დარგებიმებოსტნეობა

ულუმბო Trigonella caerulea L. (უცხო სუნელი, სოლინჯი) Голубой пожитник, Blue fenugreek

ულუმბოს სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებია მიჩნეული. ჩვენში უპირატესად დასავლეთ საქართველოში და თბილისის საგარეუბნო ზონებშია გავრცელებული და უცხო სუნელის სახელითაა ცნობილი. მისი გავრცელების შესაძლო არეალი ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდეა.

ამ მცენარის გამომშრალი ნაყოფები გამოიყენება სხვადასხვა კერძებისა და ყველის არომატიზაციისათვის. მისი ნაყოფები ხმელი სუნელის (ქინძის თესლის, წითელი მწარე წიწაკის და ზაფრანის ყვავილების გამომშრალი და დაფქული ნაზავი) აუცილებელი ინგრედიენტია. იგი აგრეთვე ე.წ. სვანური მარილის ძირითადი კომპონენტია.

მცენარის მიწისზედა ორგანოებს და ნაწილებს აქვს სპეციფიკური სურნელება, რომელსაც იწვევს მასში არსებული ნივთიერება _ კუმარინი. გ. კანდელაკის გამოკვლევებით ჩვენში მოყვანილი ულუმბო 44-დან 235 მგ% C ვიტამინს და 3-დან 18,8 მგ% კაროტინს შეიცავს.

ულუმბო მიეკუთვნება პარკოსან მცენარეთა ოჯახს. იგი ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მისი 60-დან 130 სმ-მდე სწორმდგომი ღერო განტოტვილია, რომელზედაც სხედან სამფოთოლაკიანი კვერცხის ფორმის, კიდედაკბილული ფოთლები. ყვავილედი წარმოადგენს სფეროს ფორმის მტევანს. ცისფერი ან ღია ლურჯი ყვავილები სხედან მოკლე ყვავილსაჯდომზე. ნაყოფი პარკია, რომელშიც მოთავსებულია 1-3 მომრგვალო, მუქმწვანე თესლი.

ულუმბოს თესვა შეიძლება წლის ყველა დროს: ადრე გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე, ზამთრის პირას. თესვის ვადებიდან საუკეთესოა შემოდგომა _ ზამთრისპირას ნათესი, რომელიც 8-10 ფოთლის ფაზაში შეჰყვება ზამთარს და თბილისის საგარეუბნო ზონის პირობებში მაისის პირველი დეკადის ბოლოს იწყებს ყვავილობას.

თ. რობაქიძის მონაცემებით ერთ ძირზე საშუალოდ 68 ყვავილია, ყვავილედში 25-მდე ნაყოფი, თითოულ ნაყოფში საშუალოდ 2 თესლია. ერთი მცენარე იძლევა საშუალოდ 14,5 გრ. ნაყოფს. დათესვიდან აღმოცენებამდე საჭიროებს 13-14 დღეს, ყვავილობას იწყებს 50 დღის შემედგ. თესლი რძისებრ სიმწიფეში შედის 76-ე დღეზე, სრულ სიმწიფეში _ 90 დღის შემდეგ.

მცენარის სურნელება, რისთვისაც მოჰყავთ ულუმბო, ნაყოფის სიმწიფესთან ერთად ძლიერდება და პიკს აღწევს, ამიტომ მოსავლის აღება ამ პერიოდში მიმდინარეობს. შემოდგომაზე ნათესი ულუმბო 20 ივნისიდან მზადაა ასაღებად.

ულუმბო ადვილად მოსაყვანი კულტურაა. ვეგეტაციის პერიოდში ტარდება 2-3 თოხნა-კულტივაცია, ნათესების მორწყვა საჭიროების მიხედვით. ძლიერი გაბალახებისას შეიძლება შესაბამისი ჰერბიციდების გამოყენება.

თესვა შემოდგომაზე შეიძლება მობნევითაც, მაგრამ სამუშაოების გასაიოლებლად უმჯობესია მწკრივად და ზოლებრივად თესვა. მწკრივებს შორის 15-20 სმ. დაცილებით. ჩათესვის სიღრმე 1-2 სმ. თესვის ნორმა 6-10 კგ-ჰა.

ვაჟა ჯაფარიძე,

ირმა ირემაშვილი,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი