აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

ქვევრიდან წითელი ღვინის გადაღება

ქვევრიდან წითელი ღვინის ჭაჭიდან მოხსნა სპეციფიკურია.
სამრეწველო მეღვინეობაში სადაც ტკბილს დიდ ჭურჭელში ადუღებენ ძირში დამონტაჟებული აქვს ღვინის გამოსაშვები, რადგან წითელ ღვინოს ჭაჭიდან შაქრების ბოლომდე დადუღებამდე ხსნიან, ამ დროს ჭაჭა ზემოთაა ღვინის თავზე მოგდებული, ამიტომ მაჭრის ჭაჭიდან გამოყოფა უპრობლემოდ ხდება.

საოჯახო მეღვინეობაში მიღებული წესის თანახმად, წითელი ღვინის ჭაჭიდან გადაღება შაქრების ბოლომდე დადუღების შემდეგ ხდება. ამ დროს ჭაჭა ნეიტრალურ მდგომარეობაშია,  აღარც ღვინის თავზეა მოგდებული და არც ქვევრის ფსკერზეა დალექილი, ის ღვინოში შეიძლება ითქვას „დაფარფატებს“, ამიტომ მისი გადაღება კალათას დახმარებით უნდა მოხდეს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი გადაღების დროს ღვინო ჭაჭიდან იხსნება, ხოლო ჭაჭა ქვევრში რჩება, რომლის ქვევრიდან ამოღება ოჯახურ მეღვნეობაში დიდი პრობლემაა. ამიტომ საოჯახო მეღვინეობაში საჭიროა სხვა უფრო ეფექტური მეთოდის მოფიქრება. სხვა მეთოდი კი ასეთი შეიძლება იყოს: ჯერ ჭაჭიდან უნდა მოხსნათ ღვინო, ხოლო როცა ქვევრში ღვინო განახევრდება, ღვინიდან უნდა მოიხსნას ჭაჭა.

ღვინის ასეთი წესით გადაღების დროს უნდა გამოიყენოთ ბრტყელძირიანი კალათა. ქვევრში ღვინის განახევრების შემდეგ ქვევრში დარჩება ღვინოში არეული ჭაჭის სქელი ფენა, ამიტომ დაიწყეთ ბრტყელძირიანი კალათით ღვინიდან ჭაჭის ამოღება და  მანამდე გააგრძელეთ, სანამდე ღვინო ჭაჭისგან არ „გაღარიბდება“, შემდეგ კი ისევ ღვინო მოხსენით ჭაჭიდან და ა. შ. ქვევრის გაცლამდე. ეს წესი იმიტომაა მისაღები ოჯახურ პირობებში ღვინის გადაღების დროს, რომ გაადვილებულია ქვევრიდან ჭაჭის ამოღების რთული პროცესი, რომელიც ქვევრიდან ღვინის ამოღების შემდეგ მაშინ დგება, როცა ქვევრში ჭაჭა და ლექი რჩება. ამ ჭაჭას ჩემს ბავშვობაში „სამთხლით“ (ასე ვეძახდით ამ იარაღს) იღებდნენ, რაც ძალიან შრომატევადი და ნერვების მომშლელი სამუშაო იყო, რადგან ერთი ოდნავი არაზუსტი მოძრაბა და ჭაჭა მთხლესთან ერთად უკანვე იყრება ქვევრში. ამიტომ კალათას დახმარებით ჭაჭის ამოღება გაცილებით ადვილია, ვიდრე სამთხლის დახმარებით. მართალია, ქვევრიდან ჭაჭის ბოლომდე ამოღება არც ამ მეთოდით ხერხდება, მაგრამ 80%-მდე ჭაჭის ამოღება ნამდვილად შეიძლება.

ჭაჭიდან მაჭრის მოხსნის შემდეგ, ღვინის ყველა გადაღება ღვინის ლექიდან მოხსნას გულისხმობს. ვისაც ქვევრიდან ღვინის გადასაღები მექანიკური დანადგარი „ლაშტალა“ აქვს, მისთვის ღვინის ლექიდან მოხსნა პრობლემას არ წარმოადგენს.

დიდ მარნებში ღვინის ლექიდან მოხსნის შემდეგ, დიდი რაოდენობის ლექი გროვდება. დღეს ამ ლექის გამოყენების ბევრი მეთოდი არსებობს და ამის შესახებ ყველამ კარგად იცის. არსებობს ლექის გამოყენების კიდევ ერთი, ახალი, ძალიან საჭირო მიმართულება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ უკვე ვიცით, რომ უხმარ ქვევრში ხარისხიანი ღვინის დიდი ხნით შენახვა არ შეიძლება, რადგან ახალი ქვევრი პირველ წლებში ღვინოს მინერალებით, მძიმე მეტალებით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით ამდიდრებს. ამიტომ ჩვენი წინაპრის რჩევით, ახალ ქვევრებში პირველ წლებში ღვინის ლექი და ჭაჭა გამოხდამდე უნდა შეინახოთ ან მასში შამანი ღვინო დააყენოთ. ამ გზით ლექიდან ღვინოც გამოილექება და ახალი ქვევრის კედელს მინერალებისგანაც  გაათავისუფლებთ.

დაიმახსოვრეთ: ღვინო გრილ, უქარო ამინდში უნდა გადაიღოთ, რადგან ქარიან ამინდში ჰაერში ბევრი მტვერია. ასევე, არ შეიძლება, ქვევრში ღვინოს მზის სხივმა ან ელვამ დახედოს.

წინაპართა გამოცდილებით, ამით ღვინოს პრობლემები შეექმნება, ამიტომ ქვევრი წვიმიან ამინდში, ელვა-ჭექის დროს არ უნდა გახსნათ, თუმცა ამ თემაზე  სხვა მოსაზრებაც  არსებობს.

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის                             

უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის

ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,

ტელ. 551 333 155