ბაქოში დავით სონღულაშვილი კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელს მუხტარ ბაბაევს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გატარებული ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის საკითხები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონსოლიდირებულ ქმედებათა მნიშვნელობას და გამოცდილების გაზიარებას კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად. საუბარი ასევე შეეხო კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციას (COP29-ს), რომელსაც 2024 წლის ნოემბერში ბაქო მასპინძლობდა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო გასულ წელს ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) გამართვის მნიშვნელობა და მადლობა გადაგიხადოთ გაწეული ძალისხმევისთვის. კონფერენციის ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კლიმატის ცვლილების საკითხებზე ქვეყნების შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაში“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დავით სონღულაშვილმა და მუხტარ ბაბაევმა მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად ითანამშრომლონ კლიმატის მდგრადობის, მწვანე განვითარების და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.