აგროსიახლეები

კანადაში GMO-პომიდვრის გაყიდვას ფერმერთა პროტესტი მოჰყვა

გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურების თემა კვლავ მწვავე დისკუსიის საგანია. კანადაში გენეტიკურად მოდიფიცირებული (GMO) „იისფერი პომიდვრის“ თესლის გაყიდვის წინააღმდეგ პროტესტი დაიწყო.
ფერმერები და სამოქალაქო ორგანიზაციები შიშობენ, რომ ასეთი თესლის თავისუფალმა გავრცელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ორგანულ წარმოებას, ადგილობრივ ჯიშებს შენარჩუნების ტრადიციას.

2025 წლის აგვისტოში ამერიკულმა კომპანიამ Norfolk Healthy Produce მიიღო კანადის ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა, ქვეყანაში თავისუფლად შეეტანა და გაეყიდა გენეტიკურად მოდიფიცირებული „იისფერი პომიდორი“. ამ პომიდვრის გენეტიკურ სტრუქტურაში შეტანილია დეკორატიული მცენარის — დევისპირას (Antirrhinum) თვისებები, რაც ნაყოფს ინტენსიურ იისფერ შეფერილობას აძლევს და ანტიოქსიდანტის, ანტოციანინის შემცველობას ზრდის.

კანადური აგროპორტალის The Western Producer-ის ინფორმაციით, ქვეყანაში დაიწყო კამპანია ამ თესლის გაყიდვის წინააღმდეგ. ბიოტექნოლოგიების წინააღმდეგ მოქმედი კანადური ქსელის (CBAN) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ GMO-თესლის ხელმისაწვდომობა მოყვარული მებაღეებისთვის ზრდის ჯვარედინი დამტვერვის რისკს და შესაძლოა გამოიწვიოს ორგანული და არაგმო ჯიშების „დაბინძურება“.

ორგანული ფერმერებისთვის ეს განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან კანადის ორგანული წარმოების სტანდარტები კრძალავს გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურების მოყვანას. გარდა ამისა, ფერმერთა ორგანიზაციები შიშობენ, რომ მსგავსი პრაქტიკა შეასუსტებს მომხმარებელთა ნდობას ორგანული პროდუქციის მიმართ და შეიძლება ექსპორტის შესაძლებლობებიც შეზღუდოს.

CBAN და კანადის ორგანული ვაჭრობის ასოციაცია მოითხოვენ GMO-თესლის სავალდებულო მარკირებას. მათი განცხადებით, რადგან კანადაში აქამდე გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლი არ იყიდებოდა, ფერმერები და მოყვარული მებოსტნეები არც კი ეჭვობდნენ, რომ შეძენილი თესლი GMO იქნებოდა.

ფერმერები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში დაპატენტებული  გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლი ზღუდავს თესლის თვითგამრავლების შესაძლებლობას და აზიანებს ადგილობრივ სათესლე სისტემებს. განცხადებას, რომელიც GMO და გენური რედაქტირების თესლის გაყიდვას ეწინააღმდეგება, უკვე უამრავმა ფერმერმა მოაწერა ხელი.

კანადაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ სენსიტიურია GMO-თესლის საკითხი სოფლის მეურნეობაში. ფერმერებისთვის მთავარი გამოწვევა ორგანული წარმოების დაცვა, ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება და თესლის ჯიშური თვისებების დაცვაა.

ეს დისკუსია სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან  ის ნათლად აჩვენებს, თუ რა რისკებსა და კითხვებს აჩენს გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურების ფართო გავრცელება აგროსექტორში.

წყარო: The Western Producer
ავტორი: ჯერაალინ უიჩერსი