საქართველოში USAID-ის კარტოფილის პროგრამა დასრულდა
ინოვაციური პროგრამა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით 2019 წლიდან ხორციელდება, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა (CIP) საქართველოში სათესლე კარტოფილის წარმოების ინოვაციური 3G მიდგომა დანერგა, რამაც ქვეყანაში მეკარტოფილეობის სექტორის განვითარებას შეუწყო ხელი.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა მაღალმოსავლიანი, დაავადებისადმი მდგრადი კარტოფილის შიდა მიწოდების ჯაჭვი, რომელიც ორიენტირებული იყო წარმოების რაოდენობის ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. USAID-ის ხელშეწყობით, ფერმერებს მიეცათ საშუალება, გაზარდონ შემოსავლები, მოამარაგონ ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები, განავითარონ რეგიონის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი კარტოფილის სექტორი.
USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ლია კაპლანმა აღნიშნა, რომ, მართალია პროგრამა სრულდება, თუმცა ამ მნიშვნელოვან საქმეს ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გააგრძელებს. პროგრამამ მაღალი შემოსავალები მოუტანა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის თემებში მცხოვრებ მეკარტოფილე ფერმერებს და მიგრანტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. აღნიშნული პროექტი USAID-ის საქართველოსთან 30-წლიანი პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას მთელ ქვეყანაში. ფერმერებს, რომელთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, მოჰყავთ გაუმჯობესებული ჯიშის სათესლე კარტოფილი, რაც ღირებული მოსავალია და, ამავდროულად, იძლევა უკეთესი ხარისხის მოსავლის მიღების შესაძლებლობას.
ღონისძიებაზე საუბარი სათესლე კარტოფილის, როგორც საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორის წარმოების სამომავლო გეგმებს შეეხო.
პროგრამა, საერთო ჯამში, 4000-მდე ბენეფიციარს დაეხმარა, 2000-მდე ფერმერმა, სპეციალისტმა და სტუდენტმა კი მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო სახის შეხვდერებში.
USAID-ის კარტოფილის პროგრამის დახურვის ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე დაესწრნენ.