თბილისში ყოველწლიური აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ გაიხსნა
საქართველოს აგრარული სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მასშტაბური მოვლენა — ყოველწლიური აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ ოფიციალურად გაიხსნა. წლევანდელი ფორუმი კიდევ ერთხელ იქცა პლატფორმად, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ფერმერებს, აგრომეწარმეებს, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს სექტორში არსებული გამოწვევებისა და ინოვაციური შესაძლებლობების განსახილველად.
უკვე მესამე წელია, რაც აღნიშნული აგროკონფერენცია საქართველოში წარმატებით ტარდება. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ათი ქვეყნის 17-მა საერთაშორისო კომპანიამ, სხვადასხვა სახელმწიფოს საელჩოების წარმომადგენლებმა და ინვესტორებმა, რომლებსაც ქართულ სოფლის მეურნეობაში კაპიტალდაბანდების ინტერესი აქვთ.
როგორც NIADAGI Group-ის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ დიდებაშვილმა აღნიშნა, ჩვენი მიზანია, „AGRIFUTURE GEORGIA“ მომავალში რეგიონულ აგრარულ ჰაბად ჩამოყალიბდეს და კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ ხაზი გაუსვა მსგავსი ფორუმების როლს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და ცოდნის მოზიდვის საქმეში, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს მთლიანი აგროსექტორის განვითარებას.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მნიშვნელოვანი პანელური დისკუსია თემაზე „გასაღების ბაზრები და ინოვაციები სოფლის მეურნეობაში“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ისეთი წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა:
- RK Growers;;
- Vivent Biosignals;
- Schrijnwerkers Plants B.V.;
- NIADAGI Group.
ღონისძიების პარალელურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში ფერმერებსა და აგრომეწარმეებს მიეცათ უნიკალური შანსი, პირადად შეხვედროდნენ მსვილ მწარმოებლებს, გაცნობოდნენ უახლეს ტექნოლოგიებს და დაესახათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. გარდა ამისა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ავალიანმა მონაწილეებს აგრარული სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის მოქმედი მექანიზმები და მდგრადი აგრობიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები გააცნო.
„AGRIFUTURE GEORGIA 2026“ თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამდენად იზრდება ინტერესი საქართველოს აგრარული პოტენციალის მიმართ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო ექსპერტების, ინვესტორებისა და ადგილობრივი ფერმერების დიალოგი ქმნის მყარ საფუძველს იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობამ ტრადიციული მეთოდებიდან თანამედროვე, ტექნოლოგიებით აღჭურვილ და ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესზე გადაინაცვლოს. სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტრუმენტებისა და კერძო სექტორის ინიციატივების ერთობლივი სინერგია უზრუნველყოფს სექტორის მდგრად ზრდას, ახალი გასაღების ბაზრების ათვისებას და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლებას.

