ლობიო, ხახვი, პომიდორი, ნიორი, სტაფილო, ჭარხალი და სხვა ბევრი პროდუქტი საქართველოს უცხოეთიდან არ უნდა შემოჰქონდეს!
დღეს ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროულად დაწყება და დასრულებაა, თუ არ ჩავთვლით კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას და ცალკეული მოქალაქეების მაღალი საზოგადოებრივი პოზიციის გამოვლენას, არ არსებობს.
სხვა გზა არ არსებობს! თუ დღემდე მავანს მიაჩნდა, რომ ჩვენ შეგვეძლო, სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარებაზე არც გვეზრუნა, რადგან მსოფლიოში ჭარბწარმოების პირობებში, სურსათის იმპორტი, უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი იყო, ვიდრე ადგილობრივი წარმოების ორგანიზება, ასეთი მიდგომები მკვეთრად იცვლება.
დღეს იმაზე აღარავინ კამათობს, რომ ყველა რესურსი, რაც ქვეყანაში არსებობს იმპორტი ჩასანაცვლებლად და საექსპორტო წარმოების გასავითარებლად უნდა გამოვიყენოთ.
მთავრობის მეთაურის მზადყოფნა და მისი განცხადება, ამ პროცესში თვითონ ჩაერთოს და ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად ის და მთავრობა დაუდგეს გვერდში, იმედს სახავს.
ახლა უკვე ქმედების და იმ ადამიანების, ბიზნესმენების რეალური მხარდაჭერის დროა, ვისაც საქმის კეთება შეუძლია.
ჩვენ მართლაც ჯადოსნურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც (აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველოს ბევრ რაიონში) წელიწადში ორი, ზოგან სამი მოსავლის მიღებაც კი შეიძლება.
ეს რომ ლიტონი სიტყვები არ არის, ბევრი ფერმერი და მცირე მეურნე დამეთანხმება. ლაგოდეხში, მაგალითად, სამარცვლე სიმინდის, სხვა კულტურებზე აღარაფერს ვამბობთ (მარცვლის _ სასილოსე სიმინდის ორი მოსავალი სხვაგანაც მოდის), დასავლეთ საქართველოში ბოსტნეულის _ ბროკოლის, ბრიუსელის კომბოსტო, კიტრის, სალათი, მწვანე ხახვის, მარწყვის და სხვა კულტურის მოყვანა პიედაპირ ღია გრუნტზე შეიძლება.
საჭიროა სწორი ორგანიზება, დაგეგმვა და ქვეყანა სასურსათო უსაფრთხოების პრობლემას უახლოეს წლებში გადაჭრის.
არ შეიძლება საქარველოს ბუნებრივი პირობების დარი ქვეყანა იმპორტირებულ ლობიოს, ხახვს, ნიორს, ბაღჩეულს და ბოსტნეულს მოიხმარდეს.
ქვემო იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, აჭრის ზღვისპირა რაიონებში ზოგიერთი კულტურა ღია გრუნტზე, ან კუსტარულ სათბურში დამტებით გათბობის გარეშე მოდის.
კომპანია „აგროცენტრი“ ქვეყნის ამ შესაძლებლობას პრაქტიკაში აქტიურად იყენებს. კომპანიის ხელშეწყობით ფერმერებმა გურიაში, სოფელ ჯაპანაში, იანვრის დასაწყისში 2,5 ჰექტარზე ბროკოლი და სხა ბოსტნეული კულტურები დარგეს. თებერვალში რეგიონისათვის უჩვეულო თოვლმა და ყინვამ, ღია გრუნტზე ჩითილები ცოტა „შეაშინა“, მაგრამ დროული აგროტექნიკური ჩარევის შემდეგ, მდგომარეობა სწრაფად გამოსწორდა და აპრილის ბოლოს პირველ მოსავალს აიღებენ. მოსავლის აღების დასრულების შემდეგ აქ სხვა კულტურა, კიტრი, პომიდორი ან სხა, დაიდებს ბინას.
თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენებით ჰექტარზე 80-100 ტონა მოსავალი რომ მივიღოთ და მოწეული მოსავალი კილოგრამი საშუალოდ ერთ ლარად რომ გავყიდოთ, 2,5 ჰექტარზე ეს 250 000 ლარია, ამავე ფართობზე მეორე მოსავალსაც თუ ვიანგარიშებთ კიდევ ერთი ამდენი შემოსავალი შეიძლება მივიღოთ. 0,5 მილიონი ლარის შემოსავალია, რაც ამ მოცულობის მიწას შეუძლია ფერმერს მისცეს წელიწადში. ამ შემთხვევაში ხარჯების და მოგების დათვლაც არ იქნება რთული. ასე, რომ სოფლის მეურნეობა მომგებიანი დარგი არ არის, მითია. მომგებიანიც არის და მაღალშემოსავლიანიც. მთავარია სწორად დაგეგმა და თანამედროვე აგროტექნოლოგიური ცოდნის და მექანიზაციის სწორად, დროულად გამოყენება.
კომპანია „აგროცენტრმა“ ამ პროექტის განხორციელება შარშან ნოემბერში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აგროსერვისცენტრის შუახევის საჩითილე მეურნეობაში დაიწყო, სადაც პირველ ჯერზე 80 000 ჩითილი გამოიყვანეს, რომელიც სოფელ ჯაპანაში ერთ-ერთი ფერმერის მეურნეობაში დაირგო.
საჩითილე მეურნეობაში უკვე ჩათესილია 270 000 ათასი სხვადასხვა კულტურის თესლი. ამ დღეებში პომიდვრის, კიტრის და ბადრიჯნის და სხვა კულტურის კიდევ 1000 000 თესლი დაითესება და სეზონზე 1 200 000-1 250 000 ჩითილი იქნება მზად. ეს დაახლოებით 50 ჰექტარი ფართობის სარგავი მასალაა, რაც შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ მწირი შესაძლებლობებით, რაც კომპანიამ ამ რთულ პერიოდში მოახერხა მისასალმებელია. პროექტში ბათუმის გამწვანების სასათბურე მეურნეობის ჩართვაც იგეგმება, რაც ჩეთილების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.
საჩითილე მეურნეობა თითქმის მთელი წელი მუშაობს და ფერმერებს სუფთა სოკოვანი და სხვა დაავადებისგან სუფთა ჩითელებით მოამარაგებს.
დღეს, ვფიქრობ, სწორედ ასეთი კომპანიების მხარდაჭერაზე ლაპარაკობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფერმერებს უფრო მეტ მიზნობრივ დახმარებას ჰპირდება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვნახოთ, კორონავირუსის შემოტევის ფონზე ფერმერების და მეწარმეების დასახმარებლად მთავრობიდან დამაიმედებელი ხმები მოდის, იმედია დახმარება და ხელშეწყობა რეალური და უფრო ეფექტიანი გახდება.
ნესტან გუგუშვილი
Gepostet von აგროსერვის ცენტრი/Agroservice center am Samstag, 28. März 2020