დარგებიმეცხოველეობა

ცხვრის სელექცია (შერჩევა)

ცხვარს ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებები და მემკვიდრულობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს, ამიტომ მისი სისტემატური გადარჩევა და შერჩევა ხელს უწყობს მიღებულ თაობაში სასურველ ნიშან-თვისებების განვითარებას და მემკვიდრეობის გაუმჯობესებას.
ცხოველთა საჯიშე და პროდუქტიული თვისებები მემკვიდრეობითია და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედების, უპირველეს ყოვლისა მათი კვებისა და მოვლა-შენახვის პირობებს ეფუძნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მემკვიდრულად მაღალი პროდუქტიულობა, რაც ცხოველს ახასიათებს, მხოლოდ სათანადო კვებისა და მოვლა-შენახვის პირობებშია მუდმივი და მყარი.
ფარის პროდუქტიულობის გაზრდა, რაც გენოტიპის გაუმჯობესების გზით მიიღწევა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად  აღემატება სანაშენედ გამოყოფილი ცხოველების პროდუქტიულობის დონე დანარჩენი ფარის პროდუქტიულობას. ცხვრის გადარჩევისას რაც უფრო მაღალია მოთხოვნილება და გამოწუნების პროცენტი, მით უფრო სწრაფად უმჯობესდება მისი სანაშენო ღირსებებისა და პროდუქტიულობის ხარისხი.
დადგენილია, რომ სელექციაში ყველაზე მაღალი ეფექტი მაშინ მიიღება, როდესაც ცხვრის გადარჩევა და შერჩევა შეძლებისდაგვარად ნაკლები ნიშან-თვისებების მიხედვით ხორციელდება. მაგალითად, როგორც ცნობილია, მატყლის ნაპარსის სიდიდე დამოკიდებულია მატყლის სიგრძეზე, სიხშირეზე და ბოჭკოების სიმსხოზე, აგრეთვე ცხვრის ცოცხალ წონაზე და სხეულის კანძოვანი მატყლით შებუსულობაზე. ყველა ამ ნიშანთვისების მიხედვით სელექცია ერთდროულად და ერთნაირი მომთხოვნელობით პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, ჩვეულებრივ 2-3 ნიშანთვისებას ირჩევენ, რაზეც პირველ რიგში დამოკიდებულია ნაპარსის სიდიდე და მის მიხედვით შეირჩევა ცხოველები.
ცხოველთა გადარჩევის დროს ძირითადი მაჩვენებლებია კონსტიტუცია, ექსტერიერი, ცოცხალი წონა, მატყლის რაოდენობა და ხარისხი, ნაყოფიერება, მერძეულობა, ცხოველმყოფელობა, წარმომავლობა, თაობის ხარისხი, ადაპტაცია და სხვა.
ფერმერულ მეურნეობებში, სადაც ხელოვნური განაყოფიერება ცხვრის გამრავლების ძირითადი მეთოდი გახდება, სულადობის აღწარმოებისა და მათი პროდუქტიულობის ამაღლების საქმეში განუზომლად გაიზრდება ვერძი მწარმოებლების მნიშვნელობა. ცნობილია, რომ ვერძები ნერბებთან შედარებით უფრო მაღალი სელექციური დიფერენციაციით ხასიათდებიან, ისინი საგრძნობლად აღემატებიან მათ სანაშენო და პროდუქტიულობის ხარისხით, ამიტომ გენეტიკურად მაღალი სანაშენო ღირსების მქონე ვერძი-მწარმოებლების გამოსავლენად მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ მკაცრ გადარჩევას. სანაშენო ვერძები უნდა შეფასდეს კომპლექსურად მათი წარმოშობის, პროდუქტიულობის და შთამომავლობის ხარისხის მიხედვით.

მეცხვარეობაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ცხვრის პროდუქტიულობის მიხედვით გადარჩევას. ამ დროს შესაძლებელია შეფასდეს ორივე სქესის ცხოველთა სახორცე და სამატყლო პროდუქტიულობის, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლები, მემკვიდრეობის ხარისხზე შესამოწმებლად ირჩევენ იმ ვერძის შვილებს, რომელთა სანაშენო და პროდუქტიულმა ღირსებებმა დაიმსახურეს უმაღლესი შეფასება და მიღებული არიან მაღალპროდუქტიული ნერბებისგან.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“