აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

საწნახელი  ქართული მარნის ძირითადი იარაღ-ჭურჭელია

სულხან საბა ორბელიანს საწნახელი, ქართულ სიტყვათა ლექსიკონში ასე აქვს განმარტებული: „ყურძნის საჭყლეტი ჭურჭელი“.  სახელწოდება საწნახელისიტყვა საწნეხელის  ფორმირების შედეგად მიღებული სახელწოდებაა, რადგან ის, რაც საწნახელში ყურძენზე ხორციელდება, მართლაც, რომ წნეხაჭყლეტაა.
საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპარი, ყურძნის დასაწურად სამი სახის საწნახელს იყენებდა: ქვისას, ქვიტკირისას და ხისას. ქვისა და ქვიტკირის საწნახელი, დიდი ხანია სამუზეუმო ექსპონატად იქცა, რადგან ქართველმა მეურნემ ხის საწნახლის სახით, სხვა უფრო ხელმისაწვდომი და ერთ ჯერზედ დიდი რაოდენობით ყურძნის დასაწური იარაღ-ჭურჭელი გაიჩინა. ასევე, XX-XXI საუკუნემ თავისებურად გაამდიდრა საწნახლის სახეობათა ჩამონათვალი და არსებულს ლითონის 90საწნახელი დაემატა. კერძოდ: მეტალის ჭრა-შედუღების ხელმარჯვე ოსტატებმა 50-60 სმ. დიამეტრის მეტალის წყლის მილიდან, მშვენიერი საწნახელი გამოჭრეს, რომელიც შიდა მხრიდან საცხებ-საპოხი საშუალებებით დაამუშავეს და ამით გაჭირვება-დაჭირვებიდან კარგ გამოსავალს მიაგნეს. ასე, რომ საქართველოში დღეს ასეთი საწნახლები ოჯახურ მარნებში იშვიათობას არ წარმოადგენს.  

საწნახელს საქართველოში ბევრი სახელით იცნობენ, კერძოდ: საწნახელი, ხორგო, ხაპიონჯარო და სხვა. საწნახელი,  ქართული მარნის ძირითადი იარაღჭურჭელია და დღეს ყველა ოჯახს საკუთარი საწნახელი ან ყურძნის საჭყლეტი სხვა მექანიკური საშუალება აქვს. ადრე კი საწნახელი ყველა გამართულ მარანში უნდა მდგარიყო. ასევე, იყო განაყოფი ოჯახები, რომლებსაც ერთი საზიარო საწნახელი ჰქონდათ. მართალია დღეს, ყურძნის დასაწური მრავალი ტექნიკა შემოდის ევროპიდან, მაგრამ ამ ტექნიკის მასობრივ დანერგვას საქართველოში, დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ ხისა და მეტალის საწნახელი, კიდევ დიდხანს იქნება ქართული საოჯახო მარნის ძირითადი ჭურჭელი. ასევე, დღეს საქართველოში გვყვანან და შემდგომშიც იქნებიან მეურნეფერმერები, რომლებიც გარკვეული რაოდენობის ყურძნის დაწურვას ქართული ტრადიციული მეთოდით გააგრძელებენ. ასევე, ქართველებს შეგვიძლია დასავლეთისთვის ეს ეგზოტიკა, საექსპორტო ჭურჭლად ვაქციოთ, რადგან დღეის მდგომარეობით ევროპაში და სხვა კონტინენტებზე ქვევრებით გაწყობილი მრავალი მარანი აშენდა, რომელი მარნებიც (თუ მიწოდება იქნება) დიდი სიამოვნებით შეიძენენ ხის ქართულ საწნახელს. ადრე საქართველოში მრავლად გიყვანდნენპესიმისტი“, ინტელიგენტები, რომლებიც პრესის ფურცლებზე დიდ მჭევრმეტყველებას იჩენდნენ და თავგამოდებით გვიმტკიცებდნენ, რომ დასავლეთი არასდროს მოინდომებს ქვევრში ღვინის დაყენებას და ქვევრის მაღალექსტრაქტული ღვინის სმას. ჩვენდა საკეთილდღეოდ მათი ეს პროგნოზი არ გამართლდა და დღეს დასავლეთში, ქვევრებით გაწყობილი იმდენი მარანი აშენდა, რომ ევროპაში ყოველწლიურად მათი ინიციატივით და მონაწილეობით ქვევრის ღვინის რამდენიმე დეგუსტაციადათვალიერება იმართება. ამიტომ, თუ საქართველო მოახერხებს საჭირო რაოდენობის საწნახლების წარმოებას (როგორც ხედავთ, დღემდე ვერ ახერხებს ხარისხიანი და საკმარისი რაოდენობის ქვევრების აშენებას), მისი გაყიდვის პრობლემა არ იქნება.

ყველა ზემოთ აღნიშნულის შემდეგ ვფიქრობთ, საქართველოში ისე, როგორც ქვევრის შემთხვევაში გამოჩნდებიან ენთუზიასტები, რომლებიც ხელს მოკიდებენ ამ უაღრესად საჭირო საქმეს და ქვევრთან ერთად საწნახელსაც საექსპორტო ჭურჭლად აქცევენ. ეს, რომ მოხდეს ამისათვის აუცილებელია მათ გავიხსენოთ, თუ როგორ თლიდა ჩვენი წინაპარი საწნახელს, ამის შემდეგ თანამედროვე ტექნიკითა და იარაღებით აღჭურვილი ჩვენი ხელმარჯვე ოსტატები ხის საწნახელს, ბევრჯერ უფრო იოლად დაამზადებენ და მიაწოდებენ მსოფლიო ბაზარს.

მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყოველთვის იყო, არის და იქნება გავრცელებული, ამიტომ საწნახელი ქვეყნის ყველა რეგიონში იყო, არის და იქნება საჭირო. იმ რეგიონებში სადაც საწნახლისათვის საჭირო ჯიშის ხე იყო, ჩვენი წინაპარი, ხის საწნახელს ამზადებდა და იყენებდა, სადაც ამის საშუალება არ იყო, ქვითკირის საწნახლებს აშენებდნენ. ქვიტკირის საწნახლებს ტრადიციულად მარნის კედელში ჩაშენებით აკეთებდნენ, შიდა მხრიდან კირით სუფთად გამოლესავდნენ და ისე იყენებდნენ. რადგან დღეს დასავლეთში მრავალი ქვევრით გაწყობილი მარანი აქვთ, არ არის გამორიცხული, მათმა მეპატრონეებმა ქვევრთან ერთად ქართული ტრადიციული მარნის ეს აუცილებელი „ატრიბუტიც“ მოინდომონ. რადგან დღეს, თანამედროვე ტექნიკის პირობებში ხის საწნახლის დამზადებაც და ტრანსპორტირებაც პრობლემას არ წარმოადგენს, ამიტომ დიდი ალბათობით საწნახელი ერთ-ერთ საექსპორტო პროდუქციად შეიძლება იქცეს და ისე, როგორც ეს ქვევრთან მიმართებაში მოხდა, საწნახელმაც დააინტერესოს ეგზოტიკის მოყვარული ევროპელი ენთუზიასტები, ამიტომ ზედმეტი არ იქნება თუ მისი დამზადების წესებს ქართველ ენთუზიასტებს გავაცნობთ, დანარჩენს კი თვითონ მიხედონ.

საწნახლის დამზადების დროს ორ ძირითად ეტაპს გამოყოფენ, სასაწნახლე ხის შერჩევა-გამოკოპიტებას და საწნახლის დამზადებას, ანუ როგორც ამას რაჭაში ეძახიან „შეყელვას“.

ცნობილი ეთნოგრაფი პროფ. ლევან ფრუიძე თავის წიგნშირაჭა“, თბილისი 1974 . აღნიშნავს: „სასაწნახლე ხის შერჩევაგამოკოპიტება შემდეგ მონაკვეთებს მოიცავს

  1. ხის შერჩევა;
  2. ხის მოჭრა
  3. ხის დამორვა;
  4. მორზე პირის მოხსნა;  
  5. გულის ამოღება

საწნახლის დამზადება კი შემდეგ ეტაპებს მოიცავს

  1. თავების დაჭრა
  2. წარბულიგათლა
  3. შიგნითა პირის გამოსუფთავებაგამოლამაზებადადატიხვრა

განვიხილოთ საწნახლის დამზადების ყველა ეს ეტაპები ცალ-ცალკე, რომლის დროსაც ძირითად მეგზურობას მარად მოსაგონარი ლევან ფრუიძისა და სხვათა ეთნოგრაფიული ჩანაწერები გვეყოლება:

საწნახლის დამზადება იწყება ტყეში საწნახლისათვის შესაფერისი ხის შერჩევით. ხის შერჩევა უნდა მოხდეს, როგორც ხის ჯიშის, ისე მისი ასაკისა და ხის დიამეტრის მიხედვით. სასაწნახლედ საუკეთესოდ ცაცხვის ხე ითვლება. ცაცხვს ყველა ის თვისება აქვს, რომელიც საწნახელს მოეთხოვება: არის სუფთა ხე, შრობის დროს არ სკდება, არ იბზარება, რბილი მერქანი აქვს, ამიტომ დასამუშავებლად ადვილია, გადასატანად მსუბუქია და ღვინოს არ აძლევს უცხო გემოს. საწნახლისათვის მისაღებ ხედ ასევეთელაითვლება. იშვიათად, მაგრამ მაინც შეხვდებით თხილის საწნახელს.

გადმოცემით ვიცი, რომ ერთი ასეთი დიდი საწნახელი საჩხერეში, ჯუმბერ ხარაიშვილის მარანში უდგათ.

სასაწნახლე ხე უნდა იყოს სწორი. ტანი უნდა ჰქონდეს სუფთა კორძის გარეშე, ანუ ტანის იმ ნაწილში, რომლისგან საწნახელი უნდა გაითალოს არ უნდა ჰქონდეს მოზრდილი ტოტები. ხეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დიამეტრი, არა ნაკლებ 60 სმ. საუკეთესოდ ითვლება ხანდაზმული ფუღუროიანი, ანუ გულდამპალი ხე, ასეთი ხე ადვილი დასამუშავებელია, მაგრამ აქვს უარყოფითიც, ხის წაქცევის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან სუსტია და დაცემის დროს შეიძლება გასკდეს, ან დაიბზაროს. ასეთ ხეს ტანზე ნაჯახის შემოკვრით ცნობენბლაყვეყრუ ხმას გამოსცემს. საჭირო ხის აღმოჩენის შემდეგ უნდა შემოწმდეს მისი ადგილმდებარეობა, მოსახერხებელია თუ არა მასთან მუშაობა და საურმე გზამდე მისი გატანა. თუ ნაპოვნი ხე ყველა პირობას აკმაყოფილებდა, ამის შემდეგ ხდებოდა მისინიშანდება“, ანუ მპოვნელი ხეზე ამოჭრიდა თავის ინიციალებს, დაასვამდა ჯვარს, ან სხვა რაიმე ნიშანს, რის შემდეგაც ხენიშანმდებლის საკუთრებად ითვლებოდა და მისი მოჭრის უფლება არავის ჰქონდა. სხვისგან მოჭრა, ქურდობად ითვლებოდა და ისჯებოდა კიდეც.

სასაწნახლე ხეს გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში ჭრიდნენ, რადგან ამ დროს, მერქანში წვენის მცირე რაოდენობაა დარჩენილი და ხე მალე შრება. ხის მოჭრა, როგორც წესი ძველ მთვარეზე ხდებოდა, ასევე არჩევდნენ კვირის დღეებს, არ შეიძლებოდა ხის ორშაბათს და პარასკევს მოჭრა. ხეს ორი კაცი ცულით ჭრიდა, დგებოდნენ ერთმანეთის საპირისპირო მხარეზე და იწყებდნენ ცულით ხის ჭრას. ასევე, იყენებდნენ „ბირდაბირ“ ხერხს. ხის დაცემის ადგილი წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული და მოჭრილი ხე, აუცილებლად წინასწარ შერჩეულ ადგილზე უნდა დაეცეს, ამ შემთხვევაში მასთან მუშაობა უფრო მოსახერხებელია. მოჭრილ ხეს ტოტებდაუჭრელად გაზაფხულამდე ადგილზე ტოვებდნენ, გაზაფხულზე კი, როცა ტყეში თოვლი დადნებოდა და ბუნებაში საკმარისი სითბოც ტრიალებდა, იწყებდნენ ხის დამუშავებას.

