აქამდე მოსასვლელად საკმაოდ რთული გზა გამოვიარე
თელავში, ალაზნის გამზირის №6ა-ში (ე.წ. ძველი ავტოსადგურის ტერიტორია) მდებარე ვეტაფთიაქს ვეტერინარი ზურაბ ოქროაშვილი ხელმძღვანელობს. ბატონმა ზურაბმა, რომელიც ამ მისამართზე 2009 წლიდან ფერმერების ყოველდღიურ სამსახურშია, ვეტაფთიაქისთვის ადგილი ხალხმრავლობიდან გამომდინარე შეარჩია. ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვეტერინარი და ამავდროულად, მენეჯერია, რომელიც მუდმივად მზადაა სიახლეებს ფეხი აუწყოს და ფერმერთა მოთხოვნების შესაბამისად, მათ განათლება-განვითარებაზე იზრუნოს.
ბატონი ზურაბი მომხმარებელს მაღალი ხარისხის ვეტპრეპარატებთან ერთად უფასო კონსულტაციას, ფრინველზე დაავადებების დიაგნოზირებას სთავაზობს. ასევე, ადგილზე მისვლით მკურნალობს ცხოველებს, უდგენს დიაგნოზს, ატარებს კასტრაციის ოპერაციებსს. უახლეს პერიოდში გეგმავს ძროხის ხელოვნურ განაყოფიერებაზე მუშაობას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზურაბ ოქროაშვილი ამ საქმეს პროფესიის სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით აკეთებს. მან დარგის სიყვარული შვილსაც ჩაუნერგა, რომელიც ამჟამად ვეტერინარიის მიმართულებით სტუდენტია და მამის დახმარებით აქტიურად ეცნობა ვეტაფთიაქის მუშაობის სპეციფიკას.
„ვეტაფთიაქთან ავტოსადგურია, საიდანაც მიკროავტობუსები გადის როგორც თელავის რაიონის სოფლებში, ასევე – ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, წნორის და ლაგოდეხის მიმართულებით. როდესაც სეზონია, გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში საკმაოდ დიდი დატვირთვით მიწევს მუშაობა. დღეში სულ მცირე 100 კაცამდე გვყავს. ამ პატარა ქალაქში რამდენიმე ვეტაფთიაქია და შესაბამისად, კონკურენცია დიდია. ვეტაფთიაქში დამხმარე არ მყავს, თუ არ ჩავთვლით ჩემს შვილს, რომელიც მომავალი ვეტერინარია.
საკმაოდ რთული გზა გამოვიარე აქამდე რომ მოვსულიყავი. მახსენდება პირველი ნაბიჯები, როდესაც ერთი პატარა ჩანთით ჩამომქონდა წამლები თბილისიდან, კოლმეურნეობის მოედნიდან, სადაც “ფერმერთა სახლი“ მდებარეობდა. პირველი ვეტაფთიაქი 2001 წელს გავხსენი. მსურდა, დახმარება გამეწია მოსახლეობისთვის. ჩემი საქმე დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს,“ – აღნიშნავს ზურაბ ოქროაშვილი.
ბატონი ზურაბი წარმატებით იყენებს სასწყობე პროგრამას “მე და როქი”, რომელიც ახლახან დაინერგა „მომავლის ფერმერისა“ და „კახეთი მოლის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
„აღნიშნული პროექტი დიდ დახმარებას მიწევს. მისი საშუალებით გაადვილდა პრეპარატების შემოსვლისა და რეალიზაციის აღრიცხვა. პრეპარატების შენახვის ვადის განსაზღვრა. ამავე პროექტის ხელშეწყობით საჩუქრად გადმომეცა დახლი, თაროები, ვეტაფთიაქის გარეთა აბრა. მუდმივად ჩართული ვარ ტრენინგებში და ვეცნობი როგორც პრეპარატების, ასევე დარგში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციას. სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავ გაფართოებას, რადგან ფართის სიმცირე ხელს მიშლის განვითარებაში. მე და ჩემს შვილს გვსურს, გვქონდეს ვეტერინარული კლინიკა.“
თეონა ნოზაძე,
ასოციაცია „მომავლის ფერმერი“