აგროსიახლეები

საფერავის ფესტივალი ,,საფერიკა“ აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში მეორედ  გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ორგანიზაციის „საფერიკა“ ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში, „დოქტორ კონსტანტინ ფრანკის მეღვინეობის“ ტერიტორიაზე, საფერავის ორდღიანი ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა.
პირველ დღეს, ,,საფერიკას“ ღვინის სფეროს ექსპერტები, ღვინის ინდუსტრიის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, ხოლო მეორე დღეს, ფესტივალს ღვინის მოყვარულები, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წელს, ფესტივალზე  წარმოდგენილი იყო 30-მდე კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან. ,,საფერიკას“ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ კულინარიას, ასევე მიეღოთ ინფორმაცია როგორც საფერავის და ზოგადად, ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ.  

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატში, ფინგერ ლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითელის ჯიშების ყურძენი აქვთ გაშენებული.  პირველი ფესტივალი „საფერიკა“ 2022 წლის მაისში ჩატარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია „საფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია აშშ-ის მასშტაბით, ქართული ყურძნის ჯიშების, მათ შორის, საფერავის და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. გამომდინარე აქედან, აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება.