აგროსიახლეები

საქართველოში სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა დამტკიცდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებ სახელმძღვანელო – „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა“ დაამტკიცა.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა მრავალ სახეობას. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ შემუშავდა სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა, რომლის შესაბამისად, თითოეული პრიორიტეტული სახეობის აღდგენა უნდა ეფუძნებოდეს ამ სახეობის აღდგენის დეტალურ გეგმას.

სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა  სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ექსპერტებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში შეიმუშავეს.

დოკუმენტი განსაზღვრავს ეროვნულ დონეზე აღსადგენი სახეობების ნუსხას და ამ სახეობებისთვის საკონსერვაციო გეგმების შემუშავების წესებს, მეთოდებს, რეკომენდაციებსა და ვალდებულებას. ნუსხით გათვალისწინებული სახეობების აღდგენის ღონისძიებები განხორციელდება ეტაპობრივად, ამ სახეობების აღდგენის ცალკეული გეგმის შესაბამისად.

დოკუმენტი უზრუნველყოფს როგორც სახეობათა აღდგენის დაგეგმვის პროცესის გაუმჯობესებასა და რეინტროდუქციის პროგრამების შექმნას, აგრეთვე, მომავალში პრიორიტეტული სახეობების მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების ჩამოყალიბებას.  

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე წარმატებით ხორციელდება ხუთი პრიორიტეტული სახეობის – ქურციკის, ნაკადულის კალმახის, გნოლის, კაკბისა და ხოხბის – პოპულაციების აღდგენის ღონისძიებები. მომავალში დაგეგმილია პროგრამის გაფართოება და დოკუმენტით შემოთავაზებულია დამატებით 61 სახეობის აღდგენა.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია წითელი ნუსხით დაცული ირმის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება.