აგრარული განათლებარუბრიკებისტატიები

საქართველოს მეაბრეშუმეობა – გუშინ, დღეს, ხვალ

მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, რომელმაც წარმატებით გაუძლო ისტორიის მკაცრ ქარტეხილებს და სამართლიანად ითვლება ერის კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო მაგალითად. აბრეშუმის პარკის წარმოება, გადამუშავება და ქსოვა ყველაზე პრესტიჟულ საქმედ ითვლებოდა ქვეყანაში.

აბრეშუმის წარმოებამ და დამუშავებამ ფართო განვითარება საქართველოში ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში ჰპოვა. იგი საქართველოში მეხუთე საუკუნემდეც იწარმოებოდა,  რადგან ქართველებს თუ არ ეცოდინებოდათ გრენის გამოცოცხლება და ჭიის კვების ტექნიკა, თუთის ხის და აბრეშუმის ჭიის მავნებლებისა და მათი დავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, პარკის პირველადი დამუშავებისა და გადამუშავების ტექნოლოგია, გრენის დამზადების წესები და სხვა, ჩამოტანილი გრენის გამოყენება და მისი ფართოდ გავრცელება საქართველოში შეუძლებელი იქნებოდა.

უფრო სწორია იმის აღიარება რომ საქართველოში მეაბრეშუმეობა გავრცელებული იყო ინდოეთიდან გრენის შემოტანამდე (V საუკუნე-ვახტანგ გორგასალის მეფობის დრო) და ქართველებმა იცოდნენ ყველა ის აგროტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესი, რაც დაკავშირებული იყო ამ დარგთან ამას ისიც ადასტურებს, რომ ქართველებს აბრეშუმის ნაწარმზე ჰქონდათ საკუთარი ტერმინები: ბჟოლა (თუთა), ძაფი, ჩიგორგალი (ხამი ძაფი), დარაია, სტავრი (აბრეშუმის ქსოვილები), ჭიჭნაური (აბრეშუმი), ყაჭი (აბრეშუმის ნარჩენი) და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოდ, რომ მეაბრეშუმეობა საქართველოში მეხუთე საუკუნემდე უნდა ყოფილიყო გავრცელებული.

ქართული აბრეშუმი, დიდი სიყვარულით სარგებლობდა საერთაშორისო არენაზე. ქვეყანაზე გამავალი დიდი საქარავნო გზები, ერთმანეთს აკავშირებდა იმდროინდელ სავაჭრო ცენტრებს_ჩინეთს, ირანს, ბიზანტიას და სხვა ქვეყნებს.

ცნობილი მოგზაურის შარდენეს (მე-17 საუკუნე) მონაცემებით, საქართველოში მოყავდათ  3700 ტონისა ნედლი პარკი და სპარსეთში გაქონდათ 280 ტონა  აბრეშუმის ხამი ძაფი.

მეაბრეშუმეობა წარმოადგენდა ერის ძლიერების წყაროს და მუდმივი ზრუნვის საგანს, რამაც განაპირობა მისი ზიგზაგებით, მაგრამ მაინც აღმავლობით განვითარება. ამასთან, იხვეწებოდა აბრეშუმის ჭიის მოვლის წესები, პარკის წარმოება_გადამუშავების ტექნოლოგია და საბოლოო პროდუქციის წარმოება.

აბერშუმი 2222222222222222222222222229999999999999------------------9=-=00

ქართული აბრეშუმი, დიდი სიყვარულით სარგებლობდა საერთაშორისო არენაზე. ქვეყანაზე გამავალი დიდი საქარავნო გზები, ერთმანეთს აკავშირებდა იმდროინდელ სავაჭრო ცენტრებს_ჩინეთს, ირანს, ბიზანტიას და სხვა ქვეყნებს.

             საუკუნეთა მანძილზე, მეაბრეშუმეობის განვითარების ამსახველი მასალები და უცხოურ მოგზაურთა მწირი ცნობების მიუხედავად, საქვეყნოდ აღიარებულმა მკვლევარებმა (ისტორიკოსები, ეკონომისტები) მაინც შეძლეს საერთო კანონზომიერების დადგენა.  მეაბრეშუმეობაში, ჩატარებული მუშაობის შედეგად XVIII საუკუნის 50-იან წლებში საქართველოდან საექსპორტოდ “ევროპაში გაჰქონდათ აბრეშუმი, უპირატესად ძაფად და აბრეშუმის ჭიის თესლის სახით”.ამასთან, პარკის საშუალო წარმოება შეადგენდა 350-400 ათას ფუთს (21847-25000 კგ), რაც სარეკორდოდ ითვლება დღემდე. თანდათანობით იხვეწებოდა ვაჭრობის მეთოდები, ევროპის ბაზრებზე და საერთაშორისო გამოფენებზე გამოჩნდა ქართული აბრეშუმი, რაც მედლების და ფულადი ჯილდოებით აღინიშნებოდა. ეწყობოდა თუთის სანერგეები, აბრეშუმის ჭიის საჩვენებელი გამოკვებები, სკოლებში დაიწყო მეაბრეშუმეობის შესწავლის საკითხები და ა.შ. ასე თუ ისე დარგს აღმავლობის ელფერი დაეტყო. “მრავალი საუკუნის მანძილზე მეაბრეშუმეობა საქართველოში მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა. ამასთან, ქართველ ვაჭრებს მაშინ ისეთ შორეულ ქვეყნებთან ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობა, როგორიც იყო ეგვიპტე სამხრეთით და რუსეთი ჩრდილოეთით-საქართველოს საექსპორტო ვაჭრობის ერთ-ერთ საგანს საუცხოო ოქროქსოვილებიც-ფარჩა-აბრეშუმი შეადგენდა.

საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას XVIII საუკუნეში დიდად შეუწყო ხელი კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურმა, რომელიც დაარსდა 1887 წელს.

სადგურს ჰქონდა ბიბლიოთეკა, მუზეუმი, თუთის საკოლექციო პლანტაცია, საფუტკრე.  ყოველწლიურად გამოსცემდა ანგარიშებს, ჯურნალ „მოამბეს”, შრომებს.

კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ბაზაზე 1930 წელს ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის მეაბრეშუმეობისა და მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც დაექვემდებარა ქუთაისის, ერევნის, კიროვაბადის და პიატიგორსკის ზონალური საცდელი სადგურები.

ხსენებული ინსტიტუტი, 1936 წელს რეორგანიზებული იქნა თბილისის მეაბრეშუმეობის კვლევით ინსტიტუტად, ხოლო 1958 წელს მას ეწოდა საქართველოს მეაბრეშუმეობის სამეცნიერო_კვლევითი ინსტიტუტი, ხოლო ინსტიტუტის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტთან შეერთების  შემდეგ იგი ჩამოყალიბდა სასწავლო და სამეცნიერო ორგანიზაციად და მას ეწოდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეაბრეშუმეობის სასწავლო-კვლევითი ფაკულტეტი, რაც პირველი ნაბიჯები იყო მეცნიერებისა და სასწავლო პროცესის ერთ სტრუქტურაში  გაერთიანების მიმართულებით.

განვლილ პერიოდში მეაბრეშუმეობაში მიღწეული წარმატებები განპირობებული იყო მეცნიერების, სპეციალისტების და მომსახურე პერსონალის თავდადებული შრომით. აღსანიშნავია, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში მეაბრეშუმეობის ფაკულტეტი მხოლოდ საქართველოსა და უზბეკეთში ფუნქციონირებდა.

მეაბრეშუმეოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში  1983-2010 წლებში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად, შემუშავებული იყო მრავალი აგრეტექნიკური ღონისძიება, გამოყვანილი და დარაიონებული_იყო თუთის ხის 25 ჯიში და თუთის აბრეშუმხვევიას 22 ჯიში (ჰიბრიდი), დაისტამბა სამეცნიერო შრომების 25 ტომი და 1100-ზე მეტი სტატია, მრავალი რეკომენდაცია, მეთოდური მითითება და სხვა სახის ლიტერატურა, გამომგონებელთა და აღმოჩენათა იმდროინდელი საკავშირო კომიტეტისაგან მიღებულია 46 საავტორო მოწმობა, წარმოება_დაწესებულებებისაგან 45-ზე მეტი რაციონალიზატორული წინადადებების მოწმობა, დამოუკიდებელ საქართველოში მუშაობის პერიოდში კი მრავალი პატენტი, საავტორო მოწმობა და საერთაშორისო გამოფენის დიპლომი.

სპეციალურ საგნებში, გამოცემული იყო სახელმძღვანელოები, დიდი რაოდენობით მეთოდური და სხვა სახის სასწავლო ლიტერატურა, მომზადებული იყო 2200-მდე სწავლული მეაბრეშუმე აგრონომი (აგრონომ-ინჟინერი) დაცული იყო ათობით საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ 1998 წელს აბრეშუმის ჭიის „მზიური – 1“ და „მზიური- 2“ ჯიშებიდან ამოხვეული ძაფით მიღებულმა ქსოვილმა ესპანეთში მოწყობილ გამოფენაზე   ევროპის ხარისხის კომიტეტის უმაღლესი ჯილდო -„პლატინის ვარსკვლავი” დაიმსახურა.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ქართული აბრეშუმის აღიარებაა ის ფაქტიც, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით (N02/31, 11.06.2018), არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს “ქართული აბრეშუმი” მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

მეაბრეშუმეობის დარგის აღმავლობა და განსაკუთრებით მისი წარმოების მიღწევები იგრძნობოდა XX საუკუნის 20-იანი წლებიდან. ა.მ. 1923 წელს ამუშავდა სამტრედიის ძაფსაღები, ხოლო 1927 წელს წულუკიძისა და ქუთაისის ძაფსაღები ფაბრიკები; 1928 წელს დაიწყო პროდუქციის გამოშვება აბრეშუმის ძაფსაღებ -საგრეხ და თელავის ძაფსაღებ ფაბრიკებმა. 1929 წელს ამუშავდა თბილისის აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკა, ხოლო 1933 წელს-ქუთაისის აბრეშუმის კომბინატი.

1945-1946 წლებში მწყობრში ჩადგა აბრეშუმის ქსოვილების გამომყვანი წარმოება ქუთაისის აბრეშუმის კომბინატთან, სოხუმის, ცხაკაიას და კულაშის აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკები.

გასული საუკუნის 60-იან წლებში „საქაბრეშუმის“ სისტემაში ყოველწლიურად მზადდებოდა საშუალოდ: სამრეწველო გრენა-4,0-4,5 ტონა (სუპერელიტური-80,0 კგ), აბრეშუმის ცოცხალი პარკი-4,0-4,2 ათასი ტონა, აბრეშუმის ხამი ძაფი-450-500 ტონა, ნატურალური აბრეშუმის ქსოვილი-4,5-5,0 მილიონი მეტრი, მილიონობით ძირი ნერგი და სხვა პროდუქცია, რითაც წარმატებით ივსებოდა ყველა დონის ბიუჯეტი. ამასთან წარმატებით მუშაობდა მეაბრეშუმეობის 42 რაიონული  პარკსაშრობი, 180-ზე მეტი პარკის პირველადი დამუშავების პუნქტი, დარგისთვის გამოყოფილი იყო 8400 ჰა თუთის პლანტაცია და მილიონ ძირზე მეტი ერთეული ნარგაობა.

 სოფლის მეურნეობის სისტემაში დამზადებული ცოცხალი პარკის საფასურად მეაბრეშუმეები ყოველწლიურად ღებულობდნენ საშუალოდ 16,5-17,0 მოლიონ მანეთს და სოფელიც ღონიერი იყო. ამასთან სოფლად დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი, აბრეშუმის მრეწველობაში მუშაობდა 5,5-6,0 ათასი კაცი და თვით მეაბრეშუმეობის სამმართველოს სისტემაში სამეურნეო ანგარიშის პრინციპით მომუშავე დიდი კოლექტივი.

სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც დარგი აღმავლობას განიცდიდა, გავრცელდა თუთის დაავადება „ფოთლის სიხუჭუჭე“ (1964 წელი), განადგურდა 15 მილიონ ძირზე მეტი ჯიშიანი თუთის მცენარე და დარგში მეტად მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა.

მე-20 საუკუნის 80-90 წლებში ქართველი მეცნიერების და დარგის ენტუზიასტების მიერ მეაბრეშუმეობა ისევ აგრძელებდა სიცოცხლეს, მაგრამ შედარებით მოკრძალებული მაჩვენებლებით.

1991 წლამდე მსუბუქი მრეწველობის დარგი ყოველწლიურად მოიხმარდა 1600 ტონა აბრეშუმის პარკს, 1991 წლის მონაცემებით საქართველოში აბრეშუმის ხამი ძაფი 385 ტონა იწარმოებოდა, აბრეშუმის ქსოვილი 4,7 მილიონი გრძივი მეტრი. ქ. ქუთაისში აგრეთვე ფუნქციონირებდა ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი ობიექტი – აბრეშუმკომბინატი. კომბინატის წლიური პროდუქცია შეადგენდა 2,9-3,0 მილიონ მეტრ ქსოვილს.

ჩვენი გაანგარიშებით, სოფლის მოსახლეობამ პარკის წარმოების შემცირების მიზეზით  გამოწვეული ზარალი ვერ აინაზღაურა (ვერც აინაზღაურებს) სხვა დარგებისგან მიღებული შემოსავლებით, რამაც მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

დარგის გადარჩენის მცდელობა იყო 1964-2014 წლებშიც, აღინიშნებოდა გარკვეული მიღწევებიც, მეცნიერების მიერ გამოყვანილი იქნა დაავადება გამძლე თუთის ჯიშები, თუთის აბრეშუმხვევიას ახალი ჯიშები და ჰიბრიდები, დამუშავდა მეაბრეშუმეობის შრომატევადი პროცესების ახალი რესურსდამზოგი ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები და ა.შ., მაგრამ ამ პროცესებმა სათანადო განვითარება ვერ ჰპოვეს მრავალი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, მეცნიერული სიღრმით გაანალიზა დარგში შექმნილი ქაოსური მდგომარეობა და შესაბამისად შეიქმნა მნიშვნელოვანი დოკუმენტები:

– საქართველოს მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია 2012-2025 წლების პერიოდისათვის;

– დამუშავებულია დასავლეთ საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების ორი საინვესტიციო პროექტი (ხონის და ვანის რაიონების მაგალითზე);

– აჭარის რეგიონისათვის დამუშავებულია აჭარის ა/რ მეაბრეშუმეობის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა 2018-2025 წლებისათვის;

– დამუშავებულია მეაბრეშუმეობის შრომატევადი პროცესების მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები (ღეროებიდან ფოთოლგამცლელი და ფოთოლსაჭრელი მოწყობილობები, თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვები და პარკის ნაპერტყულისაგან საწმენდი მოწყობილობები, ნედლი პარკიდან ძაფის ამოსახვევი დანადგარი და ა.შ.).

აკადემიის ძალისხმევით მეაბრეშუმეობის აღორძინება-განვითარებას მიეძღვნა ოთხი მონოგრაფია  გ. ნიკოლეიშვილის და  ე. შაფაქიძის ავტორობით. და ათამდე რეკომენდაცია მეაბრეშუმეობის დარგის აღმავლობისათვის.

მონოგრაფიებმა, დამხმარე ლიტერატურამ და სხვა რეკომენდაციებმა დიდი პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობის გამო საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა აღიარება.

ზემოაღნიშნული და სხვა ლიტერატურის გამოცემით ერთგვარად შეივსო არსებული ვაკუუმი და შეიქმნა მეაბრეშუმეობის განვითარების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს მეაბრეშუმეობის დარგის რეაბილიტაციას და აღმავლობას. აგრეთვე თვალნათლივი ხდება  მეაბრეშუმეთა დაინტერესება, სიცოცხლის ნიშნები დაეტყო ბიზნესსაც და თვალსაჩინო გახდა მეურნეობრიობის ახალი ფორმების მზარდი აღორძინებაც. ამასთან, მეაბრეშუმეობა ისეა ფესვგადგმული ქართველი კაცის ყოფაში, რომ სახელმწიფოს მხრიდან მცირედი ხელშემწყობი პირობების შექმნის შემთხვევაშიც იგი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქვეყნის ეკონომიკაში. ამასთან, მოცემულ ეტაპზე მეაბრეშუმეობის დამახასიათებელი მრავალი ეკონომიკურად სასარგებლო და ზოგიერთ შემთხვევაში შეუცვლელი თავისებურებების მიუხედავად შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ მისი იმ დონით შენარჩუნებაზე, რაც უახლოეს მომავალში რეაბილიტაციის საშუალებას მოგვცემს. დარგს აუცილებლად სჭირდება სახელმწიფო (საკანონმდებლო, ფინანსური, ბაზრების მოძიება და ა.შ.) მხარდაჭერა. უნდა შეიქმნას ხელსაყრელი გარემო, ინვესტიციების დაბანდების მიზნობრივი გამოყენებისათვის. ამასთან, ყურადღება გადატანილი უნდა იქნეს დარგის სოფლის მეურნეობის სისტემაში არსებულ პრობლემებზე.

ჩვენი შეხედულებით, განსხვავებით ადრინდელი წლებისაგან უნდა გაიზარდოს საექსპორტო გრენის (ყველაზე მომგებიანი სფერო მეაბრეშუმეობის სისტემაში) წარმოება.

 ელგუჯა შაფაქიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი.

2