აგროსიახლეები

შარშანდელ ანალოგიურ პერიდთან შედარებით, კახეთში 9-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული

რთველი 2021-ის ფარგლებში, 4 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავდა 37 ათას ტონამდე ყურძენი, რაც თითქმის 9-ჯერ აღმატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

გადამუშავებული ყურძნიდან, 15 ათას ტონაზე მეტი დასეტყვილი მოსავალია.

ყურძენი საწარმოებს 3300-მდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 35 მლნ ლარზე მეტი მიიღეს.

კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან დაიწყო, მომავალი კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. 2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, დაზიანდა 180 ჰა ფართობის ვენახები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს – 1 ლარად აბარებენ. მიმდინარეობს სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა.