აგროსიახლეებიდარგებიმედიამეცხოველეობა

აშშ-ში სკოლებში ნატურალური რძე ბრუნდება, ნატურალური რძე უნდა დაბრუნედეს საქართველოს სკოლამდელ დაწესებულებსა და სკოლებშიც!

14 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს „ნატურალური რძე ბავშვების ჯანმრთელობისთვის“, რომლის საფუძველზეც სკოლებში ნატურალური რძის მიწოდება აღდგება.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ბავშვთა კვების გაუმჯობესებას და ამერიკელი რძის მწარმოებელი ფერმერების მხარდაჭერას.

კანონი შეესაბამება „ამერიკელთა კვების რეკომენდაციებს 2025-2030 წლებისთვის“, სადაც ნატურალური რძის პროდუქტები კვლავ ჯანსაღი სურსათის აუცილებელ ნაწილად არის აღიარებული.

აშშის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბრუკ როლინსის განცხადებით, ეს ნაბიჯი ერთდროულად იცავს ბავშვების ჯანმრთელობას და აძლიერებს სოფლის მეურნეობის სექტორს.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კანონის შესრულება უკვე დაიწყო და სკოლებს შესაბამისი რეკომენდაციები გაუგზავნა. პარალელურად, ბავშვთა კვების პროგრამები გადაიხედება, რათა ისინი სრულად შეესაბამებოდეს ახალ სასურსათო სტანდარტებს.

აშშ-ის გამოცდილება ცხადყოფს, რომ სახელმწიფო პოლიტიკით სრულცხიმიანი რძის ხელშეწყობა ერთდროულად ემსახურება როგორც ბავშვთა ჯანსაღ კვებას, ისე ადგილობრივი მერძეული ფერმერების გაძლიერებას. მსგავსი მიდგომის დანერგვა საქართველოში მიზანშეწონილი იქნება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც შიდა წარმოება საჭიროებს სტაბილურ ბაზარს, ხოლო სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვების სურსათის ხარისხის გაუმჯობესებას.

საქართველოს მთავრობის მიერ სკოლებსა და ბაღებში ადგილობრივი წარმოების რძისა და რძის პროდუქტების გამოყენების წახალისება ხელს შეუწყობს მერძეული მეურნეობების ფინანსურ მდგრადობას, სოფლებში დასაქმების ზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. ამასთან, ნატურალური, ხარისხიანი რძე წარმოადგენს ბუნებრივ კალციუმის, ცილების და ენერგიის წყაროს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი ორგანიზმისთვის.

გადაუდებლად  აუცილებელია საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის შესაბამისმა უწყებებმა, სოფლის მეურნეობის სექტორთან კოორდინაციით, განიხილონ სკოლამდელი და სასკოლო კვების პროგრამებში ადგილობრივი ნატურალური რძის პროდუქტების (რძე, ყველი, კარაქი, მაწონი, არაჟანი, ხაჭო და სხვ.) დაბრუნება (რძის ფხვნილზე, გაურკვეველი ცხიმით დამზადებული აღდგენილი რძისა და რძის პროდუქტების შეტანის აკრძალვა), მკაფიო ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. ეს გადაწყვეტილება გახდება გრძელვადიანი ინვესტიცია როგორც ბავშვების ჯანმრთელობაში, ისე ქვეყანის მერძეული მეძროხეობის განვითარებაში.