კაკლის დაავადები და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები
კაკლის ფოთლების მურა ლაქიანობა — Marssonina juglandis (Lib.) Magnus
სიმპტომები: იგი კაკლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაავადებაა. აავადებს მწვანე ორგანოებს: ფოთლებს, ყლორტებს, ახალგაზრდა ნაყოფებს. ქვედა ფოთლებზე ჩნდება წვრილი მოყვითალო ლაქები, რომლებიც შემდეგ დიდდება, ყავისფრდება, ზედ კი კონცენტრულად განლაგებული შავი ბალიშაკები წარმოიქმნება. ფოთლები ხმება. ანალოგიური ლაქები ჩნდება ყლორტებსა და მწვანე ნაყოფებზე, ყლორტები ხმება, ნაყოფებზე ლაქები ჩაზნექილია, ნაჭუჭი არ მაგრდება, ნაყოფი დეფორმირდება და გაშავებული შერჩება ხეს. ნიგოზი არ ვითარდება. ზიანდება უფრო მეტად თხელნაჭუჭა ფორმები.
გამომწვევი: გამომწვევია უსრული სოკო. აქვს სარეცელი და ორი ტიპის კონიდიოსპორები: მაკროკონიდიუმები — 2 არათანაბარი უჯრედისაგან შემდგარი, ახალმთვარისებურად მოხრილი და მიკროკონიდიუმები — ერთუჯრედიანი, მოგრძო, უფერული. აქვს ჩანთიანი სტადიაც — Gnomonia leptostyla (Fr.) Ces. & De Not. — წარმოიქმნება პერიტეციუმები, რომლებსაც ხორთუმივით კარი ანუ პორუსუ გააჩნიათ, შიგნით ლანცეტისებური ჩანთები და ორუჯრედიანი ასკოსპორებია.
ხელშემწყობი პირობები: მაღალი ტენიანობა, ნისლი, ნალექები.
ბრძოლა: საჭიროა აგროტექნიკური და სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარება; კვირტების დაბერვისას 3%-იანი ბორდოული ხსნარის შესხურება, ვეგეტაციის პერიოდში კი 1%-იანი ხსნარის შესხურება.
კაკლის მელანკონიუმი — Melanconium juglandinum Kunze
სიმპტომები: აავადებს 2-5 წლიან ტოტებს. მათზე ვითარდება შავი ფიფქი და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს შემურულია.
გამომწვევი: უსრული სოკოა. აქვს სარეცელი კვერცხისებური ან ელიფსური, ყავისფერი ქლამიდოსპორებით.
ფუზარიოზი — Fusarium lateritium Nees
სიმპტომები: აავადებს ფესვის ყელს, სადაც ჩნდება მონაცრისფრო ლაქები. ეს ადგილი შემდეგ სკდება და ბზარებში მოჩანს მოწითალო მეჭეჭები. ფესვები ლპება.
გამომწვევი: გამომწვევს აქვს მოთეთრო ფერის მიცელიუმი, დატოტვილი კონიდიათმტარები და მიკრო და მაკრო სპორები.
კაკლის ფომოპსისი — Phomopsis vexans (Sacc. & P. Syd.) Harter
სიმპტომები: აავადებს ტოტების წვეროს და ახალგაზრდა მცენარის ფესვის ყელს. ტოტები ხმება. ტოტებზე მონაცრისფრო ლაქებია, ლაქებე კი — შავი წერტილები.
გამომწვევი: გამომწვევია ჩანთიანი სოკო, რომელსაც გააჩნია პერიტეციუმები ცილინდრული ჩანთებით და ორუჯრედიანი ასკოსპორებით.
კონიდიალური ნაყოფიანობა ვითარდება პიკნიდიუმების სახით, რომლებშიც ორგვარი სპორებია: ლინზისებრი და გრძელი, ძაფნაირი.
ხელშემწყობი პირობები: ჭარბი ტენიანობა და მექანიკურად დაზიანებული ადგილები. ბრძოლა: იგივეა, რაც მურა ლაქიანობაზე.
აბედა სოკოები
კაკალზე გვხვდება რამდენიმე აბედა სოკო, რომლებიც მერქნის სიდამპლეს იწვევს.
ესენია: ნამდვილი აბედა Fomes fomentarius (L.) Fr., ცრუ აბედა Fomes igniarius (L.) Fr., თუთის სოკო Polyporus hispidus (Bull.) Fr, ძერანა Polyporus squamosus (Huds.) Fr., ბრტყელი ენოდერმა Ganoderma applanatum (Pers.) Pat.
კაკლის ფოთლების ბაქტერიული ლაქიანობა — Xanthomonas campestris pv. juglandis (Pierce) Dye
სიმპტომები: ავადდება ფოთლები, ყლორტები, ყვავილები და ახალგაზრდა ნაყოფები. ყველა მწვანე ორგანოზე ჩნდება წვრილი, ქლოროტიული ლაქები, რომლებიც იზრდება და შავდება. თუ ძარღვებიც დაავადდა, ფოთლები ყვითლდება და ცვივა, თუ არ ჩამოცვივდა — ლაქები იშლება და ფირფიტა დაცხავებული რჩება. ყვავილში ნაყოფი შავდება და ცვივა. ნაყოფი ჭკნება, იჭმუჭნება, შავდება და ცვივა.
გამომწვევი: იწვევს ბაქტერია.
ბრძოლა: აგროტექნიკური და სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება. ქიმიური მეთოდი — 3%-იანი ბორდოული ხსნარის შესხურება კვირტების გაშლამდე, შემდეგ 1%-იანი ხსნარის შესხურება 10-12 დღიანი ინტერვალით.
კაკლის დაავადებები შენახვის პერიოდში
კაკლის ობი, შავი ობი — Mucor juglandis Link. ვარდისფერი სიდამპლე — Trichothecium roseum (Pers.) Link. ფოთლების შავი ლაქიანობა — Alternaria tenuis Link. კაკლის ფუზარიოზი — Fusarium lateritium Nees.
ბრძოლა: მოსავლის კარგად გაშრობა და მშრალ პირობებში შენახვა.