ბოცვრის ხორცზე დღეს უფრო მეტი მოთხოვნაა, ვიდრე გუშინ იყო

ახალგაზრდა, თუმცა, დიდი გამოცდილების ფერმერი ზაზა ბურნაძე 14 წელიწადია მებოცვრეობაშია ჩართული და თავისი ნიშა უკავია ამ მიმართულებით. ზაზა საჯიშე ბოცვრების გამოზრდით არის დაკავებული. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა, ფერმერმა გადაწყვიტამებოცვრეთა კლუბიჩამოაყალიბოს. კლუბის მიზნებთან, ამოცანებთან ერთად დარგში არსებული პრობლემების შესახებაც ვისაუბრეთ.


ზაზას თქმით, მებოცვრეობა და, ზოგადად, ბოცვრის ხორცზე დღეს ბევრად უფრო მეტი მოთხოვნაა, ვიდრე მაშინ, როდესაც მან საქმიანობა დაიწყო: „მრავალი ათეული დიდი ფერმა გამოიკვეთა, რომელთაც მაღაზიებშიც შეაქვთ ხორცი, თუმცა, მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ, რადგან მოთხოვნა მიწოდებას ბევრად აღემატება. პირადად მე საჯიშე მეურნეობაზე ვმუშაობ, ჩემთან სხვა ფერმერები მოდიან, ყიდულობენ ამა თუ იმ ჯიშს და თავად ამრავლებენ.“

სოფლის მეურნეობის მდგომარეობაზე საუბრისას ფერმერმა საბაჭიე საკვების პრობლემას გაუსვა ხაზი. როგორც აღმოჩნდა, საბაჭიე საკვები საქართველოში არ იწარმოება, უკრაინიდან შემოდის, რომლის ყიდვა მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი და არც ისე იაფად. „ჩემი სურვილი იქნება, რომ ჩვენმა ქვეყანამ გამოუშვას ის საკვები, რომელიც ევროსტანდარტებს დააკმაყოფილებს და ჩამოაყალიბოს ისეთი არხები, რომლებიც რეგიონში ბოცვრის საკვების მიწოდებას უზრუნველყოფენ.“ — აღნიშნა ზაზა ბურნაძემ.

ამ პრობლემის გარდა, ზაზამ ჩვენთან ინფორმაციის ნაკლებობაზეც ისაუბრა. მისთვის და ასევე მისი ახლობელი ფერმერებისთვის ერთ-ერთი გამოსავალი კვლავ გამოცდილებაზე დაყრდნობაა.

მებოცვრეობის მიმართულების განსავითარებლად გამოცდილი ფერმერი „მებოცვრეთა კლუბს“ აყალიბებს: „ბევრ ქვეყანაშია მსგავსი კლუბები. მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაწევრიანებული ფერმერების გამოცდილება, ცოდნა და შემოსავალი იზრდება. კლუბი რომ გაკეთდება, შემდეგ მოეწყობა გამოფენები, საქმიანი შეხვედრები. მინდა საქართველოში ამ მიმართულებითაც განვვითარდეთ.“

კლუბში გაწევრიანებისთვის მხოლოდ ბოცვრების ყოლა და ენთუზიაზმია საჭირო.

ზაზამ ეს იდეა „მომავლის ფერმერში“ გააჟღერა, ჩვენ კი მას ინფორმაციის გავრცელებისა და ტრენინგის კუთხით ვუწევთ დახმარებას. როგორც ფერმერმა აღნიშნა, მის წრეებში ჯერ არ უსაუბრია ამ საკითხის შესახებ, თუმცა, დიდ გამოხმაურებას ელოდება.

როდესაცმებოცვრეთა კლუბისმიზნის შესახებ ვკითხეთ, პასუხი ჯანსაღი ამბიციით და მოტივაციით სავსე იყო: „ჩემი სურვილია საქართველოში სხვადასხვა ჯიშები მოვაშენოთ, მრავალჯიშიანი მებოცვრეობა გვქონდეს. ასევე, საზღვარგარეთიდან კომისია მოვიწვიოთ, რომელიც შგვიფასებს, შენიშვნებს და რჩევებს მოგვცემს დარგში, რომ გავითვალისწინოთ და განვვითარდეთ.“

მარიამ ტაკაშვილი,

ასოციაცია „ მომავლის ფერმერი“