აგროსიახლეები

CNFA-ა საქართველოს აგრარული სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის გააღრმავებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, CNFA-ის (Cultivating New Frontiers in Agriculture) პრეზიდენტს, სილვან როის და ორგანიზაციის დირექტორატს შეხვდა.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და მსოფლიო გამოცდილების გაზიარება.

მინისტრმა საქართველოში გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პოზიტიურ შედეგებზეც ისაუბრა, აქტიური მხარდაჭერისთვის CNFA-ის მადლობა გადაუხადა და თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლისა და ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაცია Cultivating New Frontiers in Agriculture (CNFA) 1985 წელს დაარსდა. ორგანიზაციას, მსოფლიო მასშტაბით, 43 ქვეყანაში აქვს განხორციელებული პროექტები, რომელთა მიზანსაც აგროსექტორის განვითარება, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა წარმოადგენს.

საქართველოში CNFA 2006 წლიდან საქმიანობს და სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორის, 7 დასრულებული და 2 მიმდინარე პროექტია.

CNFA-ის პრეზიდენტმა, სილვან როიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებს და აგრარული დარგის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა