საზღვარზე ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა გამოვლინდა, ბატატის 70% კი საკვებად უვარგისი აღმოჩნდა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტებში და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“, გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილ ქათმის გაყინული ხორცით და ბატატით (ტკბილი კარტოფილი) დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები შეაჩერეს.
კანონმდებლობით გათვალისწინებული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ტვირთი სრულ განადგურებას დაექვემდებარა.
ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში 27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტი (გაყინული ქათმის ხორცი) ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.