საშემოდგომო ხორბლის თესვის ვადები და ზონირება გლობალური დათბობის პირობებში

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან კლიმატის გლობალური ცვლილება მეტად საყურადღებო პრობლემა გახდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რაც გამოწვეულია ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად. ამიტომ, დღეს კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების შეზღუდვისაკენ აუცილებელ ღონისძიებებს ატარებენ შესაბამისი ორგანიზაციები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში არ არის გამორიცხული არსებითად შეიცვალოს სოფლის მეურნეობის დარგების სტრატეგია.

ღნიშნულზე მეტყველებს ბოლო ათწლეულში გახშირებული სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები, რომლებსაც მოაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი. კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ საქართველოს ტერიტორიაც მოიცვა. გამოკვლევებით დადგენილია [1], რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურამ საშუალოდ 0.2-0.5°C-ით მოიმატა. აღნიშნული ტემპერატურების მატების ტენდენციამ, შესაძლებელია 2040-2050 წლებისათვის მიაღწიოს 1-2°C და მეტს. ამიტომ, აუცილებელია მითითებული ტემპერატურების მიხედვით, საშემოდგომო ხორბლის კულტურის თესვის ვადებისა და მისი გავრცელების აგროკლიმატური ზონების დადგენა.

საშემოდგომო ხორბალი მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტია (კულტურაა). იგი ზრდა-განვითარებისათვის არ მოითხოვს განსაკუთრებულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს. თუმცანიადაგის მაღალი ნაყოფიერების პირობებში, კარგად მიმდინარეობს მისი განვითარება და შესაძლებელია მოსავლის ზრდა (3-4 ტ/ჰა და მეტით). საქართველოს მასშტაბით შეიძლება საშემოდგომო ხორბლის გავრცელების არეალის გაფართოება ვაკე, მთიან და მაღალმთიან ზონებში. აღნიშნული კულტურა ითესება შემოდგომაზე და ნორმალური გამოზამთრების შემთხვევაში ვეგეტაციას იწყებს გაზაფხულზე. მოცემული მცენარის ფენოლოგიური ფაზების განვითარება (მილში გამოსვლა, დათავთავება და სხვა) ემთხვევა აღმოსავლეთ საქართველოში გაზაფხულის გახშირებულ ატმოსფერულ ნალექებს.

ზამთრის სეზონთან შედარებით გაზაფხულზე, მარტის თვიდან ივნისის პირველი დეკადის ჩათვლით ატმოსფერული ნალექები მატულობს 120-140%, რაც ხელსაყრელ პირობებს უქმნის საშემოდგომო ხორბლის განვითარებას და მის პროდუქტიულობას. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოს კოლხეთის დაბლობზე ატმოსფერული ნალექები მცირდება 30-40%, რაც  მოცემული კულტურის გავრცელების არეალს ზღუდავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოდგომო ხორბლის ზრდა-განვითარება და მოსავლის ფორმირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მისი თესვის ვადებსა და გავრცელების არეალზე ვერტიკალური ზონალობის მიხედვით, რასაც ძირითადად განსაზღვრავს აგროკლიმატური პირობები. ტემპერატურების მატების ტენდენციიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში, სადაც ტემპერატურის მატება დაიკვირვება ოდნავ ნაკლები, აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით, შემუშავებული სცენარის მიხედვით ვითვალისწინებთ ტემპერატურის 1°C-ით მატებას, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსთვის ტემპერატურის 2°C-ით მატებას.

საშემოდგომო ხორბლის ნორმალურ გამოზამთრებას უთოვლო ზამთრის პირობებში, ჰაერისა და ნიადაგის დაბალმა ტემპერატურებმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას. იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს 4-6 ზრდადასრულებული ფოთოლი აქვს და საკმაოდ დაბუჩქულია ნორმალურად გამოიზამთრებს. აღნიშნულს განაპირობებს ის, რომ მოცემულ ფენოლოგიურ ფაზაში, მცენარეები შეიცავს საჭირო რაოდენობით პლასტიკურ ნივთიერებებს, რაც ხელსუწყობს გამოზამთრებას. შემოდგომაზე მცენარეთა ნათესები თუ არაოპტიმალურ ვადაშია დათესილი და მეტად განვითარებულია (ადრე თესვა), ხანგრძლივი ზამთრის ყინვებისადმი, ისინი არამდგრადი იქნება, რაც გამოიწვევს მოსავლის დანაკარგს (1.0-1.2 ტ/ჰა).

მოსავალზე ასევე გავლენას ახდენს  გვიანი თესვა, რადგან მცენარე ვერ ასწრებს სათანადოდ განვითარებას და ზამთრის პერიოდში შედის სუსტად განვითარებული. ამიტომ, შემოდგომაზე მოცემული კულტურის ოპტიმალური თესვის ვადების დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს გამოზამთრებისა და გარანტირებული მოსავლის უზრუნველყოფაში [2].

საქართველოს ტერიტორიაზე საშემოდგომო ხორბლის თესვა [3], ძირითადად წარმოებს, ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურის 15°C-ის ქვევით გადასვლის თარიღის დადგომისას, ნიადაგის 5 სმ სიღრმეში. ტემპერატურის 15°C-ის ქვევით გადასვლის თარიღების დადგომა შედარებული იქნა ნიადაგის 5 სმ-ზე თესლების ჩათესვის სიღრმის ტემპერატურებთან, სადაც მითითებული ნიადაგის სიღრმის (5 სმ) ტემპერატურა 2°C-მდე მეტი აღმოჩნდა ჰაერის ტემპერატურასთან შედარებით, ანუ ნიადაგის 5 სმ სიღრმეში ტემპერატურა 17°C-მდე დაიკვირვება. რაც სრულიად უზრუნველყოფს თესლების გაღივებას, მათ ერთდროულად აღმოცენებას და მიწისზედა ნაწილების ნორმალურ განვითარებას.

ზემოაღნიშნული ტემპერატურის მატების ტენდენციიდან გამომდინარე, საშემოდგომო ხორბლის თესვის ოპტიმალური ვადის დადგენის სცენარისათვის, გათვალისწინებული იქნა ჰაერის ტემპერატურის მატება 1°C-ით დასავლეთ საქართველოსათვის, ხოლო 2°C-ით აღმოსავლეთ საქართველოსათვის. რისთვისაც გამოყენებულია რეგიონული კლიმატური მოდელი RegCM-4 და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სცენარი A1B1 [4]. სადაც გამოთვლილია 1 – თებერვლიდან ჰაერის ტემპერატურის 5°C-ის ზევით და 1 – აგვისტოდან 15°C-ის ქვევით დადგომის თარიღები (დღეებში). აღნიშნული დაკავშირებულია მოცემული კულტურების მწარმოებელ მუნიციპალიტეტებთანთან, ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით.

მონაცემები დამუშავდა აგრომეტეოროლოგიაში მიღებული მათემატიკური სტატისტიკის მეთოდით, სადაც გამოვლინდა მჭიდრო კორელაციური კავშირები, სცენარით, ტემპერატურის 1 და 2°C-ით მატებისას (R=0.97-0.98) საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებისათვის (შესაბამისად). აღნიშნული კორელაციური კავშირებიდან გამომდინარე, შედგენილია რეგრესიის განტოლებები. კერძოდ, საშემოდგომო ხორბლის თესვისათვის, შემოდგომაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის 15°C-ის ქვევით გადასვლის თარიღის დასადგენად (ცდომილება Su±5 დღე):

სცენარი, ტემპერატურის 1°C-ის მატებით (დას. საქართველო) U=-0.0357h+89.12;
სცენარი, ტემპერატურის 2°C-ის მატებით (აღმოს. საქართველო) U=-0.0413h+94.25;

სადაც: U – არის ტემპერატურის 15°C-ის ქვევით გადასვლის თარიღი (ანუ დღეთა რიცხვი 1 აგვისტოდან ტემპერატურის 15°C-ის ქვევით გადასვლის თარიღამდე);
h – ზღვის დონიდან სიმაღლე.
ზემოაღნიშნული ტემპერატურების მატებიდან გამომდინარე, საშემოდგომო ხორბლის გავრცელების აგროკლიმატური ზონების გამოყოფის მიზნით [5], შედგენილი იქნა ჰაერის ტემპერატურის 10°C-ის ზევით თარიღის დადგომის და აქტიურ ტემპერატურათა ჯამების განსაზღვრის განტოლებები (ცხრილი 1).

რეგრესიის განტოლებები ჰაერის ტემპერატურის 10°C-ის ზევით თარიღის დადგომის და აქტიურ ტემპერატურათა ჯამების განსაზღვრისათვის

 

განსაზღვრა

სცენარი, ტემპერატურის 1°C-ის მატება (დასავლეთ საქართველო) სცენარი, ტემპერატურის 2°C-ის მატება, (აღმოს. საქართველო)
10°C-ის ზევით თარიღის n=0.027h+51 n=0.036h+38
ტემპარატურათა ჯამის T=-16.711n-1.127h+5496 T=-44.254n-0.150h+6742

 განტოლებებში: t არის აქტიური ტემპერატურის ჯამი 10°C-ის ზევით;
n – ჰაერის ტემპერატურის 10°C-ის ზევით დადგომის თარიღი 1 თებერვლიდან (დღეთა რიცხვი 1 თებერვლიდან ტემპერატურის 10°C-ის ზევით დადგომის თარიღამდე);
h – ზღ. დონიდან სიმაღლე (მ).

გლობალური დათბობიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიაზე საშემოდგომო ხორბალის გავრცელებისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტემპერატურის მატებამ არ გამოიწვიოს ზემოქმედება მცენარის განვითარებაზე და მის პროდუქტიულობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ტემპერატურის მატება ნეგატიურად აისახოს მცენარეთა განვითარებასა და მოსავალზე. ამიტომ შემუშავებული სცენარების შესაბამისად გაანგარიშებული იქნა აქტიურ ტემპერატურათა ჯამები (10ºC-ის ზევით). მოცემული კულტურის შესაძლო წარმოების მუნიციპალიტეტებისათვის დადგინდა, რომ სცენარით ტემპერატურის 1ºC-ით მატებისას აქტიურ ტემპერატურათა ჯამი იზრდება საშუალოდ 220-250ºC-ით, ხოლო 2ºC-ით მატებისას 440-480ºC-ით.

მიღებული ტემპერატურათა ჯამების მიხედვით, გამოყოფილი იქნა საშემოდგომო ხორბლის შესაძლო გავრცელების აგროკლიმატური ზონები. სადაც, გათვალისწინებულია მოცემული კულტურის მარცვლების სრული სიმწიფისათვის ტემპერატურათა ჯამისადმი მოთხოვნილება, რომელიც შეადგენს 2000-2200°C. გამომდინარე აქედან, საშემოდგომო ხორბლის გავრცელების ზედა ზღვარი გამოყოფილია აღნიშნული ტემპერატურების ჯამების მიხედვით.

აღნიშნული ტემპერატურების შესაბამისად, გავრცელების ზონა დასავლეთ საქართველოში აღწევს ზღვის დონიდან 1450-1650 მ სიმაღლემდე. საშემოდგომო ხორბლის გავრცელების ქვედა ზღვარის ტემპერატურა შეადგენს 4000ºC და მეტს, სადაც გავრცელების ზონა აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან აღწევს 1750-1800მ. და ცოტა მეტს. როგორც ვხედავთ, საშემოდგომო ხორბლის გავრცელების ტერიტორია საკმაოდ გაფართოვდა, ძირითადად ვერტიკალური ზონალობის ხარჯზე. დასავლეთ საქართველოში საშემოდგომო ხორბლის გავრცელების ზონამ არსებული (საბაზისო) გავრცელების ზონასთან შედარებით აიწია მაღლა, საშუალოდ 170-200 მეტრით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 350-400 მეტრით.

უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური დათბობა შემუშავებული სცენარის მიხედვით, საშემოდგომო ხორბლის კულტურაზე ვერ მოახდენს ნეგატიურ გავლენას სათანადო აგროტექნიკის ფონზე და ხელს ვერ შეუშლის გარანტირებული მოსავლის მიღებას.

კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან დაკავშირებით, კლიმატის ლოკალური ცვლილების საპროგნოზოდ გამოყენებულია რეგიონული კლიმატური მოდელი RegCM-4 და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სცენარი A1B1. სადაც გამოთვლილია მომავლის (2020-2050 წწ) კლიმატური პარამეტრების საპროგნოზო მეტეოროლოგიურ დაკვირვებათა მონაცემები. თითოეული წლის თვეების საშუალო ტემპერატურებიდან განსაზღვრულია ტემპერატურის 10ºC-ის ზევით თარიღების დადგომიდან ოთხი თვის განმავლობაში ტემპერატურათა ჯამები. ამ უკანასკნელსა და ტემპერატურის 10ºC-ის ზევით თარიღის დადგომას შორის გამოვლენილია მაღალი კორელაციური კავშირი (R=0.90). ამ საიმედო კორელაციური კავშირიდან გამომდინარე, შედგენილია მომავლის (2020-2049 წწ.) საპროგნოზო რეგრესიის განტოლება:

  T=12.12n+1611

სადაც: T – არის ტემპერატურის ჯამი 10ºC-ის ზევით;
n – გაზაფხულზე ტემპერატურის 10ºC-ის ზევით გადასვლის თარიღი (დღეთა რიცხვი 1 თებერვლიდან 10º-ის ზევით გადასვლის თარიღამდე). საშუალო სიდიდიდან გადახრა დასაშვები ცდომილების ფარგლებშია Su±75.

მიღებული განტოლებით შეიძლება განისაზღვროს მომავლის საპროგნოზო ტემპერატურის ჯამი ნებისმიერ წელს. ე.ი. როგორ იქნება საშემოდგომო ხორბლის კულტურა ტემპერატურის ჯამით უზრუნველყოფილი, გაზაფხულზე ტემპერატურის 10ºC-ის ზევით თარიღის დადგომიდან ოთხი თვის (სავეგეტაციო პერიოდის) განმავლობაში.

გლობალური დათბობიდან გამომდინარე, მოგვყავს საშემოდგომო ხორბლის გავრცელების ტერიტორიებზე თბილი პერიოდისათვის მოსალოდნელი ატმოსფერული ნალექების ჯამების მატება და კლება პროცენტებში. ასე, მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ატმოსფერული ნალექების მატება 5-10%-ით. აღნიშნული ტერიტორიის სამხრეთით 5%-მდე მატება, ასევე მცხეთის, ცხინვალის, ხაშურის, გორის, ბორჯომის ტერიტორიებზეც. დასავლეთ საქართველოში ტყიბულის ტერიტორიაზე 5-10%-ით მატება. ატმოსფერული ნალექების მატება მესტიისა და ხარაგაულის რაიონებში მოსალოდნელია 5%-მდე, ხოლო საშემოდგომო ხორბლის გავრცელების სხვა დანარჩენი ტერიტორიებისათვის მოსალოდნელია ნალექების კლება 5%-მდე (ონის, ცაგერის, ტყვარჩელის რაიონებში).

ატმოსფერული ნალექების შემცირება გასათვალისწინებელია სოფლის მეურნეობის მუშაკებისა და ფერმერებისათვის, რადგან ტერიტორიაზე სადაც ნალექების შემცირებაა მოსალოდნელი საჭირო იქნება საშემოდგომო ხორბლის ნათესებისათვის ირიგაციული ღონისძიების ჩატარება (მორწყვა) ერთხელ მაინც, რაც სასურველია ჩატარდეს მცენარის დათავთავების ფაზაში.

აღვნიშნავთ, რომ სცენარით ტემპერატურის 1 და 2°C-ით მატებისას საშემოდგომო ხორბლის გავრცელების ზონაში, გლობალური დათბობა (2040-2050 წლებამდე) ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს მოცემული კულტურის ზრდა-განვითარებაზე, თუ ტემპერატურის მატება არ გადააჭარბებს აღნიშნული სცენარით გათვალისწინებულ ტემპერატურებს.

მაია მელაძე, გიორგი მელაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი

ლიტერატურა:

1.    Tavartkiladze K., Begalishvili N., Tsintsadze T., Kikava A. Influence of global warming on the near-surface air temperature field in Georgia. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol.6, № 3, 2012, pp.55-60

1.       მელაძე გ., მელაძე მ. სასურსათო კულტურების აგროტექნოლოგიის ოპტიმალური ვადები გლობალური დათბობის გათვალისწინებით. სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის შრომები, ტ. 124, 2017, გვ. 50-54

2.       მელაძე გ., მელაძე მ. საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონების აგროკლიმატური რესურსები. გამომც. ,,უნივერსალი”, თბილისი, 2010, 293 გვ.

3.       საქართველოს კლიმატის ცვლილების შესახებ მესამე ეროვნული შეტყობინება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. თბილისი, 2015, 288 გვ.

5.    Meladze G., Meladze M. Distribution of winter wheat with account of global warming. Transactions of the Institute of Hydrometeorology at the Georgian Technical University, vol.119, 2013, pp. 97-100.