აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

სუბტროპიკული ხურმის მოსავლიანი ხეების გასხვლის წესები და ვადები

სუბტროპიკული ხურმის (diospyros kaki) ნაყოფს- მაღალი კვებითი, დიეტური, სამკურნალო და ტექნიკური მნიშვნელობა აქვს, მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ნედლად, ასევე გადამუშავებული სახით.

ხურმის ნაყოფი შეიცავს ადვილად შესათვისებელ შაქრებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს და მთრიმლავ ნივთიერებებს

ხურმის კულტურის სამშობლო ჩინეთია.საქართველოში ამ კულტურამ მეორე სამშობლო ჰპოვა,შესანიშნავად ხარობს, მაღალხარისხოვან ნაყოფს იძლევა; ყოველივე ეს განპირობებულია ხურმის მაღალი ყინვაგამძლეობით.

სუბტროპიკული კულტურების ბაღის მოვლის ღონისძიებათა კომპლექსში გასხვლას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. უძველესი დროიდან მიმართავდნენ და დადებითად აფასებდნენ მის გამოყენებას. მიუხედავად ამისა, დღემდე ერთიანი აზრი მცენარეთა გასხვლაზე არ არსებობს; ერთნი ამტკიცებენ, რომ გასხვლა აუმჯობესებს ხის საერთო მდგომარეობას და ზრდის მსხმოიარობას, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ გასხვლა იწვევს ხის დასუსტებას, ბიომასის დაკარგვას და მოსავლიანობის შემცირებას.

 სტატიის ავტორის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები ამტკიცებს, რომ ხურმის მოსავლიანი ხეების  გასხვლა აუცილებელია და ის დადებითად მოქმედებს როგორც ზრდაზე, ისე მოსავლიანობაზე და პროდუქციის ხარისხზე.

ხურმის სრულმოსავლიან ხეებს ახასიათებს გამოხატული სიბერის ნიშნები, ზრდის ინტენსივობის შემცირება, ვარჯის პერიფერიული ნაწილის ხმობა, მოსავლის შემცირება და ნაყოფის ხარისხის გაუარესება.

 სუბტროპიკული ხურმის ხეები ჩვეულებრივად  მიმდინარე წლის ნაზარდებზე მსხმოიარობენ,რომელიც ფორმირდება ერთ-ორწლიან ნაზარდებზე. წინა წლის ნამსხმოიარევი ტოტები მომდევნო წელიწადს აღარ ისხამს, ხმება და ცვივა. ეს იწვევს ვარჯის ჩახშირებას, სინათლისა და ჰაერაციის გაუარესებას, მსხმოიარობის ​ტოტების ბოლოებისკენ გადანაცვლებას, ნაყოფმსხმოიარობის შემცირებას

სუბტროპიკული ხურმის ხეების გასხვლა ორი მიმართულებით ტარდება; პირველ რიგში ჩასატარებელია ვარჯის გასუფთავება, როცა შორდება ხმელი, დაზიანებული და ნამსხმოიარევი ტოტები, რომელიც არღვევს ვარჯის საერთო ეიერსახეს. მეორე შემთხვევაში ხდება ნაზარდების დამოკლება ერთი მესამედით,ერთი მეორით, და სამი მეოთხედით ანუ მსუბუქი,საშუალო და ძლიერი გასხვლები. ღონისძიების ჩასატარებლად შერჩეული იყო ვადები; შემოდგომა _ ნოემბრის ბოლო დეკადა, ზამთარი _ თებერვლის პირველი დეკადა, ადრე გაზაფხული _ მარტის პირველი დეკადა.

დაკვირვებამ გვიჩვენა რომ გასხვლის წესები გავლენას ახდენს ხურმის  ვეგეტაციის დაწყებაზე; ადრე იწყებენ ვეგეტაციას გაუსხლავი მცენარეები გასხლულებთან შედარებით სხვაობა 2-22 დღემდეა. განსხვავებულია ყვავილობის დაწყების დროც, რომელიც1-4 დღემდე მერყეობს. გასხვლა დადებითად მოქმედებს სასარგებლო გამონასკვაზე, რაც მიგვანიშნებს გასხვლასა და გამონასკვის პირდაპირ კავშირზე. მაღალი მაჩვენებლებია მიღებული ძლიერი გასხვლის დროს, შემდეგ მოდის საშუალო სიძლიერის გასხვლა. ბოლო ადგილს იკავებს მსუბუქი გასხვლა.

გასხლულ ხეებში სასარგებლო გამონასკვის პროცენტი 2-3 ჯერ აღემატება საკონტროლო მაჩვენებელს. მაგალითად ჯიში ჰაჩიას სასარგებლო გამონასკვა მერყეობს 26,3-47,6%.მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი გაუსხლავ ხეებში 22-46% შეადგენს.

გასხვლის ვადებისა და წესების მიხედვით ხურმის ფოთოლცვენის პროცესი განსხვავებულია, სხვაობა შეადგენს 1-5 დღეს. ადრე იწყებენ ფოთოლცვენას გაუსხლავი და მსუბუქად გასხლული მცენარეები. ვარიანტების მიხედვით ფოთოლცვენა 8-22 დღეს გრძელდება.

სუბტროპიკული ხურმის წლიური ციკლი მთავრდება 225-245 დღეში. ყველაზე უფრო გრძელი სავეგეტაციო პერიოდი ახასიათებს, მსუბუქად გასხლულ მცენარეებს (245) დღე. ყველაზე მოკლე სავეგეტაციო პერიოდი აღინიშნება მძიმედ გასხლულ ხეებში(225).

მიღებული შედეგებიდან ვასკვნით, რომ გასხვლა, მით უმეტეს ძლიერი, ამცირებს სავეგეტაციო პერიოდს, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მცენარის ყინვაგამძლეობას.

კვლევებით დადგენილია, რომ სხვადასხვა ჯიშები, სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში ვეგეტაციას ადრე იწყებენ გაუსხლავი და მსუბუქად გასხლული მცენარეები. დაგვიანებული  ვეგეტაცია ახასიათებს მძიმედ გასხლულ მცენაარეებს.

გასხვლის ვადებისა და წესების შესაბამისად ხურმის ვარჯში წარმოქმნილი ყლორტები სამ ჯგუფად იყოფა:

10სმ-სიგრძის ნაზარდები;

10-30სმ სიგრძის ნაზარდები;

30 სმ უფრო მეტი ნაზარდი.

ყველაზე მეტი რაოდენობით (30-57%)წარმოიქმნება გაუსხლავ მცენარეებში. ყველაზე ნაკლები (11-19%),მძიმედ გასხლულ მცენარეებში.

დასავლეთ საქართველოს პირობებში გასხვლა დადებითად მოქმედებს ხურმის ფოთლის საასიმილაციო ზედაპირზე. გასხვლის სიძლიერესთან ერთად იზრდება ფოთლის ფართობი.საკონტროლო მცენარეებში, 51-68 სმ/კვ მსუბუქი გასხვლისას 52-73სმ/კვ, საშუალო გასხვლისას 61-76სმ/კვ., ძლიერად გასხვლის შემთხვევაში 73-82სმ.კვ. დადებით შედეგს იძლევა ყველა მაჩვენებელში შემოდგომა ზამთრის ვადაში ჩატარებული სხვლა.

გასხვლა აძლიერებს სუნთქვის და ფოტოსინთეზის ინტესიობას, ადიდებს ქლოროფილის მარცვლების რაოდენობას. პრაქტიკულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ გასხვლა იწვევს ხურმის მოსავლიანობის ზრდას, და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. ძლიერად გასხლულ მცენარეთა მოსავალი 47-341% ით აღემატება გაუსხლავ მცენარეთა მოსავალს. რაც უფრო მკაცრია მცენარის გასხვლა მით მეტია საჰექტარო მოსავლიანობა.გაუსხლავ მცენარეებში _ 64-156 ცენტნერია ჰექტარზე. საშუალო გასხვლისას _ 155-293 ც.ჰა-ზე, მძიმედ გასხვლისას _ 170-373 ც.ჰა-ზე.

გასხვლის ვადები და წესები დადებითად მოქმედებს ხურმის ნაყოფის ქიმიურ და მექანიკურ მაჩვენებლებზე; გასხვლის-სახეების მიხედვით-მშრალი ნივთიერების შემცველობა ნაყოფში 17-28% მდე მერყეობს, საშუალო და ძლიერად გასხლულ მცენარეებში ასევე მაღალია საერთო შაქრის შემცველობა (16-18%).

რაც შეეხება მთრიმლავ ნივთიერებებს სხვაობა არ აღინიშნება და ის 0;26,-1;70. %. ფარგლებშია.

ვიტამინ „ც“ შემცველობა-დაბალია (5;16-9;6) გაუსხლავ და მსუბუქად გასხლულ მცენარეებში, მაღალია საშუალო და ძლიერად გასხლულ მცენარეთა ნაყოფებში _ (6;10-11;9  6;24-12;1)

დასკვნა

სამრეწველო ბაღების პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით გასხვლა აუცილებელი ღონისძიებაა.

გასხვლის ვადები და წესები დადებითად მოქმედებს სუბტროპიკული ხურმის ყლორტების ზრდაზე, საასიმილაციო ზედაპირის შექმნაზე, ფიზიოლოგირ პროცესებზე და სასარგებლო გამონასკვაზე.

გასხვლის შედეგად იზრდება მოსავლიანობა და პროდუქციის ხარისხი.

გასხვლის წესებიდან უპირატესობა ენიჭება საშუალო და ძლიერ გასხვლას.

საუკეთესო ვადად ითვლება შემოდგომა ზამთარი.

გასხვლის ჩატარება მიზანშეწონილია სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო ხმელი, დაზიანებული და ნამსხმოიარევი ტოტების მოცილება _  ყოველწლიურად

ნუგზარ კალანდია,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი