ჭარხალი
ადამიანის კვების საქმეში ამ კულტურის მნიშვნელობა დიდია. გამოიყენება როგორც ქორფა ძირები წვნიანი საჭმელის დასამზადებლად, ისე ფოთლები მხალად და მწნილების დასამზადებლად. ჭარხალი შეიცავს C ვიტამინების დიდ რაოდენობას და მინერალურ მარილებს.
ბიოლოგიური თავისებურება
თესლი ხელსაყრელ პირობებში გაღივებას 5-8 დღეში იწყებს. აღმოცენდება ორი პატარა ფოთლით. ისინი სწორმდგომი ფოთლებია. ეს ფაზა 6-10 დღე გრძელდება. ამის შემდეგ ვითარდება ნამდვილი ფოთლები. პარალელურად ხდება ფესვების ზრდა, ისინი პირველ ხანებში ძაფისებურია, შემდეგ ხდება მათი გამსხვილება და ყალიბდება ძირხვენა. ზრდასრული მცენარის ფესვთა სისტემა ნიადაგში 2,5 მეტრი სიღრმეზე ვრცელდება. სიგანეში იგი 50 სმ რადიუსით ვითარდება.
ფესვთა სისტემის განვითარების პარალელურად ვითარდება ფოთლის სისტემა. მათი განვითარების შესაბამისად მიმდინარეობს ძირხვენის ზრდა და მასში მარაგ ნივთიერებათა დაგროვება. საადრეო ჯიშების სავეგეტაციო პერიოდი 75-80 დღეა, ხოლო საგვიანო ჯიშებისა 150-200 დღე გრძელდება.
ზამთარში შენახვისას ძირხვენაში მიმდინარეობს საყვავილე კვირტების ჩასახვა. ძირხვენის გრუნტში გადარგვისას იგი ფესვიანდება, წარმოქმნის ფოთლის როზეტს, ხოლო 20-30 დღის შემდეგ ღეროს, ხოლო შემდეგ საყვავილე ღეროს. სადედე ძირხვენის გადარგვიდან 50-60 დღის შემდეგ იწყება ყვავილობა, რომელიც 30-50 დღე გრძელდება. დამტვერიანება ხდება ქარის საშუალებით. განაყოფიერებიდან 60-65 დღის შემდეგ ხდება თესლის მომწიფება.
გარემო პირობები
ჭარხალი სიცივეგამძლე მცენარეა. თესლი გაღივებას 5-6 0C იწყებს. ოპტიმალურია 25 0C. ახალგაზრდა მცენარეები იტანენ ხანგრძლივი დროით აცივებას, თუმცა ისინი -3-4 0C ზიანდებიან. ასაკოვანი მცენარეების ფოთლები უძლებენ -5-6 0C ტემპერატურის დაწევას მცირე დროით. ამოღებული ძირხვენები ზიანდება -2 0C.
მცენარის ზრდა-განვითარებისა და ძირხვენების ფორმირებისათვის ოპტიმალურია 15 – 250C. ხანგრძლივი დროით დაბალი ტემპერატურის მოქმედება ხშირად არღვევს მცენარის განვითარების ორწლიან ციკლს. ამ დროს პირველ წელსვე მიიღება მცენარეები, რომლებიც იწყებენ ყვავილობას. ის მცენარეები, რომლებიც არ აყვავილდა მეორე წელს თესლს არ ინვითარებენ. სათესლე სადედე ძირხვენების შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა 1+3 0C.
ჭარხალი გრძელი დღის მცენარეა. გრძელი დღე აჩქარებს ყვავილობას და თესლის მიღებას. შემცირებული დღე და მაღალი ტემპერატურა სათესლე ძირხვენებში ამუხრუჭებს საყავილეების წარმოქმნას, მცენარე რჩება უთესლოდ. არასრულყოფილი განათება უარყოფითად მოქმედებს მცენარის ზრდაზე, რის გამოც უარესდება ძირხვენების ხარისხი. ჭარხალი სიცხეგამძლეა, თუმცა მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია მცენარე უზრუნველყოფილი იქნას ტენით. 40 ტონა მოსავლის ფორმირებისათვის 1 ჰა-ზე იხარჯება 3-4 ათასი კუბური მეტრი წყალი.
ნიადაგის დამუშავება
აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგის ძირითადი დამუშავება – კულტივაცია, დაფარცხვა, ფრეზირება შემოდგომაზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში ადრე გაზაფხულზე ჩატარდება.
საუკეთესოა კომპლექსური სასუქების გამოყენება. მათი შეტანა ხდება ძირითადი ხვნის წინ. 1 ჰექტარზე 40 ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა შეტანილი იქნას აზოტი 120 კგ, ფოსფორი 60 კგ, კალიუმი 150 კგ. ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები შეიტანება ნიადაგის ძირითადი ხვნის წინ, აზოტოვანი სასუქები კი – გამოკვების სახით ვეგეტაციის პერიოდში.
თესვა
ჭარხალის დათესვა ხდება როცა ნიადაგი 8-100C გათბება.
შესაძლებელია მისი მეორედ დათესვა როგორც განმეორებითი კულტურა ივნისის ბოლოდან. ამ დროს მიღებული პროდუქცია საუკეთესოდ ინახება.
თესვა შესაძლებელია მწკრივად ან ზოლებრივად, ერთ ჰექტარზე 500-800 ათასი მცენარე, 8-10 კგ თესლი.
აღმოცენების შემდეგ ხდება გამოხშირვა. მცენარეთა შორის მანძილი 3-5 სმ უნდა იყოს. თუ დათესვა მოხდება ზუსტი სათესი მანქანით, მაშინ გამოხშირვა არ არის აუცილებელი. თუ თესვის შემდეგ მოვიდა თავსხმა წვიმა მაშინ აუცილებელია ჩატარდეს მსუბუქი გადაფარცხვა
ბრძოლა მავნებლების წინააღმდეგ
სარეველა მცენარეების წინააღმდეგ გამოიყენება:
ფლუაზიფოპ-ბუთილი 0,75-1,5ლ/ჰა(ფუზილად ფორტე, ბრეის სუპერი, ტანგრა, ფ-უზიტოპი) ან
ფენოსაპროპ-ეთილი 1-2 ლ/ჰა(ფურორე სუპერი).
სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება:
პროპინები 2კგ/ჰა (ანტრაკოლი, ფუნგიცინგი,) ან
კრეზოქსიმ მეთილი 0,2კგ/ჰა (სტრობი, პროგრესი,სტრობსტარი).
მავნე მწერების წინააღმდეგ გამოიყენება:
თიამეთოქსამი 0,015კგ/ჰა (აქტარა; მედალი) ან
თიაკლოპრიდი 0,2-0,25ლ/ჰა (კალიფსო; ულტრატოქსი;) ან
იმიდაკლოპრიდი 0,1კგ/ჰა (კონფიდორ მაქსი; იმიდორ მაქსი; მიდაში)
წყარო www.agrovitafsc.com