რეფერენტული ფასები, წამლების მსგავსად, პურზეც უნდა დაწესდეს _ მალხაზ დოლიძე
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს.
დოლიძის თქმით, პურის დღეს არსებული ფასი არა წარმოების მიერ ნაკარნახევი ფასია, არამედ „მაღაზიების მიერ მომდინარეობს“.
„რეფერენტული ფასები უნდა შემოვიდეს. კონტროლი უნდა იყოს იმისა, რომ მე რომ მაღაზიას პური მივაწოდე, მან ეს თანხა თავის მოგებაში კი არ უნდა ასახოს, არამედ მოსახლეობას იმ ფასად მიაწოდოს, რა ფასადაც მიწოდებულია. რა თქმა უნდა, შიგნით თავის მოგება უნდა ჩადოს, მაგრამ არა ისეთი მაღალი, რომ მოსახლეობაზე აისახოს,“ _ აღნიშნა დოლიძემ.
„ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და ა.შ. ფასებში ფოკუსირდება, ამიტომ თუ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენ ყოველთვის წავალთ იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ეს პურის ფასში ავსახოთ, მითუმეტეს ტენდენცია ისეთია, რომ დღეს ფქვილის ფასები დაბლა მოდის. მეწარმის სურვილი ყოველთვის არის, რომ მეტი პურის რეალიზაცია მოხდეს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ფასის დაკლება დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს, “ _ განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, მსოფლიო ბირჟაზე ხორბლის ფასი და საქართველოსთვის დაწესებული მცურავი ბაჟის თანხა შემცირდა და ქვეყანაში ხორბლის შემოტანის და წისქვილკომბინატების ამუშავება შესაძლებელი გახდა.
„ბოლო პერიოდში წისქვილკომბინატების მუშაობა შეუძლებელი გახდა, გაჩერდა და ქვეყანაში ძირითადად, ფქვილი შემოდიოდა. დღეს ტენდენცია შეიცვალა. დღევანდელი ფასები მსოფლიო ბირჟებზე არის მაგალითად, ფრანგული 345 დოლარი, ამერიკული 346 დოლარი, რუსული 347 დოლარი. გარდა ამისა, ამ მცურავი ბაჟის ფასმაც საგრძნობლად დაიკლო, რომელიც ჩვენთან მიმართებაში მოქმედებდა და შესაძლებელი გახდა ხორბლის შეძენისა, მიღებისა, რომ წისქვილკომბინატები ამუშავდეს და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა,“ – განაცხადა მან.
მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხორბლის წარმოების კუთხით წელს კარგი მოსავალია.
„წელს მოსავალი უკეთესია. უკვე 100 ათასი ტონა ხორბალია აღებული. პროგნოზით 150 ტონამდე ხორბალი უნდა მივიღოთ. ძალიან კარგია, რომ საქართველოში ხორბლის მოყვანას მიუბრუნდნენ,“ _ აღნიშნა მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
წყარო: https://www.bpn.ge