საწველი აპარატები და დანადგარები

წველა რთული ფიზიოლოგიური პროცესია. წველისას, ან მოზარდის მიერ დედის წოვისას, კერტების ნერვული დაბოლოებების გაღიზიანების შესაბამისი „სიგნალი“ გადაეცემა თავის ტვინის ერთ-ერთ ნაწილს ჰიპოფიზს, რომელიც, თავის მხრივ, გაღიზიანების დონისა და ხარისხის ადექვატურად სისხლში გამოყოფს რძის სეკრეციის გამაძლიერებელ ჰორმონებს.

რძის სეკრეციაში მონაწილეობს ცოცხალი ორგანიზმის თითქმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები და ორგანოები (საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი სისხლის მიმოქცევის, ნერვული, ენდოკრინული და გამრავლების).

1 ლიტრი რძის წარმოსაქმნელად ცურის სისხლძარღვებში 400-500 ლიტრმა სისხლმა უნდა გაიაროს! ამდენად, წარმოსადგენია, როგორ დაძაბულად მუშაობს მეწველი ცხოველის მთელი ორგანიზმი და, განსაკუთრებით, მისი რძის წარმომქმნელი ორგანო — ცური.

წველა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა რძის მწარმოებელ ფერმაში. არასწორად წარმართული წველა საგრძნობლად ამცირებს მიღებული რძის რაოდენობას და ხშირად ხდება ფურის ნაადრევად გაშრობის, აგრეთვე ცურის ტრავმის, ანდა მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი;

წველა მეტად შრომატევადი საქმეა: ხელით წველისას 1 ლიტრი რძის გამოსაწველად მწველავს უხდება მტევნებით 90-100 მოძრაობის შესრულება. ამდენად გასაგები უნდა იყოს თუ რა მძიმე დატვირთვა მოდის მწველავის ხელებზე ყოველდღიურად 10 სული 10 ლიტრი რძის მომცემი ფურების წველისას.

შრომის შემსუბუქების, აგრეთვე მიღებული რძის ხარისხისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით სარძეო ფერმაში ფურებს საწველი აპარატებით წველიან.

წველის პროცესის შრომის გაიოლებას ცდილობდნენ ძველი ეგვიპტელები, რომლებსაც ფურის კერტის სპინტერში შეჰყავდათ მილები.

 

საწველი აპარატის პირველი პროტოტიპი (ე.წ. „საწველი მილები“) ბრიტანეთში 1836 წელს შექმნა ბლარტონმა, ხოლო მოგვიანებით, 1851 წელს, პირველად გამოიყენეს „გამოწოვის“ პრინციპზე მომუშავე საწველი აპარატი.

ვაკუუმის პრინციპზე მომუშავე პირველი საწველი აპარატი საწველი ჭიქებით 1859 წელს დააპატენტა ჯონ კინგამმა, ხოლო თანამედროვე ტიპის საწველი აპარატის ერთ-ერთ პირველ გამომგონებლად ითვლება ლ. კოლვინი.

1894 წელს შვედმა ინჟინერმა და გამომგონებელმა გუსტაფ დე ლავალმა დააპატენტა საწველი აპარატი, რომლის პირველი გამოყენებადი ეგზემპლიარი გამოშვებული იქნა მისი და ოსკარ ლამმის მიერ დაარსებულმა კომპანიამ „დე ლავალი“. ეს ფირმა დღეს ითვლება საწველი აპარატებისა და დანადგარების სისტემების დაპროექტებაში ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტილებების ფლაგმანად.

ვაკუუმის პრიციპზე მომუშავე საწველი აპარატების მოქმედების, ანუ საწველი ჭიქების კერტებზე ფუნქციონირების პრინციპი განსხვავდება ერთის მხრივ ხელით წველისაგან და მეორეს მხრივ ნაშიერის მიერ დედის წოვის პროცესისაგან:

  • ხელით წველისას რძე მექანიკური ზემოქმედებით გამოიდევნება („გამოიწურება“) კერტიდან,
  • წოვისას ნაწილობრივად მექანიკური ზემოქმედებით გამოიწურება, ნაწილობრივად კი მოზარდის პირის ღრუში შექმნილი ვაკუუმის მოქმედებით გამოიწოვება კერტიდან.

ორივე ამათგან განსხვავებით მანქანური წველისას რძე საწველი ჭიქის კამერას და კერტის შიგნით წნევათა შორის სხვაობის მოქმედებით გამოიწოვება კერტიდან.

განასხვავებენ საწველ აპარატებს და საწველ დანადგარებს.

საწველი აპარატი ეწოდება მოწყობილობას, რომლის დახმარებით ხდება ფურის (ან სხვა სახეობის ძუძუმწოვარი მდედრი ცხოველის) წველა (საწველი ჭიქების კერტებზე ჩამოცმის შემდეგ რძის ხელოვნური ვაკუუმის მოქმედებით გამოწოვა). კერტებიდან რძის გამოწოვა ხდება პერიოდულად, რასაც უზრუნველყოფს პულსატორის მიერ კერტქვეშა კამერაში ვაკუუმის პერიოდულად მიწოდება.

საწველი აპარატის კომპლექტში შედის 2 ან 4 საწველი ჭიქა (ცხოველის სახეობიდან გამომდინარე), კოლექტორი, პულსატორი და საწველი ვედრო. ეს კვანძები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან რეზინის მილებით ზოგ-ჯერ საწველი ვედროს ნაცვლად გამოიყენება ე.წ. რძის გამტარი სისტემა (მილსადენი).

მოქმედების პრინციპის მიხედვით განასხვავებენ ორ და სამტაქტიან საწველ აპარატებს. სამტაქტიანი აპარატის მოქმედების ციკლი შედგება ვაკუუმის (წველის), შეკუმშვის და მოსვენების ფაზისაგან, ხოლო ორტაქტიან აპარატებში შეკუმშვის ტაქტი გამოტოვებულია.

თავის მხრივ, საწველი დანადგარების კომპლექტში შედის, საწველი აპარატი, აგრეთვე მის ასამოქმედებლად და რძის პირველადი დამუშავებისათვის საჭირო აპარატურა-მოწყობილობები.

როგორც წესი, ყველა ტიპის საწველი დანადგარი შედგება საწველი აპარატისაგან, ელექტროამძრავისაგან, ვაკუუმ ტუმბოსაგან, ვაკუუმგამზომისაგან და ვაკუუმის მილგამტარი სისტემისაგან. გარდა ამისა, საწველი დანადგარის კომპლექტში შეიძლება შედიოდეს რძის მილგამტარი, აპარატურის სარეცხი და სადეზინფექციო სისტემები, მოწველილი რძის რაოდენობის აღრიცხვის ხელსაწყოები, რძის გასაფილტრი და ცხოველისათვის საკვების დოზირებულად მიწოდების მოწყობილობები და სხვ.

პირველი ეგზემპლარების შექმნიდან დღემდე გამომგონებლები ცდილობენ საწველი აპარატის კონსტრუქციულ სრულყოფას, რომლის მიზანია მწველავის ხელით შრომის მინიმუმამდე შემცირება და ცურის დაუზიანებლად რძის გამოყოფის მაღალი ეფექტურობის მიღწევა. ეს უკანასკნელი შესაძლებელია წველის პროცესში რძის გაცემის რეფლექსის გააქტიურებით და საწველი აპარატის ცხოველის ორგანიზმისადმი ფიზიოლოგიური ადაპტაციის მაღალი ხარისხით.

თანამედროვე საწველი აპარატები უზრუნველყოფენ რძის გამოყოფისათვის განსაკუთრებულად ხელშემწყობ ფიზიოლოგიურ პირობებს. ამასთან, რძე ერთდროულად გამოიწველება ფურის ცურის ოთხივე მეოთხედიდან.

ბოლო წლებში ბაზარზე გამოჩნდა თანამედროვე, ეკონომიკური საწველი აპარატები. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ შვედური ფირმა დელავალის მიერ გამოშვებული საწველი აპარატი „მილკმასტერი“, რომელზეც წველის პროცესი იმართება ცურიდან რძის ჭავლის გამოყოფის ინტენსივობით.

საქმე ის არის, რომ ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე რძე სხვადასხვა ფურის ცურიდან გამოიყოფა სხვადასხვა სიჩქარით და, ამის გამო, ყოველი ცხოველი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

აპარატი „მილკმასტერი“ მუშაობას იწყებს დაბალი ვაკუუმის პირობებში უკუპულსაციის მოქმედებით, რაც ასტიმულირებს ფურის მიერ რძის გაცემის დაწყებას. თავის მხრივ, კერტიდან რძის ჭავლის გაძლიერების კვალობაზე აპარატი ავტომატურად გადაირთვება წველის სტანდარტულ რეჟიმზე (ვაკუუმისა და პულსაციის ნორმალურ დონეზე, რითმზე), რაც უზრუნველყოფს ცურის სწრაფად და ეფექტურად გამოწველას.

წველის პროცესი კონტროლდება საწველი დანადგარის „დისპლეიზე“ (ეკრანზე) გამოხატული ციფრებით, რომლებიც გვიჩვენებენ თითოეული მეოთხედიდან რძის გამოწველის სისწრაფეს დროის ერთეულში. იმავდროულად საწველი აპარატის კორპუსზე არსებული ოთხი ნათურა-ინდიკატორი გვიჩვენებს წველის ყველა ფაზის მიმდინარეობას; მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ, როგორც კი მთავრდება ფურის წველა, ციმციმს იწყებს აპარატის სახურავზე არსებული წითელი ნათურა.

აპარატი „მილკმასტერი“-ს უპირატესობებიდან სპეციალისტების აღნიშნავენ:

  1.      რძის მაღალ ჰიგიენური მაჩვენებლებს,
  2.      დაბალ ღირებულებას,
  3.     გამოყენების სიმარტივეს და
  4.     მომსახურების სიიოლეს, ექსპლოატაციის დაბალ ხარჯებს.

დღეისათვის სხვადასხვა ქვეყნის საწარმოები წვრილი ფერმერული მეურნეობებისათვის უშვებენ მობილურ საწველ დანადგარებს, აპარატებს, რომლებითაც ერთდროულად შეიძლება 1 ან 2 ფურის წველა. ამასთან, ასეთი საწველი აპარატი საკმაოდ იაფია და ადვილად ტრანსპორტაბელურია, ხოლო ვაკუუმ ტუმბო მოქმედებაში მოჰყავს ელექტრო ამძრავს, ან შიგაწვის ძრავას, რაც გვაძლევს მის ნებისმიერ პირობებში გამოყენების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მობილური საწველი აპარატების ექსპლოატაცია არ მოითხოვს მწველავისაგან რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას და მოსახმარებლად მარტივია.

ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საწველი აპარატით წველა გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს ცხოველის მიმართაც; მაგალითად, მანქანური წველისათვის ვარგისად ითვლება ფური, რომელსაც აქვს:

  • ჯამისებრი ან მომრგვალებული ცური,
  • ცურს აქვს სწორი ფუძე და ის დაცილებულია იატაკიდან არა ნაკლებ 45 სმ.-ით;
  • კერტების სიგრძეა 6-9 სმ, ხოლო დიამეტრი მის შუა წერტილში 2-დან 3,2 სმ-ის ფარგლებშია;
  • კერტებს შორის მანძილი 6-20 სმ, ხოლო წინა და უკანა კერტებს შორის- 6-14 სმ- ის ფარგლებშია;

შრომის მწარმოებლურობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით დღეს მსხვილ მეურნეობებში ფურებს წველიან საწველ დარბაზებში, რა მიზნითაც სხვადასხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებულია სტაციონალური საწველი დანადგარები: „კარუსელი“, „ტანდემი“, „ირიბულა“ (იგივე „იოლოჩკა“), „პარალელი“ და სხვ. ეს დანადგარები ერთმანეთისაგან, ძირითადად, განსხვავდებიან წველის პროცესში ცხოველების გადაადგილებისა და ურთიერთის მიმართ განლაგებით.

ნიშანდობლივია, რომ საწველ დანადგარებზე მიღწეულია შრომის მეტად მაღალი მწარმოებლურობა, კერძოდ ერთი მწველავი, ყოველგვარი ზედმეტი დაძაბვის გარეშე საათში ემსახურება (წველის) 100 ფურს.

ამასთან, ჩვეულებრივ საწველ დანადგარებზე წველისათვის აუცილებელი მოთხოვნების გარდა, საწველ დარბაზებში მოსაწველი ფური უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით პირობებს:

  • ცურის მეოთხედები თანაბრად უნდა იყოს განვითარებული, ანუ ცალკეული მეოთხედის გამოწველის ხანგრძლივობაში განსხვავება 1 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.
  • გამოწველის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 წუთს;
  • წველის დამთავრების შემდეგ ცურში „ნარჩენი რძის“ რაოდენობა არ უნდა იყოს 200 მილილიტრზე მეტი (ამასთან თითოეული მეოთხედიდან არა უმეტეს 100 მილილიტრისა).

რძის მომცემი ისეთი ცხოველებისათვის, როგორებიცაა ცხვარი და თხა, ასევე შექმნილია საწველი აპარატები და დანადგარები, რომლებშიც განხორციელებული კონსტრუქციული ცვლილებები გამომდინარეობენ ამ სახეობის ცხოველების ბიოლოგიური თავისებურებებიდან.

ბოლო წლებში მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა შექმნეს ე.წ. ავტომატური საწველი დანადგარის („მწველავი რობოტის“) რამდენიმე ნაირსახეობა, რომლებიც ადამიანის (მწველავის) ჩაურევლად ასრულებს წველისწინა მოსამზადებელ, საკუთრივ წველის (მათ შორის საწველი ჭიქების კერტებზე მორგებისა და ჩამოხსნის) და წველის დასამთავრებელ ოპერაციებს.

პირველი, ვინ ასეთი დანადგარის წარმოება დაიწყო, ჰოლანდიური კომპანია Lely NV. დღეისათვის ამ ფირმის ლიცენზიით „მწველავ რობოტებს“ უშვებენ ფირმები Fullwood და Bou-Matic, ხოლო კომპანიები АМС А  М   С  Liberty, DeLaval და სხვ. ავტომატური წველის სისტემებს თავიანთი ტექნოლოგიით აწარმოებენ.

2011 წლისათვის კომპანია Lely NV -ს ტექნოლოგიით დამზადებულმა და ექსპლოატაციაში გაშვებულმა ავტომატური წველის დანადგარების საერთო რაოდენობამ შეადგინა 12500 ცალი.

კონსტრუქციული გადაწყვეტილებების ორიგინალობით გამოირჩევა DeLaval -ის „რობოტი-მწველავი“. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ შექმნილი ახალი, AMR  სისტემის ავტომატური საწველი დანადგარი კალიფორნიაში ჩატარებულ აგროექსპორტის კონკურსზე რევოლუციური გადაწყვეტილებების მიღებისათვის ფერმერებმა და ექსპერტებმა აღიარეს როგორც „ტოპ 10“ ახალი პროდუქტი.

გიული გოგოლი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“