ბლოგი

საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ – მიწის არასრული რეგისტრაცია

მიწის დანაწევრება – პრობლემის საფუძველი

„ფერმერების კომერციალიზაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ მიწის კონსოლიდაციის შემთხვევაში, როცა ისინი შეძლებენ მასშტაბის ეკონომიით ისარგებლონ“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ 2019 წლის სოფლის განვითარების კონფერენციაზე.

სოფლის მეურნეობის სფეროში ჩატარებული უახლესი აღწერის (საქსტატი, 2014 წ.) თანახმად, საქართველოში 574 000 მიწის მფლობელია. აქედან 77%-ს 1 ჰექტარზე ნაკლები მიწა აქვს სარგებლობაში, ისიც, როგორც წესი, რამდენიმე მიწის ნაკვეთად არის დანაწევრებული. მათი ნაწილი ან დაუმუშავებელია ან მოძველებული მეთოდებით მუშავდება. გარდა ამისა, ასეთ მცირემიწიან ოჯახებს არ შეუძლიათ ამ მიწიდან საკმარისი შემოსავლის გამომუშავება და მათი საქმიანობა თვითკმარი მეურნეობა უფროა, ვიდრე ფერმერული მეურნეობა. მრავალი ოჯახი არც არის დაინტერესებული, ფერმერული საქმიანობა გააუმჯობესოს ან მიწა უფრო ეფექტიანად მომუშავე ფერმერებზე გაყიდოს. შედეგად, საქართველოს სოფლის მეურნეობა ძალიან დაბალი პროდუქტიულობით გამოირჩევა და მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.7%-ს შეადგენს, მიუხედევად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალის 40%-ია ჩართული (საქსტატი, 2018 წლის წინასწარი მონაცემები).

ამ სიტუაციის გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობისათვის სოფლის მეურნეობის სექტორი 2012 წლიდან პრიორიტეტად იქცა. მრავალი პროგრამა შემუშავდა და დაინერგა სექტორის ტრანსფორმაციისათვის, მაგრამ ჯერჯერობით შედეგები იმედისმომცემად არ გამოიყურება: 2018 წელს სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა საკმაოდ მოკრძალებული იყო (+0.7%), 2017 წელს კი მკვეთრი ვარდნა (-3.8%) დაფიქსირდა. ასეთი მაჩვენებლები ოპტიმიზმს ძალაუნებურად აქრობს, თუმცა მსგავსი გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც აქვთ. მაგალითად, ინდოეთის მთავრობა ფერმერებს სხვადასხვა სახის სუბსიდიებს სთავაზობს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ინდოეთში სოფლის მეურნეობის კრიზისის გამწვავებაზე საუბრობენ. The Economist-ის სტატიას თუ დავუჯერებთ, კრიზისის მთავარი მიზეზი მიწის დანაწევრებაა, ვინაიდან მიწის ნაკვეთის საშუალო ფართობი ერთ შინამეურნეობაზე 1960 წლიდან მოყოლებული უფრო და უფრო მცირდება და დღეს 1.1 ჰექტარს შეადგენს.

გასაკვირი არ არის, რომ მიწის ნაკვეთების დანაწევრება ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა, რომელიც („პრობლემების სათავე“) საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას აფერხებს.

მიწის სრული რეგისტრაცია და მიწის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა ხელს უწყობს კონსოლიდაციის პროცესს და ხელსაყრელია მიწის საკუთრების უფლების დაცულობის, მიწის რეფორმის გატარების, მიწის რესურსების მართვის გაუმჯობესების, მიწის დავების შემცირების, მიწის ბაზრის სტიმულირების, მიწის გადასახადების ზრდის, საკრედიტო უსაფრთხოების, მიწის ბაზრის მონიტორინგის გაუმჯობესების, სახელმწიფო მიწების უკეთესი მართვის, მიწის სივრცულად უკეთ დაგეგმარების, გაუმჯობესებული აგრო სტატისტიკისა თუ სოფლის მეურნეობის პოტენციალის ათვისებისათვის (მიწის საერთაშორისო სისტემები, 2009 წ.).

საქართველოს მიწების კონსოლიდაციას ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის, მაგრამ მათ შორის უმთავრესი მიწის არასრული რეგისტრაციაა. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობასი სახელმწიფოს არაერთი მცდელობის მიუხედავად, საჯარო რეესტრის უახლესი მონაცემებით, საქართველოს მიწების მხოლოდ 45%-ია დარეგისტრირებული (ოკუპირებული ტერიტორიებისა და ტყის მასივების გამოკლებით).
მიწის რეგისტრაცია – ძირითადი პრობლემის აღმოფხვრის სწორი დასაწყისი
რა აფერხებს საქართველოში მიწის რეგისტრაციას?

წარსული – მიწის რეფორმები საქართველოში

საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო მრავალი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემის წინაშე დადგა. იმ დროის პოლიტიკურმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ კრიზისთან საბრძოლველად საუკეთესო გზა სოფლის მოსახლეობისთვის მიწების დარიგება იყო. შედეგად, უამრავ ადამიანს საკუთარი ოჯახის სარჩენად 1 ჰექტარზე მცირედით მეტი მიწა დაურიგდა (ხშირად ეს ფართობი 3-4 ნაკვეთად იყო დანაწევრებული). სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩენილი მიწები კი იჯარით გაიცა. შესაბამისად, ნაკვეთების მთლიანმა რაოდენობამ დაახლოებით 2 500 000 შეადგინა; ეს რიცხვი არ მოიცავს აჭარასა და მთიან რეგიონებს, რომელთაც მაშინდელი რეფორმა არ შეხებია. შესაძლოა, მაშინ ამ გადაწყვეტილებამ არაერთი ოჯახი იხსნა შიმშილისგან, მაგრამ დღეს მიწების დანაწევრება საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმთავრეს გამოწვევად იქცა.

მიწის რეგისტრაციის პროცესი 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 2004 წლამდე გაგრძელდა. ამ პროცესს ერთიანი საკადასტრო სისტემა არ გააჩნდა და იურიდიული დოკუმენტებიც სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში შემორჩენილ რუკებს ეფუძნებოდა. მიწის ფორმალური რეგისტრაცია საკადასტრო სისტემით 2008 წელს დაიწყო. 2016 წლის მონაცემებით კი, მიწის დაახლოებით 36% იყო რეგისტრირებული.

აწმყო – მიწის რეგისტრაცია დღეს

მიწის რეგისტრაციის ამჟამინდელი რეფორმა 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2 წლისა და 6 თვის შემდეგ მთლიანი მიწის ფართობის (ოკუპირებული ტერიტორიებისა და ტყის მასივების გამოკლებით) მხოლოდ 9%-ის დარეგისტრირება მოხდა. აღსანიშნავია, რომ დარეგისტრირებული მიწების ნახევარზე მეტი სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწებია. ამჟამინდელი რეფორმა დარეგისტრირებისას იყენებს როგორც  სპორადულ, ისე სისტემურ მიდგომას, თუმცა აქცენტი სპორადულ რეგისტრაციაზე კეთდება. ამ ორ მიდგომას შორის მთავარი განსხვავება ის გახლავთ, რომ სპორადული რეგისტრაციისას, მფლობელები თავად მიმართავენ საჯარო რეესტრს, სისტემური მიდგომის შემთხვევაში კი, მთავრობა მიმართავს მიწის მფლობელებს და მათ მიწას არეგისტრირებს. ეს უკანასკნელი (სისტემური რეგისტრაცია) საპილოტე პროგრამის სახით საქართველოს მხოლოდ რამდენიმე დასახლებაში მიმდინარეობს.

ISET-ის მიერ მიწის რეგისტრაციის შესახებ 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის ამჟამინდელი რეფორმა გარკვეულ სტიმულებს უქმნის მიწათმფლობელებს, ბევრი მიწის მესაკუთრე მაინც არ არის დაინტერესებული საკუთარი მიწის დარეგისტრირებით. ამის მთავარი მიზეზები კი გახლავთ: სოციალური შემწეობის დაკარგვის შიში; დარეგისტრირებული მიწის საკრედიტო დაწესებულებების მიერ ჩამორთმევის შიში; დაბეგვრის შიში; დავა მიწის საზღვრებთან დაკავშირებით; ტრადიციული მიდგომა, რომ მიწა მის ოჯახურ მეურნეობას ეკუთვნის და დარეგისტრირება არ ესაჭიროება; რეგიონში ან ქვეყანაში მიწის მფლობელების არყოფნა (მიგრაცია); ფინანსების ნაკლებობა; მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და სხვ.

გზა წარმატებისკენ

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის კონსოლიდაცია შეუძლებელია მიწის რეგისტრაციის ყოვლისმომცველი პროცესის გარეშე, რომელმაც მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას. მიწის სრული დარეგისტრირება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ სახელმწიფო სისტემურ მიდგომას გამოიყენებს, რადგან მიწის სრულყოფილი რეგისტრაციისთვის ეს მეთოდი მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად ითვლება.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ… ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება!

ირაკლი კოჭლამაზაშვილი

* * *

ბლოგი მომზადდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მიწის რეგისტრაციის პოლიტიკის ნარკვევზე დაყრდნობით.