სარეველა მცენარეები და მათი მავნებლობა
სარეველებს მიეკუთვნებიან მცენარეები, რომლებიც ისტორიულად დაკავშირებულია კულტურულ მცენარეებთან, მეურნის სურვილის საწინააღმდეგოდ არის ამოსული და მის მიზნებს არ შესაბამებიან, მიუხედავად ამისა, თავის ზრდა-განვითარების პროცესში მონაწილეობენ სახეობათა შორის ბრძოლაში და ჩაგრავენ კულტურულ მცენარეებს.
მცენარეთა მავნე ორგანიზმების მრავალფეროვნება მძიმე ტვირთად აწევს სოფლის მეურნეობას და მათ მიერ მიყენებული ზარალი მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობაში მიყენებული ზარალი პირობითად შეიძლება ოთხ ჯგუფად დაიყოს:
პირველი – ცხოველების დაავადებებით გამოწვეული, მეორე – მცენარეთა ავადმყოფობებით, მესამე – მავნებლობით, მეოთხე კი – სარეველა მცენარეებით.
სარეველებით მიყენებული ზარალი ზოგიერთ შემთხვევაში აღემატება დანარჩენი სამი ჯგუფის მიერ მიყენებულ ზარალს, რომლის ერთ-ერთი მაჩვენებელი სარეველებსა და კულტურულ მცენარეებს შორის მიმდინარე კონკურენციაა, რომელიც ძირითადად სიცოცხლისათვის აუცილებელი სამი ფაქტორით: წყლით,სინათლით და საკვებით გამოიხატება.
სარეველები ნიადაგიდან ბევრ ტენს მოიხმარენ, ვიდრე კულტურული მცენარეები. კერძოდ, ნაცარქათამა 1კგ. მშრალი ნივთიერების შესაქმნელად ხარჯავს 801 ლ. წყალს, ქუთქუთა – 1000 ლ, მხოხავი ჭანგა-1683 ლ. ხორბალი 1 კგ. მშრალი ნივთიერების შექმნისთვის ხარჯავს 515 ლ. შვრია – 570 ლ. ფეტვი – 250 ლ.
ასევე სარეველა მცენარეებს ნიადაგიდან დიდი რაოდენობით საკვები ელემენტები გამოაქვთ.
ასე მაგალითად, ბოლოკურას 1 კილოგრამი მშრალი ნივთიერების შესაქმნელად გამოაქვს 1,85% აზოტი, – 0,78% ფოსფორი, – 1,3% კალიუმი, – 1,81% კალციუმი.
მხოხავ ჭანგას 1 ჰექტრიდან გამოაქვს 48,6 კგ. აზოტი, 31კგ. – ფოსფორი და – 68 კგ. – კალიუმი.
მინდვრის ნარს გამოაქვს: 138კგ. აზოტი, 31კგ. – ფოსფორი, – 117 კგ. – კალიუმი; ღიჭას – 67კგ. – აზოტი, 29კგ. – ფოსფორი, 160 კგ. – კალიუმი.
ავშანფოთლიანი ამბროზია 1 კგ. მშრალი მასის შესაქმნელად მოიხმარს 948 ლ. წყალს, ამასთან ერთად ნიადაგიგან გამოაქვს 15,55 კგ. აზოტი, 1,8 კგ. – ფოსფორი.
ხორბალს 1,5 ტონა მარცვლის მოსავლის დროს ჰექტრიდან გამოაქვს – 46კგ. აზოტი, – 22კგ. ფოსფორი და – 28 კგ. – კალიუმი. როგორც აქ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, სარეველა მცენარეები უფრო ძლიერად აღარიბებენ ნიადაგს საკვები ელემენტებისაგან, ვიდრე კულტურული მცენარეები.
გარდა იმის, სარეველა მცენარეები წარმოადგენენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე მწერების დროებით საკვებ საშუალებას და საცხოვრებელ ადგილს. ისინი ხელს უწყობენ კულტივირებული მცენარეების სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების გავრცელებას. ასე მაგალითად, ხვართქლა ხელს უწყობს შემოდგომის ხვატარის გავრცელებას.
წიწმატურა თავშესაფარს აძლევს ბარდის ბუგრს.
შალგი, ბოლოკურა და სხვა ჯვარედინ-დამტვერავი ოჯახის წარმომადგენლები ხელს უწყობენ მიწის რწყილების, ჭარხლის ბაღლინჯოს, მდელოს ფარვანას გავრცელებას.
კოლორადოს ხოჭო დროებით ცხოვრობს ძაღლყუძენას სახეობებზე.
შაქრის ჭარხლის ნემატოდა შაქრის ჭარხალზე გადადის ნაცარქათამასა და სხვა სარეველა ბალახებიდან.
მხოხავი ჭანგა ხელს უწყობს მავთულა ჭიის გავრცელებას.
მარცვლოვანი სარეველების ფესვებზე კვერცხებს დებენ ჰესენის-მაყეტიოლა დესტრუცტორ და შვედური ბუზები ჴსცინელლა პუსილლა.
მარცვლეული კულტურების სოკოვანი დაავადებების (მაგალითად გუდაფშუტა) კერებია მხოხავი ჭანგა, გლერტა და სხვა მარცვლოვანი სარეველა ბალახები.
სარეველების მიერ მოსავლის ხარისხის გაუარესება გამოიხატება მრავალი მიმართულებით. კერძოდ, ფქვილში ისეთი სარეველა მცენარეების გაჩენით როგორიცაა: ჭიოტა, ღვარძლი, ლენცოფა, მწარა. მინდვრის მდოგვის უმნიშვნელოდ მცირე რაოდენობის თესლის მოხვედრა უვარგისს ხდის ამ პროდუქტს სასურსათოდ და საკვებად გამოსაყენებლად, ვინაიდან მათი თესლი შეიცავს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს.
ხვიარა სარეველები (ხვართქლა, ყანის ჭლექი და სხვა) ხელს უწყობენ ნათესის ჩაწოლას, რაც ართულებს კომბაინით მოსავლის აღებას და იწვევს დიდი რაოდენობით მოსავლის დანაკარგს.
ყვითელი ძიძო თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების დროს ხშირად იწვევს კომბაინის დანების გაფუჭებას. სარეველების მწვანე მასა აგრძელებს მოსავლის აღების ვადებს.
მაღალღეროიანი სარეველა მცენარეები (ღიჭას სახეობები, ნარი, ნაცარქათამა და სხვა.) ჭედავენ კომბაინების სამუშაო ორგანოებს, ამცირებენ მათ წარმოებას.
ზურაბ ბილანიშვილი,
გოჩა წერეთელი,
ზეინაბ სარალიძე,
ირაკლი ბილანიშვილი