აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

საქართველოს მეცხოველეობაში სანაშენე მუშაობის აღდგენის საკითხისთვის

როგორ უნდა მოეწყოს ჩვენში სასელექციო-სანაშენე მუშაობა?

  კითხვაზე პასუხის გაცემა საჭიროებს ქვეყნის მეცხოველეობის ისტორიის, გამოცდილების, არსებული მდგომარეობისა და მისი გამომწვევი გარემოებების საფუძვლიანად შესწავლა-შეფასებას; ეჭვი არ არის, რომ ასეთი მიდგომა დიდ გავლენას მოახდენს როგორც ახლო პერიოდის შედეგებზე, ასევე შორეულ პერსპექტივაზეც.

 დავიწყოთ ისტორიით:

საქართველო აღიარებულია, როგორც ხორბლის, ვაზისა და ღვინის ქვეყანა. ბოლო წლებში გამოჩნდა არაერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალა, რომლებიც ადასტურებენ ჩვენში ყველის კულტურის უძველეს, ზოგიერთი მონაცემით, 8 ათასწლიან ისტორიას. ბუნებრივია, რომ ყველის კულტურა მეცხოველეობის კულტურასთან, ანუ სარძეო მეძროხეობასთან არის დაკავშირებული.

აქვე ხაზგასასმელია, რომ მსოფლიო მეცნიერების მიერ აღიარებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა შემოჩვევა-მოშინაურების ხუთი კერიდან ერთ-ერთის, ე.წ. „ნაყოფიერი ნახევარმთვარის” ზონის მიმდებარეა მთავარი კავკასიონის ქედის სამხრეთი, მათ შორის საქართველოს ტერიტორია.

მოვიტან ჩემი მასწავლებლების მიერ გასული საუკუნის 60-იან წლებში ლექციაზე გამოთქმულ მოსაზრებას, რომელიც ჩემს არქივს შემორჩა სტუდენტობის პერიოდში მეცადინეობებზე გაკეთებული ჩანაწერების — კონსპექტების სახით. მათი პათოსი ასეთია: …მსოფლიოში არ არის სხვა ქვეყანა, სადაც შედარებით მცირე ტერიტორიაზე ასე ინტენსიურად წარმართულიყო სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ჯიშების წარმოქმნის პროცესი, როგორიც ეს საქართველოში აღინიშნება…;

ფაქტობრივი გარემოებები ამას ადასტურეს.

რა დაგვიტოვეს წინაპრებმა? ძროხის ქართული მთისა და მეგრული წითელი ჯიშები, კახური და სვანური ღორი, თუშური და იმერული ცხვარი, მეგრული თხა, თუშური და მეგრული ცხენი, ქათმის 5 პოპულაცია (შავი, ჩალისფერი, ნაცარა, ყელტიტველა და მეგრული), კავკასიური კამეჩის ქართული პოპულაცია, ჯავახური ბატი, ქართული ფუტკარი, ქართული მეცხვარულა და ე.წ. კავკასიური ნაგაზი. ეს ჯიშები არიან ქვეყნის ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი, ქართველი გლეხკაცის შემოქმედებითი აზროვნებისა და მუხლჩაუხრელი შრომის ნაყოფი. ამასთან, უდავოა ისიც, რომ მათ ღირსეული ადგილი უკავიათ მსოფლიო მეცხოველეობის ისტორიაში… და ეს ყველაფერი სულ რაღაც 69,7 ათასი კვადრატული კილომეტრის ფარგლებში (დღევანდელი საზღვრებით).

ამ ჯიშების არსებობაზე და მათ ავკარგიანობაზე მოსაზრების თქვენამდე მოსატანად, უფრო დამაჯერებლობისთვის, მოვიშველიებ უცხოელი ავტორების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უძველეს ისტორიულ წყაროებში მიმობნეულ გამონათქვამებს:

კოლხეთში (აიეტში) არგონავტების მოგზაურობაზე შექმნილ საყოველთაოდ ცნობილ ძველ ბერძნულ ლეგენდაში, რომლის სინამდვილეში დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, აღწერილი ოქროს ვერძის გატაცება არის მაშინდელ კოლხეთში ნაზმატყლიანი ცხვრის არსებობის დასტური, ხოლო აქვე, „ცეცხლისმფრქვეველი ხარები“ და „გუთანი“… მიწათმოქმედების მაღალ კულტურასთან ერთად მიუთითებს მეცხოველეობის, კერძოდ მეძროხეობის განვითარებაზე.

პირველი წერილობითი ცნობა ქართული მთის ძროხაზე ეკუთვნის ბერძენ ფილოსოფოს არისტოტელეს, რომელიც აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ ფურის მერძეულობა დაკავშირებულია მის ცოცხალ მასასთან, საქართველოში (ფაზისში) ჰყავთ ძლიერ პატარა ტანის ძროხა, რომელიც იწველება ბევრ რძეს“.

ჩვენში შინაური კამეჩის გავრცელებაზე ცნობა ეკუთვნის ბერძენ გეოგრაფს, მოგზაურსა და ფილოსოფოს სტრაბონს (ძვ.წ. 63/64-23-24), რომელიც აღნიშნავს: ალბანიიდან იბერიაში მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბეჩიანზე ძევს“.

ამ ისტორიულ ცნობებთან ერთად დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს ფაქტი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული არაბული ცხენის გამოყვანაში მონაწილეობა მიღებული აქვთ ომებისა და ლაშქრობების პერიოდში საქართველოდან ალაფის სახით გაყვანილ ულაყებს.

გასაგებია, რომ ჩვენში გავრცელებული ჯიშები ხალხური სელექციითაა ჩამოყალიბებული. ყველა მათგანი საქართველოს ან კავკასიის ენდემი თუ აბორიგენია და ასახავენ ჩვენი წინაპრების სულიერ სამყაროს, მათ მაღალ გემოვნებასა და კულტურას.

ზემოთჩამოთვლილი ჯიშებიდან ერთ-ერთი, მეგრული წითელი, შედარებით ახალია, გამოყვანილია მე-19 საუკუნის 80-იან წლებში და მეტ-ნაკლებად ცნობილია მისი ჩამოყალიბების ისტორიაც; ზოოტექნიკოსების არაერთი თაობის აღმზრდელი, პროფესორი ნესტორ გოცირიძე, აანალიზებს რა მეჯოგე ძიკი და ერასტი კვარაცხელიებთან საუბრის შინაარსს, ხაზს უსვამს იმას, რომ თავიანთ ნახირში ძმები იყენებდნენ ცხოველთა გადარჩევა-შერჩევის, გამრავლებისა და გამოზრდის ყველა იმ ილეთსა და ხერხს, როგორსაც ცნობილი ინგლისელი მომშენებლები.

სანაშენე საქმის მიზანმიმართულად განვითარების ფართომასშტაბიანი სამუშაოები ქვეყნის მეცხოველეობაში დაიწყო ყოფილი სსრკ-ცენტრალური ხელისუფლების 1934 წლის დადგენილების საფუძველზე. ამ მხრივ საქართველოს მეცხოველეობისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო გასული საუკუნის 40-იანი წლები პერიოდი, რა დროსაც გამოყვანილი იქნა ცხვრის ორი ჯიში — ქართული ნახევრადნაზმატყლიანი-ცხიმკუდიანი (ავტორი პროფ. არჩილ ნატროშვილი) და ქართული ნაზმატყლიანი-ცხიმკუდიანი (მეცნიერებათა კანდიდატი ივანე ბაძოშვილი), 60-იანი წლების დასაწყისისთვის კი დამთავრდა ძროხის კავკასიური წაბლა ჯიშის გამოყვანის სამუშაოები (ნ. გოცირიძე), რაც მნიშვნელოვანი სიტყვა იყო საქართველოში სარძეო მეძროხეობის განვითარების თვალთახედვიდან გამომდინარე.

აქ განსაკუთრებით მინდა შევჩერდე ცხვრის ჯიშების აპრობაცია-დამტკიცებისას წარმოქმნილ გაურკვევლობასა თუ აჟიოტაჟზე. საქმე ის არის, რომ იმ დროისთვის ბიოლოგიურ მეცნიერებაში არსებული წარმოდგენით შეუთავსებლად ითვლებოდა ერთ ორგანიზმში, ერთის მხრივ ნაზი (ან ნახევრად ნაზი) მატყლის და, მეორეს მხრივ, ცხიმკუდის ერთად არსებობა; ეს კი სელექციის გზით მიღწეული იქნა ცხვრის აღნიშნული ჯიშების გამოყვანისას ქართველი სელექციონერების მიერ.

გასული საუკუნის შუა პერიოდში საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის მეთოდური ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით ქვეყნის საზოგადოებრივ მეურნეობებში მიმდინარეობდა ადგილობრივი პირუტყვის და მათი კულტურულ ჯიშებთან ნაჯვარების გამოცდა ინტენსიური მოვლა-შენახვისა და კვების პირობებში, ახალ ეკოლოგიურ გარემო პირობებში ისწავლებოდა ინტროდუცირებული ჯიშების ადაპტაცია-აკლიმატიზაციის უნარი და სხვა სამეურნეო-ბიოლოგიური თავისებურებები, ფართოდ ინერგებოდა ზოგადბიოლოგიური და ზოოტექნიკური მეცნიერებების მიღწევები, შეიქმნა ყველა სახეობის ცხოველთა სანაშენე მეურნეობები და`ან ფერმები, სამომშენებლოები და ჯიშთსაშენები, პრაქტიკულად ყველა რაიონში დაარსდა სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სახელმწიფო სადგურები და სხვ.

როგორც პირველ წერილში აღვნიშნე, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ პერიოდშივე დაიწყო არსებული სტრუქტურების მიზანმიმართული რღვევა, კანონებისა თუ კანონქვემდებარე აქტების გაუქმება, რის შედეგადაც მთლიანად განადგურდა სანაშენე მეცხოველეობა;

მოგვიანებით, 2009-2012 წლებში ხელისუფლება შეეცადა „ფასადური“ ცვლილებებით ადგილიდან დაეძრა ეს მივიწყებული საქმიანობა, მაგრამ…

დღევანდელი მდგომარეობა კი ასეთია: რამდენადაც ცხოველების წარმოშობაზე პირველადი ზოოტექნიკური ჩანაწერები, ან ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებული ოფიციალური დოკუმენტები, პასპორტი ან სანაშენე ბარათი არ არსებობს, ჩვენ ვარაუდის დონეზე, მხოლოდ გარეგნული ნიშნებით შეგვიძლია გამოვთქვათ მოსაზრება ამა თუ იმ ცხოველის ჯიშობრივ კუთვნილებაზე და მის პროდუქტიულობაზე. აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის იმის მიზეზი, რომ გაქრობის საშიშროება ემუქრება ქართველი გლეხკაცის, უსახელო სელექციონერების მიერ მრავალსაუკუნოვანი, მუხლჩაუხრელი შრომით გამოყვანილ და რუდუნებით შემონახულ აბორიგენულ და ენდემურ გენოფონდს, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყანა იამაყებდა.

სანაშენე-სასელექციო მუშაობის მართვაში სახელმწიფოს მონაწილეობასთან დაკავშირებით მკვლევარებსა და პრაქტიკოს-მეცხოველეებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მეორე წერილში განვიხილე, თუ როგორ არის გადაწყვეტილი მსოფლიოს მეცხოველეობის წამყვან ქვეყნებში სანაშენე მუშაობის ორგანიზაციისა და მართვის საკითხი.

აქ მიზანშეწონილად ვთვლი დამატებით მოვიტანო უკრაინის გამოცდილება, რამდენადაც ის ჩამოჰგავს ჩვენში გასული საუკუნის 90-იან წლებში შექმნილ მდგომარეობას. საქმის არსის უფრო სიღრმისეულად აღქმის მიზნით პუბლიკაციიდან „სანაშენე მეცხოველეობა, მოგების გარანტია“, შემოგთავაზებთ რამდენიმე აბზაცის თარგმანს უმნიშვნელო კომენტარით:

„…სსრკ-დაშლის შემდეგ საჭირო გახდა გარკვეული დრო, რომ ჩინოვნიკები გონს მოსულიყვნენ და წესრიგში მოეყვანათ ქვეყნის კანონმდებლობა“ ამ დარგთან მიმართებაში…“ „…უკრაინის სანაშენე მეცხოველეობის „ოქროს ხანა“, სწორედ ასე შეიძლება ეწოდოს 1999-დან 2010 წლამდე პერიოდს, რომელიც ხასიათდება სანაშენე მეცხოველეობაში უკრაინის ახალი ნორმატიული აქტების დამუშავებით და დანერგვით…“;

ამ პროცესს საფუძვლად დაედო „2010 წლამდე მეცხოველეობაში სელექციის საერთო სახელმწიფო პროგრამაზე“ („Про загальнодержавну програму селекції у тваринництві до 2010 року“) კანონის მიღება, რომელსაც სანაშენე საქმიანობისა და მეცხოველეობის სფეროში უნდა უზრუნველეყო უკრაინის კანონმდებლობის ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიმართებაში“;

ამასთან, ძირითად ამოცანად დასახული იქნა ცხოველთა სანაშენე და პროდუქტიული თვისებების გაუმჯობესება, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების მოცულობების ზრდაში. ამის კეთება იგეგმებოდა სასელექციო პროცესში მსოფლიოს ყველაზე ღირებული გენეტიკური რესურსების გამოყენებით, საბოლოო შედეგი კი უნდა დამდგარიყო სანაშენე რესურსების საკუთარი საექსპორტო პოტენციალის ჩამოყალიბებით. ამასთან ერთად, კანონის დანერგვას უნდა უზრუნველეყო არსებული ლოკალური და გაქრობის პირას მყოფი ცხოველთა უკრაინული ჯიშების გენოფონდის შენარჩუნება“.

შედეგი კი ასეთია: დღეისათვის უკრაინის სანაშენე მეცხოველეობა წარმოდგენილია რამდენიმე ათასი სამომშენებლოთი და რეპროდუქტორით, რომელთა მუშაობას კოორდინაციას უწევს ოცდაათამდე სასელექციო ცენტრი და სანაშენე მეცხოველეობის ასზე მეტი საოლქო და რაიონული საწარმო.

ამ ქვეყნის ხელისუფლების ასეთმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ სახეზეა მეცხოველეობის საერთო პროდუქციისა და საშუალო პროდუქტიულობის ზრდის არნახული ტემპები: ასე მაგალითად, 2000 წელთან შედარებით 2016 წელს ამ ქვეყანაში წარმოებულია 659,8 ათასი ტონით, ანუ 39,7%-ით მეტი ყველა სახეობის ცხოველის ხორცი, ხოლო 16 წელიწადში საშუალოდ ერთი ფურის მონაწველი გაიზარდა 2285 კგ-ით, ანუ თითქმის ორჯერ (96,9%-ით).

რა საშუალებებით გახდა შესაძლებელი პროდუქტიულობის ზრდის ასეთი ნახტომი?

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და ზოგადად დარგის (მათ შორის სანაშენე საქმის) მხარდაჭერით; კერძოდ: სახელმწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფდა გენეტიკური მასალის წარმოების, შეძენისა და რეალიზაციის 30%-ს, სრულად იფარებოდა მაღალი სანაშენე ღირსების ცხოველების შეძენა, მ.შ. საზღვარგარეთ, ხოლო სანაშენე სულადობის შენახვის ხარჯების 50% კომპენსირდებოდა სახელმწიფოს მიერ. გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებდა იმუნოგენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებას სანაშენე რესურსების წარმოშობის დადგენის მიზნით, აგრეთვე მონაშენის ხარისხზე ადგილობრივი სელექციის სარემონტო მოზარდისა და სანაშენე კუროების შეფასებას და სხვ.

არ იქნება სწორი თუ ვიტყვი, რომ ასეთი მიღწევა განაპირობა მხოლოდ სწორად ორგანიზებულმა სანაშენე-სასელექციო მუშაობამ და ამას უკრაინელი სპეციალისტებიც აღიარებენ, მაგრამ იმავდროულად ხაზს უსვამენ, რომ სანაშენე საქმის სწორად ორგანიზაცია იყო ერთ-ერთი წამყვანი რგოლი მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების სტიმულირებაში. სანაშენე მეცხოველეობის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი, ასევე, არის ის, რომ მაღალი ღირსების სანაშენე ცხოველის საბაზრო ღირებულება, ერთეულ ცოცხალ მასაზე გადაანგარიშებით, 2-3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე, ვთქვათ, დასაკლავად გასუქებულის.

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებამ, მეცხოველეობაში სანაშენე საქმის საკანონმდებლო უზრუნველყოფამ და მუშაობის სწორმა მენეჯმენტმა ანალოგიური შედეგი გამოიღო ყოფილი სსრკ-მოკავშირე რესპუბლიკებში, დღეს კი დამოუკიდებელ სახელმწიფოებში: ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთში და სხვ.

ამ ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენ, 26-წლიანი უძრაობის, უფრო სწორად, არსებული სტრუქტურების ნგრევისა და განიავების შემდეგ, „ცარიელი ფურცლიდან“ გვიწევს საქმიანობის დაწყება; ამდენად, აღწერილი, ან ნებისმიერი სხვა მოდელის შერჩევისას პირველი 8-10 წლის მანძილზე საჭირო იქნება ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ეკონომიკური მიმართულების უწყებების ჩართულობის გაცილებით მაღალი დონე და, არა მარტო.

პროცესის დაწყებას საფუძვლად უნდა დაედოს ამ სფეროში მოქმედ საერთო ევროპულ ნორმატიულ აქტებთან მიახლოებული „სანაშენე მეცხოველეობის შესახებ“ კანონის მიღება, აგრეთვე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სწორად შეფასების საფუძველზე ჩამოყალიბებული „სანაშენე მეცხოველეობის საერთო ეროვნული პროგრამის“ შემუშავება. ჩემი აზრით, ეს იქნება სანაშენე მეცხოველეობის არა მარტო აღორძინების მამოძრავებელი ძალა, არამედ ფერმერთა მასტიმულირებელი მექანიზმი.

ბუნებრივია, რომ სანაშენე-სასელექციო სამსახურის გამართულად და ეფექტურად მუშაობა წარმოუდგენელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე, რომელიც გულისხმობს:

  1. სანაშენე საქმის მართვის ცენტრალური ორგანოს შექმნას (პირობითად მას დავარქვათ „სანაშენე საქმის სამსახური“), რომელთანაც დაფუძნდება სანაშენე აღრიცხვისა და ინფორმაციის ბანკი, აგრეთვე გენეტიკური და ზოოტექნიკური ლაბორატორია.
  2. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამხარეო და მუნიციპალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში სელექციონერ-ზოოტეკნიკოს(ებ)ის ჯგუფის ჩამოყალიბებასა და მათ გადამზადებას;
  3. ხელოვნური განაყოფიერებით დაკავებული არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელოვნური განაყოფიერების კერძო ოპერატორების მხარდაჭერას და მსგავსი სტრუქტურების დაფუძნების ხელშეწყობას, აგრეთვე ხელოვნური განაყოფიერების ოპერატორების მომზადებას.

პირველ ეტაპზე მეცხოველეობაში სანაშენე მუშაობის მართვის სქემა (ნახ #1.) გულისხმობს საკუთრების სხვადასხვა ფორმის ორგანიზაციების საქმიანობის ერთ სისტემაში ამოქმედებას, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებს მიეკუთვნება მმართველობითი, ტექნიკური უზრუნველყოფის, მეთოდური ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის ფუნქციები, ხოლო კერძო სტრუქტურები დაკავებული იქნებიან ცხოველთა სახეობებთან და ჯიშებთან სანაშენე მუშაობის საერთო ეროვნული პროგრამის პრაქტიკაში რეალიზაციით, მ.შ. ხელოვნური განაყოფიერებით.

სანაშენე საქმის სამსახურის გადასაწყვეტი ამოცანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება სანაშენე მუშაობის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და სწორი მეთოდოლოგიის შერჩევა, ჯიშთა გაადგილების (დარაიონების) ერთიანი პროგრამის, სტანდარტების, სასწავლო ლიტერატურის, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების დამუშავება, აგრეთვე სანაშენე და ზოოტექნიკური აღრიცხვის ჟურნალების, ფორმების და სხვ. შედგენა-აპრობაცია-გავრცელება.

თავის მხრივ, საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და სწორი სამეცნიერო-მეთოდური ხელმძღვანელობის უზრუნველყოფის მიზნით, სასურველი იქნება სანაშენე საქმის მართვის ცენტრალურ ორგანოში ჩამოყალიბდეს გაერთიანებული საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც შევლენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების მეცხოველეობის პროფილის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები, აგრეთვე ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.

რამდენადაც დღეისათვის არავითარი ინფორმაცია არ არის ცხოველთა ჯიშობრივ შედგენილობაზე, აუცილებელია გავრცელების საორიენტაციო ზონებში ექსპედიციების მოწყობა და კერების`მეურნეობებისა და ფერმების გამოვლენა-რეგისტრაცია, სულადობის ინვენტარიზაციითა და შესაძლებლობის ფარგლებში ზუსტად იდენტიფიკაციით; რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას უნდა ჰქონდეს ნებაყოფლობითი ხასიათი.

საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სახეობის სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ძირითადი ჯიშების სავარაუდო განთავსების ტერიტორიებზე ინფორმაცია მოცემულია ცხრილში. სხვა სახეობებთან დაკავშირებით ასევე, გვაქვს მონაცემები და მათთან სანაშენე მუშაობის საკითხებზე მუშაობა უნდა გააგრძელოს სანაშენე საქმის სამსახურთან ჩამოყალიბებულმა საკონსულტაციო საბჭომ.

ცხოველთა სარეგისტრაციო ნომრებზე და მათ გაადგილებაზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სამმართველოს მონაცემთა ბაზიდან, სადაც უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება ეს პროგრამა. ჩვენი აზრით, ამ ორი სამსახურების შეთანხმებული საქმიანობა დააჩქარებს ცხოველთა ვეტერინარული გაჯანსაღებისა და მათი პროდუქტიული თვისებების გაუმჯობესის პროცესს. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოცდილება, რომლის მიხედვით ფერმერებს შორის მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულმა ცხოველთა მასობრივმა ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციამ, უპირველესად ყოვლისა პოპულარობა მოიპოვა მონაცემთა ბანკში მათ წარმოშობასა და ვეტერინარულ ისტორიაზე სარწმუნო მონაცემების არსებობის წყალობით.

სპეციალისტები აღიარებენ, რომ სწორედ ცხოველთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის ნაციონალურმა სისტემამ მოუტანა მნიშვნელოვანი სარგებელი სანაშენე მეურნეობებს და გახდა მსოფლიოს წამყვანი მეცხოველეობის ქვეყნების შიდა თუ საზღვარგარეთის სანაშენე ცხოველთა ბაზარზე წარმატებული მუშაობის მთავარი წინაპირობა.

გასაგებია, რომ ყველაფერი ეს დაკავშირებულია სანაშენე ინფორმაციის ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტასთან, აგრეთვე თანამედროვე აპარატურა-მოწყობილობების, საკონტროლო-გამზომი აპარატურის, მობილური და ელექტრონული კავშირისა თუ სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვ. შეძენასთან; ამას უნდა დაემატოს მეცხოველეობის დარგების მიხედვით კვალიფიციური სელექციონერებისა და ხელოვნური განაყოფიერების ოპერატორების მომზადება-გადამზადებისა და სერტიფიცირების საკითხების მოგვარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ზოგადად ფერმერების და მ.შ. სანაშენე მეურნეობების მეპატრონეთა და მუშაკთა ცოდნის ამაღლებისა და სათანადო უნარ-ჩვევების შეძენის საკითხის გადაწყვეტა, მათი დაინტერესების მექანიზმების ამოქმედება.

და ყველაფერი ეს საჭიროებს სოლიდურ ინვესტიციებს;

არსებული მდგომარეობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ სანაშენე მუშაობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის პრობლემის გადაწყვეტა თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფო ბიუჯეტმა. საქმე ის არის, რომ ამ ეტაპზე, სანაშენე საქმიანობის მენეჯმენტით ბიზნესის გააქტიურება ნაკლებად მოსალოდნელია, ვინაიდან, როგორც წინა წერილში აღვნიშნე, ამ საქმიანობიდან რამდენადმე ხელშესახები ეფექტის გამოვლენას დასჭირდება საკმაო დრო და, ბუნებრივია, ეს მიმართულება მათთვის უინტერესო, უკეთუ ნაკლებად მიმზიდველია.

