აგროსიახლეები

ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის მარცვლეულის საშრობი მეურნეობა

ფერმერმა ნუგზარ ალუღიშვილმა 3300 ტონა წარმადობის მქონე მარცვლეულის საშრობი და შესანახი მეურნეობის ასაშენებლად შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა, სესხის თანხა 900 000 ლარს აჭარბებს.
საშრობ მეურნეობას გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სტუმრობდნენ.

მარცვლეულის შესანახი ლკალდკლა

მინისტრმა მეურნეობის დათვალიერების შემდეგ სახელმწიფოსგან ფერემერების ხელშეწყობაზე ილაპარაკა, კერძოდ _ „სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს. 300-ზე მეტი შემნახველი მეურნეობა დავაფინანსეთ – მოხდა განახლებაც და ახალი მეურნეობების მშენებლობაც. ფერმერებს, პირველადი პროდუქციის მოყვანის პროცესშიც ვეხმარებით. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, საბრუნავი სახსრებისთვის, ბანკებიდან საჭირო თანხის აღებას 9 %-ის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთით ვუფინანსებთ. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ასევე, დაზღვევის კუთხით გავზარდეთ ფართობები და მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერს 100 ჰა-მდე ფართობის დაზღვევა შეუძლია. ყველა ეს მხარდაჭერა ემსახურება მიზანს, რომ ხორბლის მწარმოებლებს ჰქონდეთ საშუალება, გაზარდონ საჰექტარო მოსავლიანობა, რაც პირდაპირ აისახება თვითღირებულებაზე.  ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია გაიზარდოს ხარისხი. წელს, როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს“,  – აღნიშნა  ოთარ შამუგიამ.

მნიშვნელოვანია, რომ მოსავლის აღების პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მოსავლის ამღები ტექნიკა, მათ შორის, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 30 ერთეული კომბაინია მობილიზებული.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში,  2024 წლის 12 ივლისის მდგომარეობით,  ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის 16   მილიონ ლარზე მეტი  ღირებულების  419  შეღავათიანი სესხია გაცემული.

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით 52 ბენეფიციარს დაუფინანსდა 53 კომბაინის შეძენა, სახელმწიფო თანადაფინანსება 7,4 მლნ ლარია.

მარცვლეულის შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით  29,2 მილიონი ლარის 353 სესხია გაცემული, მათ შორის კახეთის რეგიონში 19 მლნ ლარის ღირებულების 313 სესხი.