დარგებიმებაღეობა

ზღმარტლი

განსაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს.

ზღმარტლი (Mespilus germanica) ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფოთოლმცვენი ეკლიანი ხე ან ბუჩქია. მისი სამშობლოა სამხრეთ–დასავლეთი აზია.

არქეოლოგიური კვლევების შედეგად დგინდება, რომ ზღმარტლის კულტივირება ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ დაიწყეს. არსებობს მისი 30–მდე სახეობა, მაგრამ გამოიყენება ძირითადად ორი – ე. წ. გერმანული და იაპონური ზღმარტლი. სახელწოდება გერმანული ეწოდა იმიტომ, რომ ის პირველად რომაელებმა შეიტანეს ევროპაში და კერძოდ, გერმანიის ტერიტორიაზე. ჩვენთან გავრცელებულია გერმანული ზღმარტლი, რომელსაც ასევე კავკასიური ზღმარტლი ეწოდება.

ზღმარტლის კალორიულობა და შემადგენლობა

ზღმარტლის  100 გრამ პროდუქტზე დაახლოებით 53 კ/კალორიაა.

ზღმარტლის კვებითი ღირებულება 100 გრამ პროდუქტში: ცილები – 2,1 გრამი, ცხიმები – 0,8 გრამი, ნახშიწყლები – 17,3 გრამი.

ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და თითქმის ყველა ვიტამინს – С, А, В1, В2, В3, В6, В9, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, მთრიმლავ და არომატულ ნივთიერებებს, პექტინებს, ლორწოს, ფიტონციდებს. მინერალებს – კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი, თუთია და სხვა.
ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.

ზღმარტლის სასარგებლო თვისებები

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფოთოლი, ნაყოფი და თესლის ნახარში კუჭ–ნაწლავის ანთებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.

გასაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს, ნაწლავებს. გაითვალისწინეთ, რომ მწიფე ნაყოფი კარგია შეკრულობის დროს, ხოლო მკვახე – ფაღარათისას.
ზღმარტლი აბრკოლებს ინსულტებისა და ინფარქტების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს.

ზღმარტლის ნაყოფში ასევე არის მთრიმლავი ნივთიერებები, რომლის წყალობით მას აქვს ჭრილობის შეხორცების, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სისხლის აღდგენის უნარი; ნაყოფი ორგანიზმს ეხმარება სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებაში და პექტინის წყალობით, ორგანიზმიდან ქოლესტერინი გამოაქვს. ზღმარტლში არსებული დიდი რაოდენობის მოლეკულარული წყალი ხელს უწყობს ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას.

იოდის, თუთიის, სელენისა და მანგანუმის წყალობით, რომლებიც იმუნიტეტზე არიან პასუხისმგებელი, ზღმარტლი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და კუჭქვეშა ჯირკვლების მუშაობას; კალციუმი ამაგრებს ძვლოვან სისტემას და დადებითად მოქმედებს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. მაგნიუმი კი ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

A ვიტამინის წყალობით ზღმარტლი დადებითად მოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე.

განსაკუთრებით სასარგებლოა ზღმარტლის ფოთლები, რადგან ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ეს სასარგებლო ნივთიერებები აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებსა და ეხმარება მას დიაბეტთან ბრძოლაში, პირღებინებისას, დიარეისა და დეპრესიული მდგომარეობის დროს. ფოთლების ნაყენი გამოიყენება ანგინის დროს.

ზღმარტლის დამზადების რეცეპტები:

ნაყენის დასამზადებლად აადუღეთ 500 მილიგრამი წყალი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზღმარტლის მშრალი ფოთოლი. გააჩერეთ თერმოსში 3 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე 50 მილიგრამის ოდენობით. კურსი გრძელდება 2 კვირა, შემდეგ აუცილებელია რამდენიმეთვიანი შესვენება. ნაყენი ორგანიზმს წმენდს მარილებისგან, მძიმე ლითონებისგან, შლაკებისგან.

5 ცალი მსხვილი ზღმარტლის ნაყოფი კარგად გაჭყლიტეთ, კურკები დააქუცმაცეთ და შეურიეთ ფაფისებრ მასას, დაასხით 100 მილიგრამი არაყი და კარგად აურიეთ. ჩაასხით მინის ჭურჭელში და კარგად დაახურეთ ხუფი. გააჩერეთ სამი დღე ცივ და ბნელ ადგილას. გამზადებული ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ ჭამის წინ 1 სუფრის კოვზის ოდენობით. ეს ნაყენი ძალზე ეფექტურია გაციების, ქრონიკული ბრონქიტის დროს, აქვს ამოსახველებლი ეფექტი. შესაძლებელია ასთმის სამკურნალოდ გამოყენება.

წყარო:sputnik-georgia.com