გაზაფხულზე სამუშაოს, ხის გასუფთავებით (აჭრიდნენ ტოტებს) და დამორვით იწყებდნენ. დამორვა – ხის სასაწნახლე მორებად დაჭრას ჰქვია. ერთი ხიდან ერთი ან რამდენიმე სასაწნახლე მორი გამოდის, ამის ხელის შემწყობი, როგორც ხის სიგრძე, ისე მისი სიმსხოა. ტრადიციულად სასაწნახლე მორის სიგრძეს მისი სიმსხოთი ზომავდნენ, მორის თავის გარშემოწერილობას ამრავლებდნენ სამზე და ხეს ასეთი სიგრძის მორებად ჭრიდნენ. ჩემი დაკვირვებით საწნახლის სიგრძის განსაზღვრის ეს მეთოდი, პრაქტიკაში ყველასგან არ ჩანს გამოყენებული. დღევანდელი საწნახლების სიგრძის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ბევრს ეს მეთოდი არ გამოუყენებია. ბევრი საწნახელი მინახავს სხვადასხვა ტევადობის და სიმსხოსი, სიგრძეში განსხვავება კი არც თუ დიდია. მაგ. მორს რომლის დიამეტრი 60 სმია 180 სმ. გარშემოწერილობა აქვს, გამოდის, რომ მისგან 540 სმ. სიგრძის საწნახელი უნდა გაითალოს. საწნახლის ეს სიგრძე, ასე თუ ისე მისაღებია, მაგრამ საწნახლებს 70-80 სმ. დიამეტრის მორისგანაც ამზადებენ, მისი სიგრძე კი 3x80სმ.x3=720სმ. იქნება, ამ სიგრძე საწნახელი კი ძალიან იშვიათია (პირადად არც მინახავს) 80 სმ დიამეტრის საწნახელი კი დღემდე ბევრია შემორჩენილი საქართველოში, რომელთა სიგრძე 5 მეტრის ფარგლებშია. ვფიქრობთ, საწნახელი ძირითადად წინასწარი შეკვეთით მზადდებოდა და მისი სიგრძე, დამოკიდებული უნდა ყოფილიყო შემკვეთის მარნის ზომებზე.

დამორვის დროს ხის საჭრელად „ბირდაბირის“ ხერხს ხმარობდნენ. დასაწყისში ხის თავს ხერხით სწორად გადაჭრიდნენ, გაზომავდნენ ხის თავის გარშემოწერილობას, გაიანგარიშებდნენ მორის სიგრძეს და გადაჭრიდნენ. თუ ხეში მეორე მორი გამოვიდოდა, მაშინ ხის სიმსხოს გადაჭრის ადგილზე განმეორებით გაზომავდნენ და გადაჭრიდნენ მეორე მორს.

დამორვის შემდეგ ხდებოდა მორის პირის მოხსნა-მოხევა. ეს ოპერაცია ითვალისწინებს მორის იმ მხარის გასწორებას, სადაც საწნახელს პირი უკეთდება, ანუ მორს გული უნდა ამოუჭრან. საწნახლის პირის სიგანე, საშუალოდ 40 სმ. უნდა იყოს. ანუ არა უმცირეს 30 სმ-ისა და არა უმეტეს 50 სმ-ისა. 30 სმ-ზე ნაკლებ პირიან საწნახელში ყურძნის მწურავს მოძრაობა გაუჭირდება, ხოლო 50 სმ-ზე მეტ პირიან საწნახელში მაჭრის დადუღება გაჭირდება (იყო საქართველოში რეგიონები, სადაც თბილი შემოდგომის პირობებში მაჭარს რამდენიმე დღეს საწნახელში ადუღებდნენ, ამის შემდეგ კი ქვევრში გადაჰქონდათ და იქ აგრძელებდა დუღილს). გარდა მაჭრის დადუღებისა საწნახელში მორჩენილი ჭაჭიდან შამანი ღვინის დადუღება ხდებოდა.

საწნახელს ხელოსანმა გარეთა სიმრგვალე უნდა შეუნარჩუნოს და შიდა მხარეც მრგვლად უნდა გამოჭრას (ასევე, მრავლადაა სწორგვერდა საწნახლები), ეს ისევ მაჭრის დუღილისათვისაა კარგი, რადგან შიდა მხრიდან მრგვლად ამოჭრილი საწნახელი, კარგად აკავებს დუღილის დროს ზემოთ წამოსულ ჭაჭას.

მორზე მოსახსნელი პირის საზღვრების მონიშვნას დანაყილი ნახშირითა და წყლით გაკეთებულ ფაფაში ამოვლებულ ბამბის ან მატყლის თოკს იყენებდნენ. მოსახსნელი პირის მონიშვნის შემდეგ ნაჯახით ხსნიდნენ ზედმეტ მერქანს და ზედაპირს კარგად ასწორებდნენ.

სასაწნახლე მორზე პირის მოხევის შემდეგ იმავე თოკით ახდენდნენ ამოსაღები გულის მონიშვნას, ანუ საწნახლის კედლებისა და ძირის სისქის მონიშვნას, რის შემდეგაც ორი კაცი მორის თავსა და ბოლოში ნაჯახით იწყებდა ხიდან გულის ამოჭრას. გარკვეული სიღრმის მიღწევის შემდეგ, ნაჯახით მუშაობა უხერხული ხდებოდა, ამიტომ ჭრას მოხვეული ნაჯახით და „ეჩოთი“ აგრძელებდნენ. მორიდან გულის ამოჩეხვის შემდეგ საწნახელს თავდაღმა ამხობდნენ და ასეთ მდგომარეობაში 3-4 კვირით ადგილზე ტოვებდნენ. ამ დროში საწნახელს ჰაერი გაუვლის, გაშრება და გამჩატდება. საწნახლის თავდაღმა დაყენება იმას ნიშნავდა, რომ მასზე ტყეში ჩასატარებელი სამუშაოები დამთავრებულია და შემდეგი სამუშაოები სახლში უნდა გაგრძელდეს, ამისთვის კი საჭიროა საწნახლის სახლში გადატანა. ამ დროს პირველი რიგის ამოცანა საწნახლის საურმე გზამდე გატანაა, რაც, არც ისე იოლი საქმე იყო, რადგან ამ მიზნით ხშირად ხარს ვერ იყენებდნენ და ამ შემთხვევაში უღელში კაცები თვითონ ებმებოდნენ. ასევე, მიმართავდნენ საურმე გზამდე გასასვლელი გზის გაჭრას.

საწნახლის სახლში მიტანის შემდეგ საქმეში პროფესიონალი ხელოსნები ერთვებოდნენ და იწყებდნენ საწნახლის შეყელვას, რაც საწნახლის საბოლოო დამუშავებას ნიშნავს, ეს კი შემდეგ სამუშაოებს მოიცავს:

  1. საწნახლის თავების დაჭრას
  2. ინდურის გამოყვანას (ინდური, საწნახლის თავში წინ გამოშვერილმოგობილადგილს ჰქვია). 
  3. საწნახლის გვერდებისა და ძირის გაწმენდაგასუფთავებას

ამ დროს ხდება საწნახლის გვერდებისა და ძირის სასურველ სისქემდე დაყვანა და გასწორება-გასუფთავება, რადგან ნაჯახითა და „ეჩოთი“ ნაჩეხი ზედაპირი, უსწორმასწოროა და გასწორებას საჭიროებს.

საწნახლის თავების დაჭრას ბირდაბირი ხერხით ახდენდნენ, რადგან მათი სწორად გადაჭრა იყო აუცილებელი. ამის შემდეგ კი იწყებდნენ ინდურის გამოყვანას. ინდური საწნახლის თავში 30-40 სმზე გამოგობილი ადგილია, სადაც საწნახლის წინა ტიხრის ძირში წვენის სადინარი ხვრელიდან ინდურის წინპირამდე გაყვანილია წვენის სადინარი არხი. ინდურს საწნახლის თავში გვერდების საწნახლის ძირამდე კუთხით ჩაჭრით აწყობენ. ღარის ორივე მხარე სიბრტყეს წარმოადგენს, სადაც წვენის სადინარის ორივე მხარეზე წურვის დროს საჭირო წვრილმან ჭურჭელს აწყობენ. ინდურის გაკეთების შემდეგ იწყებდნენ საწნახლის შიდა მხრის გასწორებაგამოლამაზებას.

საწნახლის შიდა მხრის გასწორების შემდეგ ახდენდნენ გარეთა მხრის „წარბულ გათლას“. ამ დროს საწნახელს კანს აცლიდნენ, პატარა კორძებსა და უსწორმასწორო ადგილებს ოსტატი ნაჯახით ათლიდა და ასწორებდა.

საწნახლის დამზადების ბოლო  ეტაპი თავსა და ბოლოში ტიხრების გაკეთებაა. დატიხვრას ყველა საწნახელი არ საჭიროებდა. საწნახელს, რომელსაც მთლიანი ჯანმრთელი მორიდან ამზადებდნენ, თავისა და ბოლოს კედელს (ტიხარს) გულის ამოჭრის დროს უტოვებენ. თავსა და ბოლოში ტიხარს იმ საწნახელს უკეთებდნენ, რომელსაც გულამომპალი ხისგან ამზადებდნენ. ასეთ საწნახელს თავისა და ბოლოს ტიხარი, შეკრული ფიცრებისგან უკეთდება (ეს მაშინ თუ შესაბამისი სიგანის ფიცარი არ ჰქონდათ), ამიტომ თავსა და ბოლოს შიდა კედელში უკეთდება ფიცრის სისქისა და 18-20 მმ. სიღრმის ღარი, სადაც მჭიდროდ სვამენ ფიცრებისგან შეკრულ ჩამკეტ კედელს, ანუ ტიხარს.

საწნახელი უფრო მეტად შეკვეთილი ზომით მზადდებოდა. საწნახლის ზომა კი ყურძნის წვენის გამომავლობით იზომება, ანუ ყურძნით სავსე საწნახლის დაწურვის შემდეგ, რამდენი ფუთი ან კოკა წვენი გამოვა. საშუალო ზომის საწნახლის გამოსავალი საშუალოდ 60 ფუთი წვენი იყო, ანუ ერთი ტონა წვენის ფარგლებში. სპეციალური შეკვეთით, ასევე ამზადებდნენ დიდი ზომის საწნახლებს, რომლიდან გამოსავალი 100-150 ფუთი ყურძნის წვენი იყო.

საწნახელს, რომელსაც ტიხრები ჩაუსვეს გამზადებულია მოსახმარად. თუ ის შეკვეთითაა დამზადებული, შემკვეთს მიაქვს. თუ საკუთარი მარნისთვის იყო დამზადებული, ის საგორავების დახმარებით მარანში შეაქვთ და სპეციალურად დამზადებულ სადგარებზე დგამენ. წინა სადგარი უკანასთან შედარებით სიმაღლეში ნაკლები უნდა იყოს, რათა საწნახლის ძირზე ყურძნის წვენმა ადვილად იდინოს.

აი სულ ესაა, რაც ქართულმა ეთნოგრაფიამ საწნახლის კეთების და გამოყენების შესახებ შემოგვინახა. სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო ათეული წლებია ხის საწნახელს აღარ ამზადებენ, რადგან დღეს ყველა მექანიკურ საწნეხ საშუალებებზე გადადის. როგორც წერილის დასაწყისშია აღნიშნული საწნახელი შეიძლება მთლად სამუზეუმო ექსპონანტი არ გახდეს თუ ყველა იმ პოტენციალს გამოვიყენებთ, რომელიც მასშია ჩადებული. ანუ თუ ჩვენ მის დამზადებას შევძლებთ მას, როგორც საექსპორტო პროდუქციას გასხვისების პრობლემა არ შეექმნება. სამწუხაროდ, სასაწნახლე ხის უქონლობის გამო პრობლემა ჩვენ შეგვექმნება, რადგან ის ხე-ტყე, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში საქართველოს ტყეებში იზრდებოდა, სულ რაღაც 2-3 ათეულ წელში გაიჩეხა და ექსპორტზე გაიტანეს. საწნახლის გასათლელი ხე კი სულ მცირე, საუკუნის მაინც უნდა იყოს. მიუხედავად ყველაფრისა გამოსავალი არის, ანუ, როგორც ქვევრის შემთხვევაში აქაც საშველად სანთელს უნდა მივადგეთ, თუ როგორ და რატომ ეს სხვა თემაა.

ჟორა გაბრიჭიძე ,

/ნახევარგამტართა ფიზიკის ს/ ინსტიტუტის

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს

ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი/