აგრარული განათლებააგროსიახლეებიდარგებიმეცხოველეობა

სასოფლო-სამეურნეო ცხოველების  ანატომია და ფიზიოლოგია

სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობის და პროდუქტების გადამუშავების საფუძვლების დისციპლინის კურსის შესწავლისას აუცილებელია წარმოდგენა გვქონდეს ცხოველებისა და ფრინველების სხეულის აგებულებასა და ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. სხეულის აგებულების შემსწავლელ მეცნიერებას ეწოდება ანატომია, ხოლო ცალკეულ ორგანოებში და მთლიანად ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს სწავლობს ფიზიოლოგია.

ქსოვილები და მათი ფუნქციები ცხოველის ორგანიზმი აგებულია უჯრედებისაგან, რომლებიც ზომით, ფორმით და შესასრულებელი ფუნქციებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უჯრედების ერთობლიობა ჰქმნიან ქსოვილებს.  ქსოვილი ოთხგვარია: კუნთოვანი, შემაერთებელი, ეპითელური და ნერვული.

კუნთოვანი ქსოვილი. შედგება სხვადასხვა სიგრძის ბოჭკოებისაგან, რომელთაც აქვთ შეკუმშვის და მოდუნების უნარი. თავის მხრივ, კუნთის ბოჭკოები ორგვარია, განივზოლიანი, ანუ ჩონჩხის და გლუვი, ანუ შინაგანი ორგანოების. კუნთის ბოჭკო გარედან დაფარულია მეტად თხელი შემაერთებელი ქსოვილის აფსკით. ბოჭკოები ჰქმნიან პირველად, მეორად და ა.შ. კონებს, რომელთა შეერთებით იქმნება კუნთი (მუსკული). ცხოველის ორგანიზმში 200- მდე კუნთია.

ყველა სახეობის ცხოველისა და ფრინველის ჩონჩხის კუნთები დაქსელილია შემაერთებელი ქსოვილით და მყესებით დაკავშირებულია ძვალთან. კუნთებში მრავლადაა სისხლძარღვები და ნერვები. ნერვული სისტემის გავლენით კუნთები შეიკუმშებიან ან მოდუნდებიან და უზრუნველყოფენ ცხოველის მოძრაობას ან სხვა აქტიური ფუნქციის შესრულებას.

ფუნქციიდან გამომდინარე კუნთებს ყოფენ სამ ჯგუფად- სტატიკურ, დინამიკურ და სტატოდინამიკურ კუნთებად. სტატიკური კუნთები ასრულებენ ფიქსაციის, დინამიკური კი აქტიური მოძრაობის ფუნქციას.

  შემაერთებელი ქსოვილი. პირობითად შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად: მაგარი (ძვლები), ნახევრად რბილი (ხრტილები, მყესები, იოგები, სისხლძარღვები) და რბილი (ცხიმი სისხლი, ლიმფა და სხვ.). ეს ქსოვილი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ყველა სასიცოცხლო პროცესში და ასრულებს საყრდენ, გამტარ, დამცველობით და მკვებავ ფუნქციებს.

ეპითელური ქსოვილი, ანუ ეპითელიუმი სხეულის ზედაპირს ფარავს გარედან და გვხვდება შინაგან ორგანოებშიც. გარეგანი ეპითელური ქსოვილი იცავს ორგანიზმს გარემოს ზემოქმედებისაგან, ხოლო შინაგანი ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს (მაგალითად, ნივთიერებების სინთეზი და/ან გამოყოფა, საყუათო ნივთიერებების შეწოვა და სხვ.).

ნერვული ქსოვილი. შედგება გრძელი მორჩების მქონე სხვადასხვა ფორმისა და ზომის უჯრედებისაგან. მორჩები ერთდებიან კონებად და ჰქმნიან ნერვებს, რომლებიც გვხვდება ყველა ორგანოსა და ქსოვილში.

ნერვული უჯრედები დიდი რაოდენობით გვხვდება თავისა და ზურგის ტვინში. ნერვული ქსოვილის დანიშნულებაა აღიქვას გაღიზიანება, გაანალიზოს ის, გადასცეს იმპულსები ნერვულ ცენტრს და უზრუნველყოს საპასუხო რეაქცია.

სისხლი. თხევადი შემაერთებელი ქსოვილია. მისი საერთო მოცულობის 5560% პლაზმა ანუ უფერო თხევადი ნაწილია, ხოლო 35-40% მასში შეწონილი ფორმიანი ელემენტები- ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები. პლაზმის შემადგენლობაში შედის: 90-91% წყალი, 6-8% ცილები, 0,1-0,2% ცხიმები, 40-160 მგ% შაქრები და 0,8-0,9% მინერალური მარილები, აგრეთვე ფერმენტები, ჰორმონები და სხვა მრავალი ნივთიერება. სხვადასხვა სახეობის ცხოველისა და ფრინველის 1 მმ3 სისხლი შეიცავს 5-17 მლნ ერითროციტს, 5-10 ათას ლეიოკოციტს და 300-500 ათას თრომბოციტს.   ერითროციტები შეიცავენ რთულ ცილას ჰემოგლობინს, რომელიც წითელი ფერისაა და აქვს ჟანგბადის შებოჭვის უნარი. ჰემოგლობინს ფილტვებიდან  ორგანოებსა და ქსოვილებში გადააქვს ჟანგბადი და იქიდან გამოაქვს ნახშირორჟანგი.  ლეიკოციტების ძირითადი ფუნქციაა ინფექციური დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების განადგურება, ხოლო თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლის შედედებაში, რაც უზრუნველყოფს სისხლდენის შეჩერებას.

ორგანოები და სისტემები ქსოვილები ორგანიზმში გაერთიანებულია უფრო რთულ ერთეულებში- შესაბამისი დანიშნულებისა და ფუნქციის შემსრულებელ ორგანოებში (მაგ. თვალი, გული, ფილტვი და სხვ.). თავის მხრივ, საერთო ფუნქციის შესრულებაში მონაწილე ორგანოები ჰქმნიან ორგანოთა სისტემებს.

ასეთ სისტემებს მიეკუთვნება: საყრდენ-მამოძრავებელი, საჭმლის მომნელებელი, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, შარდ-სასქესო, შინაგანი სეკრეციის, ნერვული, კანი და თმოვანი საფარველი.  საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. შედგება ჩონჩხისა და ჩონჩხის კუნთებისაგან. ჩონჩხი სხეულს უნარჩუნებს ფორმას, მოძრაობისას ასრულებს ბერკეტის როლს და იცავს თავისა და ზურგის ტვინს, აგრეთვე შინაგან ორგანოებს მექანიკური დაზიანებისაგან  ცხოველის ჩონჩხი (სურ. 1)

იყოფა ღერძულ და პერიფერიულ ნაწილებად. ღერძულ ჩონჩხში გაერთიანებულია თავის ქალა (1), ხერხემლის მალები (2), ნეკნები (3) და მკერდის ძვალი (4). პერიფერიულ ჩონჩხს მიეკუთვნება წინა (5) და უკანა (6) კიდურები, აგრეთვე ღერძულ ჩონჩხთან მათი დამაკავშირებელი სარტყელები- ბეჭისა (7) და  გავის  ძვლები, (8).  ჩონჩხის  ღერძული  ნაწილი შედგება ბრტყლი, ხოლო პერიფერიული ნაწილი ლულოვანი ძვლებისაგან. ცალკეული ძვლები, მათი ფუნქციიდან გამომდინარე, ერთმანეთთან დაკავშირებული არიან უძრავად ან მოძრავად. ძვლების მოძრავ შეერთებას სახსარი ეწოდება.

ფრინველის ჩონჩხი (სურ. 2) ძუძუმწოვრების ჩონჩხისაგან მკვეთრად განსხვავდება. ცხოველებთან შედარებით ფრინველის ძვლები გაცილებით მსუბუქი და მაგარია; ფორმასთან ერთად შეცვლილია ძვლის აგებულებაც: ცხოველთა ძვლები ამოვსებულია ე.წ. ძვლის ტვინით, მაშინ როდესაც ზრდასრული ფრინველის უმეტეს ძვლებში არის ჰაერი, რომელიც იქ ხვდება ე.წ. ჰაერმატარებელი ჩანთებიდან.

ფრინველის ჩონჩხი იყოფა თავის, სხეულის და კიდურების ძვლებად. ამასთან, წინა კიდურები წარმოადგენენ ფრთებს, ხოლო უკანა კიდურები მიწაზე გადაადგილების საშუალებაა.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: შედგება პირის ღრუს ორგანოებისაგან, საყლაპავი მილისაგან, კუჭისაგან, წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავისაგან, აგრეთვე ღვიძლისა და, კუჭქვეშა ჯირკვლისაგან.

საკვების გადამუშავება ცხოველის ორგანიზმის მიერ იწყება პირის ღრუში, სადაც ის გამოყოფილი ნერწყვით ლბება, კბილებით კი ქუცმაცდება, რის შემდეგ ის საყლაპავი მილით გადადის კუჭში.  ცხენის და ღორის კუჭი ერთკამერიანია, ხოლო მცოხნავ ცხოველებს- ძროხას, ცხვარს და თხას აქვთ ოთხკამერიანი კუჭი.  ერთკამერიანი კუჭი მდიდარია სეკრეციის ჯირკვლებით, რომლებშიც სინთეზირდება და გამოიყოფა კუჭის წვენი.

კუჭის წვენს შეიცავს მარილმჟავას და სხვადასხვა ფერმენტებს (მაგ. პეპსინს, ქიმოზინს, ლიპაზას) და აქვს მჟავე რეაქცია. დაქუცმაცებული საკვების მონელებას უზრუნველყოფს კუჭის წვენთან შერევა, რასაც ხელს უწყობს კუჭის კუნთოვანი ქსოვილის პერიოდულად შეკუმშვა და მოდუნება. კუჭის შეკუმშვა, ასევე უზრუნველყოფს საკვების თორმეტგოჯა ნაწლავისაკენ გადაადგილდებას, სადაც ის დამატებით განიცდის ნაღველას და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის მოქმედებას. ნაწლავების ტალღისებური შეკუმშვა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საკვების წვრილი ნაწლავისაკენ გადაადგილებას, სადაც მთავრდება მისი მონელება და საყუათო ნივთიერებები შეიწოვება ლორწოვანი გარსის ხაოიანი ზედაპირის მიერ.

საჭმლის მონელება მთავრდება მსხვილ ნაწლავში, სადაც მოუნელებელი ნარჩენები სქელდება, ყალიბდება განავლად და სწორი ნაწლავის სპინქტერის გავლით პერიოდულად გამოიყოფა გარეთ.

მცოხნავი ცხოველების ოთხკამერიანი კუჭიდან (სურ. 3) პირველი სამს- ფაშვს (1), ბადურას (3)  და წიგნარას (4) უწოდებენ წინაკუჭებს, მეოთხეს კი- მაჭიკს, ანუ საკუთრივ კუჭს (5). წინაკუჭები საჭმლის მომნელებელი წვენის გამომყოფ ჯირკვლებს პრაქტიკულად არ შეიცავენ, ხოლო მაჭიკს ასეთი ჯირკვლები აქვს.

მცოხნავი ცხოველი საკვებს სათანადო დაღეჭვის გარეშე ყლაპავს. საკვები საყლაპავი მილით (2, სურ. 3 და 4) გადადის ფაშვში, სადაც ის იჟღინთება და რბილდება. ფაშვში არსებული მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედების წყალობით საკვებში შემავალი უჯრედანა იშლება, რა დროსაც ხდება ცილებისა და ვიტამინების სინთეზი.

ფაშვში დარბილებული საკვები, საყლაპავი მილის გავლით ამოიცოხნება პირის ღრუში, სადაც მას პირუტყვი ღეჭავს და სათანადოდ დაქუცმაცების შემდეგ კვლავ ჩაყლაპავს. ჩაყლაპული საკვები ხვდება ბადურაში (სურ. 4), აქედან კი წიგნარაში, სადაც ის დამატებით გადამუშავდება, კარგად აირევა და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის მაჭიკში, აქედან კი თორმეტგოჯა ნაწლავში.

მცოხნავი ცხოველების მაჭიკში და შემდგომ ნაწლავებში საკვების გადამუშავება და საყუათო ნივთიერებების ათვისება ხდება იმავე სქემით, როგორც ერთკამერიანი კუჭის მქონე ცხოველებში.

ფრინველების კუჭი (სურ. 5) განსხვავდება ძუძუმწოვარი სასოფლო-სამეურნეო ცხოველების კუჭისაგან. ის შედგება ორი ნაწილისაგან-  ჯირკვლოვანი (I) და კუნთოვანი (II). კუჭისაგან. თავის მხრივ კუნთოვანი კუჭის კედელი აგებულია განივზოლიანი კუნთებისაგან (2), რომელიც შიგნიდან ამოფენილია კუტიკულით (3). ჯირკვლოვანი კუჭი ერთი მხრიდან დაკავშირებულია საყლაპავ მილთან, მეორე მხრიდან კი კუნთოვან კუჭთან. კუნთოვანი კუჭი, თავის მხრივ დაკავშირებულია თორმეტგოჯა ნაწლავთან (III).

სასუნთქი სისტემა: სასიცოცხლო პროცესების უზრუნველსაყოფად საჭირო ენერგიის მისაღებად ცხოველის ორგანიზმში უწყვეტად მიმდინარეობს ნაწლავებიდან შეწოვილი საყუათო ნივთიერებების დაჟანგვის პროცესი. ამისათვის კი აუცილებელია მათი ჟანგბადით მომარაგება და წარმოქმნილი ნახშიორჟანგის გამოტანა. სასუნთქ ორგანოებს მიეკუთვნება ცხვირი, ტრაქეა, ბრონქები და ფილტვები.  ცხვირის ღრუში შესუნთქული ჰაერი თბება, მტვრისაგან იწმინდება, ტენიანდება და გადადის ტრაქეაში (1, სურ. 4). ტრაქეა გულმკერდის ღრუში იყოფა ორ ბრონქად, რომლებიც დაკავშირებული არიან მარჯვენა და მარცხენა ფილტვთან (5, სურ. 4). ფილტვში ბრონქები თანდათანობით იყოფა უფრო წვრილ მილაკებად- ბრონქიოდებად და მთავრდება ალვეოლთა მილაკებით რომლებიც ყურძნის მტევნისებურად დაკავშირებული არიან ბუშტუკების მსგავს წარმონაქმნებთან- ალვეოლებთან.

ალვეოლების შიგნითა კედელი ამოფენილია ეპითელური უჯრედებით და დაქსელილია უწვრილესი სისხლძარღვებით- კაპილარებით. ალვეოლის კედლებში ხდება სისხლიდან ნახშირორჟანგის გამოყოფა და მისი ჟანგბადით გამდიდრება. გამდიდრებული სისხლი ისევ უბრუნდება უჯრედებსა და ორგანოებს, უტოვებს მათ ჟანგბადს, ართმევს ნახშირორჟანგს, ბრუნდება კვლავ ალვეოლებში და ა.შ.

სისხლის მიმოქცევის ანუ გულსისხლძარღვთა სისტემა: ამ სისტემაში შედის გული, სისხლძარღვები, ლიმფური სადინარები, სისხლი და ლიმფა.

გული ასრულებს ტუმბოს ფუნქციას, რომლის დახმარებით სხეულის ყველა უჯრედს თუ ორგანოს მიეწოდება ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი, ხოლო იქიდან გამოდის ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები. ეს სისტემა, ასევე, უზრუნველყოფს ორგანოებისა და ქსოვილებისათვის საყუათო ნივთიერების მიწოდებას და სითბოს მარეგულირებელი და დამცველობით ფუნქციების შესრულებას.

გულის კედლები, სხვა შინაგანი ორგანოებისაგან განსხვავებით, აგებულია განივზოლიანი კუნთებისაგან. ყრუ ძგიდით ის გაყოფილია მარჯვენა და მარცხენა ნახევრად, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფა ორ-ორ ნაწილად- წინაგულად და პარკუჭად. მათ შორის არის სისხლსადენი ხვრელები, რომლებიც პერიოდულად იხსნება და იკეტება სარქველებით ისე, რომ სისხლი გაატარონ მხოლოდ ერთი მიმართულებით. სისხლის მიმოქცევას უზრუნველყოფენ გულიდან გამომომავალი და გულში შემავალი მსხვილი სისხლძარღვები.

გულის მუშაობა გამოიხატება მის პერიოდულად შეკუმშვასა და მოდუნებაში. ჯერ ერთდროულად იკუმშება ორივე წინაგული, რის შედეგად იხსნება პარკუჭთან დამაკავშირებელი სადინარების სარქველები და სისხლი გადადის პარკუჭში. შემდეგ იკუმშება ორივე პარკუჭი, რის შედეგად იხსნება სისხლძარღვებთან დამაკავშირებელი სარქველები და სისხლი გადაიტუმბება სისხლის მიმოქცევის სისტემაში. შემდეგ ორივე წინაგული და პარკუჭი დუნდებიან, რასაც პაუზა ეწოდება.

ძუძუმწოვარ ცხოველებს აქვთ სისხლის მიმოქცევის ორი წრე, დიდი და მცირე. დიდი წრე იწყება მარცხენა პარკუჭიდან, საიდანაც სისხლი გადადის აორტაში (მსხვილ არტერიაში), გრძელდება არტერიებით და კაპილარებით, საიდანაც  გადადის ვენურ სისხლძარღვებში და ჩაედინება მარჯვენა წინაგულში. ამ გზით ხდება ყველა ქსოვილისა და ორგანოს მომარაგება ჟანგბადით მდიდარი არტერიული სისხლით და მათგან ნახშირორჟანგით გაჯერებული სისხლის გულისკენ გადატანა. სისხლის მიმოქცევის მცირე წრე იწყება მარჯვენა პარკუჭიდან, საიდანაც ვენური სისხლი გადაედინება ფილტვში, მდიდრდება იქ ჟანგბადით და არტერიული სისხლის სახით უბრუნდება მარცხენა წინაგულს.

ნერვული სისტემა: აწესრიგებს ცოცხალი ორგანიზმის ყველა ორგანოსა და სისტემის ფუნქციონირებას. მას ყოფენ ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებად. ცენტრალურ  ორგანოებს მიეკუთვნება თავისა და ზურგის ტვინი, ხოლო პერიფერიულს- ტვინიდან გამომავალი ნერვები.  თავის ტვინი თავის ქალაში არის განთავსებული და შედგება რამოდენიმე ნაწილისაგან. მის უკანა მხარეზე, ე.წ. მოგრძო ტვინში თავმოყრილია სუნთქვის, გულის მოქმედების, ოფლდენის და ზოგიერთი სხვა ფუნქციების მარეგულირებელი ცენტრები.

მოგრძო ტვინის ზემოთ მდებარეობს ნათხემი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის კოორდინირებულ მოძრაობას, შუა ტვინი კი აწესრიგებს შინაგანი ორგანოების მოქმედებას.

ზურგის ტვინი მდებარეობს ხერხემლის მალების ცენტრალურ არხში. მისგან გამოდიან მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვები, რომლებიც განიტოტებიან კუნთებში, კანში და შინაგან ორგანოებში.

პერიფერიული ნერვული სისტემა შედგება ზურგის ტვინიდან გამომავალი 40 წყვილზე მეტი ნერვისა და 12 წყვილი თავის ტვინიდან გამომავალი ნერვისაგან.

ნერვული სისტემის მოქმედება ეფუძნება გარეშე გამღიზიანებელზე პასუხს, რეფლექსებს: ზემოქმედებისას ნეირონი აღიქვამს გაღიზიანებას (მაგ. კიდურზე ჩხვლეტას) და შესაბამის სიგნალს გადასცემს ცენტრს. აქედან მამოძრავებელი ნეირონი აგზავნის შესაბამის სიგნალს და იწვევს საპასუხო რეაქციას (კიდურის მკვეთრად გაწევას).

გრძნობის ორგანოები  უზრუნველყოფენ ორგანიზმის გარემოსთან კავშირს. ეს ორგანოებია თვალები, ყურები, ცხვირი, ენა და კანი. ამ ორგანოებიდან გადაცემული სიგნალი თავს იყრის თავის ტვინის ქერქში, რომელიც აღძრავს საპასუხო რეაქციას.

შარდ-სასქესო სისტემა. შედგება შარდის გამომყოფი და გამრავლების ორგანოებისაგან.

შარდის გამომყოფი ორგანოები შედგება თირკმლებისაგან, შარდსადენისაგან, შარდის ბუშტისა  ( სურ. 7) და საშარდე მილისაგან. ამ ორგანოების საშუალებით ორგანიზმიდან გამოიყოფა ცილების ცვლის პროდუქტები- შარდოვანა, ამიაკი, შარდმჟავა და მათში გახსნილი მინერალური მარილები. გამოყოფის ფუნქციას გარკვეულწილად ასრულებს ცხოველის კანში არსებული საოფლე ჯირკვლებიც.

სასოფლო-სამეურნეო ცხოველების გამრავლებას უზრუნველყოფს სასქესო ორგანოებში მომწიფებული უჯრედები, სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედი.

მამრი ცხოველის გამრავლების ორგანოებია კან-კუნთოვან პარკში მოთავსებული წყვილი სათესლე ჯირკვალი, თესლგამტარი, და შარდსასქესო მილი.

სათესლეების კლაკნილ მილაკებში მომწიფებული თესლუჯრედები (სპერმატოზოიდები) გადადის სათესლის დანამატში, სადაც ისინი საბოლოოდ მწიფდებიან და თესლგამტარის გავლით გადაინაცვლებენ შარდსასქესო მილში. სქესობრივი აქტის დროს თესლგამტართან და შარდსასქესო გზებთან დაკავშირებული დამატებითი სასქესო ჯირკვლებიდან გამოყოფილი სეკრეტი აზავებს თესლუჯრედებს და ააქტიურებს მათ.   მდედრის გამრავლების ორგანოებია საკვერცხეები, კვერცხსავალი, საშვილოსნო და საშო.

საკვერცხე ( სურ. 7) ცხოველებში ცერცვის ფორმის წყვილი ორგანოა. ძროხაში ის ალუბლის ნაყოფის ან ქათმის პატარა კვერცხის ზომისაა და მდებარეობს წელის არეში. ფრინველში საკვერცხე, ასევე, წელის მიდამოში მდებარეობს და ყურძნის მტევნის ფორმა აქვს ( სურ. 6).

საშვილოსნო (2) ღრუ ორგანოა. ერთი მხრიდან ის ბოლოვდება კვერცხსავალთან დაკავშირებული პარკის ფორმის წყვილი “რქებით” (3), მეორე მხარეს კი ყელით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება საშოს (4). საკვერცხეში წარმოშობილი კვერცხუჯრედი მწიფდება საკვერცხის გარსს ქვემოდან ამოზნექილ, სითხით სავსე ბურთულაში. ოვულაციის დაწყებისას ბურთულა სკდება და მომწიფებული კვერცხუჯრედი გადადის კვერცხსავალში (5), ამ უკანასკნელიდან კი ის გადაინაცვლებს საშვილოსნოს რქაში.  მამრობითი სასქესო უჯრედები საშვილოსნოს ყელისა და სხეულის გავლით აღწევენ კვერცხსავალში, სადაც ხდება კვერცხუჯრედთან მათი შეხვედრა და შერწყმა. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ანუ ზიგოტა გადადის საშვილოსნოს რქაში, აქ ის მიეკვრება ლორწოვან გარსს და იკვებება დედის ორგანიზმიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც განაყოფიერება არ მოხდება, ხურაობა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ განმეორდება.

შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებია ჰიპიფიზი, ფარისებრი ჯირკვალი, ფარზედა ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი და სხვ. ზოგი მათგანის მიერ გამომუშავებული ჰორმონები პირდაპირ სისხლში გამოიყოფა და ამიტომ მათ ენდოკრინულ ჯირკვლებს უწოდებენ, ზოგი კი ჰორმონს გამოჰყოფს როგორც გარეგანი სეკრეციის ჯირკვალი (მაგ. სასქესო ჯირკვლები).

სარძეო ჯირკვალი. სხვადახვა სახეობის პირუტყვში სარძეო ჯირკვალი ფორმის, ზომის და მდებარეობის მიხევით განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითად, ძროხის ცური შედგება ოთხი მეოთხედისაგან და ყოველი მეოთხედი ბოლოვდება თითო კერტით (სურ. 8).

ღორის ძუძუ განლაგებულია მუცლის მთელ პერიმეტრზე და შედგება ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი 10-12 ნაწილისაგან, რომლებიც ბოლოვდება თითო კერტით. ცხვრისა და თხის ცური ძგიდით გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად და ყოველ ნახევარზე აქვთ თითო კერტი. ორი კერტი აქვს ცხენსაც.  ცურის ჯირკვლოვანი ქსოვილი (1) შედგება ალვეოლებისაგან, რომელთა უჯრედებში სინთეზირდება რძე. ალვეოლების კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვით რძე გადმოედინება სარძეო მილაკებში, რომლებიც ერთიანდებიან რძის სადინარებად. აქედან რძე ჩაედინება ცურის ცისტერნაში (2), შემდეგ კი კერტის ცისტერნაში (3). კერტის სადინარი ბოლოვდება ბეჭდისმაგვარი კუნთით-სპინქტერით, (4), რომელიც ხელს უშლის კერტის ცისტერნიდან რძის თავისუფლად გადმოდინებას. ცური დაქსელილია არტერიული და ვენური სისხლძარღვებით (5).   რძის შემადგენლობაში შემავალი ცილების, ცხიმების და ლაქტოზის სინთეზი ხდება უშუალოდ ცურში არტერიული სისხლის მიერ მოტანილი ნივთიერებებიდან. ამასთან, რძეში და სისხლში ამ ნივთიერებების კონცენტრაცია განსხვავებულია, ხოლო ზოგიერთი მათგანი (მაგ. რძის შაქარი, ანუ ლაქტოზა) სისხლში საერთოდ არ გვხვდება.  დადგენილია, რომ 1 კგ რძის წარმოსაქმნელად ცურში უნდა გაიაროს დაახლოებით 400-500 ლიტრამდე სისხლმა.

კანი და ბალნის საბურველი: კანი (ტყავი) ცხოველის ორგანიზმს ფარავს გარედან. ის შედგება სამი შრისაგან – ეპიდერმისის, საკუთრივ კანისა და კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილისაგან.  ეპიდერმისი ყველაზე თხელი შრეა, შედგება ეპითელიარული უჯრედების რამოდენიმე შრისაგან და მას ეკისრება ერთგვარი ბარიერული ფუნქცია. ეპიდერმისის ღრმა ფენებში გვხვდება პიგმენტური უჯრედები, რომელიც იცავს კანს სხივური ზემოქმედებისაგან.  საკუთრივ კანი შედგება დვრილოვანი და ბადებრივი შრეებისაგან. დვრილოვანი შრე უხვადაა დაქსელილი ნერვული კვანძებითა და კაპილარული სისხლძარღვებით. აქვე განლაგებულია საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლები, აგრეთვე ბალნის საბურველის ფოლიკულები და კუნთები. საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარები გამოდიან კანის ზედაპირზე. საოფლე ჯირკვლებიდან, ოფლთან ერთად  გამოიყოფა ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები.  სითბოს რეგულაციაში კანს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. სხეულის ზედაპირულ ქსოვილებს ის უკავშირდება კანქვეშა შრით, რომელიც აგებულია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისაგან. მასში გროვდება ე.წ. კანქვეშა ქონი, რომელიც სიცივეში ასრულებს თბოიზოლატორის როლს.  ბალნის საბურველი სხვადასხვა სახეობის სასოფლო-სამეურნეო ცხოველში იწოდება სხვადასხვაგვარად: ძროხეულში მას ეძახიან ბალანს, ღორში ჯაგარს, ცხვარში მატყლს, ფრინველში ბუმბულს, ბოცვერში კი ბეწვს. ეს წარმონაქმნები კანს ფარავენ ზემოდან და იცავენ მას მექანიკური ზემოქმედებისაგან, აგრეთვე ტენის და სითბოს დაკარგვისაგან.  სასოფლო-სამეურნეო ცხოველების კანიდან, სათანადო დამუშავების შემდეგ, გამოჰყავთმფეხსაცმელების საძირე და საპირე ტყავი, მაჟდაკი, ყარაყული, კრაველი და სხვა, რომლებიც მეტად მნიშვნელოვანი ნეედლეულია მსუბუქი მრეწველობის საწარმოებისათვის. ტყავიდან მზადდება აგრეთვე სხვადასხვა ნაკეთობები (ლაბადა, ქურქი, ჩანთა, ღვედები, ქამრები და მისთ.).

გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი