სახელმწიფოს და ფერმერების პარტნიორობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უკუკავშირის გაძლიერება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილის ქვემო ქართლსა და კახეთში გამართული შეხვედრები სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა – მინისტრმა ადგილზე გაიცნო ფერმერთა საჭიროებები, შეაფასა უკვე განხორციელებული პროექტებით მიღბული შედეგები, გაესაუბრა ფერმერებს თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო პროგრამების დახვეწა და კერძო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერება.
მინისტრმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვდრაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები და გაშენებული ბაღები ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების რეალურ მაგალითებს წარმოადგენს. ამ პროექტების წარმატება, სპეციალისტების შეფასებით, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეძლებს სახელმწიფო ფერმერების და მეწარმეებისთვის რეალურ საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას.
„იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს სახელმწიფო პროგრამები, მეტად განვითარდეს კერძო სექტორი, ძალიან მნიშვნელოვანია უკუკავშირი მწარმოებლებს, ფერმერებს და სახელმწიფოს შორის,“ – აღნიშნა მინისტრმა.
ფერმერებთან შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რაც საწარმოო პროცესებს თან ახლავს, სადაც დამატებითი დახმარება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
საუბარი ასევე შეეხო აგროდაზღვევას, ტექნიკური გადაიარაღების საჭიროებას, მაღალპროდუქტიული ჯიშების ხელმისაწვდომობასა და ბაზარზე გასვლის მექანიზმების გაუმჯობესებას.
შეხვედრების მთავარი მიზანი იყო, რომ მინისტრი უკეთ გაეცნობოდა იმ მექანიზმებს, რომლებიც შედეგიანად მუშაობს, და იმ დეტალებს, რაც კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. საბოლოო ჯამში, ამ პროცესს უნდა მოჰყვეს ისეთი პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას კი არა, არამედ სოფლის მეურნეობის სექტორში მდგრადი, ინკლუზიური განვითარების პირობებსაც შექმნის.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები რეგიონებში გაგრძელდება.
ასეთი შეხვედრების მიზანი, სოფლის მეურნეობის პოლიტიკის, ფერმერებთან უშუალო ურთიერთობით, რეალური პრობლემებისა და საჭიროებების გათვალისწინებით ჩამოყალიბებაა.