აგრარული განათლებარუბრიკები

ვაზის მრავალსაკავებლიანი ანუ თავისუფალი სხვლა

მრავალსაკავებლიანი ანუ თავისუფალი სხვლა ფორმირების წესების თავისებურებით,  „მარაოსებრი“ ფორმის კომბინაციით ფრანგულ „მაროჟეს“ ფორმას უახლოვდება.

ვაზი თავიდანვე რამდენიმე შტამბით და ამდენივე სახლავი რგოლით ფორმდება.
სიძლიერის მიხედვით სანაყოფე რქა ეძლევა სხვადასხვა ზონაში, სასურველია სანაყოფე რქების სიმეტრიულად განწყობა. სანაყოფესთან ერთად სამამულოს მიცემა, როგორც წესი, ყველა შემთხვევაში არ არის სავალდებულო და ვაზის სიძლიერის შესაბამისად, შტამბის მიხედვით, მას შეიძლება მიეცეს 2-5 სასხლავი რგოლი.

Untitled 1

სანაყოფის გასხვლა წარმოებს 7-10 კვირტზე. ამრიგად ერით ვაზის დატვირთვა მერყეობს 20-50 კვირტამდე, რაც ჰექტარზე გადაყვანით შეადგენს 80-150 ათასი კვირტით დატვირთვას. შესრულების მანიპულაციით დასახელებული ფორმა მეტად მარტივია, არ მოითხოვს დიდ დახელოვნებას. საჭიროა მხოლოდ სასხლავი რგოლების მიცემა და ამის მიხედვით ვაზის დატვირთვა შეუფარდდეს მის საერთო ძალას და ცალკეული რქების სიძლიერეს. ამ ფორმის დადებითი მხარე კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ვაზის სიძლიერის მიხედვით შესაძლებელია სანაყოფე რგოლების მომატება ან შემცირება.

ვაზის ამგვარ დიდ, თავისუფალ დატვირთვას ესაჭიროება როგორც წესი, აგროღონისძიებათა სისტემის მეტად მაღალი ფონი (ნიადაგის დროული დამუშავება, ნიადაგის ნაყოფიერების გაძლიერება მინერალურ და ორგანული სასუქების სისტემატური შეტანით, მწვანე ოპერაციების დროულად და მაღალხარისხოვნად ჩატარება და სხვ.), წინააღმდეგ შემთხვევაში ვაზები ნაადრევად დასუსტდება და მოსავალიც მკვეთრად შემცირდება.

ჩვენი მევენახეობის რაიონებში და განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ფორმირების ეს წესი მასობრივად დაინერგა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოსავლიანობა. ყურძნის მოსავალმა ჰექტარზე ამის შედეგად 150 ცენტნერამდე მიაღწია. მაგრამ აქვე აღსანიშნავია ზოგიერთ მეურნეობაში არასასურველი შედეგების მიღებაც. ვაზს დიდი დატვირთვისას არ ეძლევა აგროტექნიკის მაღალი ფონი, რის შედეგად ვაზების ზრდა შენელდა და ამგვარ პირობებში მოსავლიანობამაც მნიშვნელოვნად დაიკლო. ამ მდგომარეობას იმთავითვე უნდა მიექცეს ჯეროვანი ყურადღება და როგორც წესი, სავალდებულოდ უნდა იქნეს მიჩნეული სამუშაო ოპერაციების კალენდარულ ვადებში და მაღალხარისხოვნად ჩატარება, აგრეთვე გასხვლისას ვაზის თითოეული ძირისადმი ინდივიდუალური მიდგომა, რათა ყურძნის უხვი მოსავლის მიღებასთან ერთად უზრუნველყოფილი იქნეს მისი როგორც საერთო, ისე სავეგეტაციო ძალის ნორმალური განვითარება.

ვაზის არსებულ ფორმებიდან ქართული ორმხრივი შპალერი მაინც ძირითად ფორმად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან როგორც შესრულების მანიპულაციით, ისე შედეგიანობით იგი ამჟამად სავსებით გამართლებულია, ოღონდ აუცილებელია რაიონის ეკოლოგიური პირობების მიხედვით სხვადასხვა სიმაღლის შტამბის გამოყენება, როგორც ეს მევენახეობის აგროწესებით არის გათვალისწინებული.

„საქართველოს აპელოგრაფია“

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე