აგროსიახლეები

„შეკვეთები უკვე მიღებული გვაქვს“, ერთ თვეში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

ქარელის რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება ერთ თვეში დაიწყება, ამბობს კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელი ავთანდილ მაისურაძე.

 სეტყვის და მზისგან დამცავი ბადეების წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა. კერძოდ, ავთანდილ მაისურაძე ასევე წარმოადგენს კომპანია AntGeo-ს, რომლის საქმიანობაც ბადეების და სარწყავი სისტემების მონტაჟია.

როგორც ავთანდილ მაისურაძე აღნიშნავს, კომპანიამ არა მხოლოდ ქართული ბაზრის, არამედ მთლიანი რეგიონის საჭიროებები შეისწავლა, შესაბამისად, ის მეზობელი ქვეყნების მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.

„წარმოება ჯერ არ დაწყებულა. კორონა ვირუსის გამო საწარმოს დაწყება შეფერხდა. თუმცა, ქარხნის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. საწარმო სამ ცვლაში 24-საათიანი დატვირთვით იმუშავებს, სადაც, სულ  მცირე 20 ადამიანი დასაქმდება.

მოთხოვნა ძალიან დიდია. შეკვეთები უკვე მიღებული გვაქვს, ეს, დაახლოებით, 100 ჰექტრის მოცულობის ბადის წარმოებაა. შემკვეთები შიდა ქართლში არსებული მეურნეობებია, რომლებიც ხეხილის ბაღებს აშენებენ.

ვაპირებთ, რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობასაც, უბრალოდ, თუ გზები არ გაიხნა, ეს პროცესი ცოტა გადაიდება.

რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, ის ნახევარ მლნ აშშ დოლარს შეადგენს“,_ ამბობს ავთანდილ მაისურაძე.

ავტორი:

ნინი ქეთელაური

წყარო: bpn.ge