აგროსიახლეები

საქართველო FAO-ს გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების მე-20 სესიაზე

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე იტალიის ქ. რომში გამართულ გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების მე-20 სესიის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველო აღნიშნულ საერთაშორისო ხელშეკრულებას 2019 წლიდან შეუერთდა. სესიას წინ ევროპის ქვეყნების წარმომადგენელთა რეგიონალური შეხვედრები უსწრებდა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს სახელით, 2018 წლიდან, ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოპერირებული პროგრამის (ECPGR) წევრია; ცენტრი ასევე პასუხისმგებელია ევროპის ქვეყნების მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო კატალოგში (EURISCO) საქართველოში არსებული მცენარეთა გენოფონდის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე.

სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული მცენარეების, ცხოველების, აკვაკულტურის, მიკროორგანიზმების, უხერხემლოების, სასოფლო-სამეურნეო სასარგებლო მწერების, განსაკუთრებით ბუნებრივი დამამტვერიანებლების – სახეობების, ჯიშების, პოპულაციების მოძიების, შეგროვების, კონსერვაციის, იდენტიფიცირება-დახასიათების დამცავი მოქნილი მექანიზმების შემუშავების ძირითად საკითხებს, რომელიც უზრულველყოფს მათ ფერმერულ მეურნეობებში გავრცელებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და სასურსათო უსაფრთხოებას.

აღინიშნა საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების განსაკუთრებული როლი ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება-განხორციელებაში, რომელიც შეეხება გენეტიკური რესურსების დაცვას, ნიადაგის ნაყოფიერების მართვას, წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებას, სელექციური სამუშაოების წარმართვას, თესლის წარმოების ნაციონალური პროგრამების შემუშავებას, თესლის ეროვნული ბანკის შექმნას, საინფორმაციო სისტემების დანერგვას და სხვა საკითხებს.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ლევან უჯმაჯურიძემ მონაწილეობა მიიღო იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთა გამოფენაშიც, რომელშიც იტალიის სხვადასხვა რეგიონის ფერმერები მონაწილეობდნენ.