დარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

ტყემალი, პერსპექტიული ჯიშები, გაშენება, სასარგებლო თვისებები

ტყემალი   Prunus Cerasifera -ს სახეობას მიეკუთვნება,  მეტად პოლიმორფული სახეობაა,  რომელიც ველურ და კულტურულ ფორმებს აერთიანებს. საშუალო ან ძლიერი ზრდის ხეა, ნათესი მსხმოიარობას იწყებს მე-3-5 წელს, ვეგეტატიური ნამრავლი მე-2-4 წელს.
 ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარეა, ხე ან ხისმაგვარი ბუჩქი.
მისი სამშობლოა ამიერკავკასია.

მსხმოიარობს უხვად და რეგულარულად. ყვავილობის პერიოდი ადრეულია, ნაყოფის სიმწიფის პერიოდი ხანგრძლივია. ამ დასახელების ქვეშ შემავალ ფორმათა შემოსვლის დრო ივნისიდან ნოემბრამდე გრძელდება, ნაკლებად მომთხოვნია გარემო პირობების მიმართ, კარგად იტანს ჭარბტენიან რაიონებს.  არ ავადდება დაავადებებით, ძირითადად გამოიყენება წვენად, საწებლად. ნაყოფი სხვადასხვა ფორმისაა (ოვალური, ელიფსური, მრგვალი და ა.შ.), წვრილი ან საშუალო, 5-10 გრამი წონის, კანი სქელია,  ძირითადად წითლადაა შეფერილი, თუმცა ხშირად გვხვდება ყვითელი და მწვანე ფორმებიც, რბილობი მომწვანო ან მომწვანო-მოყვითალო ფერისაა.

რბილი კონსისტენციის, გემო სიმწიფეში ტკბილია,  ჩვეულებრივ – მჟავე.  კურკა რბილობს ადვილად არ სცილდება. ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.

     წითელი დროშა _  ტყემლის ქართული ჯიშია, მიღებულია კლონური სელექციის გზით ი. გიორგბერიძის,  ქ. ჩაგანავას და შ. ჩხაბერიძის მიერ 1955 წელს. ხე საშუალო ზრდისაა, ხასიათდება ადრეული ‘ყვავილობით. მაღალმოსავლიანი ჯიშია, ნაყოფი მწიფდება ივლისის პირველ ნახევარში (ქუთაისის პირობებში), ინახება 10_15 დღის განმავლობაში, ჯიში დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა. ნაყოფი ძირითადად გამოიყენება გადასამუშავებლად. ნაყოფი და ფოთოლი ბორდოსფერია, ნაყოფის საშუალო მასაა 20_25 გ, ფორმა მომრგვალოფ- წვერისაკენ ოდნავ წაგრძელებულია. სიმწიფის პერიოდში დაფარულია სანთლისებრი ფიფქით, რბილობი მუქი წითელია, ნაზი და წვნიანი, მომჟავო გემოსი. კურკა რბილობს ნახევრად სცილდება. ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.

გულდედავა  _ ტყემლის ძველი ქართული ჯიშია, გამოვლენილია სამტრედიის რაიონში. ხე ძლიერი ზრდისაა, ხასიათდება ადრეული ყვავილობით, უხვმოსავლიანი ჯიშია, ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლოდან ივლისის მეორე დეკადამდე (ქუთაისის პირობებში), ნაყოფი ძირითადად გამოიყენება გადასამუშავებლად. ნაყოფის საშუალო მასა 28 გრ., ფორმა მომრგვალოა, რბილობი ნაზი და წვნიანი, მოტკბო_მჟავე გემოსი. კურკა რბილობს არ სცილდება.

 ალუჩა – ადგილობრივი წარმოშობისაა,  მიჩნეულია დამოუკიდებელ სახეობად –  ( Prunus Vakhushti Breg. ).  ამ სახელის ქვეშ გაერთიანებულია სხვადასხვა სიმწიფის დროის კლონების ჯგუფი.

ხე საშუალო ან ძლიერი  ზრდისაა, მსხმოიარობაში შედის ადრე, მოსავლიანობა უხვი და რეგულარული,  ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლოს, თუმცა მოიხმარება ადრეულ სასუფრე ხილად არასრულ სიმწიფეში.

ნაყოფის საშუალო მასაა 20_25 გ, ფორმა მომრგვალო წვერისაკენ ოდნავ წაგრძელებულია. შეფერვა სრულ სიმწიფეში ოქროსფერი ყვითელი, არასრულ სიმწიფეში მწვანე. კანი თხელი, ნაზი, დაფარულია თხელი ფიფქით, ნაყოფს ღარი მკაფიოდ ემჩნევა, რბილობი მომწვანო-მოყვითალო ფერის,  კურკა რბილობს არ  სცილდება. ფართოდ არის გავრცელებული საკარმიდამო ნაკვეთებში.

ტყემლის სასარგებლო თვისებები

ტყემალს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ ტყემლის რეგულარული მიღება ორგანიზმს რადიაციისა და დასხივების მოქმედებასთან შებრძოლებაში ეხმარება. კარგად მოქმედებს ის მამაკაცებზეც…

მწვანე ტყემლის საწებელი ნათია მონტგომერისაგან

ტყემალი ველურად და კულტურაში გავრცელებულია ბალკანეთში, შუა და მცირე აზიაში, ირანში და სხვა ქვეყნებში.

საქართველოში უძველესი დროიდან თითქმის ყველგანაა გავრცელებული ზღვის დონიდან 1600-1800 მეტრამდე სიმაღლეზე. ამჟამად დარაიონებული ჯიშებია გულდედავა, გაზაფხულის მერცხალი, წითელი დროშა, ქუთაისი, რიონი, ხვავიანი და სხვა.

ტყემალს ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ტყემლისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის წვენი, კომპოტი, მურაბა, სანელებელი, ტყლაპი და ტყემლის სახელგანთქმული საწებელი, რომელიც ქართული სუფრის ერთ-ერთი განუმეორებელი და უნიკალური შემადგენელი ნაწილია.

ტყემლის შემადგენლობა და კალორიულობა

ტყემლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 34 კკალორიაა.

ტყემალში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა. ესენია ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, პექტინები, ვიტამინები С, В-ჯგუფის, პროვიტამინი А, ბევრია მასში კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ტყემლის ფერი მისი შემადგენლობით განისაზღვრება. მაგალითად, ყვითელში ბევრია შაქარი და ლიმონმჟავა და თითქმის არაა მთრიმლავი ნივთიერებები, ხოლო მუქი ფერი ნაყოფში ბევრია პექტინები.

ტყემალში ჭარბადაა ასკორბინის მჟავა, რის გამოც ის გამოიყენება ავიტამინოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

 ამასთან, ამ ხილის რეგულარული გამოყენება დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე.

კალიუმის არსებობა ტყემლის შემადგენლობაში გულის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს.

ხილის შემცველობაში შაქრის მცირე რაოდენობის გამო მისი მიღება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსაც.

ტყემალი შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის გამოიყენება ორგანიზმის გაწმენდისა და გაახალგაზრდავებისთვის. რადგანაც ტყემალი დაბალკალორიულია, მისი მიღება ნებადართულია ჭარბი წონის დაკლების პროცესში.

ტყემალი კარგი საშუალებაა რესპირატორული, კუჭის დაავადებების დროს, ასევე, როგორც მსუბუქი გამხსნელი საშუალება.

დამტკიცებულია, რომ ტყემლის რეგულარული მიღება ორგანიზმს რადიაციისა და დასხივების მოქმედებასთან შებრძოლებაში ეხმარება.

ტყემალი ასევე გამოიყენება კოსმეტიკური მიზნებისთვის. მაგალითად, ტყემლის ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა დაბანისთვის. ის კანის ცხიმიანობას ებრძვის. ხილის ნაყოფის რბილობის გამოყენება შეიძლება ნიღბის სახით, ეს ნაყენი სახეს გამონაყარისგან წმენდს. ნაყოფისა და დაქუცმაცებული კურკის ნარევი შესანიშნავი საშუალებაა სახის კანის, ყელისა და დეკოლტეს ზონის გაახალგაზრდავებისთვის.

ამასთან, ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ტყემლის ყვავილიც. ყვავილზე დამზადებული ნაყენი მამაკაცებს ეხმარება პროსტატის მკურნალობასა და ერექციის გაუმჯობესებაში. ტყემლის მურაბით, როგორ სიცხის დამწევი და ამოსახველებელი საშუალებით, მკურნალობენ ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს.

რადგანაც ტყემლის შემადგენლობაში ამიგდალინის მჟავა შედის, მისი გამოყენება შეიძლება ბრონქული ასთმის შეტევის დროს.

ტყემლის მიღება არარეკომენდებულია:

ინდივიდუალური აუტანლობის დროს, კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს.

ტყემლის კურკაში არის მავნე ნივთიერებები, რამაც მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს.

ტყემლის ნაყოფი ადამიანმა ზომიერი რაოდენობით უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კუჭის აშლილობა გამოიწვიოს.