აგროსიახლეები

საქართველოს ტყეების მდგომარეობისა და მახასიათებლების შესახებ ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია მომზადდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს ტყეების მდგომარეობისა და მახასიათებლების შესახებ ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია მოამზადა.
აღნიშნული ინფორმაცია ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების შედეგების დამუშავების საფუძველზე მომზადდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვა სამხრეთ კავკასიაში პირველად სწორედ საქართველოში ჩატარდა.

ტყის ეროვნული აღრიცხვის ძირითადი მიზანია, ტყეების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე, დროის მცირე მონაკვეთში, ზუსტი ინფორმაციის მიღება. ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 44% ტყით არის დაფარული და ამ მაჩვენებლებით საქართველო ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვში შედის, აქედან გამომდინარე, სამინისტრო აქტიურად და უწყვეტად მუშაობს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვაზე.

პროექტი შესრულდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი პროგრამების – „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)“ და „ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის, სამხრეთ კავკასიაში (ECOserve)“ ფარგლებში.

ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა 2019-2021 წლებში, ხოლო 2022-2023 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საველე სამუშაოების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მიღებული შედეგების საფუძველზე შესაბამისი ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება, რაც ტყის მონიტორინგის სისტემისა და სამეცნიერო კვლევების განვითარების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა.

ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე Microsoft Power BI პლატფორმაზე შეიქმნა ონლაინ მოდული, რომელშიც წარმოდგენილია აღრიცხვის მონაცემები და შედეგები დინამიკური გრაფიკებისა და გამოსახულებების სახით. აღნიშნული მოდული, რომელიც მოიცავს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ მონაცემებს, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ხელმისაწვდომია საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

♦ ეროვნული ტყის აღრიცხვის ანგარიში: https://mepa.gov.ge/Ge/Reports
♦ Microsoft Power BI პლატფორმაზე შექმნილი ონლაინ მოდული:
♦ ინგლისურენოვანი მოდულის ბმული: https://mepa.gov.ge/En/Page/NFI/…#
♦ ქართულენოვანი მოდულის ბმული: https://mepa.gov.ge/Ge/Page/NFI/…