დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

„თაგვის გემონაკრავი”

ალბათ არ არსებობს იმაზე „საზიზღარი“ ღვინის დაავადება, ვიდრე თაგვის გემონაკრავია.

ქიმიის ენაზე თაგვის გემონაკრავი შემდეგნაირად ჟღერს: 2-აცეტილ ტეტრაჰიდროპირიდინი

რომელსაც ახასიათებენ, როგორც თაგვის ექსკრემენტის სუნს.

ძირითადი გამომწვევი მიკრო-ორგანიზმია, რძემჟავა ბაქტერია (L. Hilgardii, L. Brevis, L. Cellobiosus).

დაავადება მიკრობიოლოგიური ხასიათისაა და ძირითადად ჰიგიენის ნაკლებობის გამო ჩნდება. ღვინოში ამ დეფექტის არსებობა კარგად შეიგრძნობა ყნოსვით, აორთქლებისას და განსაკუთრებით მძაფრია დეგუსტაციის ბოლოს.

თაგვის გემონაკრავის წარმოსაქმნელად აუცილებელი ინგრედიენტია ალკოჰოლი, ამიტომ ღვინოში ეს ტონი ალკოჰოლური დუღილის ბოლოს ვითარდება. იმავე მიზეზის გამო დაავადება ხშირად გვხვდება შემაგრებულ ღვინოში, რომელიც ჩვეულებრივ, ღვინოსთან შედარებით მეტ ალკოჰოლს შეიცავს.

ღვინოში ამ დაავადების პოვნა დაგემოვნებისას უფრო ადვილია, ვიდრე ყნოსვით. მიზეზი ღვინის მჟავიანობაა, რომელიც ხელს უშლის ამ ნაერთის აქროლად  ფორმაში გადასვლას. აღნიშნულის გამო, მაღალმჟავიან ღვინოში ამ დეფექტის პოვნა შედარებით რთულია.

დაგემოვნებისას, პირის ღრუში მოქცეული ღვინო შეერევა რა ნერწყვს, მნიშვნელოვნად კარგავს მჟავიანობას. ასეთ დაბალმჟავიან პირობებში იზრდება ნაერთის აქროლადობა და შესაბამისად მისი შეგრძნება მძაფრდება.

/მსგავსი მექანიზმით, პირის ღრუში არსებული ნერწყვი იცავს კბილის ზედაპირს ღვინის მჟავიანობის კოროზიული მოქმედებისაგან/.

ლიტერატურა: Pasca_Ribereau-Gayon – Handbook of Enology (2006).

წყარო: geowinepage.wordpress.com