ხილის კრეფა და სასაქონლო დამუშავება

ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ნაყოფის ხარისხზე და შენახვისუნარიანობაზე.
ნაყოფის ხარისხსა და შენახვისუნარიანობაზე გავლენას ახდენს როგორც ჯიშური თავისებურებები, ისე წარმოების აგროტექნიკური ფონი და ნიადაგურ-ტექნიკური ფაქტორები.

ჯიშის ფაქტორი — ბიოლოგიური თავისებურებები განაპირობებს მოცემული ჯიშის ხარისხიანი (მსხვილი, უკეთესად შეფერილი ნაყოფები, დაავადებებისგან ნაკლებ დაზიანებული) ნაყოფის გამოსავლიანობას. ზოგიერთი ჯიში ერთნაირ პირობებში უფრო ხარისხიან ხილს იძლევა, ვიდრე სხვა ჯიში.

საძირე — დადგენილია, რომ ნაგალა საძირეებზე დამყნობილი ხეხილისგან მიღებული პროდუქცია ხასიათდება მაღალი ხარისხით, თუმცა მისი შენახვისუნარიანობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ძლიერ საძირეებზე მოყვანილი ხილის.

მცენარის ხნოვანება და მდგომარეობა — ახალგაზრდა მცენარე უფრო მსხვილ ნაყოფს იძლევა, ვიდრე სრულ მსხმოიარობაში მყოფი მცენარე, თუმცა, მათი შენახვისუნარიანობა უფრო ნაკლებია. ამიტომ ასეთ ბაღებს ვარჯის უკეთეს განათებას უქმნიან და მოსავლის დანორმებას აწარმოებენ.

ნაყოფის მაღალ ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს აგროტექნიკური ღონისძიებების აგროვადებში მართებულად ჩატარება. ნიადაგის მოვლის გამართული სისტემა, განოყიერების სისტემა, სხვლა-ფორმირება, მოსავლის დანორმება, ზუსტად შერჩეული მცენარეთა დაცვის პროგრამა, ოპტიმალური მორწყვა და კრეფის ვადების დაცვა მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას განაპირობებს.

ნიადაგური ფაქტორებიდან ხილის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს ოპტიმალური ჵჰ-ის კარგად დრენირებული და ფიზიკური სტრუქტურის მქონე, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგები. კარბონატულ ნიადაგებზე მიღებული თესლოვანი ხილი ხასიათდება უკეთესი შენახვისუნარიანობით, მასში კალციუმის მაღალი შემცველობის გამო.

კლიმატური პირობებიდან მნიშვნელოვანია სავეგეტაციო სეზონი ექსტრემალური აბიოტური პიკების (გაზაფხულის გვიანი წაყინვები, ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმები და გვალვა) გარეშე მიმდინარეობდეს. გარდა ამისა, ზოგიერთი კულტურა, მაგალითად, თხილი ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში უკეთეს მოსავალს იძლევა (ოპტიმალურია დასავლეთ საქართველო).

ნაყოფის ხარისხსა და შენახვისუნარიანობაზე ასევე გავლენას ახდენს რელიეფის თავისებურებები და სიმაღლე ზღვის დონიდან. მაგალითად, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის თესლოვანი ხილი მიიღება ზღვის დონიდან 500-900 მეტრ სიმაღლეზე, მთისწინა კალთებზე ან ვაკეზე გაშენებული ბაღებიდან.

ხილის კრეფის წესები

ხილის კრეფა ყველაზე დაძაბული და საპასუხისმგებლო პერიოდია ხეხილის ბაღებში. უდროო და მოსავლის არასწორ აღებას შეუძლია დიდი დანაკარგები გამოიწვიოს და პროდუქციის ხარისხი შესამჩნევად დააქვეითოს. მაგალითად, ვაშლის ერთი დეკადით (10 დღე) ადრე კრეფა მოსავლიანობას 10-15-%-ით ამცირებს. ხილი ამ დროს უფრო წვრილია და ცუდად ინახება, ხოლო დაგვიანებით კრეფისას იზრდება ნაქარის რაოდენობა, ნაყოფი გადამწიფდება და ასევე ცუდად ინახება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად დადგინდეს კრეფის ვადა, ტარის საორიენტაციო რაოდენობა და საჭირო სამუშაო ძალა, რათა კრეფა ჩატარდეს ორგანიზებულად და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.

საჭირო ინვენტარის და მუშახელის რაოდენობის დასაზუსტებლად მნიშვნელოვანია სავარაუდო მოსავლის წინასწარი შეფასება. ამისთვის მოსავლის აღებამდე ერთი თვით ადრე ბაღში შეარჩევენ 10-15 ტიპურ ხეს და მოახდენენ ნაყოფის ათვლას. ნაყოფის რაოდენობა მრავლდება ნაყოფის საშუალო მასაზე და მიიღება საორიენტაციო საშუალო მოსავალი 1 ხეზე, რომლის მიხედვით იანგარიშება საჰექტარო მოსავლიანობა. თუ ხე დიდი ზომისაა ან ხილია მცირე ზომის (მაგალითად ქლიავი, ბალი, გარგარი), ნაყოფს თვლიან ხის მხოლოდ ერთ სამოდელო დედატოტზე ან ვარჯის გარკვეულ ნაწილზე. მიღებული ნაყოფების რაოდენობა მრავლდება იმ ნაწილზე, რასაც შეადგენს მოდელური ნაწილის მოსავალი.

ხილის კრეფის სიმწიფე დგება მაშინ, როდესაც ნაყოფი მიაღწევს ჯიშისთვის დამახასიათებელ ზომას, ფორმას, ადვილად წყდება ყუნწს, ხოლო თესლი დამახასიათებელ ყავისფერს იღებს (თესლოვანი ხილის შემთხვევაში). ასეთ სტადიაში მოკრეფილ ხილს შეუძლია შენახვის დროს დაასრულოს დამწიფება და ჯიშისთვის დამახასიათებელი გემო, არომატი და კონსისტენცია მიიღოს.

ტექნიკური სიმწიფე საკრეფ სიმწიფეზე 2-4 დღით გვიან დგება, ნაყოფი ვარგისია გადამუშავებისა და ტრანსპორტირებისთვის.

მოსახმარი სიმწიფე დგება მაშინ, როცა ნაყოფის ბიოლოგიური მომწიფება დასრულებულია, ნაყოფი იღებს ჯიშისთვის დამახასიათებელ გემოს, კონსისტენციას, წვნიანობას და ფერს. ნაყოფი ვარგისია ნედლად გამოსაყენებლად.

კურკოვანი კულტურებისა (ატამი, ქლიავი, ბალი, ალუბალი) და კენკროვნებისთვის (მარწყვი, ჟოლო, ხურტკმელი) საკრეფი და მოსახმარი სიმწიფე ერთდროულად დგება, ასევეა თესლოვანი კულტურების (ვაშლი, მსხალი, კომში) საადრეო ჯიშებისა და კაკლოვანი კულტურებისთვის.

თესლოვანი კულტურების (ვაშლი, მსხალი, კომში) საგვიანო ჯიშების მოსახმარი სიმწიფე კი კრეფიდან 2-3 თვის შემდეგ დგება.

კრეფის ვადის დადგენა. ხილის კრეფის ვადები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არა მარტო ჯიშებსა და საძირეზე, არამედ კლიმატზე, ნიადაგსა და ადგილმდებარეობაზე და სხვა. ამიტომ ხილის კრეფის ვადები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთი მუნიციპალიტეტის ფარგლებშიც კი კულტურების და ჯიშების მიხედვით.

პრაქტიკაში ხილის კრეფის ვადების განსაზღვრის მარტივი მაჩვენებელია ყუნწის მიმაგრების ადგილზე გაკორპებული ფენის წარმოშობა. ამ დროს ნაყოფი შემოტრიალებისას ტოტს ადვილად წყდება, თუმცა არსებობს ნაყოფის სიმწიფის ოპტიმალური ვადის დადგენის სხვა, უფრო ზუსტი მეთოდები.

დღეების რაოდენობა სრული ყვავილობიდან წარმოადგენს საკმაოდ მუდმივ მაჩვენებელს, მიუხედავად წლების მიხედვით მეტეოროლოგიური პირობების განსხვავებისა. ყოველ ზონაში ხეხილის სახეობის კონკრეტული ჯიშისთვის დღეების რაოდენობა ყვავილობიდან სიმწიფემდე ექსპერიმენტული გზით უნდა დადგინდეს.

ზოგადად დადგენელია, რომ „გოლდენ დელიშესისთვის“ ეს მაჩვენებელი საშუალოდ 150-150 დღეს შეადგენს, ხოლო მსხლისთვის („ბერე-ბოსკი“) — 130-145 დღეს.

რბილობის სიმკვრივე ისაზღვრება პენეტრომეტრის საშუალებით, რომელიც თესლოვან და კურკოვან ხილში გამოიყენება.

ეს ხელსაწყო შემდეგნაირად გამოიყენება: ნაყოფს აეთლება კანი 1-2 სმფართობზე. ამ ადგილზე ნელ-ნელა, 2-3 წამის განმავლობაში ჩაიყვანენ პენეტრომეტრის ღეროს ნიშნულამდე. სკალა აჩვენებს რბილობის სიმკვრივეს. ამ დროს სიმკვრივეს საზღვრავენ 10-15 ნაყოფზე. ჯიშების მიხედვით დადგენილია რბილობის სიმკვრივის კოეფიციენტები, რომელიც კრეფის დაწყების დროს განსაზღვრავს, მაგალითად, „გოლდენ დელიშესისთვის“ ეს მაჩვენებელი 15-17 შეადგენს, „აიდარედისთვის“ — 14-16, „რედ დელიშესისთვის“ — 16-18 (ვაშლი), „ბერებოსკისთვის“ — 14-16 (მსხალი). მაჩვენებელი მოცემულია გირვანქა „დუიმ2“.

კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში. წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაყოფზე წვეთები აღარ იქნება. თუ ხილი დანამულია, კრეფა უნდა გადაიდოს 1-2 საათით, ნამის შეშრობამდე.

კრეფის დროს ხის ვარჯი პირველ და მეორე იარუსებად ნაწილდება. ნაყოფი იკრიფება ჯერ ქვედა იარუსის, შემდეგ კი ზედა იარუსის ტოტებზე.

თესლოვანი და კურკოვანი ხილის კრეფა ხორციელდება შემდეგნაირად: ნაყოფი ხელისგულში თავსდება, შემდეგ ნაყოფის ყუნწში ზევით და გვერდზე გადაწევის გზით ხდება ნაყოფის კრეფა. ამ დროს აუცილებელია ხილის ყუნწის შენარჩუნება. კურკოვანი ხილიდან გარგრის, ატმის, ქლიავის და ტყემლის კრეფა უყუნწოდაც შეიძლება. დაუშვებელია ნაყოფის ტოტიდან ქვევით ჩამოგლეჯა. კრეფის დროს თავიდან უნდა იყოს აცილებული ნაყოფის ერთმანეთთან მიხეთქება და დაჟეჟვა. აღსანიშნავია, რომ ხილის კანის დაუზიანებლობა და მისი დაუჟეჟავი ზედაპირი განაპირობებს შენახვის გახანგრძლივებას.

კრეფის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სანაყოფე ტოტები არ დაზიანდეს და არ დაიმტვრეს. მკრეფავებმა უნდა იმუშაონ თითებიანი, მოქნილი ხელთათმანებით. შიშველი ხელით კრეფისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ხელის თითებზე ფრჩხილები არ იყოს წამოზრდილი.

მოკრეფილი ხილი ჩანთიდან და ვედროებიდან ფრთხილად გადალაგდება ყუთებში.

ზოგიერთი ხილის კრეფის თავისებურებანი

ვაშლი — ზაფხულის ზოგიერთი ჯიში მწიფდება სხვადასხვა დროს, ამიტომ მოითხოვს ორ-სამ ვადაში კრეფას.

მსხლის საზაფხულო ჯიშები სათუთია, ამიტომ მისი კრეფა მეტ ყურადღებას და სიფაქიზეს მოითხოვს, ვიდრე საშემოდგომო და საზამთრო ჯიშები.

ბალი, ალუბალი სრულ სიმწიფემდე 3 დღით ადრე უნდა დაიკრიფოს. ნაადრევად დაკრეფილ ბალს მდარე გემო აქვს. ბლის კრეფა უმჯობესია დღის საათებში, ნამის შეშრობის შემდეგ. შესაძლებელია ბლის კრეფა საკრეფი მაკრატლით. ამ დროს ყუნწის ერთი მესამედი შესაძლებელია ხეზე დარჩეს. სიცხეში მოკრეფილი ბალი სწრაფად უნდა გადაიტანონ გრილ საწყობში ან წინასწარი გაციების საკანში.

ქლიავი — ისევე როგორც ბალი, უმჯობესია დილის საათებში მოიკრიფოს. კრეფისას ნაყოფს ნაფიფქი უნდა შერჩეს. ფიფქგაცლილი ქლიავი მალე ფუჭდება.

ატმის კრეფის დროს ყურადღებას აქცევენ, რომ ბუსუსი ნაკლებად გაეცალოს.

თხილის მოსავლის აღების წინ ბუჩქის ირგვლივ მიწის ზედაპირი უნდა გასუფთავდეს სარეველებისგან და მოსწორდეს, რათა დანაკარგები თავიდან ავიცილოთ. თხილის ტექნიკური სიმწიფის ნიშანია საბურველის გამუქება და ნაჭუჭის შეფერვა. ამ დროს თხილი ოდნავი შერხევით ადვილად ცვივა და იკრიფება მიწიდან, ბუჩქზე დარჩენილი ნაყოფი კი ხელით იკრიფება.

კუკური ძერია, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“