აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ქართული ჯიშები

ცხოველთა მოვლა-შენახვის თუ მკურნალობის ტრადიციებთან ერთად, რომლებიც ათეული საუკუნეების განმავლობაში ყალიბდე­ბო­და საქართველოში,  ცხოველთა ახალი ჯიშების გამოყვანისა და გაუმჯობესების პროცესიც მიმდინარეობდა.
დიდი ხნის განმავლობაში  უმჯობესდე­ბო­და მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ცხენის, ცხვრის, ღო­რის და სხვა ცხოველთა თუ ფრინველთა ჯიშები, რომლებიც ადგილობრივ პირობებს შე­ე­გუენ. შემდგომში ეს ჯიშები თანდათან იხვეწებოდა და სრულყოფილი ხდებოდა. მაგალითისათვის შეი­ძლე­ბა დავასახელოთ ხევსურული ძროხა, რომელიც ტანით პა­ტა­რაა, საუკეთესოდ მოძრაობს მთიან პირობებში, იოლად  მოი­პოვებს საკვებს, ამავე დროს საკმაოდ ბევრს იწველის და აქვს ცხი­მიანი რძე, ასევე სამეგრელოს პირობებს შეგუებულია კვარა­ცხე­ლიას ჯიშის საქონელი, ხევსურულ ძროხას­თან შედარებით წონით დიდიც არის და რძესაც მეტს იძლევა. როგორც ხევსურეთის ბუნებრივი პირო­ბე­ბი განსხვავდება სამეგრელოს ბუნებრივი პირობებისაგან, ისე განსხვავდება ეს საქონელი ერთმანეთისგან. სწორედ ბუნებრივი პირობები დაედო საფუძვლად იმას, რომ პატარა სა­ქართველოს არცთუ ისე ერთმანეთისგან დაშორებულ კუთხეებში  სხვადასხვა ჯიშისა და თვისების მქონე საქონელი ჩამოყალიბდა.

საქონლის ჯიში თუ ჯილაგი, რომელიც ყალიბდებოდა საქარ­თ­ველოს ამა თუ იმ კუთხეში, ყოველმხრივ ეგუებოდა იმ პირობებს, რომელშიც უხდებოდა ყოფნა. დამახასიათებელია, რომ ქარ­თული მთის ძროხის ხევსურული ჯიშის საქონელს ზამთარში, რომელიც თითქმის 5-6 თვე გრძელდებოდა, ბაგურ კვებაზე უხდებოდა ყოფნა, დანარჩენ დროს მთიან საძოვრებზე იყო, სადაც ზოგ­ჯერ ზედმეტი მოძრაობაც კი სახიფათოა. ის მთის პირობებს შეეგუა, რასაც ხელს უწყობდა მისი ტანის  სიმცირეც.

სამეგრელო  კი ძირითადად  დაბლობია და საქონელიც ფიზი­კუ­რად უფრო დიდი. გადმოცემით, კვარაცხელიებს როგორც ზაფ­ხულობით, ისე ზამთრობით საქონელი საძოვარზე ჰყავდათ გაშ­ვე­ბული. ამას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ სამეგრელოში ზამ­თარი ხანმოკლეა, დიდთოვლობაც იშვიათი. მხოლოდ საჭირო  შემთხვევაში აძლევდნენ საქონელს დამატებით საკვებს. ამიტომ, კვარაცხელიას ჯიშის პირუტყვი  უფრო დიდი, უფრო მარ­დია და ხასიათდება განსხვავებული ფიზიკური მონაცემე­ბი­თა და თვისებებით, ვიდრე ხევსურული ძროხა.

 

ახალი, გაუმჯობესებული ჯიშების შექმნა საუკუნეების განმავლობაში ხელოვნური შერჩევით ხდებოდა. ადამიანები იმთა­ვით­ვე აკვირდებოდნენ ცხოველებს, სწავლობდნენ მათ თვისებებს და არჩევდნენ უკეთესს. აუცილებლად ითვა­ლისწინებდნენ მის წველადობას, რძის ცხიმიანობას, წონას (სიდი­დეს), რამდენად იოლი მოსავლელია, ხშირად ყურადღებას უთ­მობდნენ საქონლის ფერსაც კი. არსებული ეთნოგრაფიული მასა­ლე­ბი თვალნათლივ მეტყველებს იმის შესახებ, თუ  როგორ მიმ­დინარეობდა ეს პროცესი საქართველოში. საჩხერის რაიონის სო­ფელ ჭორვილას მკვიდრის – 85 წლის სიმონ ხატელიშვილის გად­მოცემით (1978 წ.), საჩხერის რაიონში ჰყავდათ ადგილობრივი ჯიშის საქონელი, ადგილობრივ გარემოსა და ჰაერს შეგუებული, არ გამოირჩეოდა დიდი ტანით, სამაგიეროდ ჰქონდა  მაღალცხიმიანი რძე. „რუსულ საქონელთან შედარებით ცოტას იწველიდა, მაგრამ რძე ცხიმიანი ჰქონდა და ყველი უკეთესი გამოდიოდა. ჩვე­ნი ჯიში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იხვეწებოდა შერჩევის გზით. თუ  რომელიმეს ძროხა გამოირჩეოდა კარგი აგებუ­ლებით, წველადობით, რძის ცხიმიანობით, ის სწრაფად ვრცელ­დე­ბოდა. მისი ხბო ინახებოდა საჯიშედ. ბოლო დროს დაიწყეს თათ­რული ჯიშის სახეების გამოყვანა. ის ძალიან კარგი იყო, როგორც გამწევი ძალა“. არჩევდნენ არა მარტო საჯიშე ფურებს, არამედ, სა­ჯი­შე ბუღასაც. „საბუღედ ინახავდნენ ისეთ მოზვრებს, რომლე­ბიც დიდი ტანისა იყო, ჰქონდა განიერი მკერდი,  დიდი და გან­ვითარებული სათესლე ჯირკვლები. ბუღას ოთხ წელზე მეტ ხანს არ გააჩერებდნენ. ოთხი წლის შემდეგ დაკოდავდნენ, რადგან  ფიქ­რობდნენ, რომ ოთხი წლის შემდეგ მის მიერ განაყოფიერებულ ძროხას ჯანმრთელი ხბო არ დაებადებოდა“. ამასთნავე, „რომელი ძროხაც გა­მოირჩეოდა კარგი წველადობით, რძის ცხიმიანობით და ა.შ. მის ხბოს ინახავდნენ ბუღად“.

წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურში ჩაწერილ მასალებში კი ვკითხულობთ: ჯიშიანი ხბოს მიღებისათვის არჩევდნენ ბუღას.  „მას უნდა ჰქონდეს განიერი გავა, ძლიერი,  სქელი კისერი“. ასევე, არჩევდნენ საშუალო ტანის ფურს. „ის უფრო ცქვიტი იყო, ადვი­ლად მოძრაობდა, იოლად ეგუებოდა მთიან ადგილებს. გარდა ამი­სა, დიდ საქონელს მეტი საჭმელი უნდოდა, უჭირდა მოძრაობაც“. საინტერესოა წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში (ფედოსი ჟორჟოლიანი-თორთლაძისა) მოპოვე­ბუ­ლი მასალაც, სადაც საუბარია საფურე ხბოს შერჩევაზე: „ხბო უნდა იყოს მოძრავი, ფიცხი, მჭამელი, კარგი სმენის, ერგებოდეს საჭმელი და იმატებდეს სწრაფად“. აქვე ნათქვამია, რომ მსხვილფეხა საქონ­ლისათვის კარგი ფერებია: ღვინისფერი, წითელი, შავი.  ასეთი ფერები დამახასიათებელია ჯანსაღი და კარგი ჯიშის საქონ­ლი­სათვის. აქაური გამოცდილი მეურნეებიც ბუღად არჩევენ ოთხი წლის საქონელს. „თუმცა მან შეიძლება თხუთმეტ წლამდეც იმუ­შაოს, მაგრამ ის შედეგი არ ექნება, რაც საჭიროა კარგი ჯიშის გამრავლებისათვის“. ამავე მასალებში ნათქვამია, რომ რუსეთიდან ჩამოიყვანეს ძროხა, რომელიც 25 ლიტრს იწველიდა დღეში, მაგრამ აქაურ ჰაერს ვერ შეეგუა და წველა დაკარგა.  ჩვენი კარგი ძროხა 15 ლიტრამდე რძეს იძლევა დღეში, მაგრამ „ეს იმ 25 ლიტრს ჯობია, რადგანაც აქაური ძროხის რძე ცხიმიანია. ამიტომ კარგი ყველი იცის“. რუსეთიდან ჩამოყვანილ ძროხას დარჩა ხბო. ის შეე­გუა ჩვენს ჰაერს, გაიზარდა, მაგრამ არც ძალიან დიდი. ჩვენს სა­ქონელზე უფრო დიდი. პირველი  ხბოს შემდეგ 12 ლიტრი რძე მო­ი­წველა დღეში, მეორე ხბოზე _ 18 ლიტრი.  შეეჩვია საძოვარსაც. ამით ჯიში გაუმჯობესდა“.

ასე, რომ ჩვენი წინაპრები თავისი პრაქტიკული გამოცდი­ლე­ბით, ცოდნითა და დაკვირვებით ახერხებდნენ გაეუმჯობესებინათ საქონლის ჯიში.

ისინი კარგ ძროხას 18 – 20 წელიწადს ინახავდნენ. იმ შემთხ­ვევაში თუ მეწველი ძროხა ძალიან კარგი იყო და წველადობას არ იკლებდა, მას უფრო მეტ ხანსაც აჩერებდნენ. მაგრამ თუ ძრო­ხას ხბო არ შერჩებოდა, მას სახორცედ გაყიდდნენ. ასევე ყიდდნენ იმ საქონელს, რომელსაც ხბო ეყოლებოდა, მაგრამ ვერ ცოცხლობდა, იღუპებოდა. ამ სენს ვერ კურნავდნენ, თუმცა ამას ძროხას აბრალებდნენ, რადგან ყოველთვის სხვადასხვა ბუღას­თან მიჰყავდათ.

ძროხის ბერწობას კი ძირითადად ცუდ კვებას აბრალებდნენ. მაგრამ თუ კარგი ნაკვები იბერწებოდა, მასაც სახორცედ იყენებდ­ნენ.

არა მარტო ფურისა და ბუღის შერჩევა ხდებოდა, არამედ კარგი მეურნე ყოველთვის არჩევდა სახარე მოზვრებსაც, რამდენადაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გამწევ ძალას, რადგანაც ტექნიკა არ იყო განვითარებული და ფიზიკური სამუშაო ძირითა­დად გამწევი ცხოველების მეშვეობით უნდა შეესრულებინათ. ამი­ტომ, მათი შერჩევა ხდებოდა მაშინ, როცა მოზვერი პატარა იყო. ისი­ნი ამ დროს ამჩნევდნენ, რომელი მოზვრიდან გამოვი­დოდა „კარგი ხარი“. „კარგ ხარს“ უნდა ჰქონოდა „დიდი, განიერი მკერდი, მაღალი მხრები, ვიწრო გავა. ასეთი ხარი, თუნდაც ტანად პატარა ყოფილიყო, დიდი ძალა ჰქონდა და კარგი მუშა იყო“. ასევე, პრაქტიკული გამოცდილებით იცოდნენ, რომ „ნაბუღარ მოზვერს“ „მუხლი აქვს სუსტი“ და უღელ­ში შორ გზაზე არ გამოდგებოდა. მუხლი ვერ გაუძლებდა და დაწვებოდა, ამიტომ ბუღობის შემდეგ მას   სახორცედ იყენებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მცირემიწიანი, პატარა ქვეყანაა, მისი ყველა კუთხე თავისი ჰავით, საყოფაცხოვრებო პი­რობებით, ბუნების სიმკაცრით ისე განსხვავდება ერთმანეთი­საგან, რომ ხშირად მომიჯნავე რაიონების საქონელიც კი ვერ ეგუე­ბოდა იქაურ ჰავას და სხვა ბუნებრივ პირობებს. ეს ცხადია, სიძნელეს უქმნიდა მეურნეს. ალბათ ძირითადად ეს იყო მი­ზეზიც, რომ ერთი რაიონის საქონელი მკვეთრად განსხვავ­დებოდა მეორე მახლობელი რაიონის საქონლისაგან თავისი თვისებებით. მაგალითად, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მოპოვებული მასალებით თიანეთიდან ჩამოყვანილი საქონელი „აქ ვერ ძლებდა, ისიცხებოდა, სისხლს შარდავდა და იხოცებოდა. აქაური სა­ქო­ნელი კი თიანეთში ვერ ხარობდა“. ამიტომ, საჭიროების შემთხ­ვე­ვაში, საგურამოს მცხოვრებლები საქონელს „აქვე ერთმანეთისგან ყი­დულობდნენ“. ესეც დამახასიათებელია საქართველოსთვის, რო­გორც მთაგორიანი ქვეყნისთვის. მართალია, მცხეთისა და თიანე­თის რაიონები ერთმანეთს  ესაზღვრება, მაგრამ კლიმატური პი­რობების მხრივ მათ შორის ისეთი განსხვავებაა, რომ ერთი რა­იონიდან მეორეში გადაყვანილი საქონელი ვეღარ ეგუება ახალ პირობებს.

როგორც არსებული მასალებიდან ჩანს, ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება  ხევსურული და ფშაური ჯიშის საქონელი, ფშა­ვის  სოფელ ბუშატის მცხოვრები ესტატე მინდოდაური გვიამ­ბობს, რომ „აქ ძირითადად ფშავური ჯიშის ძროხა იყო გავრცელებული. ფშაური საქონელი უმეტესად იყო ლურჯი, წითელი ან ნაცრისფე­რი. შავი იშვიათად გაერეოდა. ის ხევსურულ საქონელთან შედა­რე­ბით იყო უფრო ტანმაღალი და მსხვილი. მაგრამ ფაშვი იმხელა არ ჰქონდა, როგორც ხევსურულ საქონელს. ამასთან ფშაურ საქო­ნელს ძალაც მეტი ჰქონდა“.

„ხევსურული საქონელი უმეტესად იყო ჭრელი, ფშაურთან შე­დარებით დაბალი და ფაშვიანი. გარდა ამისა, ფშაური საქონელი უფრო ფიცხი იყო, უცხო საქონელს ახლოს არ იკარებდა.  როგორც მგელი ისე დაედევნებოდა და კლავდა. საჭირო იყო პატრონს  1 – 2 თვე მაინც ნელ-ნელა შეეჩვია მათთვის. ფშაური საქონელი სხვა საქონელში არ გაერეოდა, მეზობლის საქონელსაც კი არ გაჰყვე­ბო­და“.

ხევსურეთში მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალებიდან ჩანს, რომ ამ კუთხეშიდაც ჰყოლიათ მეზობელი ქვეყნებიდან შემო­ყვანილი ჯიშიანი საქონელი, რომელიც  ტანით (წონით) ბევრად მეტი იყო, ვიდრე ადგილობრივი ჯიშის, მაგრამ ვერ ეგუებოდნენ ადგილობრივ კლიმატს და თუ ეგუებოდნენ, ძნელი მოსავლელი იყვნენ. მართალია, ისინი გაცილებით მეტს იწ­ველიდნენ, ვიდრე ადგილობრივი ჯიშის ძროხები, მაგრამ გამოცდილი მეურნეები გადმოგვცემდნენ, რომ „აქაური ძროხა ცოტას იწველება, მაგრამ აქვს ცხიმიანი რძე, კარგი ამტანია, შეგუებულია ადგილობრივ პირობებს და კარგადაც სუქდება“. ერწო-თიანეთში და ასევე რაჭაში ჰყოლიათ ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოყვანილი თარაქამა ჯიშის საქონელი, მაგრამ რაჭაშიც და ერწო-თიანეთშიც მათ ძირითადად გამწევ ძალად იყენებდნენ, რამდენადაც „ფიზი­კუ­რად ძლიერი და კარგი მუშაა“. მაგრამ, როგორც, ამბობენ ისინი მაინც „ძნელად ეგუებიან ადგილობრივ პირობებსა და ხშირად ავადმყოფობენ“.

რაჭასა (სოფელი ღები) და ერწოში (სოფელი მაგრანეთი) ჰყო­ლიათ აგრეთვე გერმანული ჯიშის საქონელი. ადგილობრივ მეურ­ნეთა დახასიათებით ის დიდიც იყო და ბევრსაც იწველიდა, მაგრამ ბევრ მოვლას საჭიროებდა. ძირითადაც თავლებში ჰყავდათ და თივით კვებავდნენ. მას „ბევრი და კარგი ხარისხის საკვები სჭირდება. ფშაური საქონელი ცუდი საკვებითაც გაიტანდა თავს“, ამიტომ უპირატესობას მაინც ადგილობრივი ჯიშის საქონელს აძ­ლევ­დნენ.

როგორც მოპოვებული მასალებიდან ჩანს, მთის პატარა ჯიშის საქონელი იყო ძირითადად გავრცელებული საქართველოში, რომ­ლის წველადობა სეზონის დროსაც დღეში 8 – 10 ლიტრს არ აღე­მატებოდა. იმის გამო, რომ ეს საქონელი  მაღალი  ცხიმიანობის რძეს იძლეოდა და შეგუებული იყო ადგილობრივ გარემოს  ზამთარშიც იოლი გამოსაკვები იყო, გაცილებით რენტაბელურია საქართველოს პირობებისთვის, ვიდრე სხვა შეხედულად უფ­რო დიდი ტანისა და მაღალი წველადობის საქონელი. ამიტომაც, ქართველი მეურნე აქა­ური საქონლის ჯიშებს უპირატესობას აძლევდა.

საქართველოში  მეცხოველეობა უძველესი და ტრადიციული დარგია. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენში მოშენებული სასოფ­ლო-სამეურნეო პირუტყვისა თუ ფრინველის არც ერთი სახეობა არ არის, რომლის ადგილობრივი ჯიში არ იყოს შექმნილი საუკუნეთა მანძილზე ხალხური სელექციის შედეგად. ისტორიულად აქ მოშე­ნე­ბულია ქართული მთის ძროხა. ანალოგიური საქონლის ძვლები ნა­პოვნია საქართველოში არქეოლოგიური გათხრებისას და თა­რიღ­დება ძვ.წ. აღრიცხვის V-IV ათასწლეულით. ეს ზონები მდიდარია მთაგრეხილებით და ქედებით, წყაროე­ბით, მდინარეებისა და ნაკადულების სათავეებით, დაღარულია ხე­ვებით, იშვიათად გვხვდება ვაკე ადგილები. ჰავა მკაცრია _ აბსო­ლუტური მინიმუმი  25-30°C – მდე აღწევს. ნალექების წლიური რაოდენობა 900 – 1500 მმ შეადგენს. მკაცრი თოვლიანი ზამთარი 5 – 7 თვე გრძელდება. საძოვრების დაფერდება 30 – 350 აღწევს და  ქართული მთის ძროხის გარდა, სხვა ჯიშის პირუტყვი ვერ ირგებს.

ქართული ძროხის შესწავლის მიზნით პირველი ფუნდამენ­ტური კვლევები დაიწყო დოცენტმა ნ. იოსელიანმა, რო­მელ­მაც დაამტკიცა, რომ სხვადასხვა რეგიონში მსხვილფეხა პირუტყვის კომპაქტურად მოშენებაში მნიშვნელოვანია ქართული მთის ჯიში (ქართული ძროხა _ Das Geogilche Bind) და  მიეკუთვნება Bos Taurus braxicerus-ის კრანტიოლოგიურ ტიპს. საქართველოში გავრ­ცე­ლებული ძროხის სხვა ფორმები კი (b.t.primigenius; b.t. orthoceros,  b.t. rontosus) არააბორიგენი. ისინი შემოყვანილია სხვა­და­სხვა ქვეყნიდან.

ქართული მთის ძროხა ტანით ძალიან პატარაა, ფურის სიმაღ­ლე მინდაოში საშუალოდ 98-100 სმ-ია, სხვადასხვა ფერისაა:  51% _ შავი, 24% _ წითელი და ჩალისფერი,  ყავისფერი _ 15%,  8% _  წითელ – ჭრელი და 2% _ ვეჟანი.

თუშური ცხვარიც ასეული წლების მანძილზე ჯიშთა გაუმჯო­ბესებისა და შერჩევის შედეგია. არსებული მასალებიდან თვალ­ნათლივ ჩანს, თუ როგორ უმჯობესდებოდა დროთა განმავლობაში ცხვრის სხვადასხვა სახეობა, რომელიც მეურნეთა სწორი, დაკვირ­ვე­ბ­ული ხელოვნური ჩარევის შედეგად არსებული ცხვრის ჯიშ­თაგან ერთ – ერთი საუკეთესოა და შე­გუებულია საქართველოს პირობებს.

ასევე საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა იმერული ცხვა­რი, რომელიც მართალია პატარა ტანისაა, მაგრამ საუკეთესოდ არის შეგუებული ადგილობრივ პირობებს.

საინტერესოა თუშური ცხვრის შესახებ ალვანელი მეცხვარის, 1909 წელს დაბადებული ადამე აბაშიძის აზრი, რომელიც 1971 წელს ეთნოგრაფიულ ექსპედიციას გაუზიარა: „თუშური ცხვარი ყველა ჯიშის ცხვარს ჯობია. არავის არ ჰყავს ისეთი ცხვარი, რო­გორც თუშებს. ის ყველაზე ჯანმრთელია, ამტანი, ძოვაშიც და სია­რულშიც მარდია. მართალია, წველით სხვას ჩამოუვარდება, მაგრამ რძე ყველაზე ღალიანი აქვს. მატყლი წონით ნაკლები აქვს, მაგრამ ხარისხით ყველას ჯობია. კარგად იტანს სიცხესაც და სიცივესაც. დიდი გზის არ ეშინია. „ის თეთრი ფერის არის, მრგვალდუმიანია. ზამთრის საძოვრებზედაც კი მას დამატებითი საკვები თითქმის არ სჭირდება. ერთ გაპარსვაზე ორ კილოგრამამდე მატყლს იძლევა. ის კარგად არის შეგუებული მომთაბარეობას. ასევე ახასიათებდა თუშურ ცხვარს 88 წლის საბო იჩუაიძე (ქვემო ალვანი, სოფელი ვესტმა): „თუშური ცხვარი ლაზათიანია შეხედულებით. გაუშვებ საძოვარზე და თვითონ იკვებება ისე, რომ დამატებითი საკვები არ უნდა. ზამთარშიც დამატებითი საკვების გარეშე გამოაქვს თავი. ამოცნობა კარგი აქვს.  ადვილად მოძრაობს“.

მყიდველი ბაზარზე თუშური ცხვრის მატყლს უფრო ეტანება, ვიდრე კუდიანი ცხვრის მატყლს. ქართული ცხვრის მატყლი დიდ­ხანს ძლებს, კუდიანი ცხვრის მატყლისაგან დამზადებული ძაფი კი „ბოშია, უმბილია, მალე ლპება და წყდება“.

ანალოგიურად ახასიათებს მას  ბოჭორმელი (ქვემო ალვანი) 85 წლის ვაქსო ივაჩიძე: „თუშური ცხვარი შეხედულებით ლამაზია, კარგი, დიდი დუმა აქვს. ყოჩებს დიდი ლამაზი რქები აქვს. მატყლი მართალია მერინოსთან შედარებით უხეშია, მაგრამ სამაგიეროდ მაგარი ბეწვი აქვს, არ იღვერება, არც გასცვივა“. თუშურ ცხვარს რბი­ლი, ნაზი მატყლი აქვს. თუ ფარაში გამოერეოდნენ უხეშ­მატყლიანი ცხვრებიც, ასეთებზე იტყოდნენ: „ირმა ბეწვის მატ­ყლი აქვსო“, ე.ი. მშრალი მატყლი.

მეცხვარეები ყოველთვის ცდილობდნენ საჯიშედ რბილმატყ­ლიანი და დიდი ტანის ცხვარი შეენახათ. ცდილობდნენ ფარაში „დარჩეული“ ცხვარი ჰყოლოდათ. გადმოცემით, თუშეთში მართ­ლაც ბევრი ყოფილა ისეთი, რომელთაც განსაკუთრებით შერჩეუ­ლი ცხვარი ჰყოლიათ. მათზე იტყოდნენ: „ცუდ ცხვარს თავის ფარაში არ გააჩერებენო“.

თუშური ცხვრის ჯიშს მეზობელ ქვეყნებშიდაც დიდი მოთხოვნილება ჰქონია. განსაკუთრებით ბევრი ჰყოლიათ ჩრდილოეთ კავკასიაში. ამიტომ, მისი გავრცელების არეალი საკ­მაოდ დიდია.

თუშური ცხვარი თეთრი ფერისაა, მაგრამ ზოგჯერ გა­მო­ე­რევა სხვა ფერის (შავი, წითელი, ჭრელი) ცხვარიც. თეთრი თუ­შური ცხვარი, როგორც ცნობილია, ამტანი, საკვების კარგი მომ­პოვებელი, ფიზიკურადაც კარგი და სხვა ბევრი დადებითი თვი­სებების მქონეა, მაგრამ, პრაქტიკული დაკვირვევების შედეგად, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ თეთრ თუშურ ცხვარზე უკეთესი        თვისებები ჰქონდა წითელ თუშურ  ცხვარს, ამიტომ ცდილობდნენ, რომ მოემრავლებინათ წითელი ცხვარი.

ისტორიიდან ცნობილია, რომ საქართველო ხშირად განიცდი­და დარბევებს და ძარცვა-გლეჯას მეზობელი ტომებისაგან. ისინი  ხშირად ძარცვავდნენ სოფლებს, იტაცებდნენ დოვლათს, მიერეკე­ბოდ­ნენ შინაურ ცხოველებს და  ცდილობდნენ სწრაფად მიმალვას. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც საქართვე­ლო დაქსაქსული იყო საფეოდალოებად და ქვეყანაში გაჩაღებული იყო შინაომები. ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა მათ სათანადო პასუხს სცემდა და ბევრი მომხდურიც შეწირვია ამ ყაჩაღობას, მაგრამ ისინი თავისას მაინც არ იშლიდნენ. ისტორიამ შემოგვინახა ფაქტებიც, როგორ იძიებდნენ შურს ქართ­ველები. თუშეთში შემორჩენილი გადმოცემა, რომლის შესახებაც 1976 წელს გვიამბობდა სოფელ დიკლოს მკვიდრი გაბრიელ  ქოტაიძე, მეტყველებს თუშური ცხვრის გავრცელებაზე ჩრდილოეთ კავკასიაში და წითელი ფერის ცხვრის მეტ ამტანობაზე სხვა ფერის ცხვრებთან შედარებით. თქმულების მოკ­ლე შინაარსი ასეთია: ინგუშეთში არის დაროს მთა (დაროს მთა პი­რიქითა თუშეთშია, მაგრამ ყოფილა ინგუშეთის ტერიტორია­ზეც), იქ ჰყოლიათ კარგი (დარჩეული) თუშური ცხვარი. დაროს მთაზე რამდენჯერმე წასულან თუშები ფარაზე დასაცემად, მაგრამ ვერ შესულან, რადგან მას მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონია და ისიც ძალიან ძნელი მისადგომი. ერთ დღეს 12 თუში მაინც შეპარულა, დამსხდარან და ელოდებოდნენ, რომ მეცხვარე საღამოს ცხვრებს მორეკავდა და გაიტაცებდნენ. ერთი ინგუში მეცხვარე ეხოს პირ­და­პირ, ზემოთ იყო, მეორე – ხეობის გაღმით. ორივემ იცოდა სალა­მუ­რის დაკვრა – ერთმანეთს ამით ელაპარაკებოდნენ. საღამოს მორეკა მწყემსმა ცხვარი, მაგრამ ცხვარი ეხოში არაფრით არ შე­ვიდა. სალამური დაუკრა და ამცნო მეორე მწყემსს: ცხვარი ვეღარ შე­მოდის ეხოში და არ ვიცი რა ამბავია ჩემს თავსო. მეორემ სალა­მურის დაკვრით ურჩია: ვაცებს გაუწყერი, „ჩემი დედის ძმები თუ­შებმა გამირეკონ, იმათი გამოცემულები იყავითო“. ისიც ასე მოიქ­ცა. თუშებს, როცა ეს ამბავი გაიგეს, უთქვამთ: ჩვენი დისწული ყო­ფილა და რას ვერჩითო და გამოეცხადნენ ინგუშ მეცხვარეს. თვი­თონვე მიხმარებიან მწყემსს და ცხვარი ეხოში შეურეკავთ. ინგუშმა დაკლა ცხვარი და ხორცის ხარშვა დაიწყო, თან აიღო სალამური და გაღმით მწყემსს ელაპარაკება: თუშებს ცხვარი დავუკალი,  დარიშხანი უნდა ჩავუყარო და ყველა დავხოცო. გაღმიდან მეორე მეცხვარე ეუბნება: ნუ დახოცავ, ისინი მაგ ცხვარს შეჭამენ, წავლენ და მაგ მთებში შენ მტერი აღარ გეყოლებაო. მაგრამ არ დაიჯერა და თუშებს ხორცში დარიშხანი ჩაუყარა. თუშები დაიხოცნენ, ამ დროს ჩამონგრეულა კლდე და ყველაფერი ჩაუკეტია. ჩაკე­ტილ­ში მოჰყვა მწყემსიც და ცხვარიც, დარჩენილა პატარა ხვრელი, სადაც სალამური გაეტეოდა. მწყემსმა სალამურით აცნობა მეგობარს ასეთი ამბავი დამემართა და მიშველეო. მანაც სოფელს შეატყობინა, მაგ­რამ ვერაფერი უშველეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ცხვარმა დაიწყო ხოცვა. მწყემსს შეუტყობინებია ხალხისთვის, რომ შავმა ცხვარმა დაიწყო ხოცვა, ხოლო თეთრი და წითელი კარგად არიანო. რამ­დენიმე დღის შემდეგ ისევ აცნობა: თეთრი ცხვარი იხოცება და წითელი რჩებაო, კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ აცნობა: წი­თელ­მა ცხვარმაც დაიწყო ხოცვაო. მწყემსიც იქ მოკვდა.  ცხადია, ეს მითია, მაგრამ მასში ჭეშმარიტების მარცვალი მაინც არის. გადმოცემით ინგუშების მსგავსად ლეკებიც და სხვა მე­ზობელი ხალხებიც ცდილობდნენ თუშური ცხვრის მომრავ­ლებას, ხოლო ლეკებს, ქისტებს და სხვებს ძირითადად ჰყავდათ შავი ცხვა­რი, რომელსაც ლეკურ ცხვარს უწოდებდნენ თუშები. მათი დახა­სიათებით ეს არის მოკლეკუდიანი, გრძელდუმიანი ცხვარი, რო­მელ­საც დაბალი ხარისხის მატყლი აქვს, თუმცა სიცივის ამტა­ნია. მათ მომრავლებაზე თუშები უარს ამბობდნენ.

ტრადიციულად თუშურ ცხვარს წელიწადში სეზონზე 7-8 კვირა წველიდნენ. მკათათვის პირველი ნახევრის ბოლოს აშრობდნენ. მა­თი გაანგარიშებით, სეზონზე ორ ცხვარზე ერთი ყველი უნდა მი­ეღოთ (თითო ყველი 5 კილოგრამზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო). როდესაც მწყემსები ყველს ცხვრების რაოდენობის მი­ხედ­ვით ყოფდნენ, ორ მეწველ ცხვარზე ერთ ყველს ანგარი­შობდნენ.

ჩვენმა წინაპრებმა ზუსტად იცოდნენ, როდის უნდა დანერ­ბილიყო (განაყოფიერებულიყო) ცხვარი. იქ, სადაც მოკლე ზამთა­რი იცის და გაზაფხულიც ადრე მოდის, ცხვრის დანერბვაც ადრე ხდებოდა. სადაც გვიან მოდის გაზაფხული, იქ უფრო გვიან უშვებენ ცხვარში ყოჩს: „ადრე ცდას ზარალი მოაქვს, თოვლჭყაპი ღუპავს მომგებ ცხვარსაც და ბატკანსაც“. იმდენს ცდილობდნენ, რომ სამთოდ ბატკანი „მობიჯებული ჰყვანდეთ“, რომ კარგად შეძ­ლოს მგზავრობა. იქ, სადაც ადრე იცოდა გაზაფხული ცხვარში ყო­ჩის გაშვება იცოდნენ რვა ენკენისთვეს ძველი სტილით. მათი ანგარიშით ყოჩი თუ ენკენისთვეში პირველი ალავერდობის დროს (14 ენკენისთვე) გაუშვეს ცხვარში, მაშინ ბატკანს იანვრის ბოლოსთ­ვის მიიღებენ, ხოლო თუ მეორე ალავერდობას (21 ენკენისთვე), ე.ი. ერთი კვირის შემდეგ, მაშინ ბატკანი თებერვლის დასაწყისში დაი­ბადება. მაგალითად, ქიზიყში პირველი მარტისთვის მაინც უნ­და ჩათავდეს დოლი. ამაზე გვიან ყოჩს ცხვარში არ გაუშვებენ. მაგრამ მა­ტაანელების სიტყვით, რადგანაც ისინი „ზემო მხარელები არიან“ (ცხოვრობენ მაღალ ადგილზე), ყოჩს ენკენისთვის გასულს, ღვინო­ბის­თვეში უშვებენ, რადგან გვიან იღვიძებს ბუნება. დოლიც მარ­ტის თვეში აქვთ. დათქმულ დრომდე ან ამ დროის გასვლის შემდეგ ყოჩს დედალ ცხვარს არ მიაკარებენ. ამას აკეთებენ იმისათვის, რომ ბატკანი დროულად მიიღონ. დანერბვის პროცესი რომ თავისუფ­ლად მიუშვან, მაშინ ზოგი ადრე მოიგებს ბატკანს, ზოგი ძალიან გვიან. ასეთ შემთხვევაში ბატკნის გამოზრდა გაჭირდება. მეტ-ნაკლებად ერთდროულად გაჩენილი ბატკნების გაზრდა უფ­რო იოლია, ე.ი. აკეთებენ ისე, რომ შესძლონ  ბატკნების საძოვრებ­ზე ცხვრებთან ერთად წაყვანა. მათ გამოანგარიშებული ჰქონდათ, რამდენი დრო სჭირდებოდა ცხვარს დანერბვიდან დადოლე­ბამდე; „ხუთ თვეს რომ ხუთი დღე დააკლდება“, მაშინ მოიგებსო.

ყოველ ას ცხვარზე სამ ყოჩს უშვებდნენ. ყოჩს კი წინასწარ არ­ჩევდნენ გიორგობისთვის რვა რიცხვიდან (ძვ. სტილით). მეცხვარე ყოჩს არჩევს მატყლის, აგებულებისა და რიკის (კუდი) მიხედვით. ამასთანავე ის უნდა იყოს მთლიანად თეთრი  ფერის, რაიმე სხვა ნიშანი არ უნდა ჰქონდეს. მეცხოველე პავლე ობგაიძე (ერწო, სოფელი მაგრანეთი) 1935 წელს ეთნოგრაფიულ ექსპედიციას ეუბ­ნება: „რამდენიც რიკი გრძელი აქვს ყოჩს, იმდენად უფრო ლა­ზა­თიანია. რიკით დუმა შუაზე იყოფა, რიკია დასასრული დუმისა და ხერხემლის ძვლისა. ასეთი კარგი ყოჩის შერჩევით კაი საძოვრით, კაი კვებით ზამთარ-ზაფხულ და კაი მოვლით დავაგვარებდით ჯიშს“.

როგორც აღვნიშნეთ, ყოჩებს ცხვრებში ერთდროულად შეუშვებენ, რომ დოლი (ბატკნის მოგება) ერთ დროს მოხდეს. უშვებენ ენკე­ნისთვის პირველ ნახევარში. ამ დროს დედალი ცხვარიც და ყოჩიც „ერთი წლისა და შვიდთვენახევრისაა“. ყოჩი გიორგობისთვის პირ­ველამდე ცხვარში რჩება. მეცხვარეთა გადმოცემით, ყოჩი რომ ცხვარ­ში დარჩეს, „გაჯანდაგდება“, ხოლო ცხვარს ბატკნის შობა უგ­ვიანდება. „ცხვარი ნელავდება“, „ყოჩი ყოჩად რჩება ოთხ წლამდე“. შემდეგ მატყლი უთხელდება და ყოჩად აღარ უშვებენ.

ჩვენმა წინაპრებმა გამოცდილებით იცოდნენ, რომ კარგად ნაკ­ვები ცხვარი ჯიშსაც კარგად ინარჩუნებს, კარგ შთამომავლობასაც შობს, კარგადაც იწველება და კარგი მატყლიც აქვს. რომ მლაშე ბა­ლახი მატყლს აშრობს და მშრალი მატყლი გამოდის, ხოლო ბევრ ბალახს ბილი (რბილი) მატყლი გამოჰყავს. „მამალი ცხვრის და ბერ­წის მატყლი კარგია და დედლის ბატკანს რო ზრდის იჩაგრება და ისეთი ვერ არის“.

ქართველი ხალხი ოდითგანვე მისდევდა მეცხვარეობას. იგი ჩვე­ნი ქვეყნის უძველესი და ტრადიციული დარგია. სხვადასხვა რა­იონში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტუ­რა, რომ ჩვენ ქვეყანაში უძველესი დროიდან კარგად იყო განვი­თარებული მეცხვარეობა. ამაზე მეტყველებს ბრინჯაოს, ვერცხ­ლი­სა და ოქროს ნაკეთი ცხვრის გამოსახულებით. ასევე ნა­პოვნია შინაური ცხვრების ძვლები. ძვ.წ. მეოთხე ათასწლეუ­ლის დასასრულსა და მესამე ათასწლეულის I ნახევარში მეცხვა­რე­ობის კუთრი წილი გაცილებით მეტი იყო მეცხოველეობის სხვა მიმართულებასთან შედარებით.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთისთვის წარმოუდ­გენელი იყო ადამიანების არსებობა ცხვრის გარეშე. რელიგიური თვალსაზრისითაც ვერძის კულტს ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ვერძის სამლოცველი სკულპტურა დღესაც შემორჩენილია სოფელ ცდოში, რომელსაც „კვირეის  ყოჩს“  უწოდებენ.

ცხვრის მრავალფეროვანი პროდუქციის მოცემის უნივერსა­ლურ­მა უნარმა საფუძველი დაუდო საქართველოში გავრცელებულ ცნობილ თქმულებას ცხვრისა და სიღარიბის შესახებ _ როგორ გააგ­დო ქართველი კაცის ოჯახიდან ცხვარმა სიღარიბე. ეს თქმუ­ლება  ჩვენი სკოლების დაწყებით კლასებში ისწავლებოდა. 

მეცხვარეობის განვითარება ისტორიულად განაპირობა ბუნებრივ-კლიმატურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა. აქ თუშური ცხვარია მოშენებული, რომელიც გამოყვანილია  მომთაბარეობის ექსტრემალურ პირობებში, ქართველი მეცხვარეებისა და სელექციონერების მიერ საუკუნეების განმავლობაში განხორციელებულ მიზანმიმართული გადარჩევისა და შერჩევის საფუძველზე. მთელი წლის განმავლობაში საძოვრულმა შენახვამ და ყოველწლიურად საზამთრო საძოვრებიდან საზაფხულო საძოვრე­ბამდე და უკან 200-500კმ-ის მანძილზე გადარეკვის პირობებმა ხელი შეუწყო თუშური ცხვრის გარემოპირობებისადმი ტოლერან­ტობის გამომუშავებას.

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით ადგი­ლობ­რივ მეურნეთა შეხედულებებს საქონლის საკვები ბალახის, მისი მაწიერობისა და გავლენის შესახებ ცხოველთა ჯანმრთე­ლო­ბაზე, ჯიშის შენარჩუნებაზე თუ გაუმჯობესებაზე. ვხვდებით ხალხურ თქმულებებშიც. მათგან მოვიტანთ მხოლოდ ერთს.  ერწო-თიანეთში (ერწო, სოფელი მაგრანეთი) არის ასეთი თქმულება: ერთი საწყალი კაცი ცხვრის პატრონს დაუდგა მოჯა­მა­გირედ ასეთი პირობით: რაც ოთხ წელიწადში ჭრელი ბატკანი გაჩნ­დებოდა, მოჯამაგირისათვის უნდა მიეცა ცხვრის პატრონს. გაიარა სამმა წელმა და არც ერთი ჭრელი ბატკანი არ გაჩნდა. მეოთხე წლის დასაწყისში მოჯამაგირემ ნახა სიზმარი: მას ვიღაცამ ყურში ჩასჩურჩულა, რომ დაეფქვა კაჭაჭი (Dipsacus upiratesad  D. Laciniatus L.), ეჭმია როგორც ყოჩისთვის, ისე დედალი ცხვრი­სათვის მანამ, სანამ ყოჩი დედალ ცხვარში გაერეოდა. ასეც მოიქცა მეცხვარე და იმ წელიწადს სულ ჭრელი ბატკანი გამოვიდა. ცხვრის პატრონი იძულებული იყო პირობისამებრ ეს ბატკნები  მოჯა­მაგირესთვის მიეცა. ერთხელ ცხვრის პატრონი სტუმრად მი­ვიდა ყოფილ მოჯამაგირესთან. მან სტუმარს ბატკანი დაუკლა და ბატ­კანში იმოდენა ჩობალი (მუცლის ქონი) ამოვიდა, თავზე რომ გა­დაიფარა მუხლებამდე სწვდებოდა. ნაპატრონალს გაუკვირდა. ნა­მო­ჯამაგირალმა კი უთხრა: დილით კურდღელმა დამიფრთხო ბატ­კ­ნები, თორემ ჩობალი კოჭებამდე მომწვდებოდაო. მართალია, ეს  თქმულებაა, მაგრამ როგორც ყველა თქმულებაში, აქაც არის სინამდვილესთან დაკავშირებული ცოტაოდენი ნაწილი მაინც. არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ როგორც კლიმატი უწყობს ხელს ჯიშის გაუმჯობესებას ან გაუარესებას, ისე ჯიშზე უსათუოდ ჰქონდა გარკვეული გავლენა საქონლის საკვებსაც. ადვილი შესაძლებელია საკვებ მცენარეთა ცალკეულ სახეობებს ემოქმედა ცხოველის ფერზე და შეეტანა მასში ცვლილება.

გამწევ, მუშა ძალად ხართან ერთად ცხენიც ითვლებოდა. ის ამავე დროს წარმოადგენდა ადამიანისათვის ყველაზე მოხერხებულ და იაფფასიანი გადაადგილების საშუალებას. ცხენი აუცილებელი იყო როგორც ცხვრის, ისე საქონლის მთა – ბარობის დროსაც. ამ დროს ძირითადი, აუცილებელი ტვირთი ცხენებით გა­დაჰქონდათ ბარიდან მთაში და მთიდან ბარში. საქარ­თ­­ველოს ბუნებრივი პირობები მოითხოვდა, რომ შექმნილიყო ისეთი ჯიშის ცხენი, რომელიც იქნებოდა ძლიერი, ჯანმრთელი და იო­ლად შეძლებდა როგორც ბარში, ისე მთის პირობებში მოძრაო­ბას. ასეთი ცხენის ჯიშის გამოყვანა კი დაკავშირებული იყო ხან­გრძლივი შერჩევისა და შეჯვარების ცდებთან. ჩვენს წინაპრებს შე­უქმნიათ კიდეც ასეთი ცხენის ჯიში. ეს არის თუშური ცხენი. ის მომცრო ტანისაა, მაგრამ კარგად შეგუებულია მთის პირობებს. ძალიან კარგად მოძრაობს მთის ციცაბო ბილიკებზე, გადააქვს საკ­მაოდ დიდი ტვირთი და საკვებსაც იოლად მოიპოვებს მთის პი­რობებში, რასაც მოკლებულია დიდი ჯიშის ცხენები.

თავისი თვისებებით თუშურ ცხენს ძალიან ჰგავს ქიზიყური ცხე­ნი. ისიც საშუალო ტანის იზრდება, არის მრგვალგავიანი, წვრილ­ფეხებიანი, „ქაჩაჩუბალნო, პატარა-ჩლიქიანი. ძალიან მაგა­რი ჩლიქი აქვს. თავი ხმელი აქვს, ლამაზი მოყვანილობისა, იტანს სიცივეს, სიმაღლეს და ჯაფას, გულიანია. დიდხანს სძლებს სხვა ცხენებთან შედარებით. 30 წლამდე მუშაობს. ფერად წითელია. ძუა კოხტა აქვს და ფაფარი წმინდა. არც ძუა და არც ფაფარი ხშირი ბურტყლიანი არ აქვს“, _ ასე ახასიათებდნენ ქიზიყურ ცხენს კახე­ლი მეურნეები 1935 წელს და გამოთქვამდნენ სინა­ნულს, რომ „ეხლა იშვიათად მოიძებნება ჩვენი ქართული ცხენიო“.

ცხადია, ეს ცხენიც ხანგრძლივი შერჩევის, გაუმჯობესებისა და დიდი შრომის შედეგია. ამიტომ დასანანია, რომ მის შენარჩუნებას ყურადღება არ ექცევა.

საქართველოში გამოყვანილია, აგრეთვე, მეგრული ცხენი, ტა­ნად საშუალოა და სქელი, შეგუებულია როგორც ბარის, ისე მთის პირობებს, ძლიერია. ისიც სოფლის მეურნის დაკვირ­ვებული და პრაქტიკული მუშაობის შედეგია. აქვს იორღული ან თო­ხარიკული სიარული. ამ ორში ერთ – ერთი აუცილებლად ახა­სიათებს.

იორღული სიარული ჩქარი სიარულია, ისე, რომ ცხენი მხე­დარს წელში არ არყევს, მასზე მჯდომი არ იღლება. თოხარიკით მავალ ცხენს  იორღასთან შედარებით უფრო ნელი სიარული აქვს; ლაფშური სიარული სწორი დიდი ნაბიჯებით სიარულია, ნაწილობრივ თოხარიკს ჰგავს; ძუნძულით სიარული – ხტუნვით სვლაა.

ჭაკი ცხენის   დასაგრილებლად ყოველთვის არჩევდნენ კარგ მოსიარულე ულაყს, იორღას ან თოხარიკს; ამასთან წყნარს და ადგილობრივ პირობებს შეგუებულს. ამავე დროს არჩევდნენ ოქ­როსფერ ან წაბლისფერ ულაყს, რადგან ამ ფერის ცხენები ითვლებოდნენ ძლიერ, ამტან და ჯანმრთელ ცხენებად.

ჯავახეთში ყოფილა ასეთი წესი: ახალდაბადებულ კვიცს დე­დის ძუძუზე არ მიუშვებდნენ, სანამ ხელით არ გამოწველიდნენ, ამბობდნენ აწყენსო. კვიცს ტუჩზე თორბას ამოსდებდნენ, რომ არ მოეწოვა, ხოლო როცა თვითონ გამოწველიდნენ, შემდეგ შეხს­ნიდნენ თორბას, საწოვრად მიუშვებდნენ. ერთი კვირის შემდეგ კი სულ ხსნიან თორბას. „ვირის მუტრუკსაც ასე თორბავენ“.

გადმოცემით,  მწყემსებსაც ადრე ჯოგის მოსავლელად თითო აჯილღა ჰყოლიათ. მას შეღავათს აძლევდნენ, ბარგს არ ჰკიდებდნენ. ის მგზავრობის დროს წინ მიუძღოდა ჯოგს, გასაჭირის დროს იცავდა მას და სხვა საქონელსაც საფრთხისგან – მგლისგან, უცხო ჯოგისგან და სხვა. აჯილღა სეტყვის ნიშანს შეიცნობდა (სეტყვის წინ ცივი ქარი მოდის. სეტყვას და ქარს შეუძლია ცხვარი და ცხენებიც კლდეზე გადაყაროს) და თუ ჯოგი მაღალ ადგილას იყო, დაუვლიდა და ქვემოთ უსაფრთხო ადგილას ჩამო­რე­კავდა. ასევე დაუვლიდა ცხენებს – „დაიჭიხვინებდა, ზოგს უკბენდა კიდეც, აჰყრიდა,  წავიდოდა, ცხენებიც თან გაჰყვებოდ­ნენ“.

როგორც არსებული ლიტერატურიდან, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალებიდან ჩანს, საქართველოში ჯერ კიდევ ადრეული წლებიდან ყოფილა შემოყვანილი არაბული ჯიშის ცხე­ნი, ასევე შემდგომში შემოუყვანიათ ჩერქეზული და ყაბარდოული ცხენები.

არაბული ცხენი ცნობილია თავისი სილამაზით, სიარულით. ის მხოლოდ ადამიანის გადაადგილების საშუალებაა. მთიან ადგილებში ტვირთისათვის არ გამოდგება. ჩერქეზული ცხენი კი ყოფილა ტანად მაღალი, კუდწვრილი, მსხვილი თავითა და პატარა ყურებით, წითელი ფერის, ჩქარი, ლამაზი ლაფშურით მოსიარულე. ყაბარდოული ცხენი ყოფილა ნაცრისფერი; კუდი და ძუა სქელი ჰქონია, ჩლიქები (ფლოქვები) ფართო, მწევარივით პა­ტარა მუცელი, მკერდი და გავა საშუალოზე განიერი, გამოიყურე­ბოდა როგორც ძლიერი ცხენი. ჩერქეზულ ცხენთან შედარებით თავი და ყურები უფრო დიდი ჰქონია. შემდგომში ამ ჯიშებმაც გა­ნიცადა გარკვეული ცვლილება ადგილობრივი გარემოს გავლენი­თა და სხვადასხვა ჯიშთან შეჯვარების შედეგად.

საქართველოში ყოფილა ე.წ. წერეთ­ლის ცხენი.  მოყვითალო ფერის, ტანად საშუალოზე მეტი, ასევე გავა და მკერდიც საშუალოზე მეტი ჰქონია. ზურგზე „ნახევარი ვერშოკის“ სიგანის ზოლი მიყვებოდა, ყოფილა ლაფშურად მოსიარულე და მოთამაშე ცხენი.

შორეული წარსულიდან მიმდინარეობს საქართველოში მეცხე­ნეობისა და ცხენოსნობის ისტორია. მტრებით გარემოცული ქართ­ვე­ლი ხალხი მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მხედრულ ვარ­ჯიშს ადამიანის ვაჟკაცობის, სიმამაცის, ამტანობისა და ბრძო­ლისუნარიანობის ათვისების საშუალებებს. ცხენზე ვარჯიშობით იწვრთნებოდა მიწა-წყლის დამცველი მეომარი _ მხედარი. მეცხენეო­ბას და ცხენოსნური სპოტის კულტურას ქართველი ხალხი ქმნიდა და ავითარებდა საუკუნეების განმავლობაში. ქართველი მეფეები ძვირფას ქართულ ცხენებს იყენებდნენ. ისტორიულ საბუთებში ვხვდებით ქართული ცხენის აღწერილობას, საიდანაც ჩანს, რომ ის იყო ლამაზი, ტანადი, ენერგიული და სწრაფი. არქეოლოგიური გა­თხრების შედეგად აღმოჩენიილია ბრინჯაოს ხანის ცხენის აკაზმ­ულობის  ცალკეული საგნები. აგრეთვე  ძვ. წ.  IV საუკუნის ქალის სამკაულის 2 ოქროს მინიატურული ქანდაკება.

 „მარა­დი­უ­ლი ქალაქის“ – რომის ცენტრში, მარსის ველზე   ანტონიუს პიუსის   ბრძანებით II ს-ში აღიმართა დიდე­ბული ძეგლი ცხენზე ამხედრებულ მოჯირითე ქართველი ხელმწი­ფე ფარსმან II-ის. მან ეს დიდი პატივი კოლეზეუმში გამართულ მხედრულ ჯირითში დაიმსახურა. ძვ.წ. X – XI საუ­კუ­ნეებში საქართველოში მრავალნაირი ცხენოსნური სანახაობა იმართებოდა – მათ  შორის სასპორტო რაინდული თამაშები.

ცხენოსნობა კარგად განვითარებული იყო ხევსურეთში. აქაური ცხენი განთქმული იყო – როგორც მთას შეგუებული. ხევსური განსაკუთრებით უვლიდა ცხენს. არსებობს ლეგენდა,  როდესაც მეფე ერეკლემ ლეკებთან ბრძოლაში გაიმარჯვა. მან გმირობით გამოარჩია ხევსური, დაიბარა და უთხრა, რომ აზნაურობას უბოძებდა. ხევსურმა მოახსენა, მეფევ, აზნაურობა არ მინდაო, აი ის ცხენი მაჩუქეთ, თუშს რომ ჰყავსო. თურმე ბრძოლის დროს მოსწონებია.

XIX-ის საუკუნის მიწურულს ქართველ ცხენოსანთა გუნდები სისტემატურად მოგზაურობდნენ ამერიკის ქვეყნებში, სადაც ცირკ-იპოდრომებზე ფურორს ახდენდენ, ხოლო 1900 წლიდან, უკვე ევ­როპაშიც გამოდიოდნენ.

ამერიკის აღმოჩენის 400 წლის აღსანიშნავ ზეიმზე ჩასულმა ქართველმა მხედრებმა გაკვირვებული და აღტაცებული დატოვეს მოსახლეობა და თვით აშშ-ის პრეზიდენტი ჰარისონი.

ჩვენი შორეული წინაპრების მიერ იქნა გამოყვანილი ქართული, იგივე კახური ღორი, რომელიც კარგად არის შეგუებული როგორც ბარის, ისე მთის კლიმატს. სიცივეს და სიცხეს იოლად იტანს. ზამთარშიც კი იშვიათად სჭირდება დამატებითი საკვები.  გრძელი და ძლიერი დინგის მეშვეობით იოლად ახერხებს თოვლის პირობებშიც საკვების მოპოვებას. ზამთარში ძი­რითადად იკვებება ბალახის ფესვებით, დინგით თხრის მიწას და გლეჯს ბალახის ძირებს, ამიტომ ადვილი შესანახია და მომ­გებიანი. ხორციც უფრო გემრიელი და ხარისხიანი აქვს, ვიდრე სხვა­დასხვა ჯიშის, დიდი წონის ღორებს. თუმცა მათ წონით ჩა­მორ­ჩება და გოჭებსაც ნაკლები რაოდენობით იგებს, ვიდრე სხვა ღორის ჯიშები. ქართული ღორი შავიც არის   და ჭრელიც.

ქართველ მეურნე-მეცხოველეს დროთა განმავლობაში გამო­უ­ყ­ვა­ნია სანიმუშო ჯიშის ძაღლი _ ქართული ნაგაზი, რომელიც მწყემ­სის საუკეთესო თამაშემწე გამხდარა, რომლის გარეშე მწყემსის, განსა­კუთრებით, ცხვრის მწყემსის მუშაობა წარმოუდგენელი იყო.

ქართულ ნაგაზს ქიზიყში ქოფაკსაც ეძახიან. მათგან არჩევენ „ქოსას“ და „ბანჯგვლიანს“. მათი თქმით, ქოსა ძაღლი უფრო კარგი გამოდის – „ფხიზელია, ანჩხლია, მაგრამ ნადირს ვერ ერევა, რადგან მომცრო ტანისაა“, ბანჯგვლიანი ზორბაა, მაგრამ ზანტია. ამიტომ მას ჰგეშავენ: როცა სხვა მწყემსი მოდის და მას ლეკვობისას „უტე­ვენ, ისიც ჯოხს იქნევს, ლეკვი კი ჰყეფს და არ უშვებს და იგეშება“. ჰგეშავენ ნადირზედაც. როცა ცხვარი ნადირისაგან დაფრთხება, სხვა ძაღლებს იმასაც გააყოლებენ და ნადირის სუნს აიღებს.

მთიულეთში (დუშეთის რაიონი, სოფელი ყველაანი) მოპოვე­ბუ­ლი მასალების მიხედვით „შეაჯვარებენ საუკეთესო, სუფთა ჯი­შის მამალ (ხვად) ძაღლს დედალ ძაღლთან. შემდეგ კი ლეკვებსაც არჩევენ: კუდით ასწევენ და არ უნდა იწკმუტუნოს; დაიწვენენ ლეკვს თითზე და ის არ უნდა მოძრაობდეს. კარგ ლეკვს უნდა ჰქონდეს დიდი თავი და არ უნდა ჰქონდეს წვეტიანი ტუჩი. ლეკ­ვები უნდა იყვნენ დედასთან ორ თვეს, მერე უნდა იკვებონ რძით. მერე კარგ ძაღლთან უნდა იყოს და ის გაწვრთნის. როცა დედას მო­შორდებიან და რძეზე გადავლენ, უნდა  დაიბას, რომ ქოხში არ წა­ვიდეს და იქ ნაბადზე არ დაწვეს და არ დაეჩვიოს. შემდეგ ძაღ­ლებში უნდა გავუშვათ და საცა ცხვარი წავა, იქეთ უნდა წავიდეს“ და ასე შეეჩვევიან ფარას. „ზოგი ლეკვი ერთი შეხედვით დიდი და კარგია, მაგრამ მძინარია. მაშინ მწყემსი მიეპარება ღამე ჩუმად და მძინარეს ნაბადს გადააფარებს და გვერდში დაჰკრამს და მერე, ამის შემდეგ მეტად ფხიზლადაა“.

ჯემალ სვანიძე,

ლევან თორთლაძე