თაფლის სასაქონლო პრდუქციის წარმოება
ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა ფაქტორზე, რომელთაგან შეიძლება რამდენიმე (მნიშვნელობის მიხედვით) გამოიყოს:
_ ფუტკრის ოჯახის სიძლიერე (მუშა ფუტკრის რაოდენობა) გადამწყვეტია თაფლის წარმოებაში. ცნობილია, რომ რაც უფრო ძლიერია ოჯახი, მით მეტი თაფლის შეგროვება შეუძლია. მაგალითად, 6 კგ მასის მქონე (მუშა ფუტკარი) ოჯახმა 2 კვირის განმავლობაში 3-ჯერ მეტი თაფლი შეაგროვა, ვიდრე ოთხმა ოჯახმა, რომელთა საშუალო მასა 1,5 კგ იყო. ამასთან არსებობს თითოეული ჯიშის ფუტკარში სიძლიერის ბიოლოგიური ოპტიმუმი, რომლის ზემოთ ოჯახის პროდუქტიულობა მატების ნაცვლად კლებულობს. სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი ქართული ფუტკრის მაგალითზე დადგენილი არ არის;
_ ოჯახის ასაკობრივი შემადგენლობა გულისხმობს ცალკეულ ჯგუფებს შორის (ნექტრის შემგროვებელი, მიმღები, ძიძა ფუტკრები) ოპტიმალურ თანაფარდობას (მნიშვნელოვანი ღალიანობის პირობებში). ამის გარეშე ოჯახის ნორმალური ფუნქციონირება არ არსებობს. თუ სკაში ნექტრის მიმღები და გადამამუშავებელი ფუტკრების ჯგუფი არ ფუნქციონირებს, ან ოჯახში მაქსიმალური ღალიანობის დროს მუშა ფუტკრების გამოზრდა შეწყვეტილია, ეს არღვევს ნექტრის შეგროვებისა და გადამუშავების პროცესს, რაც საბოლოოდ სათაფლე პროდუქტიულობას ამცირებს.
დედა ფუტკრისა და ბარტყის არსებობა ოჯახში ღალიანობის დროს აუცილებელია, უამისოდ ოჯახის აქტივობა მცირდება, თაფლის შემოსავალი კლებულობს. ამასთან ახალგაზრდა დედების მყოლი ოჯახები 20,8-42,4%-ით უფრო მეტ თაფლს აგროვებენ. ინტენსიური ღალიანობის დროს დედა ფუტკრის წართმევა ან შეცვლა დაუშვებელია. ეს ოჯახის პროდუქტიულობას 41,5%-ით ამცირებს (Г.Туников и др.2001).
აშენებული ცარიელი ფიჭების მარაგი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღწევად: ეს მარაგი 3-ჯერ უნდა აღემატებოდეს დამწიფებული თაფლის მოსათავსებლად საჭირო ფიჭების რაოდენობას. სათადარიგო ფიჭების უქონლობისას სათაფლე პროდუქტიულობა 40%-ით მცირდება (Г.Туников и др.2001).
ბუდის განიავება ნექტრის აქტიური შეგროვებისას აუცილებელი პირობაა მოტანილი პროდუქტის კონდიცირებისათვის.
ფუტკრის მთაბარობა აქტიურ სეზონზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღწევად. ამ პერიოდში მთაბარობა (საფუტკრის ადგილმონაცვლება) უნდა მოახდინოთ 3-4-ჯერ მაინც, რამაც შეიძლება პროდუქტიულობა რამდენჯერმე გაზარდოს, ამასთან ერთად, მხედველობაში მისაღებია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა ერთ ადგილზე (არაუმეტეს 100 ოჯახისა), აგრეთვე საფუტკრეთა ურთიერთდაშორება (არანაკლებ 1 კმ-სა).
გარდა ზემოაღნიშნულისა, საფუტკრე მეურნეობის პროდუქტიულობისა და შესაბამისად რენტაბელობის გაზრდისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას:
_ საფუტკრის მოცულობის ზრდა შრომითი და მატერიალური დანახარჯების შემცირებით (მომსახურების რგოლური სისტემის დანერგვა);
_ ფუტკრის ოჯახების დათვალიერების ჯერადობის მაქსიმალურად შემცირება;
_ ტექნიკური საშუალებების (მ.შ. მცირე მექანიზაციის ელემენტები) დანერგვა საფუტკრის მოვლის პროცესში და სხვა.
თაფლის გამოწურვა. საქართველოს მეფუტკრეობის პრაქტიკაში ეს ერთ-ერთი შრომატევადი პროცესია, რადგან აქ გავრცელებული დანადგარების აბსოლუტური უმეტესობა ქორდული ციბრუტებით არის წარმოდგენილი (ტევადობა-3-4 ჩარჩო), ხოლო სკის დამკვიდრებული კონსტრუქცია (დადანბლატის) მისადაგებული არ არის რადიალურ ციბრუტზე, რომელშიც, როგორც წესი, ლანგსტროტრუტის შემცირებული ზომის ჩარჩოები ეწყობა. ეს სამრეწველო საწყისებზე გადასვლის ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოებაა.
თაფლის ფიჭებიდან გამოწურვის პროცესის შეუფერხებელი წარმართვისთვის მეფუტკრემ უპირველესად უნდა შეარჩიოს სათავსო, რომელიც შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
_ დავიცვათ შიგნით ფუტკრის მოხვედრისგან, ხოლო შემთხვევით მოხვედრილი ფუტკრის გასარეკად ფანჯრებს უნდა ჰქონდეთ სათანადო აღჭურვილობა (1800-ით ჩარჩოების მობრუნების საშუალება), იყოს ვენტილაცია, შესაძლებელი იყოს ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა;
_ სათავსოში არსებული მოწყობილობა ისეთნაირად დავდგათ, რომ გამოირიცხოს ზედმეტი მოძრაობა. შესაძლებელი იყოს თაფლიანი და გამოწურული ფიჭების (კორპუსებით) გადაადგილება მარტივი მექანიკური (მაგ, ორბორბლიანი საზიდარი) მოწყობილობით.
თაფლიანი ფიჭების ასათლელად გამოყენებული მოწყობილობა:
_ უჟანგავი ლითონის ქვაბი შიგ ჩამონტაჟებული დახვრეტილძირიანი თასით, ზემოდან ზოლოვანი ფოლადის ფირფიტებისაგან დამზადებული ჩარჩოების დამჭერი და ქვაბის ქვედა მხარეზე მორგებული ონკანი თაფლის გამოსადენად;
_ ფიჭების ასათლელი კარგად გალესილი დანა (ეს უკანასკნელი ძაბვის რეგულატორზეა შეერთებული) თაფლიანი ფიჭები სკიდან ამოიღეთ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი გადაბეჭდილი იყოს 2/3-ზე მაინც, რადგან ფუტკრის გარეშე მისი დამწიფება ძალზე გაგიძნელდებათ, არ უნდა ამოიღოთ ბარტყიანი (როგორც თავღია, ისე გადაბეჭდილი) ფიჭები, ამოღებულის ნაცვლად ჩაუდგით ცარიელი ფიჭები, რომ არ დაარღვიოთ ფუტკრის მუშაობის პროცესი, გამოიყენეთ ფიჭებიდან ფუტკრის მოსაცილებლად ტიხარი ფუტკრის გამრეკით ან ქიმიური საშუალებებით (ბენზალდეჰიდი – ნუშის ზეთი, ბუთილის ან პროპიონის ანჰიდრიდით) დანოტიოებული, ხის ჩარჩოზე გადაკრული ქსოვილი ან შეკუმშული ჰაერი (Tew,2010).
გახსოვდეთ, ფიჭების ამთლელი მოწყობილობის სამუშაო ნაწილი (დანები და სხვ.), რომელთაც თაფლთან აქვთ შეხება, არ უნდა გაცხელდეს 700C-ზე მეტად, რაც გამოიწვევდა თაფლის გამუქებას (ხარისხის გაუარესების ნიშანი).
_ ათლილი ფიჭების ჩასაწყობად (ციბრუტში ჩაწყობამდე) მაგიდა, რომელიც უჟანგავი ფოლადის ფურცლებისგან არის გაკეთებული და ძირზე მორგებული აქვს ონკანი თაფლის გამოსაშვებად.
_ უჟანგავი ლითონის ჭურჭელში ჩასხმული თაფლის დამატებითი სითბური დამუშავება მოწყობილობაში, რომელშიც ჩასხმულია წყალი და დაცულია ტემპერატურა 40-450ჩ, რის შედეგადაც თაფლში შეტივტივებული ნაწილაკები ზევით ამოტივტივდება მექანიკური გასუფთავებისათვის;
_ ციბრუტი ქორდული, ფიჭების ერთი მხრით გარეთ მიქცევით, რომელიც ჩარჩოების 2-ჯერად შებრუნებას მოითხოვს მათი დამტვრევის თავიდან ასაცილებლად, ხოლო სქელი ზედა თამასა მოძრაობის საწინააღმდეგო მხარესაა მიქცეული;
_ ციბრუტი რადიალური, ფიჭების რადიალური განწყობით, თაფლის ერთდროული წურვით ორივე მხრიდან, რევერსიული მოწყობილობით, გამორიცხავს ფიჭების მტვრევის შესაძლებლობას, აქვს მაქსიმალური წარმადობა;
_ თაფლის გასაფილტრი მოწყობილობა (მავთულბადიანი საცრები) სხვადასხვა ზომის უჯრედით, რაც თხოულობს თაფლის გაწმენდას თავდაპირველად მსხვილუჯრედიან საცერში, სადაც თაფლს მოეცლება მსხვილი შეტივნარებული ნაწილაკები და შემდგომში უფრო მცირე ზომის უჯრედებიან ბადეში განხორციელდება თაფლის ფილტრაცია;
_ ფიჭის ანათლისაგან ნარჩენი თაფლის გამოწურვა ციბრუტში, რომელშიც ჩაიტვირთება ცილინდრულ ტომარაში ჩაყრილი ანათალი და დამუშავდება იმ რეჟიმში, რაც რეკომენდებულია ფიჭიდან თაფლის გამოსაწურად;
_ თაფლიანი ჩარჩოების სითბური დამუშავება 28-300ჩ-ზე იმისათვის, რომ შემცირდეს თაფლის სიბლანტის მაჩვენებელი და პროდუქტი მაქსიმალურად გამოიწუროს, ხოლო ციბრუტის როტორის ბრუნვათა რიცხვი იყოს წუთში 250;
_ ჭურჭელი, რომელშიც ხდება უფრო ხანგრძლივი ვადით შენახული თაფლის სითბური დამუშავება დაკრისტალების საწინააღმდეგოდ და მისი კუპაჟირება (სხვადასხვა წარმოშობის, განსხვავებული ფერისა და საგემოვნო თვისებების მქონე თაფლის ურთიერთშერევა) სასაქონლო თვისებების გაუმჯობესების მიზნით.
უმწიფარი და ამჟავებული თაფლის გადამუშავება
ასეთი თაფლის გამოწურვის ფაქტები საკმაოდ ხშირია მეფუტკრეობის პრაქტიკაში, რაც განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
_ თუ მეფუტკრეს არ აქვს სათადარიგო ფიჭების საკმარისი მარაგი, ის იძულებულია, თაფლი გამოწუროს ნაადრევად, ნექტრის მარაგის სრულად ათვისების მიზნით. თაფლის ასეთი წურვის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია რეგიონებში, სადაც შედარებით უხვი თაფლოვანი ფლორა და ჰაერის მაღალი ფარდობითი ტენიანობაა, რის გამოც ფუტკარი სწრაფად ვერ ახერხებს თაფლის კონდიცირებას.
უმწიფარი თაფლის შეგროვების შემთხვევაში, ამერიკული მეფუტკრეობის პრაქტიკაში, დამატებით სითბურ დამუშავებას გადის თაფლი, რომლის კონცენტრაცია 80,5 მას.%-ს შეადგენს, ე.ი. სტანდარტით დასაშვები ტენიანობის ნორმის მქონეც კი. ამ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ასეთი კონცენტრაციის თაფლში გამორიცხული არ არის ამჟავების პროცესის დაწყება. აღნიშნულის გამო სავალდებულოდ ითვლება ტენიანობის შემცირება 17,5-18%-მდე. ამ მიზნით დადანის კორპორაციაში შემუშავდა ვაკუუმამაორთქლებლის კონსტრუქცია, რომელშიც 1 საათის განმავლობაში სითბური დამუშავებით წყლის შემცველობა 1,5-2%-ით მცირდება (Tew, 2010).
თაფლის ზემოაღნიშნული კონცენტრაციის (<80მას%) პირობებში საკმაოდ ხშირია მისი ამჟავების დაწყება, რასაც ხელს უწყობს ის გარემოება, რომ მეფუტკრე ვერ იცლის თაფლის დამუშავებისათვის აქტიურ სეზონზე (ნექტრის შეგროვება).
საქართველოს მეფუტკრეობის ინსტიტუტში შემუშავდა უმწიფარი და ამჟავებული თაფლის დამუშავების ახალი ხერხი, რომლის განხორციელება ხდება სერიული წარმოების ვაკუუმამაორთქლებელში დამატებით ჩამონტაჟებული მარტივი მოწყობილობით, აორთქლების ზედაპირის ფართობის რამდენჯერმე გაზრდით. დასამუშავებელი მასალა წინასწარ თბება იმ რეჟიმში, რაც საკმარისია დაკრისტალებული თაფლის გასალღობად (450C-მდე). ამავე რეჟიმში გრძელდება მისი დამუშავება წყლის ორთქლისა და წარმოქმნილი ძმარმჟავას მოსაცილებლად (საბოლოო კონცენტრაცია 81-82%), რაც საწყისი ტენიანობიდან გამომდინარე (77-79%) გრძელდება 40-70 წუთის განმავლობაში და რომელიც უზრუნველყოფს თაფლის ფერის, ბიოქიმიური მაჩვენებლებისა და გემოვნური თვისებების შენარჩუნებას.
მათრობელა (ტოქსიკური)თაფლის გაუვნებლება
ფუტკრის მიერ ასეთი თაფლის შეგროვების შემთხვევები საკმაოდ ხშირია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. დადანის ფირმის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში (,,სკა და ფუტკარი”, 2010), აღნიშნულია, რომ ახალ ზელანდიაში ერთი ადგილი ფართობით 1000 მილი2 ფუტკრისათვის დახურულია მათრობელა თაფლის დიდი რაოდენობით წარმოების გამო. ამ თაფლის წყაროს საქართველოში წარმოადგენს როდოდენდრონები (შქერი, იელი), ტილჭირი (aconitum), კვიდო (lugustrum) და სხვა. საკითხის ასეთი აქტუალობის გამო მეფუტკრეობის ინსტიტუტში შემუშავდა ტექნოლოგია მისი გაუვნებლებისთვის (საავტორო მოწმობა №12211917 A 23K3/08, 1985), რაც ეფუძნება ვაკუუმის პირობებში აქტიური საწყისის – ანდრომედოტოქსინის აორთქლების თვისებას. 50-55მას.% კონცენტრაციის თაფლის წყალხსნარი, მასში გახსნილი მტვრის მარცვლებისგან გაწმენდის შემდეგ შესქელდება ვაკუუმში (ნარჩენი წნევა არა უმეტეს 60მმ (დამუშავების ტემპერატურა +45-470С-მდე) რეკომენდებულ კონცენტრაციამდე (81-82 მას.%).
მიღებული პროდუქტი როგორც ფერით (ღია შინდისფერი), ისე გემოვნური თვისებებით ძალზე მიმზიდველი ხდება, ხოლო დამუშავების ზემოაღნიშნული ტემპერატურა უზრუნველყოფს ბიოქიმიური მაჩვენებლების (დიასტაზა, ოქსიმეთილფურფუროლის არსებობა, ოპტიკური აქტივობა) სრულად შენარჩუნებას. ჰიგიენური თვისებების შესწავლა ლაბორატორიულ ცხოველებზე (ბოცვრები) მოხდა სანიტარიისა და ჰიგიენის ს.-კ. ინსტიტუტთან ერთობლივად, რის საფუძველზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოიწონა ზემოთაღნიშნული ხერხი პრაქტიკაში გამოსაყენებლად.
თაფლის გადატანა იმ მონაკვეთზე, სადაც საბოლოო სასაქონლო სახეს აძლევენ, ხდება სპეციალური თაფლის ტუმბოთი ან შეკუმშული ჰაერის გამოყენებით. ეს მოწყობილობა ჩართულია ერთიან ტექნოლოგიურ ხაზში, სადაც დამამთავრებელ ეტაპზე ჩამოისხმება და მზა პროდუქციას შეფუთავენ ბლოკებად.
თაფლის გადატანა შეკუმშული ჰაერის გამოყენებით თავიდან აგაცილებთ მასში ჰაერის მოხვედრას და შემღვრევას (დროებითს).
თაფლის შენახვა. თუ ის ჩამოსხმულია არაჰერმეტულ ჭურჭელში, ან ინახება ფიჭიანი თაფლის სახით, უნდა მოხდეს მშრალ შენობაში, სადაც ფარდობითი ტენიანობა არის 60%-ის ფარგლებში, ხოლო ტემპერატურა არაუმეტეს 100C.
გაითვალისწინეთ, რომ ნესტიან შენობაში თაფლმა თავის ჰიგროსკოპულობის წყალობით შეიძლება ჰაერის ტენი შეიერთოს და ფიჭებში ამჟავდეს, ხოლო დაკრისტალებისათვის ყველაზე ხელშემწყობია +13-140C. არ შეინახოთ თაფლთან ერთად რაიმე არომატული პროდუქტები, ვინაიდან იგი შთანთქავს სხვადასხვა არომატებს.
თაფლის ჩამოსხმა რეკომენდებულია წინასწარ მისი შეთბობით 30-450C-მდე, რათა შემცირდეს მისი სიბლანტე, რაც გამოსადეგია როგორც ახლადგამოწურული, ისე დაკრისტალების სტადიაში არსებული თაფლისთვის. იგი შეიძლება ჩაისხას მინის ან სასურსათო პლასტმასისგან დამზადებულ გამჭვირვალე (არაშეფერილ!) ჭურჭელში, რომელიც სრულად წარმოაჩენს პროდუქტის მიმზიდველობას. ჭურჭელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმისა და მოცულობის. ჭურჭელზე დაკრული ეტიკეტი არ უნდა ფარავდეს პროდუქტს მთლიანად, იყოს ლამაზად გაფორმებული, არამყვირალა.
სხვადასხვა თაფლის ურთიერთშერევისას გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელი არჩევს ზომიერად შეფერილ, არამუქ, არც ძალიან გამჭვირვალე (უფერულ) თაფლს. ამასთან იცოდეთ, რომ ზოგიერთი მომხმარებელი არჩევს ერთი რომელიმე მცენარისგან მიღებულ (მონოფლორულ) თაფლს.
შეფუთული (ჩამოსხმული) თაფლის მარკირება თაფლის ბიზნესში ერთ-ერთი საყურადღებო ელემენტია. ჭურჭელს უნდა გაუკეთდეს ეტიკეტი, რომელზეც აღინიშნება: პროდუქტის დასახელება, წარმოებისა და ჩამოსხმის თარიღი, ბოტანიკური წარმოშობა (სასურველია), პროდუქციის დამამზადებელი, შენახვის პირობები, შემადგენლობა, სახელმწიფო სტანდარტის ნომერი. შეფუთული თაფლის შეკვრა მიზანშეწონილია ბლოკებად, რაც აადვილებს მის გადაზიდვას. სექციური ფიჭიანი თაფლის წარმოება. ასეთ თაფლში სრულად არის შენარჩუნებული პროდუქტის მიმზიდველობა და შესაბამისად მომხმარებელი მას უფრო მეტად აფასებს, თუმცა მისი დამზადება მეფუტკრისათვის უფრო რთულია.
ფიჭიანი თაფლის დასამზადებლად უნდა შეირჩეს მოგრძო (არაკვადრატული) სექციები. მის საწარმოებლად საჭირო რეკომენდაციები მოცემულია ა. რუტისა და სხვ. (1982) ,,მეფუტკრეობის ენციკლოპედიაში”.
არ აწარმოოთ სექციური ფიჭიანი თაფლი იქ, სადაც იგი მუქი ფერისაა ან სუსტი არომატით, წყვეტილი ღალიანობის პირობებში. ფუტკრის ოჯახები იყოლიეთ ძლიერი. თუ სექციები დინდგელით დაისვარა, გაწმინდეთ დანით ან ზუმფარით. შენახვის დროს დაიცავით ტემპერატურა სათავსოში 27-320C პირობებით, თუ თაფლმა მაინც დაკრისტალება დაიწყო, ასწიეთ ტემპერატურა 38-390C-მდე, ხოლო სარეალიზაციოდ სექციები ჩაალაგეთ კოლოფებში, რომელთაც ერთი მხარე გამჭვირვალე ცელოფნით აქვთ გაკეთებული (თაფლის გამოსაჩენად)!
თაფლის ხარისხის შეფასება
ამ საქმეს ემსახურება თაფლზე სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სტანდარტები, რომელთა შემუშავება განპირობებულია მომხმარებლის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. სტანდარტებში შესული მაჩვენებლები ძირითადად ერთნაირია, მათი ცვალებადობა საკმაოდ ვიწრო ფარგლებში მერყეობს. სტანდარტები შეიცავს ორგანოლეპტიკურ, ფიზიკურ და ბიოქიმიურ მაჩვენებლებს. ევროპულ სტანდარტში (1979-87) ასეთი მაჩვენებელი თორმეტია, რუსულ სტანდარტში _ შვიდი. მათგან წყლის მაქსიმალური შემცველობა ამ საუკუნის დასაწყისში შეადგენდა: ევროპულ სტანდარტში _ 20%ს, რუსულში _ 21%. ამჟამად მოქმედ სტანდარტში ეს მაჩვენებელი შემცირებულია 20%_მდე, თუმცა როგორც ზევით აღინიშნა, აშშ-ში სარეალიზაციო თაფლში ეს მაჩვენებელი მცირდება 17,5_18%-მდე, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ კონცენტრაციის თაფლი ამჟავებისგან უკეთესად არის დაცული.
თაფლის სტანდარტების ადრეულ გამოცემებში საქაროზის მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა 6 მასური % იყო, ამჟამად იგი შემცირებულია 5%-მდე. თაფლი, რომელიც უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს ამ ნივთიერებას, ფალსიფიცირებულად განიხილება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ დახელოვნებულ ფალსიფიკატორს ეს ხელს არ შეუშლის. ხელშემშლელი არ არის აგრეთვე ფერმენტ დიასტაზის ნორმებიც, რადგან ეს მაჩვენებელი ძალზე ფართო ფარგლებში მერყეობს. აღნიშნულის გამო ფალსიფიცირებასთან ბრძოლა დღესაც ძალზე აქტუალურია, რადგან ზემოთაღწერილი სტანდარტები არ შეიცავენ ისეთ მაჩვენებელს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, თაფლი ფალსიფიცირებულია თუ არა.
ჩვენ ქვეყანაში ამ საკითხის აქტუალობის გამო მეფუტკრეობის ინსტიტუტში შემუშავდა თაფლის ნატურალობის დადგენის ორი მეთოდი: ექსპრესული და ლაბორატორიული. ექსპრესმეთოდის გამოყენებით (წყალში უხსნადი ნალექის წარმოქმნა) შეიძლება დადგინდეს თაფლის ფალსიფიკაცია, თუ იგი შაქრის ხელოვნურ დანამატს (სასურსათო, ინვერსიული და სხვა) შეიცავს საერთო რაოდენობის 1/3-ზე მეტს. მეთოდი ხელმისაწვდომია გამოსაყენებლად ყველა დაინტერესებულ პირისთვის (მსტ 52074485-001-2008). ლაბორატორიული მეთოდით (მსტ 20540419-0062009) შეიძლება გამოაშკარავდეს თაფლის ფალსიფიკაცია, თუ ხელოვნური მინარევი 10 მას.%-ს აღემატება. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამით შექმნილია მომხმარებლის უფლების დაცვის ქმედითი საშუალებები.
გიორგი მაძღარაშვილი