საქართველოს დაცული ტერიტორიები 927 748 ჰექტრამდე ფართობს იკავებს
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, საერთო ფართობი 11 461 ჰა-ს შეადგენს და მას 17 რეინჯერი იცავს.
საქართველოს დაცული ტერიტორიები 927 748 ჰექტრამდე ფართობს იკავებს და 25 ტერიტორიულ ადმინისტრაციაში გადანაწილებული, რომელსაც 500-მდე რეინჯერი იცავს.
რეინჯერების საქმიანობა მოიცავს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს და, კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა დახმარებას.
აღსანიშნავია, რომ ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების უფროსი რეინჯერი გიორგი აბრამიშვილი, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირისა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის „საერთაშორისო რეინჯერთა” კონკურსის ფარგლებში, მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის დასახელდა და 2021 წელს მსოფლიო რეინჯერის ტიტული მიენიჭა.
დაცული ტერიტორიების შექმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში 30-ზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა, და ფართობი დაახლოებით 75%-ით გაიზარდა.
დღეს საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა. მიმდინარე წელს მუშაობა დაიწყო კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებს შეხვდა და დაცული ტერიტორიების შექმნის და მართვის თანამედროვე სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების შექმნა-განვითარების პარალელურად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ რეინჯერებს შესაბამისი აღჭურვილობა, სამუშაო პირობები და დაცვის გარანტიები ჰქონდეთ.
შეხვედრაზე მინისტრმა რეინჯერებს მადლობა გადაუხადა დაცული ტერიტორიების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.