ტყემლის პერსპექტიული ჯიშების მოკლე ბიოლოგიურ-სამეურნეო დახასიათება

ტყემალი   Prunus Cerasifera -ს სახეობას მიეკუთვნება,  მეტად პოლიმორფული სახეობაა,  რომელიც ველურ და კულტურულ ფორმებს აერთიანებს. საშუალო ან ძლიერი ზრდის ხეა, ნათესი მსხმოიარობას იწყებს მე-3-5 წელს, ვეგეტატიური ნამრავლი მე-2-4 წელს.

მსხმოიარობს უხვად და რეგულარულად. ყვავილობის პერიოდი ადრეულია, ნაყოფის სიმწიფის პერიოდი ხანგრძლივია. ამ დასახელების ქვეშ შემავალ ფორმათა შემოსვლის დრო ივნისიდან ნოემბრამდე გრძელდება, ნაკლებად მომთხოვნია გარემო პირობების მიმართ, კარგად იტანს ჭარბტენიან რაიონებს.  არ ავადდება დაავადებებით, ძირითადად გამოიყენება წვენად, საწებლად. ნაყოფი სხვადასხვა ფორმისაა (ოვალური, ელიფსური, მრგვალი და ა.შ.), წვრილი ან საშუალო, 5-10 გრამი წონის, კანი სქელია,  ძირითადად წითლადაა შეფერილი, თუმცა ხშირად გვხვდება ყვითელი და მწვანე ფორმებიც, რბილობი მომწვანო ან მომწვანო-მოყვითალო ფერისაა.

რბილი კონსისტენციის, გემო სიმწიფეში ტკბილია,  ჩვეულებრივ – მჟავე.  კურკა რბილობს ადვილად არ სცილდება. ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.

     წითელი დროშა  ტყემლის ქართული ჯიშია, მიღებულია კლონური სელექციის გზით ი. გიორგბერიძის,  ქ. ჩაგანავას და შ. ჩხაბერიძის მიერ 1955 წელს. ხე საშუალო ზრდისაა, ხასიათდება ადრეული ‘ყვავილობით. მაღალმოსავლიანი ჯიშია, ნაყოფი მწიფდება ივლისის პირველ ნახევარში (ქუთაისის პირობებში), ინახება 10_15 დღის განმავლობაში, ჯიში დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა. ნაყოფი ძირითადად გამოიყენება გადასამუშავებლად. ნაყოფი და ფოთოლი ბორდოსფერია, ნაყოფის საშუალო მასაა 20_25 გ, ფორმა მომრგვალოფ- წვერისაკენ ოდნავ წაგრძელებულია. სიმწიფის პერიოდში დაფარულია სანთლისებრი ფიფქით, რბილობი მუქი წითელია, ნაზი და წვნიანი, მომჟავო გემოსი. კურკა რბილობს ნახევრად სცილდება. ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.

გულდედავა  ტყემლის ძველი ქართული ჯიშია, გამოვლენილია სამტრედიის რაიონში. ხე ძლიერი ზრდისაა, ხასიათდება ადრეული ყვავილობით, უხვმოსავლიანი ჯიშია, ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლოდან ივლისის მეორე დეკადამდე (ქუთაისის პირობებში), ნაყოფი ძირითადად გამოიყენება გადასამუშავებლად. ნაყოფის საშუალო მასა 28 გრ., ფორმა მომრგვალოა, რბილობი ნაზი და წვნიანი, მოტკბო_მჟავე გემოსი. კურკა რბილობს არ სცილდება.

 ალუჩა – ადგილობრივი წარმოშობისაა,  მიჩნეულია დამოუკიდებელ სახეობად –  ( Prunus Vakhushti Breg. ).  ამ სახელის ქვეშ გაერთიანებულია სხვადასხვა სიმწიფის დროის კლონების ჯგუფი.

ხე საშუალო ან ძლიერი  ზრდისაა, მსხმოიარობაში შედის ადრე, მოსავლიანობა უხვი და რეგულარული,  ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლოს, თუმცა მოიხმარება ადრეულ სასუფრე ხილად არასრულ სიმწიფეში.

ნაყოფის საშუალო მასაა 20_25 გ, ფორმა მომრგვალო წვერისაკენ ოდნავ წაგრძელებულია. შეფერვა სრულ სიმწიფეში ოქროსფერი ყვითელი, არასრულ სიმწიფეში მწვანე. კანი თხელი, ნაზი, დაფარულია თხელი ფიფქით, ნაყოფს ღარი მკაფიოდ ემჩნევა, რბილობი მომწვანო-მოყვითალო ფერის,  კურკა რბილობს არ  სცილდება. ფართოდ არის გავრცელებული საკარმიდამო ნაკვეთებში.

ზვიად ბობქაშვილი,  სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

კუკური ძერია, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი