აგრარული განათლებადარგებიმეფრინველეობა

თანამედროვე ტექნოლოგიები მეხორცულ მეფრინველეობაში

   ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა სწორად დასახული სტრატეგიისა და პოლიტიკის გატარების შედეგად უზრუნველყოს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. ამის აუცილებლობა განსაკუთრებით ნათლად გამოიკვეთა დღეს, კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც მთელი პლანეტა უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. დღის წესრიგში დადგა ისეთი საკითხის გადაჭრის აუცილებლობა, როგორიცაა იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, რომელიც ხელს უშლის როგორც ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებას, ასევე მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას.

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა  განუწყვეტლივ მიისწრაფვის იქითკენ, რომ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილება ადვილად ხელმისაწვდომ და სრულფასოვან ცხოველურ ცილაზე.  ასეთ საშუალებად განიხილება მეფრინველეობის პროდუქტები: კვერცხი და ხორცი. ამ უკანასკნელის წარმოება მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება და დღეისათვის წელიწადში 296 მილიონ ტონას შეადგენს. ქვეყნების მიხედვით რეიტინგის სათავეში აშშ დგას, რომელსაც ჩინეთი და ბრაზილია მოსდევს. რაც შეეხება ფრინველის ხორცის მოხმარებას ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ამ მხრივ გამოირჩევა არაბთა გაერთიანებული ემირატები, სადაც ეს მაჩვენებელი წელიწადში 100 კგ შეადგენს. მას მცირედ ჩამორჩება ისრაელი, სინგაპური და ამერიკის შეერთებული შტატები. იგივე მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში საშუალოდ 20 კგ-ის ტოლია, რაც საკმაოდ დაბალი ციფრია. ამის ძირითადი  მიზეზი კი ის არის, რომ ამჟამად  საქართველოში  არ არსებობს მეფრინველეობის დარგის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც საშუალებას მოგვცემდა პერმანენტულად ჩატარებული ღონისძიებების  საფუძველზე დარგის წინ წამოწევის და თანამედროვე რელსებზე გადაყვანის.  აქ უპირველეს ყოვლისა იგულისხმება რესურსდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენება.

მეხორცულ მეფრინველეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა უწინარესად გულისხმობს ფრინველის ჯიშებისა და კროსების გაუმჯობესებას, რაც წარმოუდგენელია სანაშენე საქმის წარმოების გარეშე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მიმართულებით საქართველოში არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს. ამიტომაცაა, რომ დარგი ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ამას თან ერთვის ისიც, რომ სახორცედ გამოსაზრდელი ფრინველის ჰიბრიდები უცხოეთიდან შემოდის და ამით ქვეყანა მნიშვნელოვან ფულად რესურსებს კარგავს.

მეხორცეული მეფრინველეობის ეფექტურობის ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული რესურსდამზოგი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების შემუშავებასთან, რომელიც უზრუნველყოფს ფრინველის  გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლინებას.

დღეისათვის მსოფლიო მეფრინველეობაში ფართოდაა გავრცელებული მეხორცული ფრინველის გამოზრდისა და შენახვის სამრეწველო ტექნოლოგები ქვეშსაფენზე და გალიურ ბატარეებში. მასშტაბური გამოყენება ჰპოვა ფრინველის გალიურ ბატარეებში გამოზრდისა და შენახვის ტექნოლოგიამ. მას უდაო უპირატესობა გააჩნია   საწარმოო პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის მხრივ, ასევე მატერიალური (23%-მდე) და შრომითი (26%-მდე) დანახარჯების შემცირების მიხედვითაც. ამასთან ერთად მაღალია პროდუქციის გამოსავალი 1კვ. მეტრზე გაანგარიშებით (60-75%-მდე). შემცირებულია დანახარჯები შენობის გათბობაზე და განათებაზე, გაუმჯობესებულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები. ბროილერების გამოზრდა გალიურ ბატარეებში ხელოვნური დათესლვის გამოყენებით, ზემო აღნიშნული უპირატესობიდან გამომდინარე უდიდეს შედეგებს იძლევა.

ფრინველს ხორცის წარმოების ინტენსიფიკაცია სამრეწველო საფუძველზე ბოლო წლებში განპირობებულია მისი მაღალი ენერგოტევადობით, რა დროსაც   განათებაზე იხარჯება 30%-ზე მეტი. დღემდე მიმდინარეობს ოპტიმალური განათების პროგრამების ძიება, რომელიც მიმართულია განათების როგორც, ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მახასიათებლის სრულყოფისკენ. აქ იგულისხმება, დღის ხანგრძლივობა, განათების დონე და მისი თანაბარზომიერება, გამოსხივების სპექტრული შემადგენლობა.

ამჟამად შექმნილია საფრინველის გასანათებელი სისტემები, სადაც სინათლის წყაროდ გამოყენებულია გამოსხივების სხვადასხვა სპექტრალური თვისებების მქონე, მცირე სიმძლავრის (7; 9 და 11 ვატი) ლუმინესცენტული ნათურები.

ამ სისტემის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია განათების დონის რეგულირება, აკუსტიკური ხმაურის დახშობა, ენერგიის მცირე მოხმარება.

უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს საფრინველეში დიოდური ნათურების გამოყენებაც, რომლებიც 15-20-ჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. მათი ექსპლოატაციის პერიოდი ვარვარების ნათურებთან შედარებით 30-ჯერ მეტია.

 ეკონომიურობის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია დანახარჯების შემცირება საფრინველის გათბობაზე. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ცენტრალური გათბობის სისტემიდან ლოკალური გათბობის სისტემაზე გადასვლა უფრო ეკონომიურია. ესენია ინფრაწითელი კერამიკული ღუმელის მქონე დახურული წვის სისტემების გაზის გენერატორები, ელექტრობრუდერები. აღნიშნული ტიპის გათბობის სისტემების გამოყენება დანახარჯებს 2,5-3,5 ჯერ ამცირებს.

თანამედროვე პირობებში შემუშავებულია ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა  ფრინველისათვის დაგებული ქვეშსაფენი, მოგვიანებით  საწვავად იქნეს გამოყენებული. აღნიშნული ნედლეული, რომლის ტენიანობა 25-35%-ია კარგად იწვის.  1 ტ ასეთი საწვავი იძლევა 1,2 მლნ. კკალ სითბოს. ამ ტიპის თბოუტილიზატორების გამოყენება 20-25%-ით ამცირებს სითბური ენერგიის დანახარჯებს საფრინველეზე და ყოველწლიურად 600 ტ პირობითი საწვავის ეკონომიას აკეთებს.

ცნობილია, რომ ნებაზე კვებისა და დაწყურების დროს ფრინველს შეუძლია იმაზე მეტი საკვები და წყალი მიიღოს ვიდრე ეს შეესაბამება მის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას. აღნიშნული იწვევს მის გადასუქებას და პროდუქტიულობის დაქვეითებას. ამასთან დაკავშირებით თანამედროვე მეფრინველეობაში წარმატებით იყენებენ შეზღუდული კვებისა და დაწყურების პროგრამებს, რომელიც ყველა სახეობის ფრინველისთვისაა შემუშავებული. აღნიშნული ხელს უწყობს ფრინველის შენარჩუნების და კვერცხმდებლობის ზრდას, ამავე დროს 1 ფრთა/ფრინველზე გადანგარიშებით მცირდება საკვების და წყლის დანახარჯი შესაბამისად 40% და 28%-ით.

მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ფრინველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან  წყლის შეწოვა და მისი ჩართვა მიმოცვლის პროცესებში მხოლოდ მაშინ ხდება, როცა წყალი  სხეულის ტემპერატურამდეა გამთბარი. დღეისათვის შემუშავებულია  სარემონტო მოზარდისა და წიწილა-ბროილერებისთვის სასმელი წყლის გათბობის ისეთი რაციონალური რეჟიმები, რომელიც განაპირობებს ფრინველის შენარჩუნების ამაღლებას 2,5-4%-ით და ცოცხალი მასის ზრდას 5-14%-ით, ამასთანავე საკვებისა და წყლის დანახარჯები მცირდება 1 ფრთა/ფრინველზე შესაბამისად 3-8,5 და 7,5-10,5%-ით.

ბოლო პერიოდამდე მეხორცულ მეფრინველეობაში სადედე გუნდის ფრინველის გამოყენების პერიოდი  9-10 თვე იყო. დღეისათვის ეს პერიოდი გახანგრძლივებულია იძულებითი განგურის მეთოდის გამოყენებით. განგურის გარეგნული ნიშნები ძველი ბუმბულის ცვენაა. ეს ხდება ახალი ბუმბულის ზრდის შედეგად, რომლის სტიმულაციას  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი განაპირობებს. კვერცხმდებლობის დროს, საკვერცხეების ჰორმონის ზემოქმედების შედეგად სუსტდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. კვერცხმდებლობის შემცირებით ან შეწყვეტით საკვერცხეების ჰორმონალური აქტიურობა მცირდება, ხოლო ფარისებრი ჯირკვლისა კი იზრდება.

ბუნებრივი განგური ფრინველს ეწყება 12-14 თვის ასაკში და 4-6 თვეს და უფრო მეტ ხანს გრძელდება, რაც  აღწარმოებითი ფუნქციების დეპრესიას იწვევს. იძულებითი განგური გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. იგი ყველა ინდივიდს ერთდროულად ეწყება და უმთავრდება. განგურის დაწყებიდან 40-50 დღეზე კვერცხმდებლობა განახლდება.

ბატის ბუმბული ითვლება იდეალურ ბუნებრივ ნედლეულად. ცოცხლად გაპუტული ბატის ბუმბულს გააჩნია განსაკუთრებული ღირებულება.

იუვენალური და დეფინიტური ბუმბულოვანი საფარველის ზრდისა და განვითარების შესწავლის საფუძველზე შემუშავებულია ბატის სარემონტო მოზარდის ცოცხლად სამჯერადად (70-77 დღე, 11-126 და 168-175 დღე) გაპუტვის ტექნოლოგიური მეთოდი და ხერხები, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ფრთიდან 215 გრ ბუმბულის მიღებას. ამისათვის შექმნილია ცოცხალი ფრინველისგან ბუმბულის მოსაცილებელი მაღალ მწარმოებლური სპეციალური დანადგარი.

ბოლო პერიოდში მსოფლიო მეფრინველეობაში დიდი ყურადღება ეთმობა ფრინველის ხორცის ღრმა გადამუშავებას, რომელიც  დარგის  რენტაბელობას 20-25%-ით ზრდის.  პერსპექტივაში ასეთი ნაწარმის ასორტიმენტი მომავალში გაიზრდება. ღრმა გადამუშავებისათვის მიზანშეწონილია მსხვილი ფრინველის გამოყენება. შემუშავებულია ბროილერის კვერცხის ინკუბაციისა და გამოზრდის ისეთი ტექნოლოგიები და კვების რაციონი, რომელიც უზრუნველყოფს მსხვილი მეხორცული წიწილის მიღებას. ფრინველის ხორცის ღრმად გადამუშავებისას ტანხორცის ისეთი ნაწილები როგორიცაა მკერდი და ბარკლები გამოიყენება ნატურალური ნახევარფაბრიკატების დასამზადებლად, ხოლო შედარებით ნაკლებად ღირებული, როგორიცაა კისერი და სხვა ძვლიანი ნაწილები მუშავდება მექანიკურად და მიღებულ მასა გამოიყენება სხვადასხვა ძეხვეულისა და  კონსერვების დასამზადებლად. რაც შეეხება ძვლოვან ნარჩენებს, მისგან მზადდება ბულიონი, მშრალი საკვები, კონსერვები ცხოველებისათვის.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, ზოგადად, ფრინველის ხორცის წარმოების ინტენსიფიკაციის მხრივ ბევრი ნაკლოვანებაა. მათი აღმოფხვრისათვის აუცილებელია ფრინველის სელექციის გაფართოება საკვების კონვერსიის, საერთო და სპეციფიკური რეზისტენტობის მიმართულებით. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ინდაურის და წყალმცურავი ფრინველების მოშენებას. ცხადია, რომ ყოველივე ამის მიღწევა შესაძლებელი გახდება ფრინველის ახალი, კონკურენტუნარიანი ჯიშებისა და კროსების შექმნით, რესურსდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენებით, მეცნიერებატევადი წარმოებით. მხოლოდ  ასეთი მიდგომებით  შეძლებს დარგი შემდგომ განვითარებას და შესაბამისად მოსახლეობის უზრუნველყოფას ფრინველის ხორცითა და ხორცპროდუქტებით.

 ანატოლი გიორგაძე,

სოფლის მეურნეობის დოქტორი, 

მარინე ბარვენაშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია