამენტის ზუსტი დაცვის შემთხვევაში ეკოლოგიურად ნაკლები საფრთხის შემცველია, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ასევე მთლიანად გარემოსათვის.
ბაზრის დანარჩენ სეგმენტს აბალანსებს ე.წ. „ჯენერიკი“ პროდუქცია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, ირანი და სხვა. მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები რომ იყოს განვმარტავთ სიტყვა „ჯენერიკის“ შინაარსს. დღეს ცნობილია სასუქების და მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოების ტექნოლოგიები და მოქმედი ქიმიური ნივთიერებები და არსებობს შესაბამისი პატენტები. დასავლეთის განვითარებულ ქვეყნების  მიერ წარმოებული პროდუქტებში დაცულია ძირითად მოქმედ ნივთიერებათა სისუფთავის ხარისხი, ამასთან ერთად გათვალისწინებულია მოქმედების ეფექტური ტექნოლოგიური მექანიზმები და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები. რაც შეეხება „ჯენერიკებს“ ყოველივე ზემოთ აღნიშნული თვისებები ეფექტურობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ ნაკლებადაა დაცული. აქედან გამომდინარე „ჯენერიკების“ მოხმარების შემთხვევაში გარდა იმისა, რომ მომხმარებელი ვერ აღწევს შედეგს მოსავლიანობის რაოდენობის და ხარისხის მაჩვენებლების მონაცემებით, ქმნის ეკოლოგიურ საფრთხეს – აბინძურებს ს/ს პროდუქციას, ნიადაგს, გრუნტის წყლებს და მთლიანად გარემოს ტოქსიკური ნივთიერებების (პესტიციდების) ნარჩენებით.
რას ვთავაზობთ მომხმარებელს?  როგორ დაიცვას თავი უხარისხო, ხშირ შემთხვევაში საშიში და მავნე პროდუქციისაგან. ბაზარზე არსებული ყველა ბიზნესმენი ცდილობს რეკლამა გაუწიოს თავის პროდუქციას, მოიზიდოს მეტი მომხმარებელი და ნახოს დიდი მოგება. ხშირ შემთხვევაში რაც უფრო დაბალხარისხიანია პროდუქტი მას უფრო მეტი რეკლამირება უკეთდება და კიდევ ერთი, შედარებით იაფია. დაბალი მსყიდველობითი უნარის მქონე გლეხი გადაწყვეტილებას ფასის მიხედვით იღებს, ხოლო დაბალ ეფექტს მხოლოდ წლის ბოლოს ხედავს.
არსებული წესის მიხედვით ქვეყანაში ახალი პრეპარატის შემოტანისას მისი სახელმწიფო რეგისტრაცია ხდება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის და მცენარეთა დაცვის სპეციალური სააგენტო. რეგისტრაციის პროცედურა ითვალისწინებს წინასწარ გამოცდას და სპეციალისტების დასკვნას პროდუქტის ხარისხზე და ეფექტურობაზე. ამ საქმიანობის შესრულებისათვის აუცილებელია მინიმუმ ექსპერტი-სპეციალისტები, შესაბამისი სამსახური (ინსტიტუტი) და საცდელი ფართობები. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში შესაბამისი პროფილის აგრარული ინსტიტუტები და საცდელ-ექსპერიმენტული ბაზები პრაქტიკულად აღარ არსებობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რეგისტრაცია გარკვეულწილად ფორმალურ ხასიათს იღებს. ამრიგად, ბაზარი ამ მხრივ დაუცველია. მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებაა საჭირო.
შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მიზნით მომხმარებელს ვთავაზობთ ისარგებლოს სპეციალური საკონსულტაციო სამსახურების მომსახურებით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და ცნობილი ევროპული კომპანიების პროდუქცია აირჩიოს და უფასო კვალიფიციური კონსულტაციები გაიაროს.

ქრისტო კახნიაშვილი

ბიოლოგიის მეცნიერების დოქტორი