აგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებირუბრიკები

მულჩირება – ნიადაგის დაცვის ეფექტური ღონისძიება

ბუნებაზე დაკვირვება და ბუნებრივი კანონზომიერების გათვალისწინება ბიომეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. სწორედ ბუნებამ “უკარნახა” მეურნეს მულჩირების მეთოდი, რომლის დროსაც ნიადაგი მცენარის გარშემო იფარება სხვადასხვა მასალით. მართლაც, ტყეში ხეების, ბუჩქებისა და სხვა მცენარეების ქვეშ ნიადაგი ყოველთვის დაფარულია გამხმარი ფოთლებით, ხავსით, მკვდარი მცენარეული მასალით. სწორედ ეს ბუნებრივი საფარი იცავს ნიადაგს გამოშრობისა, ჩარეცხვისა და ეროზიისაგან.

ნიადაგის მულჩირება შესაძლებელია სხვადასხვა მასალითა და სხვადასხვა მიზნით. მულჩირებისთვის გამოიყენება როგორც დაქუცმაცებული ტორფი, გადამწვარი ორგანული მასალა, მარცვლეული კულტურების ნამჯა, ჩამოცვენილი ფოთოლი, ნახერხი, ბალახი, ისე პოლიეთილენი, მუყაო, ქაღალდი და სხვა ორგანული და არაორგანული მასალები.

    რომელ მასალას ვანიჭებთ უპირატესობას?

 მულჩირებისათვის მასალის არჩევა დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე, კლიმატსა და მულჩირების მიზანზე (სარეველების დათრგუნვა, ტენის აორთქლების შემცირება, ნიადაგის გამდიდრება და სხვ.). ნებისმიერი მასალით (როგორც ორგანულით, ისე არაორგანულით) მულჩირება თრგუნავს სარეველების ზრდას, იცავს ნიადაგს ტენის ჭარბი აორთქლებისაგან, არეგულირებს სითბურ რეჟიმს: ზაფხულში ნიადაგი ნაკლებად ხურდება, ხოლო მცენარის ფესვებთან ახლოს შექმნილი ტენიანი გარემო ხელს უწყობს მცენარის ზრდას; ზამთარში კი ნიადაგი უკეთ ინარჩუნებს სითბოს. მაგრამ თუ სარეველების დათრგუნვის, სითბური რეჟიმის რეგულირებისა და ტენის აორთქლების თავიდან აცილების გარდა, ნიადაგის სტრუქტურასა და მცენარის უკეთ გამოკვებაზეც ვფიქრობთ, მაინც უმჯობესია, მულჩირებისათვის ორგანული მასალები გამოიყენოთ.

არაორგანული მასალით მულჩირება

ზემოთ უკვე ითქვა, რომ ორგანული მასალის გარდა, მულჩირებისათვის შესაძლებელია სხვა მასალების გამოყენებაც (მაგ., პოლიეთილენის), მაგრამ აუცილებელია გაითვალისწინოთ ამ მასალის თვისებები.

მულჩირებისათვის შავი პოლიეთილენის გაუმჭვირვალე მასალის გამოყენებისას თქვენი ნიადაგის სტრუქტურა არ უმჯობესდება და არც საკვები ნივთიერებებით მდიდრდება, მაგრამ ფერხდება სარეველების ზრდა და ტენის აორთქლება. გასათვალისწინებელია, რომ პოლიეთილენის მასალა წვიმას იჭერს და ბოსტნეულ კულტურებში მოსაგვარებელია მცენარის მორწყვის საკითხი. გაზაფხულზე შავი პოლიეთილენი თბება და ნიადაგსაც ათბობს, მაგრამ ზაფხულის სიცხეების დროს იქმნება პრობლემა. პოლიეთილენი შესაძლოა ძლიერ გახურდეს და მკვეთრად აწიოს ნიადაგის ტემპერატურა, რაც საშიშროებას უქმნის ნიადაგის ცოცხალ ორგანიზმებსაც.

ორგანული მასალებით მულჩირება

ორგანული მასალით მულჩირება ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების კარგი საშუალებაა: გარდა იმისა, რომ მულჩით დაფარული ნიადაგი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, ტენსა და ფხვიერებას, სწრაფად ხდება ნიადაგის ჰუმუსის ფენის აღდგენა; მულჩის ქვეშ იქმნება ოპტიმალური პირობები მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობისათვის, ისინი გადაამუშავებენ ორგანულ მულჩს და ამდიდრებენ ნიადაგს. ამასთან, ორგანული მულჩი ხელს უწყობს ჭიაყელებისა და ნიადაგის სხვა ცხოველების გამრავლებას, რომლებიც აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას.

ორგანული მულჩი ხელს უშლის ნიადაგის ქერქის წარმოქმნას – ორგანული მულჩი იცავს ნიადაგს ქარისა და მზის სხივების ზემოქმედებისაგან, ამასთან ნიადაგი უკეთ “სუნთქავს”.

ორგანული მულჩი აძლიერებს ნიადაგში მიმდინარე სასარგებლო ბიოქიმიურ პროცესებს, რის შედეგადაც უკეთესდება მცენარის კვება და მცენარე ძლიერდება. მულჩირებულ ნიადაგში ტემპერატურის მერყეობის ამპლიტუდა ნაკლებია, შენარჩუნებულია ოპტიმალური ტენიანობა და სითბური რეჟიმი, რაც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და აუმჯობესებს მცენარის კვებას.

ორგანული მულჩი აფერხებს ზოგიერთი დაავადებისა და მავნებლის ზრდა-განვითარებას – მაგ., კოლორადოს ხოჭო “გაურბის” თივისგან დამზადებულ მულჩს.

როგორ და როდის კეთდება ორგანული მასალით მულჩირება?

რეკომენდებული არაა მულჩირება ადრე გაზაფხულზე, როცა მიწა ჯერ არ არის გამთბარი – ეს გამოიწვევს ლპობას, მით უმეტეს, წვიმიანი გაზაფხულის პირობებში. დაელოდეთ მიწის კარგად გათბობას და მხოლოდ შემდეგ შეუდექით მულჩირებას.

ნიადაგი წინასწარ გაასუფთავეთ, მოაცილეთ სარეველები, ხმელი ტოტები, ფოთლები, შემდეგ ნიადაგი გააფხვიერეთ, მორწყეთ, თუ ზედაპირი მშრალია, და შემდეგ დაიწყეთ მულჩირება.

შეეცადეთ მულჩირებისათვის განკუთვნილი მასალა არ შეიცავდეს სარეველების თესლს.

  მასალა წინასწარ კარგად დააქუცმაცეთ

თუ მულჩირებისათვის იყენებთ მწვანე მასას, შეეცადეთ იგი თხელ ფენად დაალაგოთ, ხმელი მასალა (მაგ., თივა) შეიძლება უფრო სქელ ფენად დაეფინოს (მაგ., 2-10 სმ სისქეზე).

შემოდგომით მულჩი შეგიძლიათ ჩახნათ ნიადაგში ან გაზაფხულამდე დატოვოთ

თუ მულჩს ზამთარშიც დატოვებთ, იგი ხელს შეუწყობს ჭიაყელებისა და ნიადაგის სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებას, რაც ნიადაგს ჰუმუსითაც გაამდიდრებს და სტრუქტურასაც გააუმჯობესებს.

ამ სტატიაში შევეცადეთ აგვეხსნა მულჩირების უპირატესობა, ახლა არჩევანი თქვენზეა, მიმართავთ თუ არა მულჩირებას და რა მასალას გამოიყენებთ. თუ თქვენს ნაკვეთზე ნიადაგი გამოფიტულია, აუცილებლად გჭირდებათ ორგანული მასალით მულჩირება, თუ ნაყოფიერი ნიადაგის პატრონი ხართ, შესაძლოა არაორგანული მასალა გამოიყენოთ, მაგრამ ნუ დატოვებთ ნიადაგს “შიშველს”! ალბათ, იკითხავთ, საიდან მოვიტანოთ ამდენი ორგანული მასალაო. კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ, განა ცოტა ორგანული მასალა იწვება ან იყრება თქვენი მეურნეობიდან?

გოჩა წერეთელი

ელკანას მრჩეველი მეხილეობის დარგში