აგროსიახლეები

შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Expovina რვა მწარმოებლის 25 სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი

31 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარე Expovina-ს საგამოფენო სივრცე 9 გემზე მოეწყო და ათასობით სტუმარს უმასპინძლა. მეღვინეობის პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო ქართული ღვინოც, რომელიც გამოფენაზე „ქართული ღვინის სახლმა“ (GeoHauss) წარადგინა.
„შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინით დაინტერესების ზრდის ტენდენცია იმ მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად მივიღეთ, რომელსაც ბოლო წლებია ვახორციელებთ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. აქტიურად უნდა გავაგრძელოთ ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის მიმართულებით მუშაობა. მოგეხსენებათ, Expovina შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და ორი კვირის განმავლობაში ათასობით სტუმარს, მათ შორის, ღვინის ექსპერტს, სომელიეს, ჰორეკა სექტორის, მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მომავალ წელს Expovina-ს რიგით 70-ე, საიუბილეო გამოფენა გაიმართება, მზადებაც შესაბამისია. გვინდა ქართული ღვინო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გამოფენის Expovina  აღმასრულებელ დირექტორს, პასკალ შლიტლერს შეხვდა. მხარეებმა 2025 წელს, Expovina-ს რიგით 70-ე გამოფენაზე ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენის შესაძლებლობის საკითხი განიხილეს.

„ქართული ღვინის მწარმოებლები და მათ შორის, ჩვენც ძალიან ხშირად ვიღებთ სხვადასხვა ღვინის გამოფენაში მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება“, – განაცხადა კახა ჭოტიაშვილმა, რომელსაც გამოფენაზე Expovina საკუთარი, ჭოტიაშვილის მარნის ღვინოები ჰქონდა წარმოდგენილი.

კახა ჭოტიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის ბაზარი არის ძალიან ობიექტურად მომთხოვნი ხარისხის მიმართ, რაც განაპირობებს ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებასაც.

„ადგილობრივი ბაზრის შესწავლის შედეგად, შევარჩიეთ 25 სახეობის ღვინო, რომელიც წარდგენილია გამოფენაზე. „Expovina“ არის ყველაზე პრესტიჟული ღვინის გამოფენა შვეიცარიის მასშტაბით. ამ გამოფენაში უკვე მეოთხეჯერ ვიღებთ მონაწილეობას ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით. მსგავსი მარკეტინგული ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის და ცნობადობის ამაღლებას შვეიცარიაში, რაც ზრდის ქართული ღვინის გაყიდვებს“, – განაცხადა „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss) დირექტორმა ზვიად არაბიძემ.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, „ქართული ღვინის სახლი“ 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციის ღონისძიებების განხორციელების პროცესში.