ოზონირებული წყალი, როგორც ვაზის დაავადებებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება

მე-XIX-ე საუკუნის პირველ ნახევრამდე ევროპის მევენახეობას ვაზის არანაირი დაავადება არ აწუხებდა. ვაზის დაავადება, ძირითადად, ფილოქსერას სახით, ამერიკაში იყო გავრცელებული. საუკუნეთა განმავლობაში ამერიკული ვაზის ბევრმა ჯიშმა ფილოქსერას მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა, ზოგი კი საერთოდ არ ავადდებოდა მისით. ამიტომ ფილოქსერას არც ამერიკელები იცნობდნენ და ცხადია, არც ებრძოდენ მას.

ფილოქსერას მავნებლობის სიმძიმე პირველად ამერიკელმა მევენახემ თომას ჯეფერსონმა იწვნია. რადგან ამერიკული ვაზი მაღალი ხარისხის ღვინოს არ იძლეოდა, მან გადაწყვიტა ადგილობრივი ჯიშები ევროპულით შეეცვალა, ცდა წარუმატებელი გამოდგა. რადგან ჯეფერსონი ფილოქსერას არ იცნობდა, ევროპული ჯიშის ვაზის გახმობა ამერიკის ჰავასა და ნიადაგს დააბრალა და ფილოქსერა ამჯერადაც შეუმჩნეველი დარჩა.
ფილოქსერამ ამერიკიდან ევროპაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოაღწია. ამას ხელი შეუწყო იალქნიანი გემების ორთქლზე მომუშავე სწრაფი გემებით ჩანაცვლებამ. ვაზის კალმის კონებში ჩაბუდებულმა ფილოქსერას ნაწილმა სწრაფმავალი გემებით წარმატებით დაძლია გზა ამერიკიდან ევროპამდე და 1850-იანი წლებიდან ჯერ საფრანგეთის ვაზით მდიდარი რეგიონი, მდინარე რონის ხეობის ვენახები დააზიანა, იქიდან მთელი საფრანგეთის ვენახებს მოედო, შემდეგ კი მეზობელი ქვეყნების ზვრებშიც გავრცელდა.

ევროპული ვაზის ეს ამერიკული დაავადება პირველმა მონპელიელმა პროფესორმა ჟიულ-ემილ პლანშონმა აღმოაჩინა, რომელიც ცნობილი მევენახის გასტონ ბაზილის თხოვნით მისი ვენახის გამოსაკვლევად მივიდა და თავისი ასისტენტების ბრიგადა მიიყვანა. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორი პლანშონი მწერების შესწავლით იყო დაინტერესებული და ფილოქსერა, როგორც მწერი, მისი ინტერესის საგანსაც წარმოადგენდა. პროფესორი პლანშონი მიხვდა, რომ ვენახის გახმობის მიზეზი ეს საშინელი მწერი იყო და მასთან ბრძოლა სასწრაფოდ უნდა დაეწყოთ, მაგრამ ამას ჯერ საფრანგეთ-პრუსიის ომმა შეუშალა ხელი, მერე კი მეცნიერთა შეუთანხმებლობამ იჩინა თავი, თუ რა გზით ებრძოლათ ფილოქსერას წინააღმდეგ. ბოლოს ძალები გაიყო და მავნებელს ორი ფრონტით შეუტიეს. პირველი, კერძოდ, ქიმიური საშუალებით, გადაწყვიტეს ნახშირბადის ბისულფიდი ფესვებში ჩაესხათ ვაზისთვის და ფილოქსერა დაეხოცათ, ხოლო მეორე ნაწილმა ფილოქსერაგამძლე ვაზის გამოყვანაზე დაიწყო მუშაობა. ფილოქსერას გარდა, ამ დროს, ევროპაში ვაზი ნაცრითაც ავადდებოდა, რომელიც ევროპელმა მეცნიერებმა გოგირდის მეშვეობით განკურნეს.

რადგან ვერცერთი ევროპული ვაზი ფილოქსერას ვერ უძლებდა, ამიტომ ევროპელები იძულებული გახდნენ მილიონობით ფილოქსერაგამძლე ვაზის ნერგი ამერიკიდან ჩამოეტანათ, რომელ ობის ახალი ფორმა ჩამოჰყვა. ბორდოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ეს პრობლემა ოთხ წელიწადში ყველასათვის კარგად ცნობილი ბორდოს ხსნარის შექმნით გადაწყვიტეს.

ძირითადად ასეთია ევროპაში ვაზის დაავადებათა გავრცელების და მის წინააღმდეგ შექმნილი „პრეპარატების“ ისტორიის საწყისი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღემდე ვაზის ბევრი დაავადება გაიცნო მსოფლიო მევენახეობამ, რომელთა წინააღმდეგ მეცნიერებამ ათობით დასახელების შხამქიმიკატი შექმნა, რომელიც მართალია წამალია ვაზისათვის, მაგრამ საწამლავია ბუნებისთვის, ნიადაგისთვის და ღვინისათვის, იქიდან კი ადამიანის ჯანმრთელობისათვის. შექმნილ ვითარებაში აუცილებელია მეცნიერებამ შექმნას და მევენახეობას შესთავაზოს მცენარის დაავადებათა ერთი ან ორი ისეთი პრეპერატი, რომელიც „პანაცეა“ იქნება ვაზის ყველა დაავადებისათვის. დღეის მდგომარეობით არ ვიცი ამ მიმართულებით მიმდინარეობს თუ არა მუშაობა, მაგრამ ასეთი „პრეპარატი“ კიდეც რომ შეიქმნას, მისი ცხოვრებაში დანერგვა, ალბათ, დიდი პრობლემა იქნება, რადგან შხამქიმიკატების წარმოება დიდი ბიზნესია და ყოველწლიურად ათობით მილიარდი დოლარის მოგებას ტოვებს, ასევე მის წარმოებებში მილიონობით კაცია დასაქმებული. ამ მილიარდების დაკარგვას და მილიონობით სამუშაო ადგილის ლიკვიდაციას, ალბათ, არავინ შეურიგდება, ამიტომ უმჯობესია, ზემოდან რისი მიღების იმედიც არ არის, ვეძებოთ ქვემოთ, უკვე გამოგონილთა და შექმნილთა შორის.

დიდი ხნის გამოგონილი და შექმნილია ოზონი და კოლოიდური ვერცხლი. ცნობილია მათი ანტიბაქტერიული მოქმედებაც, რადგან ორივე ეს ნივთიერება დაუნდობლად ანადგურებს ბაქტერიას, სოკოს და ყველა მავნე მიკროორგანიზმს, მათ შორის იმ დაავადებათა ბაქტერიებს და ვირუსებს, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო კულტურები ავადდება. როგორც ხედავთ, ყველა დაავადებათა „პანაცეა“ დიდი ხნის შექმნილია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ჩვენს ხელთაა, დარჩა მათი გამოცდა და წარმატების შემთხვევაში, დანერგვა. წინამდებარე წერილით მინდა გაგაცნოთ ოზონი და, მასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებათა წინააღმდეგ ოზონით ბრძოლის ჩემი შვიდწლიანი გამოცდილება, იქნებ ვინმეს გამოადგეს.

ოზონი აქტიური ჟანგბადია და ბუნებაში ელვის დროს წარმოიქმნება, ხოლო ხელოვნურად ოზონატორების მეშვეობით მიიღება. ოზონი მეცნიერებისათვის 1800 წლიდანაა ცნობილი, მაგრამ მის წარმოებაში არსებულ სიძნელეთა გამო მისი პრაქტიკული გამოყენება გვიან დაიწყო, დღეს კი ის ყველაზე იაფი და საწარმოებლად ყველაზე ადვილი ანტიბაქტერიული საშუალებაა. ერთი გრამი ოზონის მისაღებად საჭიროა 20-25 ვატი სიმძლავრის ელექტროენერგია, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ერთ ტონა წყალში არსებული ბაქტერიები გავანადგუროთ.

ოზონი წარმოადგენს მაღალი ოქსიდაციის ძალის მქონე აირს და ცნობილია, როგორც ყველაზე ძლიერი მადეზინფიცირებელი საშუალება. ის სულ მცირე 10-ჯერ ეფექტურია ქლორზე. ოზონი კარგად იხსნება წყალში და მისი დაშლის დრო 22-25 წუთია, ხოლო ჰაერში _ 3-4 საათი. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ოზონი კარგავს ერთ ატომს და ჩვეულებრივ ჟანგბადად გადაიქცევა, ანუ ის როგორც ჰაერში, ისე წყალში არ ტოვებს არანაირ ნარჩენ ნივთიერებებს. ოზონს ადამიანის ჯანმრთელობისათვის სარგებლობის მეტი არაფერი მოაქვს, ამიტომ ფდა-ის მიერ 2001 წლის 26 ივნისს ოზონი აღიარებულია, როგორც კვების პროდუქტების შემადგენელი ნაწილი.

ოზონი სოფლის მეურნეობაში 1900 წლიდან გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ამაღლების, ისე მისი შენახვის დროის გახანგრძლივების საუკეთესო საშუალება. ცხრაასიანი წლები მსოფლიო მეცნიერებაში რენესანსის წლები იყო, თითქმის ყოველწლიურად გამოდიოდა სხვადასხვა მადეზინფიცირებელი და მოსავლის გაზრდისა და შენარჩუნებისათვის საჭირო მრავალი ქიმიური საშუალება, რომელთა ფართო რეკლამირებამ ოზონი ჩრდილში მოაქცია.

2007 წლის ზამთარში ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე ზოგიერთი ინფორმაცია ოზონზე სადაც ის, წარმოდგენილი იყო, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვის დროის გახანგრძლივების, ასევე ლპობის ბაქტერიებისა და სოკოების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება. აქედან დაიბადა იდეა, რომ ის აუცილებლად ეფექტური იქნებოდა ვაზის და საერთოდ მცენარეთა დაავადებების მიმართ, რომ მას შეეძლო მცენარეთა დაცვის საშუალებები (შხამქიმიკატები) შეეცვალა. ამიტომ ათი ძირი საფერის ვაზი, რომელიც სოფელ კუმისში შავნაბადას მონასტრის მეურნეობაში ცდების ჩატარების მიზნით მქონდა გაშენებული, ჩემთვის ოზონის გამოსაცდელ პოლიგონად იქცა. 2016 წლის სეზონის ჩათვლით, შვიდი წლის განმავლობაში, ვაზს სეზონზე 4-5-ჯერ მხოლოდ ოზონირებულ წყალს ვაფრქვევდი და ვაზის არც ფოთოლი და არც ნაყოფი ამ წლების განმავლობაში არანაირ დაავადებას არ შეუწუხებია. მიმდინარე 2017 წელს კი ვაზი, საერთოდ არ შემიწამლავს. მიუხედავად ამისა ვაზი ისე ჯანმრთელი და ძლიერია, არანაირი დაავადება არ გასჩენია. ძალიან ეფექტურად იმუშავა ოზონირებულმა წყალმა ხეხილზე, პომიდორზე, კიტრზე, ბულგარულ წიწაკაზე და სხვა ბოსტნეულზე. მიმდინარე წელს გავიჩინე მიმდევრები _ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის მკვიდრი დავით სოლოღაშვილი, რომელმაც ექსპერიმენტში მეზობლებიც ჩართო. მათ გარდა ვენახისა ოზონირებული წყალი ხეხილზე და ბოსტნეულზეც გამოიყენეს. ოზონმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა კულტურაზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. სოფლის მცხოვრებთა აღიარებით ოზონირებული წყალი შხამქიმიკატზე ბერად ეფექტურია. ამიტომ ისინი ოზონს, იმედია, საბოლოოდ დაუმეგობრდნენ.
წლებია ოზონირებულ წყალს ფართოდ იყენებს თელაველი კახა წულუკიძე, მან თავისი ორჰექტრიანი ვენახი წლების წინ ოზონირებული წყლით შეწამვლაზე გადაიყვანა და ყოველწლიურად ათასებს ზოგავს ვენახის მავნებლებთან ბრძოლის საშუალებების შესაძენი თანხიდან. ვფიქრობთ, არიან სხვებიც, რომლებიც რისკს არ ერიდებიან და ეძებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოო ხარჯების შემცირების გზებს და ოზონის სოფლის მეურნეობაში გამოყენების მსოფლიო პრაქტიკას საკუთარი გამოცდილებით რომ ავსებენ. ბოლო წლებში ინტერნეტის საშუალებით გავიგე, რომ ევროპაში ბევრი მევენახე მეცნიერი ასევე წლებია მუშაობს ამ მიმართულებით და მაღალ შედეგებს აღწევენ, რაც საბოლოო წარმატების გარანტია იქნება.

დღეს პრობლემას აღარავისთვის წარმოადგენს ინტერნეტში უახლესი ინფორმაციის მოძიება და ამოღება, ანუ იმ ინფორმაციის მიღება, თუ რა მასშტაბებით გამოიყენება სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში ოზონი და კოლოიდური ვერცხლი. ტექნოლოგია, რომელიც რევოლუციაა სოფლის მეურნეობაში და მოსავლის გაზრდისა და პროდუქციის თვითღირებულების შემცირების უდიდესი რეზერვია, რატომაა ასეთი უცნობი ქართველი მეურნისათვის? საქართველოს ჰყავს მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დიდი აკადემია, სოფლის მეურნეობის აკადემია. მიუხედავად ამისა, ქართველი მეურნე სოფლის მეურნეობაში მიმდინარე სიახლეებზე ვერავისგან ვერ იღებს ინფორმაციას. სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტზე ჯერაც არ მიუწვდება ხელი, ასევე ქვეყნის სოფლის მეურნეობამ ვერ შეძლო საკუთარი პრესის გამოშვება, მაგრამ ეს იმას ხომ არ უნდა ნიშნავდეს, რომ სოფლის მოსახლეობა საინფორმაციო ვაკუმში ცხოვრობდეს და მსოფლიოს სოფლის მეურნეონაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია არ ჰქონდეს? ამაზე ვინ უნდა ფიქრობდეს, თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფო სტრუქტურები?

მოდი, ორიოდე სიტყვა ჩვენს ბედოვლათობაზეც ვთქვათ: ის ამბავი, რომ ყველანაირ სიახლეს საქართველოში ეჭვის თვალით უყურებენ, არახალია, ძველია. ყველა ფიქრობს, რომ ჯერ მეზობელმა გამოსცადოს, თუ გაამართლა, მერე ისიც გამოიყენებს, ამ დროს კი ავიწყდებათ, რომ ის მეზობელიც მასავით ბედოვლათია და ანალოგიურად ფიქრობს. ასე გადის წლები და სიახლეს მაშინ ვნერგავთ, როცა ის უკვე მორიგი ახლით იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ოზონს მსოფლიოში დღეს ფართოდ იყენებენ და აქ საეჭვო აღარაფერია, არავინ გთხოვთ, რომ თავიდან ის ჰექტრობით ვენახზე გამოსცადოთ იმისათვის, რომ საკუთარი წარმოდგენა შეგექმნათ მის ეფექტურობაზე, აიღეთ და პირველ წელს 10-15 ძირ ვენახზე, 2-3 ძირ ხეხილზე და 10-15 ძირ ბოსტნეულზე გამოსცადეთ. თუ გაამართლა, მეორე წელს ცდას 1000 კვადრატული მეტრი დაუთმეთ, მესამე წელს უფრო მეტი და ა.შ. ამასთანავე ნუ დაგავიწყდებათ, რომ ოზონირებულ წყალს მსოფლიო სოფლის მეურნეობა დიდი ხანია იყენებს. ამის დასტურის მოძიება ინტერნეტში შეგიძლიათ, ამიტომ საკუთარ ექსპერიმენტებს წლებს ნუ მოანდომებთ, დაუჯერეთ მსოფლიო გამოცდილებას.

ვიდრე პირადად გამოცდიდეთ და ნახავდეთ, რა სარგებელს მიიღებს მეურნე ოზონის სოფლის მეურნეობაში ფართოდ დანერგვით, მინდა იმის მაგალითი გაჩვენოთ, ვენახის შესაწამლი შხამქიმიკატის ოზონირებული წყლით ჩანაცვლებით რა სარგებელს ღებულობს მეურნე: დღეს სეზონზე ერთ ჰექტარ ვენახს 2-3 ათასი ლარის შხამქიმიკატი ესჭიროება. მიუხედავად ასეთი თანხის გადახდისა, არავინაა გარანტირებული, რომ შხამქიმიკატი ხარისხიანი იქნება და მოსავალს მიიღებს (არის ბევრი შემთხვევა …). თუ გაგიმართლა და შხამქიმიკატი ხარისხიანი შეგხვდა, სასიხარულო ამ შემთხვევაშიც ბევრი არაფერია. მართალია, ვაზი დაავადებას გადაურჩება, მაგრამ შენი კანი და სასუნთქი გზები გადაურჩება თუ არა ამ შხამის მავნე ზემოქმედებას, სათუოა. ისეთ ოზონატორს კი რომელიც ჰექტრობით ვენახს მოემსახურება, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში შექმნილ სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ველი-მისიონ“-ში 500-600 ლარად ამზადებენ (ფასი სიმძლავრეზეა დამოკიდებული). თუ გავითვალისწინებთ, რომ ოზონატორის სამსახურის დრო, რამდენიმე ათეული წელია, გამოდის, რომ ვენახის სამკურნალო ოზონირებული წყალი ოზონატორის მფლობელს უფასო ექნება. ამასთანავე, ოზონით ვაზის დამუშავებით ვიღებთ ბიოლოგიურად სუფთა ყურძენს და მისგან ბიოღვინოს, ასეთი ღვინო კი ძვირად ფასობს. ოზონის გამოყენებით არ ბინძურდება ნიადაგი და ბუნება, ეს კი ფასდაუდებელი განძია. ასე რომ, ჰექტარი ვენახის ოზონით დამუშავებით ყურძნის თვითღირებულება 2000 ლარზე მეტით, ანუ საშუალოდ 40%-ით მცირდება. ასეთივე მოგება შეუძლია მიიღოს ყველა მებაღემ, რომელიც შხამქიმიკატს ოზონით ჩაანაცვლებს და მას ბოსტნეულის, ბაღჩეულისა და ხილის ბაღების შესაწამლად გამოიყენებს. ასე რომ, ოზონს მთელი მსოფლიო დიდი ხანია იყენებს სოფლის მეურნეობის ყველა დარგში და აქ საეჭვო აღარაფერია, ამიტომ დაზოგეთ ფული, საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა, დაივიწყეთ შხამქიმიკატი და ფართოდ გამოიყენეთ ოზონი.

როგორც ხედავთ, გარდა კეთილი რჩევისა და საჭირო ინფორმაციის მოწოდებისა, მე სხვას არაფერს არ ვიძლევი და რა თქმა უნდა არც თქვენგან არაფერს ვითხოვ, არც ოზონატორების წარმოება მაქვს და არც ოზონატორებით ვვაჭრობ. ასე რომ, ჩემი დაინტერესება ამ საქმეში საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისა და ქვეყნის გაძლიერების სურვილითაა ნაკარნახევი და არა მერკანტილური მოსაზრებებით. ამიტომ შეიძლება ამ რჩევებს დაუფიქრებლად ენდოთ.
როგორც აღვნიშნე, ევროპელი მევენახე წლებია ბიოღვინოს აწარმოებს, ასევე ვაზის შესაწამლად შხამქიმიკატის მაგიერ ვაზის ოზონით დამუშავება დაიწყო და ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი მოჰყავს. არის ინფორმაცია, რომ საქართველოს რამდენიმე ღვინის ექსპორტიორ ფირმას უკვე შეექმნა პრობლემა ღვინის ექსპორტზე, ამიტომ შორს აღარაა ის დრო, როცა ღვინის ბევრი იმპორტიორი ქვეყანა და, კერძოდ რუსეთი, საკანონმდებლო დონეზე აკრძალავს შხამქიმიკატებით შეწამლული ვაზიდან დაყენებული ღვინის იმპორტს, ამიტომ ამისთვის მზადება როგორც ქართულმა მევენახეობა-მეღვინეობამ, ისე ხელისუფლებამ დღესვე უნდა დაიწყოს. რაც შეეხება საკითხის მეცნიერულ მხარეს, უსახსრო ქართველი მეცნიერები ევროპელებს არაფერში ჩამოვრჩებით.

ჟორა გაბრიჭიძე,
სტუ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის
სამეცნიერო ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ტელ: 551 333 155

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.