სანაშენე მუშაობაში ფერმერთა აქტიურად ჩაბმის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის სტიმულირების მექანიზმებს, რომლებიც გათვლილი უნდა იქნას მხოლოდ იმ მეურნეობებსა და ფერმებზე, რომელთაც ეყოლებათ მაღალპროდუქტიული, მაღალი სანაშენე ღირსების ხალასჯიშიანი ცხოველები და მოახდენენ მათი მონაშენის გავრცელებას (რეალიზაციას). ეჭვი არ არის, რომ ეს ხარჯები გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე მზა სანაშენე სულადობის იმპორტისთვის იქნება საჭირო. ამასთან:

  1. გაიზრდება დაინტერესება ფერმერების მხრიდან და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები;
  2. დაიზოგება სავალუტო რესურსები;
  3. თავიდან ავიცილებთ რისკებს, რაც ცხოველების და`ან ცხოველური პროდუქტების იმპორტის მასშტაბების გაზრდისას არის მოსალოდნელი;
  4. მეცხოველეობის, ზოგადად, და მათ შორის სანაშენე მომსახურების სფეროში სტიმული მიეცემა კერძო ინიციატივებს და შესაბამისად ამაღლდება მისი ხარისხი;

აქ არაფერს ვამბობ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებზე, რაც დაკავშირებულია ცხოველური პროდუქტების პირველადი წარმოების ზრდასთან, მისი ხარისხის გაუმჯობესებასთან და კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან.

დროთა განმავლობაში ფერმერთა ცნობიერებისა და გამოცდილების ამაღლება სტიმულს მისცემს მეცხოველეთა და`ან ჯიშების მომშენებელთა დამოუკიდებელი გაერთიანებების, ასოციაციების, საბჭოების და სხვ. ჩამოყალიბებას, რომლებიც თავის თავზე აიღებენ სანაშენე მუშაობის ძირითად საქმიანობას, ხოლო სახელმწიფოს ექნება რეგულირებისა და მონიტორინგის ფუნქციები. ამდენად, ინფრასტრუქტურის განახლებასა და სანაშენე მუშაობის სისტემის ფუნქციონირებაზე ბიუჯეტის სახსრების დანახარჯები არ ან ნაკლებად იქნება საჭირო.

ზოგადად ცხოველთა ინვენტარიზაცია-იდენტიფიკაცია და, განსაკუთრებით, სანაშენე მუშაობით მოპოვებული ინფორმაცია მოაწესრიგებს სტატისტიკურ აღრიცხვიანობას, რომელიც, შეიძლება ითქვას, დღეისთვის მთლად წესრიგში ვერ არის; შესაბამისად, სახელმწიფო სტრუქტურებს გაუადვილდება ეკონომიკური საქმიანობის ამ სფეროს განვითარების პროგნოზირება.

სანაშენე მუშაობის მეთოდურ საკითხებზე, მოშენების სისტემებსა თუ შეფასებათა ნორმებზე და მრავალ სხვა „წვრილმანზე“ მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება დარგის სპეციალისტების შიდა სამზარეულოს მსჯელობის საგანია და მათზე აქ არ შევჩერდები.

 PS. გამოქვეყნებულ სამ წერილში შევეცადე წარმომეჩინა საქართველოს მეცხოველეობის შუქ-ჩრდილები და დამესახა შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის გზები. ბუნებრივია, შემოთავაზებულმა წინადადებებმა შესაძლებელია (და ეს ასეც იქნება) განიცადოს ცვლილებები, მაგრამ მიმაჩნია, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნის მეცხოველეობის მაღალპროდუქტიულ და კონკურენტუნარიან დარგად გადაქცევის გასაღები დევს სანაშენე მუშაობის აღორძინებაში.

დაბოლოს, უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ მთავარი რედაქტორის, ბატონი შოთა მაჭარაშვილისა და სარედაქციო კოლეგიისადმი, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო ჩემი შეხედულებები საქართველოს მეცხოველეობის კონკრეტულ პრობლემურ საკითხზე.

გიული გოგოლი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი