აგრარული განათლებადარგებისტატიები

სოციალიზმში ჩატოვებული მეცნიერება

ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპი ხასიათდება იმით, რომ სახელმწიფო თანდათანობით აღარ თვლის თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის სფეროდ სამეურნეო საქმიანობის ბევრ სახეობას და მათ შორის,  პირველ რიგში, ინოვაციურ სექტორებში, რომლებიც ტრადიციულად მის განკარგვაში იმყოფებოდა. მეორეს მხრივ, მრავალი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში  არ  მოიპოვება სახსრების საჭირო მოცულობები, ზოგჯერ კი კეთილი ნებაც, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უბრალო და, მით უფრო, გაფართოებული საინოვაციო და ინფრასტრუქტურული კვლავწარმოება. ამ პირობებში გამოიყენება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის (სკპ) კონცეფცია, რომელიც გულისხმობს მეცნიერების, განათლებისა და წარმოების ინტეგ-რაციას ტექნოპარკების სახით და წარმოადგენს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების პროგრესულ ფორმას ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების წარმოებაში დასანარგად.

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილი მონაცემები ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მათი რეალიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი რეგულირების შესახებ განხილული და მოწონებულია საქართველოს ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

2016 წელს ჩვენ მიერ შემოთავაზებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან აგროტექნოპარკის შექმნა ინსტიტუტის და მისი ექსპერიმენტული ქარხნის ბაზაზე, სამეცნიერო კვლევების შედეგების ეკონომიკაში გადაცემის ეფექტური მექანიზმის შექმნის ვარაუდით (1). სამწუხაროდ, ქართული აგროტექნოპარკი ჯერ კიდევ არ არსებობს და, შესაბამისად, ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც აკისრია, მაგალითად, კვლევით საუნივერსიტეტო პარკებს აშშ-ში და კანადაში, სამეცნიერო პარკებს დიდ ბრიტანეთში, ტექნოპარკებს და ინოვაციურ ცენტრებს გერმანიაში, საფრანგეთში, ფინეთსა და  ჩინეთში (2-9).

მიმდინარე წელს მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაშიც შექმნილი კრიზისი გვაიძულებს რადიკალურად გადავხედოთ უპირველეს ყოვლისა ეკონომიკურ პოლიტიკას. ახლახან საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა  სოფლის მეურნეობის 2030 წლამდე განვითარების გეგმა. ასეთივე გეგმაზე პარალელურად მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაც. მივედით იმ დასკვნამდე, რომ, სამწუხაროდ,  როგორც ქართული მეცნიერება ასევე მთავრობაც  ჩარჩნენ სოციალიზმში, „გოსპლანის” გარეშე, ანუ იმ ხმელ-ნედლი ჯირკვის მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელიც არც საცეცხლედ ვარგა და არც სანერგედ გამოადგება ქვეყანას. მთავრობის მიერ მიღებულ გეგმებში სიტყვა არ არის ნათქვამი არც ინოვაციურ ტექნოლოგიებზე  და არც მეცნიერების ადგილზე აგრარულ სფეროში. ამით იმის თქმა  გვინდა, რომ როგორც მეცნიერება,  ასევე სამინისტროც სოციალისტური გეგმებით გვმოძღვრავენ და ადგენენ სოფლის განვითარების 5, 10-წლიან გეგმებს, ქვეყანა კი გაუაზრებელი კაპიტალიზმის რელსებზეა შეგდებული და, თუ ასე გაგრძელდა, ვერასდროს ვერ გამოვალთ იმ უფსკრულიდან, რომელშიც ქვეყანა ჩააგდო საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე პარლამენტსა და მთავრობაში მიღებულმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა, რომლებმაც ჩაკლეს ერთ დროს წარმატებული ქართული აგრარული მეცნიერება, გაანადგურეს უდიდესი ტრადიციების მქონე 14-დან 13 სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია და დღემდე არაფერი კეთდება სამეცნიერო პოტენციალის აღსადგენად, ახალგაზრდების  მეცნიერებაში მოსაზიდად.

მსოფლიოს წამყვანი, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სოფლის მეურნეობის განვითარების გამოცდილების გაცნობამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის აღორძინებისათვის გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი გამოყენება შეუძლებელი იქნება აგროტექნოპარკების შექმნის გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ტექნოპარკების შექმნის ერთიანი სცენარი არ არსებობს. ყველა ქვეყანა გამოდის იქ არსებული რეალობებიდან და ქმნის ტექნო-პარკების საკუთარ მოდელს.

აგროსამრეწველო სფერო  წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და  მიწოდების ერთმანეთთან ეკონომიკური ურთიერთობებით დაკავშირებული დარგების ერთობლიობას. ესენია წარმოების საშუალებების წარმოება, საკუთრივ სოფლის მეურნეობა, ანუ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის მოვლა-მოყვანა, ამ ნედლეულის გადამუშავება და გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი მეორადი ნედლეულის უტილიზაცია, ყველფერი ამისათვის საჭირო  საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურა.

აგროსამრეწველო კომპლექსის აღორძინება უნდა დავიწყოთ  კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობით, რადგანაც სწორედ ეს დარგი ქმნის მოთხოვნილებას სასაფლო-სამეურნეო პროდუქციაზე (ნედლეულზე), მის განვითარებაზეა დამოკიდებული მოწეული მოსავლის ეფექტური და უნარჩენო გამოყენება და, რაც მთავარია, აქ იქმნება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი.

ცხილი ერეთი ლკჯალკდჯფჯას

ბოლო წლებში ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ ეკონომიკური რეგულირების რომელი მოდელი უნდა მოვარგოთ საქართველოს ეკონომიკას  და მის წამყვან დარგს – კვებისა და გადამამუშავებელ მრეწველობას. წინამდებარე ნაშრომიც ასეთი მცდელობის კიდევ ერთი მაგალითია. გაცილებით ნაკლებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი პროდუქტების წარმოებას უნდა მოერგოს ეს მოდელები და როგორი უნდა იყოს ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და რეალიზაციის ორგანიზაციულ – სამართლებრივი რეგულირების მექანიზმი.

დამოუკიდებლობის 30 წლის გამოცდილებამ ნათლად დაგვანახა, რომ  ძირეულად უნდა შეიცვალოს საქართველოში წარმოებული კვების პროდუქტების როგორც ასორტიმენტი, ასევე მათი ხარისხი და უვნებლობა; მსოფლიოს  მოთხოვნილებებთან შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ ისეთი ტრადიციული კვების პროდუქტების წარმოება, როგორებიცაა ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელები, პური და პურპროდუქტები და ა.შ. ასევე უნდა შეიცვალოს ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის და რეალიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი რეგულირების დღეს არსებული მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით შემოთავაზებული იყო (1)  საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნას ქვემოთ მოყვანილი სახელმწიფო კერძო პარტნიორობა – აგროტექნოპარკი, რაც ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა და მეცნიერებაც და წარმოებაც ერთმანეთისაგან საკმაოდ დისტანცირებულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოში.

ცხრილი ორიკილკადლფკჯასლდფჯ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1961 წლიდან ემსახურებოდა და ემსახურება კვების მრეწველობის დარგების (ღვინის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ხორცისა და რძის, პურისა და პურპროდუქტების, საკონდსერვო მრეწველობის) მეცნიერული უზრუნველყოფის საქმეს. ყოფილ სსრ კავშირში ის ასრულებდა სათაო სამეცნიერო ორგანიზაციის ფუნქციას ნატურალური საკვები დანამატების (საღებავები, არომატიზატორები) შექმნისა და წარმოების სფეროში.

ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილი ტექნოპარკის ასამოქმედებლად და საამისოდ ინვესტორების მოსაზიდად ინსტიტუტს დამუშავებული აქვს ინოვაციური ტექნოლოგიები და მათი რეალიზაციისათვის საჭირო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები, რომელთა რეალიზაცია საშუალებას იძლევქა არსებული ნედლეულის რესურსების გამოყენებით აგროსამრეწველო სფეროში ეროვნული შემოსავალი დღეს არსებული სამარცხვინო მაჩვენებლიდან – 400 მლნ აშშ დოლარიდან გავზარდოთ 2-3 მლრდ დოლარამდე.

  უნდა აღინიშნოს, რომ მწირი საბიუჯეტო სახსრების არსებობის პირობებშიც, ქვეყანაში საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოიყოფა მეცნიერულ კვლევებსა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე გამიზნული სახსრები, რომლებიც, სამწუხაროდ, არაეფექტურად ნაწილდება, უწინარეს ყოვლისა, საექსპერტო კომისიების არაკომპეტენტურობის გამო. 

როგორც ამის შედეგი, ბოლო 30 წლის მანძილზე დარგში არ დანერგილა არცერთი ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც შესამჩნევ გავლენას მოახდენდა დარგის საექსპორტო პოტენციალზე. ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ვერ ახდენს ქმედით გავლენას დარგის ინოვაციურ განვითარებაზე, რისი ძირითადი მიზეზია ის, რომ მეცნიერებაზე განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება აკადემიის გვერდის ავლით. ერთმანეთისაგან საკმაოდ დისტანცირებულია აკადემია და სამინისტრო, მათ შორის არსებული ფორმალური კავშირი არაფრის მქმნელია და, როგორც ასეთი, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნასა და წარმოებაში დანერგვაზე.  უფრო მეტიც, მაგალითად, სამინისტროს კანონის დარღვევად მიაჩნია საზღვარგარეთის მივლინებებში გაითვალისწინოს ქართველი აკადემიკოსების ჩართვა დელეგაციების შემადგენლობაში. როგორც შედეგი, უაზროდ იხარჯება მილიონობით სამივლინებო სახსრები. არაფერს ვამბობთ იმის შესახებ, რომ სამინისტროს არაკომპეტენტური წარგზავნილები პირდაპირ ლახავს საქართველოს მეცნიერების იმიჯს და ქმნის ამ ქვეყანაზე ჩამორჩენილი ტერიტორიის შთაბეჭდილებას. კატეგორიულად მოვითხოვთ, აიკრძალოს სამთავრობო დელეგაციების ვიზიტები საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამისი პროფილის აკადემიკოსების მონაწილეობის გარეშე.

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე აკადემია სისტემატურად აყენებს საკითხს იმის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრის  ჰონორარი გაუთანაბრდეს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის შრომის ანაზღაურებას. ჩვენი ღრმა რწმენით, მადლობა უნდა ვუთხრათ მთავრობას იმ დახმარებისათვის, რასაც ის უწევს დარგობრივ აკადემიას და მოვითხოვოთ არა ხელფასის მომატება, არამედ ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მეცნიერს, აკადემიკოსს მისცემს თავისი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალებას, რაც მიიღწევა სწორედ მეცნიერებისა და წარმოების ინტეგრაციის თანამედროვე ფორმის – აგროტექნოპარკის სისტემის დანერგვის შემთხვევაში. აშშ-ში, მაგალითად, პროფესორის საშუალო ხელფასი არ აღემატება 2-4 ათას  დოლარს, მაშინ როდესაც ინოვაციების დანერგვით მიღებული წლიური შემოსავალი რამდენიმე მილიონს აღწევს.

ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის ოპტიმიზაციისა და ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და წარმოებაში დანერგვის საქმეში აკადემიის უშუალო ჩართვის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია შეყვანილ უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უშუალო დაქვემდებერებაში, რათა მოიხსნას ის ხელოვნური ბარიერი, რომელიც აღმართულია მეცნიერებასა და სამინისტროს შორის. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები უნდა ჩაუდგნენ სათავეში სამისტროსთან არსებული სამეცნიერო ცენტრის თითოეულ განყოფილებას და მიეცეთ შესაბამისი ანაზღაურება. იგივე აკადემიკოსები უნდა გახდნენ მინისტრის მრჩევლები. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ახალგაზრდებმა გამოიჩინონ დაინტერესება მეცნიერების სფეროში მოღვაწეობით, ესაა სწორედ ის ერთადერთი გზა, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას უცხოური ტექნოლოგიებისადმი დამოკიდებულებისაგან, შექმნის დარგის საექსპორტო პოტენციალს.

საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარება უნდა დავიწყოთ კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის აღდგენით, რადგანაც სწორედ ეს დარგი ქმნის მოთხოვნილებას ადგილობრივ ნედლეულზე, ასაქმებს მოსახლეობას სოფლად და ქალაქად – მოხსნის ქვეყანაში არსებულ სოციალურ დაძაბულობას. პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს რეალურად არსებული საკვები მცენარეული ნედლეულის რესურსების გამოყენების კოეფიციენტის ამაღლება კომპლექსური და უნარჩენო ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ შევიმუშაოთ დარგის ინოვაციური განვითარების მოკლევადიანი სტრატეგია.

                   დასკვნები და წინადადებები

აგრარულ სფეროში არსებული სამეცნიერო პოტენციალის ოპტიმიზაციის, ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და  სამრეწველო მასშტაბით რეალიზაციის მიზნით  მიზანშეწონილად მიგვაჩნია:

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია შეყვენილ იქნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებერებაში, როგორც თვითმართვადი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული;
  2. ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და რეალიზაციის სტიმულირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკვების მრეწველობის სამეცნიერო – კვლევითი  ინსტიტუტის, სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო ცენტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე  დაფუძნდეს მეცნიერების, განათლებისა და წარმოების ინტეგრაციის სახელმწიფო – კერძო პარტნიორობის მსოფლიოში  აღიარებული ფორმა – აგროტექნოპარკი;
  3. კვებისა და გადამმუშავებელ მრეწველობაში დღეს არსებული ღვინის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლოკვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიები მთლიანად შექმნილია ქართველი მეცნიერების უფროსი თაობის მიერ. უკიდურესად დაბალი ანაზღაურების გამო, მეცნიერებაში არ მიდის ახალგაზრდობა, რის  შედეგად ქვეყანაში არ იქმნება ინოვაციური ტექნოლოგიები, გამოუყენებელი რეზერვის მდგომარეობაში რჩება მეორადი ნედლეულის უზარმაზარი რესურსები, რაც განაპირობებს აქ წარმოებული პროდუქციის არაკონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე, ქვეყნის უკიდურესად დაბალ საექსპორტო პოტენციალს;
  4. მეცნიერული საქმიანობის სტიმულირების, ახალგაზრდა კადრების ინოვაციურ საქმიანობაში ჩართვის და საამისოდ შესაბამისი სახსრების მოზიდვის მიზნით, საქართველოში წარმოებული კვების პროდუქტების თვითღირებულებაში შეტანილ იქნას მუხლი „მეცნიერების გადასახადი,” და ეს სახსრები მოხმარდეს მეცნიერთა სოციალური დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების საქმეს;
  5. აგროსამრეწველოსფეროში ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს და მიიღოს კანონი ტექნოპარკების შექმნისა და საინოვაციო ფუნქციონირების სპეციალური რეჟიმის შესახებ.

ნუგზარ ბაღათურია, 

კვების მრეწველობის / ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი 

 

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. ნ. ბაღათურია, საქართველოს კვების მრეწველობა. საექსპორტო პოტენ-ციალი და მისი ამოქმედების ინოვაციური ტექნოლოგიები. თბილისი, 140 გვ. 2018;
  2. Варнавский В.Г. Управление государственно-частными партнерствами за рубежом // Вопросы государственного и муниципального управления, 2012. №  С. 134-147.
  3. Гафурова Г.Т. Зарубежный опыт развития механизмов государственно-частного партнерства // Финансы и кредит. 2013. № 48 (576).
  4. Ефимова Л.И. Некоторые модели государственно-частных партнерств: тенденции и зарубежный опыт. URL: www.eatc.ru/rus/doc.idbook_1.ph
  5. А. В. Мехренцев, А. А. Добрачев.ТЕХНОПАРКИ ПРИ УНИВЕРСИТЕТАХ: НЕРЕА-ЛИЗОВАННЫЕ ВОЗМОЖНОСТИ. журнал научных публикаций Ц, № 1 (31) ЯНВАРЬ 2013, ДИСКУССИЯ 4;
  6. Формирование инновационной системы АПК: Механизм государственно-частного партнерства / Под ред. И.Г. Ушачева, И.С. Санду, В.И. Нечаева, Г.М.
  7. Шаповалова Н.В., Королева Н.В. Государственно-частное партнерство: зарубежныйопыт//https://docviewer.yandex.ru/?url=http%3A%2F%2Fwww.lib.tpu.ru%2Ffulltext%2Fc%2F2013%2FC5
  8. Moreddu, C. (2016), “Public-Private Partnerships for Agricultural Innovation: Lessons From Recent Experiences”, OECD Food, Agriculture and Fisheries Papers, No. 92, OECD Publishing, Paris. http://dx.doi.org/10.1787/5jm55j9p9rmx-en;
  9. Public-private partnerships as systemic agricultural innovation policy instruments – Assessing their contribution to innovation system function dynamics. NJAS – Wageningen Journal of Life Sciences Volume 88, April 2019, Pages 76-95