დარგებიმეფუტკრეობა

აპითერაპია  _  ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა

  ფუტკრები _ ჩვეულებრივი მწერები არ არიან, რომლებიც ხელს უწყობენ მცენარეთა დამტვერვას, არამედ ისინი მაღალი ღირებულების ეკოლოგიურად სუფთა უნიკალურ პროდუქტის, თაფლისა და ჭეოს გარდა, იძლევიან ცვილს, დინდგელს, ფუტკრის რძესა და შხამს, რომლისგანაც უამრავი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პრეპარატი მზადდება, რაც ადამიანებს ეხმარება დიდხანს შეინარჩუნონ კარგი ფიზიკური მდგომარეობა და აქტიური ცხოვრების წესი.

დავიწყოთ თაფლით:  თაფლი წებოვანი, ტკბილი, ბლანტი სითხეა, რასაც ფუტკრები თავისთვის იმზადებენ, მაგრამ ადამიანი რის ადამიანია, თავისთვის სასარგებლო ნახოს და არ „მიითვისოს“?! უხსოვარი დროიდან აღმოაჩინა მან ეს საოცარი მწერი და მას შემდეგ მისთვის შრომას „აიძულებს“.
თაფლს ფუტკრები ყვავილების ნექტრისგან ამზადებენ. იგი ძალიან ბევრ სხვადასხვა ქიმიურ შენაერთს შეიცავს, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე, აძლიერებს იმუნიტეტს, ნერვულ სისტემას, გულსა და სისხლძარღვებს, სასუნთქ და საჭმლის მომნელებელ სისტემებს. ის შეიცავს ვიტამინებს, თავისუფალ მიკროელემენტებს (300-ზე მეტს), რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე  ნივთიერებათა ცვლის რეაქციებს.
ჱცვილი. მას ფუტკრები საჭიროების მიხედვით სპეციალური ჯირკვლების მეშვეობით თვითონვე გამოყოფენ. ცვილს ფუტკრები საკუთარი ბუდის, ცვილის ფიჭების სამშენებლო მასალად იყენებენ.
ადამიანი ცვილს საოჯახო მეურნეობაში ოდითგანვე იყენებს. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ცვილის მოხმარების არეალიც გაიზარდა და იგი დღეს სახალხო მეურნეობის ბევრ დარგში, კოსმეტოლოგიაში, ფარმაცევტიაში, სარაკეტო და ავიამშენებლობაშიც კი გამოიყენება.

დინდგელი _ მას დანარჩენი მსოფლიო პროპოლისად იცნობს.
დიდი ხნის განმავლობაში კამათობდნენ, საიდან მიიღებოდა დინდგელი. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ფუტკრები მას აგროვებდნენ მცენარეებისგან, მეორენი კი ამბობდნენ, რომ ფუტკრები მას გამოყოფენ ისევე, როგორც ცვილს. შემდეგ გაირკვა, რომ დინდგელი ფისოვანი ნაერთია, რასაც ფუტკრები აგროვებენ მცენარეებიდან. დინდგელს ფუტკრები საკუთარი საცხოვრებლის კოსმეტიკურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად იყენებენ. მისი თხელი ფენით აპირკეთებენ საცხოვრებლის შიდა კედლებს, რათა იგი დაცული იყოს ბაქტერიებისა და სხვადასხვა პარაზიტებისგან. ასევე დინდგელით ავსებენ უსარგებლო ღრიჭოებს, დაზიანებულ ადგილებს. დინდგელს ასევე იყენებენ მოკლული დიდი ზომის დაუპატიჟებელი „სტუმრების“ (რისი გატანაც მათ თავიანთი სამფლობელოდან არ შეუძლიათ) სამუმიფიციოდ. ამას აკეთებენ იმისათვის, რათა ლეში არ გაიხრწნას და სახლი არ დააბინძუროს. ყველაზე ხშირად ასეთი მსხვერპლი თაგვები ხდებიან.
რატომ არის სასარგებლო დინდგელი ადამიანისთვის? დინდგელს აქვს მიკრობსაწინააღმდეგო, ანტივირუსული, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობების შემხორცებელი თვისებები. მას შემოდგომასა და ზამთარში წარმატებით იყენებენ გაციების საპროფილაქტიკოდ. იგი რამდენჯერმე უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით ხასიათდება, ვიდრე საყოველთაოდ ცნობილი ნოვოკაინი. მას უმეტეს შემთხვევაში დინდგელის ნაყენის, ან დინდგელის მალამოს სახით იყენებენ, რადგან ნატურალური სახით მას ორგანიზმი ცუდად ითვისებს.
ყვავილის მტვერი _ ალბათ ხშირად გინახავთ სხვადასხვა ფერად მბრწყინავი მტვრით უკანა ფეხებ მოხატული ფუტკრები. ხომ არ ფიქრობთ, რომ ისინი ასე გამოპრანჭულები პაემანზე მიეშურებიან? თუ ასე ფიქრობთ, ცდებით. სინამდვილეში ესენი მუშა ფუტკრებია, რომელთაც სკაში ყვავილის მტვერი მიაქვთ. ისინი ყვავილის მტვერსაც, როგორც ნექტარს, საკვებად აგროვებენ, რაც მათ ცილებითა და სხვა ორგანიზმისთვის მრავალი სასარგებლო ნივთიერებებით უზრუნველყოფს. ყვავილის მტვერს ადამიანისთვისაც დიდი სარგებლობა მოაქვს, რადგან იგი 27 სხვადასხვა მინერალურ ნივთიერებას, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ამინომჟავებს, ფერმენტებს, ჰორმონებს, ვიტამინებს: A,B,C,D,E,P​-ს შეიცავს.
ყვავილის მტვერი თავისი უნიკალური თვისებების გამო ხელს უწყობს წნევის დაწევას, ერითროციტების წარმოქმნას, ჰემოგლობინის ამაღლებას. იგი კარგად შეიწოვება მძიმე დაავადება გადატანილი ორგანიზმის მიერ, აძლიერებს მადას, სხეულის წონის ნორმალიზებას და სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას. იგი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.
ყვავილის მტვრისგან დამზადებული პროდუქტი ფუტკრის მტვერია. ფუტკრები მას ყვავილის მტვრის ფერმენტაციით აკეთებენ, რის შედეგადაც იგი ორგანიზმისათვის იოლად ასათვისებელი პროდუქტი ხდება. საერთოდ კი ყვავილის მტვერი, რაც პრაქტიკულად არ იხსნება კუჭის წვენში. ის ძნელად ასათვისებელი პროდუქტია. ამასთან ჭეო ახალ ბიოლოგიურ თვისებებს იღებს. მასში მცირდება ცილები და ცხიმები, მაგრამ იზრდება რძემჟავა და ნახშირწყლები. ჭეო შეიცავს ადამიანისთვის ყველა შეუცვლელ ამინომჟავებს. იგი ძალიან ეფექტიანია კუჭნაწლავის, გულსისხლძარღვთა და ზოგიერთი ნერვიული დაავადებების მკურნალობის დროს.

ფუტკრის რძე, ან სამეფო ჟელე _ იმ პროდუქტს მიეკუთვნება, რასაც ფუტკარი უშუალოდ ამზადებს.

ფუტკრის რძე _  ბლანტი თეთრი ფერის (ზოგჯერ მოყვითალო) სითხეa, რასაც მწვავე, უსიამოვნო გემო აქვს. ეს ნივთიერება დედა ფუტკრის და ახალგაჩენილი ფუტკრების საკვებია (თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ რძე, რითაც კვებავენ დედას და ახლადგამოჩეკილ მუშა ფუტკრებს გარკვეული სხვაობა, მაგრამ ეს ჩვენს შემთხვევაში პრინციპული საკითხი არ გახლავთ). დედა ფუტკარს მუშა ფუტკრები რძით (ზამთრის გამოკლებით, ამ პერიოდში დედაც თაფლით საზრდოობს) მთელი სიცოცხლის განმავლობაში კვებავენ. ფუტკრის რძე ეს უნიკალური პროდუქტია. მარტო ის რად ღირს, რომ რომ სრულიად ერთნაირი კვერცხებიდან ფუტკრებს გამოჰყავთ სხვადასხვა შესაძლებლობების ინდივიდები, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სხვადასხვაგვარი საკვებით კვებავენ. მათ ამგვარად გამოჰყავთ დედა ფუტკარი. ფუტკრები, როგორც ვთქვით, მატლების კვებას იწყებენ დედის რძით და რამდენიმე ხნის შემდეგ, ეს სულაც არ არის ხანგრძლივი პერიოდი, გადაჰყავთ ისინი თაფლსა და ჭეოზე, მაგრამ თუ ფუტკრები რომელიმე მატლის კვებას აგრძელებენ დედის რძით, მაშინ მისგან გამოდის არა მუშა, არამედ დედა ფუტკარი, რომელიც პრინციპულად განსხვავდება თავისი დებისაგან. მოდით აქ დაწვრილებით ნუ აღვწერთ მათ განსხვავებულობას, ამას ფუტკრების ოჯახის ბიოლოგიის შესახებ მომზადებულ სტატიაში მოგითხრობთ, აღვნიშნავთ მხოლოდ ძირითადს: ფუტკრის რძე გაჯერებულია ბევრი მინერალური ნივთიერებით, ვიტამინებით B, C, H, PP. რძის შემადგენლობაში შედის 21 სახის ამინომჟავა, სხვადასხვა ფერმენტი, ჰორმონები, სასქესო ჯირკვლების ფუნქციის გამააქტიურებელი ნივთიერებები. იგი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთია, რომლის მიღება მცირე დოზებით შეიძლება.
ფუტკრის რძე დადებითად მოქმედებს ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა,  სისხლის მიმოქცევის, იმუნურ და  სასქესო სისტემებზე. მას იყენებენ, როგორც ორგანიზმის გამაძლიერებელ საშუალებას, ასევე კონკრეტული დაავადებების დროს.

აპიტოკსინი._ფუტკრის შხამი, ეს ერთგვარი ჭურვია, რასაც ფუტკრები თავიანთი ერთადერთი იარაღიდან _ ნესტრიდან გამოტყორცნიან. ფუტკრის შხამი _ ეს არის რთული ნაერთი, რაც მუშა ფუტკრების სანესტრე ჯირკვლებში გამოიყოფა.
ფუტკრის შხამი შეიცავს გისტამინს, ფერმენტებს, თავისუფალ ამინომჟავებს, ხოლინს, ეთერზეთებს, ჭიანჭველა და სხვა ორგანულ მჟავებს, მიკროელემენტებს.
დანესტვრის დროს ფუტკარი 0,2 მგ. შხამს (ადამიანისთვის მომაკვდინებელი დოზა საშუალო-სტატისტიკური მაჩვენებლებით 0,2 გ. (დაახლოებით 500-1000 დანესტვრა), ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ ლეტალური შედეგი ერთი კბენის დროსაც არის დაფიქსირებული). ფუტკრის შხამს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, აუმჯობესებს მიმოქცევას, ამცირებს ჰემოგლობინს. რევმატიზმების, ნევრალგიის, მიოზიტების, რადიკულიტის, სახსრების ზოგიერთი დაავადების, ტრომბოფლებიტისა და სხვა.
ფუტკრის შხამი უკუჩვენებით ხასიათდება ინფექციური, გულსისხლძარღვთა დაავადებების, ფსიქიკური დაავადების დროს, სისხლის დაავადების, ღვიძლის, თირკმლების, დიაბეტისა და ასევე ფუტკრის შხამისადმი გაზრდილი მგრძნობელობის დროს.
დანესტვრის დროს ნაკბენ ადგილზე წარმოიქმნება მწველი ტკივილი. სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად იტანენ ფუტკრის შხამს. ზოგიერთს ნაკბენი მხოლოდ უწითლდება, ზოგიერთებს კი მოწამვლის ნიშნები და სხვადასხვა გართულებები ეწყება.
ბევრ მეფუტკრეს დროთა განმავლობაში გამოუმუშავდება იმუნიტეტი და ფუტკრის კბენას ვეღარც კი გრძნობენ.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“