აგროსიახლეები

შარშან საქართველოდან ექსპორტზე 252 000 000.5$ ღირებულების ღვინო გავიდა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2022 წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონ ლიტრი _ 252.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს.
ღვინის ექსპორტის მოცულობა გაზრდილია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი (ზრდა 32%), აშშ (28%), ლატვია (20%), გერმანია (34%), ესტონეთი (53%), იაპონია (68%).

„2022 წელი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე 2022 წლის რთველთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი გადამუშავდა და მევენახეებმა შემოსავლის სახით, 270 მილიონამდე ლარი მიიღეს.

„შესრულდა სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას. 2022 წელს რთველში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, შამუგიას განცხადებით, ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა ჩაერთო.

„პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის ღონისძიებები აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა“, – აღნიშნა შამუგიამ.

მისივე თქმით, 2023 წელს, მარკეტინგული ღონისძიებებისათვის 14 მლნ ლარი დაიხარჯება.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში ჩაერთო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით, სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას განახორციელებს, პირველ რიგში, აშშ-ში და ასევე, ქართული ღვინის რამდენიმე სტრატეგიულ ბაზარზე, კერძოდ, სამხრეთ კორეაში, გერმანიაში და დიდი ბრიტანეთში,“ – განაცხადა შამუგიამ.

მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ასევე აღნიშნა, რომ ექსპორტის განვითარებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა ადგილობრივი ბაზრის დაცვა და მიკვლევადობის ინსტრუმენტების გაზრდა.

ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გამკაცრების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე გასაყიდი  ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლიანი სასმელების  სერტიფიცირება სავალდებულო გახდა. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ვალდებულები არიან მწარმოებლებს მოსთხოვონ შესაბამისობის სერტიფიკატი და ისე მოახდინონ რეალიზაცია.

წლეულს, პირველ კვარტალში, გაცემული 2976 შესაბამისობის სერტიფიკატიდან, 794 სერტიფიკატი ადგილობრივი ბაზრისთვის არის განკუთვნილი.

2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, 23.7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის; შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით, 10 მლნ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი დაიხარჯება მეცხოველეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის. შვედეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA) დაიწყო 6 მლნ ევრომდე ღირებულების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას. სატყეო სექტორის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ჩართულია მწვანე კლიმატის ფონდი (GCF), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და შვეიცარიის კონფედერაცია; მათ მიერ რეფორმისათვის 47 მლნ ევრო დაიხარჯება.

ევროკავშირის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-IV ფაზა. პროგრამის ბიუჯეტი 55 მლნ ევროა და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესებას და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობას.